ენერგიის ნაკლებობა ხშირად ჩვენივე ჩვევების ბრალია. მაგალითად, შეიძლება სრულიად უენერგიოდ გრძნობდე თავს, ვერ ართმევდე თავს საქმეს და მაინც აგრძელებდე უნაყოფო შრომას, მხოლოდ იმიტომ რომ დედლაინი არ იცდის და პასუხისმგებლობა გაწუხებს. ეს კატასტროფაა. თქვენ გიქვეითდებათ თვითშეფასება, ვარდებით დეპრესიაში, ხდება სრული ენერგეტიკული გადატვირთვა და თანაც არაფერი გამოგდით.
ჩვენ ყველას უამრავი ენერგია გვაქვს, უბრალოდ ხშირად თავადვე ვახდენთ ამ ენერგიის ბლოკირებას და ამ დახურული არხის გასახსნელად რამდენიმე ძალიან მარტივი ხერხი არსებობს. მაშ ასე, დაიღალეთ? გამოფიტული ხართ? გადატვირთვა გინდათ? პირველ რიგში პანიკა შეწყვიტეთ. ჩვენ ენერგიის აღდგენის 7 გზას გთავაზობთ:
- გამოდით მზის შუქზე და ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი
თუნდაც მზე არ იყოს, 15 წუთით აუცილებლად გადით გარეთ. ჰაერი გაცოცხლებთ და ენერგიით გავსებთ. მეტი ჟანგბადი, D ვიტამინი, დოპამინი. ისუნთქეთ ღრმად, თან ეცადეთ არაფერზე იფიქროთ. მალე იგრძნობთ, როგორ დაიმუხტებით.
- მოუსმინეთ სწრაფ, ხასიათზე მომყვან მუსიკას
ენერგიული მუსიკის მოსმენა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, თუნდაც სულაც არ იყოთ ასეთი მაჟორული მუსიკის მოსმენის ხასიათზე, ჩართეთ და მალე სულ სხვა ტალღაზე გადაგაწყობთ.
- წაივარჯიშეთ
შეგიძლიათ გაისეირნოთ, შეგიძლიათ იცეკვოთ, თუ ამის საშუალება გაქვთ. აი, იმ ენერგიული მუსიკის თანხლებით. მთავარია სკამს მოშორდეთ და რამდენიმე წუთი ფიზიკურ აქტივობას დაუთმოთ, გაიარ-გამოიარეთ მაინც და სხეული აამოძრავეთ, რომ სისხლიც ამოძრავდეს და როგორმე ტვინსაც მიეწოდოს.
- მოწესრიგდით
როცა უენერგიოდ ვართ, ყველაზე ნაკლებად საკუთარ გარეგნობაზე ვზრუნავთ, ეს კი შინაგანად გვაწუხებს. ყველას გვქონია დღეები, ერთი სული რომ გვაქვს ისე მივიდეთ სახლამდე და ისე შევძვრეთ სოროში, ნაცნობს არ გადავეყაროთ. მოეშვით. თუკი სახლში არ ხართ და წყლის გადავლების საშუალება არ გაქვთ, მხრებში გაიმართეთ, თმები გაისწორეთ, დაივარცხნეთ, მაკიაჟი შეისწორეთ, საკუთარ თავს სარკეში გაუღიმეთ და გაამხნევეთ. თქვენ ძალიან კარგად გამოიყურებით.
- მოიწესრიგეთ გარემო
გენერალურ დასუფთავებას არ ვგულისხმობთ, დალაგება ძალიან ამშვიდებს ადამიანს და ენერგიითაც ავსებს. ენერგეტიკული წმენდა მიდის ხოლმე ამ დროს. განსაკუთრებით თუ ძალიან დიდი არეულობა გაქვთ ირგვლივ სამსახური იქნება ეს თუ სახლი. მოაწესრიგეთ და ისე განაგრძეთ მუშაობა, ნახავთ როგორ გიშველით.
- რამე ისეთი გააკეთეთ, რის გაკეთებასაც დიდი ხანია გეგმავდით
ბანკში გადადით, სილამაზის სალონში ჩაეწერეთ, მაღაზიაში გაიარეთ და იყიდეთ რის ყიდვაც გინდოდათ. ამ დროს ფსიქოლოგიური წნეხი იხსნება. ჩვენ ძალიან გვაწუხებს შეუსრულებელი დავალებები, თუნდაც ამას ვერ ვაცნობიერებდეთ. რომელიმე მარტივი მიზნის უცაბედი განხორციელება ამ სიმძიმეს შეგიმსუბუქებთ.
- მიირთვით რამე ჯანსაღი
ენერგეტიკულ სასმელებზე მეტად ჯანსაღი საკვები გაძლევთ ენერგიას. ხილი ბოსტნეული, რამე მსუბუქი: ისპანახი, კენკრა, წიწაკა… შეიძლება თქვენ შემწვარ-მოხრაკული ან ტკბილი ცომეული გერჩივნოთ და თუ მაინცდამაინც ვერ სძლევთ ამ მოთხოვნილებას, ეცადეთ ამ საკვებს რამე ჯანსაღიც მიაყოლოთ.
ხშირად ისე ხდება, რომ იმდენი საქმე გვაქვს, არ ვიცით საიდან დავიწყოთ და ეს საშინლად აისახება ჩვენს ფსიქიკაზე და საქმეზეც. წინასწაგანწყობა ენერგიის დონეს დაბლა სწევს. ჩვენ ენერგოვიბრაცია უნდა გავიძლიეროთ. დაიწყეთ ძალიან პატარა მარტივი რამეებით, მოაგვარეთ პატარა წვრილმანები, გააკეთეთ ჩონჩხი, აკეთეთ ნაწილ- ნაწილ. როცა რაიმე დიდი საქმის დაწყებას აპირებთ, დაანაწევრეთ ეს საქმე პატარ-პატარა ამოცანებად და მიზნად იქციეთ არა ს მთავარი საქმე, არამედ ეს ნაწილები.
მთელი კედლის აშენება ძალიან რთულია, მაგრამ ერთი აგურის დადება – არაფერი. თქვენც ასე მიუდექით საქმეს. მთავარია დაიწყოთ და მალე ისეთი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, დილით ენთუზიაზმით სავსე გაიღვიძებთ და ერთი სული გექნებათ როდის განაგრძობთ საქმეს.
Dare to change!