ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები

0
12939

ვერძი

ეს ის ტიპია ჰალკს რომ წაეჭიმება ისე, თვალს არ დაახამხამებს, მაგრამ კბილის ექიმის დანახვაზე გული რომ მისდის. იგი ძალიან მამაცია, ძალიან პირდაპირი და ძალიან უშიშარი, ოღონდ ფიზიკურ ტკივილს ვერ იტანს. ვერძი მამაკაცი ძალიან თამამი და ფიცხია, ყოველთვის თვალებში გიყურებს და ზუსტად იცის რომ ერთ დღესაც მისი გახდებით. რაც უფრო მეტ ხანს აწვალებთ, მით უფრო მეტად მოინდომებს თქვენს ხელში ჩაგდებას. სიყვარულში სენტიმენტალური და რომანტიულია, თქვენ მისი დედოფალი იქნებით და მტკიცედ იქნება დარწმუნებული რომ ეს მისი ერთადერთი და უკანასკნელი სიყვარულია, ოღონდ მერამდენედ კაცმა არ იცის. ბუნებით იდეალისტს მართალია ორგულობა არ ახასიათებს, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ რომ ამ მამაკაცს, ძალზე ცვალებადი ხასიათი აქვს და თუკი მის მიერ წარმოდგენილი, იდეალური სატრფოს მოდელს რაიმე მიზეზით ვერ აკმაყოფილებთ, არაფრად უღირს სხვაზე გადაერთოს.
ამიტომ მაინცდამაინც ორი დღის გაცნობილს ნუ დაენახვებით სამუშაო ფორმაში გამოწყობილი ნაგვის პარკით ხელში, არ აიძულოთ უყუროს როგორ იკეთებთ მაკიაჟს, მანიკიურს, ათასგვარი სახის კოსმეტიკურ ნიღაბს, იღებავთ თმას და ა.შ. ნუ გააწამებთ მრავალსაათიანი, გაუთავებელი საუბრებით დედასთან, დაქალებთან და მეგობრებთან. ყოველივე ეს ეწინააღმდეგება მის წარმოდგენას იდეალურ შეყვარებულზე და თუ ამ იდეალებს დაუმსხვრევთ, თავს იმედგაცრუებულებად, მოტყუებულებად და შეურაცხოფილებად გრძნობენ.

გარდა ამისა, ინიციატივას მოერიდეთ, იგი ძალიან პირდაპირია და თუ მიხვდა რომ უყვარხართ, ბევრ არ იყოყმანებს, მაშნვე გამოგიცხადებთ. ურთიერთობაში ის წამყვანი უნდა იყოს და აქტიური ქალები დიდად არ მოსწონს, ნადირობის პროცესზე გიჟდება.

არ დაუწყოთ დევნა და ნუ მოაბეზრებთ თავს ტელეფონზე გაუთავებელი რეკვით. ამ ადამიანის დაკარგვა თუ გინდათ, ურთიერთობაში ინიციატივა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ. ლიდერობის საშუალებას თუ წაართმევთ, ვერძი თქვენს მიმართ ყოველგვარ ინტერესს დაკარგავს. მაგრამ როგორც კი თავის გულწრფელ გრძნობებში გამოგიტყდებათ, ზედმეტი მორცხვობა და თავის დაფასება დაივიწყეთ, თორემ სითბოს ძებნას აუცილებლად სხვაგან დაიწყებს.

კურო

იგი დინჯი, მშვიდი, სტაბილური და უჩვეულოდ მიწიერი, პრაქტიკული ადამიანია და ამ ყველაფერთან ერთად, რამდენადაც კონტექსტიდან ამოვარდნილად არ უნდა მოგეჩვენოთ, რომანტიულიც. კურო არც ლომივით გულთამპყრობელია, არც მერწყულივით მეოცნებე და არც ვერძივით ვარდისფერ ღრუბლებში კოშკების მშენებელი. იგი დიდ ხანს ფიქრობს სანამ ქალზე რამეს გადაწყვეტდეს, მაგრამ როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, დანარჩენ მეტოქეებს ფორას მისცემს და სანამ გულისწორს ცოლობაზე არ დაეთანხმებს, ამ უკანასკნელს გამუდმებით დახვეწილი საჩუქრებითა და ყვავილებით აავსებს. კურო ნაზი, ყურადღებიანი და მზრუნველი შეყვარებულია, რომელსაც ქალისთვის მნიშვნელოვანი არც ერთი დეტალი არ გამორჩება მხედველობიდან,

თუმცა როგორც ყველა ადამიანს, ნაკლი მასაც აქვს. იგი უხეშ ქალებს ვერ იტანს. ბევრს ითმენს, მაგრამ ცხვირში რგოლს როდი გაგაყრევინებთ. ეჭვიანი ქალები, რომლებიც ისე ებღაუჭებიან, როგორც წყალწაღებული ხავსს, კურო მამაკაცს ძალიან აღიზიანებს. მას უფრო კეკლუცი, ქალური და მოხდენილი მანდილოსნები იზიდავს, რომლებთანაც თავს ოდნავ დაძაბულად იგრძნობს. თუმცა ქალმა ზომა უნდა იცოდეს და მისი მამკაცური თავმოყვარეობა არასოდეს შელახოს.

სამაგიეროდ არ არსებობს ამ ქვეყნად ისეთი რამ, რის გაკეთებასაც კურო მამაკაცი თავისი გულისწორისთვის ვერ შესძლებს. აქვე უნდა ისიც აღინიშნოს, რომ შეყვარებულ კუროებს ერთი გასაოცარი თვისება აქვთ, ამურის ტყვეობაში მყოფები საღად განსჯის უნარსა და სიფრთხილეს თითქმის სრულიად კარგავენ. ამ დროს მათზე არც მეგობარ-ახლობლების, არც ოჯახის წევრების რჩევა არ ჭრის. თუნდაც ყველამ ერთხმად უკიჟინოს, რომ მისი რჩეული მეუღლედ არ შეეფერება, კურო მაინც საკუთრი გულის კარნახით მოქცევას ამჯობინებს.

ტყუპები

იგი განათლებული, სასიამოვნო მოსაუბრე, იუმორით სავსე ადამიანია, ნებისმიერ საზოგადოებაში თავის მოსაწონებლად რომ შეგიძლიათ წაიყვანოთ და შურით გახეთქოთ თავიანთი ქმრებით უკმაყოფილო ქალები, თუმცა უამრავი ნაკლიც აქვს. ამ თავქარიანი არსების საქციელის პროგნოზირება, მისი გამუდმებით ცვალებადი განწყობიდან გამომდინარე, უბრალოდ შეუძლებელია. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ თუ ერთ დღესაც იგი, მეზობელ ქუჩაზე საფუნთუშეში პურის საყიდლად წავა და უკან სამი დღის მერე დაბრუნდბა. ამასთან, თუ შეეცდებით გაიგოთ ამ ხნის მანძილზე სად იყო და რას აკეთებდა, თქვენი ურთიერთობა ალბათ ამით დასრულდება კიდეც.

ის ვინც ბუნებით რომანტიკოსია, ოჯახური ცხოვრებისგან კი სითბოსა და სიმყუდროვეს ელის, ცხოვრების მეგზურად ტყუპის არჩევისას, ძალზე მცდარ არჩევანს აკეთებს. ამ მამაკაცთან ურთიერთობა სასიამოვნო მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი საკუთარ ემოციებს გააკონტროლებთ და თავდავიწყებამდე არასოდეს მიხვალთ.

კარგი იქნება თუ ტყუპ მამაკაცს გადამეტებული ყურადღებით არ მოაბეზრებთ თავს, მაგრამ ხანდახან მუჯლუგუნის კვრა და შეფხიზლება აუცილებლად დაგჭირდებათ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ტყუპისთვის ყველაზე მთავარი, პარტნიორის ინელექტუალური განვითარების დონეა და სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით, რომელთაც ინტელექტუალური ქალები აშინებთ, მას ურჩევნია მახვილი ჭკუით ბრწყინავდეთ, ვიდრე ძვირფასი სამკაულებით. მათ მოსწონთ ფლირტი და ერთდროულად ძალიან ბევრ ქალს ეპრანჭებიან, თუმცა ქალს, რომელიც ტყუპთან სულიერი და ინტელექტუალური ჰარმონიის მიღწევას მოახერხებს, შეუძლია მშვიდად იყოს. იგი მას არც ფიზიკურად, არც სულიერად არასოდეს უღალატებს. ეს ისეთი წესია, რომლსაც გამონაკლისი არ გააჩნია.

კირჩხიბი

მას ძალიან მეტყველი სახე აქვს მდიდარი მიმიკებით, ნებისმიერი განწყობის გამოხატვა რომ შეუძლია, შეიძლება ბუზღუნიც უყვარდეს, მაგრამ არ იფიქროთ რომ გული გადაგიშალოთ. თავის სულიერ სამყაროზე უზარმაზარი კაატინგა აქვს გარშემორტყმული და შიგნით შეღწევას სისხლის ფასი დაგიჯდებათ, თუ თვითონ არ გადაწყვიტა თქვენი შეშვება. მის შესახებ საუკეთესო მეგობრებმაც კი ძალიან ცოტა იციან და შეიძლება მთელი ცხოვრება გვერდით გყავდეთ და ერთ დღეს აღმოაჩინოთ რომ თურმე საერთოდ არ იცნობთ.

იგი ცოტა ცანცარაც შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა ამავდროულად მგრძნობიარე, ერთგული პიროვნებაა. ხანდახან შუბლზე მკაცრი ნაოჭი, ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე უსწორდება, სახეზე მომხიბვლელი ღიმილი ეფინება, ბუზღუნა, უკმაყოფილო ტონს ალერსიანი ინტონაცია ცვლის და ამ დროს მის უჟმურ ხასიათზე მოარული ყველა ჭორი, ერთ წამში გავიწყდებათ.

იგი ბუტიაა, ადვილად წყინს და წყენასაც მარტო ინელებს. ხანდახან ისეთი დეპრესიული შემოტევები აქვს სიცოცხლეს შეგაძულებთ. როცა ცუდ ხასიათზეა, მის სულში ხელების ფათურს უნდა მოეშვათ და უბრალოდ მოეფეროთ. იგი იმპულსური არ არის, თუმცა ისტერიული ბუნება აქვს და ძალიან თუ შეაწუხეთ, აუცილებლად გაწყენინებთ.

ურთიერთობის ასწყობად ინიციატივის გამოჩენა თქვენ მოგიწევთ ხოლმე. ის უბრალოდ შორიდან გზვერავთ, წრეებს გირტყამთ და მიზანში ჰყავხართ ამოღებული. იმპულსებს გიგზავნით და გაგრძნობინებთ რომ თუ მასთან ყოფნას ისურვებთ გულის კარი ღია აქვთ. ის თავს არასოდეს მოგაბეზრებთ, შეიძლება უყვარდეთ და არაფერი გითხრათ. უბრალოდ პერიოდულად გამოჩნდება ხოლმე და ნიადაგს მოსინჯავს, მაგრამ თუ გადაწყვიტეთ და მის თათებში აღმოჩნდით, მერე არაფრით დაგთმობთ, ეს თათი თუ არ წააწყვიტა ვინმემ.

ლომი

იგი შეიძლება მეფე არ იყოს, მაგრამ მეფური ხასიათი და მანერები კი აქვს. სიარულის მანერითაც კი მიხვდებით რომ ლომია. იგი გულუხვია, კეთილი და ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. მოსწონს წვეულებები, გართობა და დროსტარება, კომპლიმენტები კი მისი აქილევსის ქუსლია. გინდათ თქვენს ჭკუაზე ატაროთ? შეაქეთ! აღტაცების, კომპლიმენტებისა და პირფერობის სოლიდური პორცია საკმარისი იქნება, რომ ცხოველთა მეფე შინაურ კატის კნუტად იქცეს. იგი უსაზღვროდ გაგაღმერთებთ, ძვირფასი საჩუქრებითა და ყვავილებით აგავსებთ, მოგწერთ მხურვალე სასიყვარულო ბარათებს და თუკი სმენა გააჩნია, ფანჯრებთან სერენადებსაც აუცილებლად გიმღერებთ. მას მოსწონს მასშტაბური და პომპეზური ღონისძიებები, რაც უფრო მეტი ხალხის თანდასწრებით ეცდება თქვენთვის თავის შეყვარებას, მით უფრო მეტი ხალხი დარჩება მისით აღტაცებული.

აქვე ლომ კაცებთან დაკავშირებული ერთი უცნაურობაც უნდა აღინიშნოს, იგი მისი აზრით თავისზე ბევრად ნაკლებ ქალზე ქორწინდება ხოლმე, რადგან ქვეცნობიერად იმედოვნებს მთელი ცხოვრება ერთი მადლიერი თაყვანისმცემელი გარანტირებული მეყოლებაო, თუმცა ეს მცდელობა ყოველთვის კრახით სრულდება. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ეს ,,მადლიერი არსება” თავად იღებს ხელში სადავეებს და თვითონ იგდებს ხელში ძალაუფლებას.

თუკი მასთან ცხოვრებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ  უჩვეულოდ ეჭვიანია, თუ მისი ხართ სულით ხორცამდე მისი უნდა იყოთ. იგი თქვენს ნაცვლად გადაწყვეტს რა ჩაიცვათ, როგორი ვარცხნილობა გაიკეთოთ, ვისთან იმეგობროთ, რა წაიკითხოთ და საერთოდ, როგორ გაატაროთ დღე. თუმცა თვითონ სილამაზისადმი გულგრილი არასოდეს რჩება და თვალი ყოველთვის გაექცევა სხვა ქალებისაკენ. ამას რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ, მით უკეთესი თქვენთვის. თუკი ძველებურად სიყვარულით მოექცევით, სხვა ფისუნიებზე ნადირობა ნამდვილად დაეზარება.

 

ქალწული

იგი ის კაცი არ არის, ვინც მხურვალე სასიყვარულო ბარათებს მოგწერთ ან ფანჯრებთან სერენადებს გიმღერებთ. კიბეც რომ მიაწოდოთ, სავარაუდოდ, არ ისარგებლებს და ჩვეულებრივ კარიდან შემოსვლას ამაჯობინებს.

მას სიყვარული ჯერ კიდევ ბავშვობაში აქვს გამოცდილი, მაგრამ მისი გაგებით სიტყვა ”სიყვარული”, უანგარო ერთგულებასთან იგივდება.  სიყვარულის ის სახეობა, რომელიც მგზნებარე დაპირებებით, მხურვალე სცენებითა და ტკბილი, სენტიმენტალური ჩურჩულით გამოიხატება, მას ნაკლებად აღელვებს. თუმცა თუ ზომიერების ფარგლებში მოახერხებთ ურთიერთობის გაგრძელებას ყინულისა და ფოლადისაგან შექმნილი მამაკაცის გრძნობების გაღვიძებასაც შესძლებთ.

არსებობს ქალწულის გულისკენ მიმავალი რამოდენიმე გზა, მაგრამ მათ რიცხვში არამც და არამც არ შედის, აგრესიული დევნა, კეკლუცობა და ფლირტი. სიყვარულში ქალწული მამაკაცი უპირველეს ყოვლისა ხარისხს დაეძებს და არა რაოდენობას. მაგრამ რაკიღა მაღალხარისხოვანი ქალები იშვიათობას წარმოადგენენ, მის ცხოვრებაში ძალზე ცოტა რომანია, რომელთა უმრავლესობაც ხშირ შემთხვევაში ტრაგიკულად მთავრდება. ქალწული თანასწორუფლებიან და პატიოსან კავშირს ესწრაფვის, კარგად ესმის რომ მისი პრეტენზიების მქონე კაცისთვის, სიყვარულის ღირსეული ობიექტის პოვნა საკმაოდ ძნელია, მაგრამ დათმობაზე მაინც არ მიდის.

თუკი თავის ჭეშმარიტ რჩეულად ჩაგთვალათ, ქალწული ქმრის სიყვარული ზომიერი, თანაბარი ალით ენთება, სხვა ზოდიაქოებისთვის დამახასიათებელი აფეთქებების გარეშე. მაგრამ მისი სითბო, ყოველგვარი ცხოვრებისეული ქარტეხილებისაგან დაგიფარავთ. მას თქვენი ყველა მნიშვნელოვანი თარიღი ემახსოვრება, თუნდაც არ ესმოდეს რატომ არის ისინი მნიშვნელოვანი და თავადაც მოგთხოვთ მისი ჩვევების პატივისცემას. მინდა გაგაფრთხილოთ, რომ შენიშვნებს ვერ იტანს, რადგან სანამ თქვენ მის შეცდომას შეამჩნევდით, მას უკვე შემჩნეული აქვს და კიდევ თქვენი დამატება გააღიზიანებს.

მართალია თქვენი ქმარი, ეჭვიანობის ველურ სცენებს არასოდეს მოგიწყობთ, მაგრამ გახსოვდეთ იგი ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ბუნებით ყველაზე დიდი მესაკუთრეა. ამიტომ ეცადეთ სახლიდან ძალიან მოშორებით არ ისეირნოთ, თორემ ერთ მშვენიერ დღეს, უკან დაბრუნებულს შესაძლოა შინ არავინ დაგხვდეთ.

სასწორი

იგი ყველაფერშ ექსპერტია, ყველა საკითხში დაგეხმარებათ,  ყველა პრობლემას მოგიგვარებთ,  გარდა ერთისა- თქვენი ურთიერთობისა. მისი შეყვარება ცოტა სარისკო საქმეა, თუმცა ამაზე დასაფიქრებლად ნამდვილად არ გეცლებათ, ისე მალე მოგხიბლავთ, რომ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების ყოველგვარ უნარს დაკარგავთ.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცები, ურთიერთობაში არცთუ საიმედონი არიან და მათზე ბრმად დაყრდნობა არ შეიძლება. აზრები და შეხედულებები გამუდმებით ეცვლებათ. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით, როცა ცოლობაზე თანხმობას განუცხადებთ, ის კი მეორე დღეს გადაიფიქრებს და ამის შესახებ, არც კი შეგატყობინებთ. ამგვარი ექსტრემალური შემთხვევები, რა თქმა უნდა, იშვიათია, მაგრამ სასწორ-მამაკაცთან ურთიერთობაში, რომ ყოველგვარ მოულოდნელობას უნდა ელოდოთ, ესეც ფაქტია.

სასწორი  ვერ იტანს მოუწესრიგებლ მოუვლელ ქალებს, მის წინაშე სულ უნდა ბრწყინავდეთ, თუმცა  ყველა ამ სიკეთესთან ერთად, იგი შეიძლება თავად იყოს მოუწესრიგებელი და საშინლად ფეთხუმი. თქვენ კი ვალდებული ხართ აიტანოთ.

სასწორ მამაკაცს ყოველთვის, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და რბილი ხასიათის, უბოროტო ბუნების გამო, ერთბაშად უამრავი რომანი აქვთ, განვითარების სხვადასხვა სტადიაზე. მათ ირგვლივ, გამუდმებით უამრავი ქალი ტრიალებს და დაკარგულ სატრფოს, იშვიათად მისტირიან დიდხანს.

მისი ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ არას თქმა უჭირს. ხშირად თაყვანისმცემლებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობს, ვიდრე მას, ვინც თავად უყვარს და ბრძოლაც არ ეხერხება თავისი სიყვარულისთვის. ამიტომ უფრო ხშირად იმ ქალთან რჩებიან, ვინც მისი შენარჩუნეისთვის იბრძოლებს, ვიდრე მასთან, ვის მიმართაც მას რეალური გრძნობები ჰქონდა. თუმცა რა არჩევანიც არ უნდა გააკეთოს, თუ ბევრი არ იფიქრა ქორწინებამდე, მაინც შესაძლოა მთელი ცხოვრება ნანობდეს, რომ სხვა არჩევანი არ გააკეთა.

მორიელი

მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა ძალიან ცივი და გულგრილი ადამიანის იმიჯი ჰქონდეს, მორიელი მამაკაცი მგრძნობიარე ნატურაა, უყვარს ფუფუნება და ყველაფერი გადაჭარბებული: ჭამა, სმა, ნარკოტიკები… განსაკუთრებით კი სიყვარული. მორიელი თითქოსდა ამ გრძნობისთვისაა შექმნილი და მთელი თავისი არსებით მიილტვის მისკენ. იგი მძაფრი ემოციების მოყვარულია და თუ შეგიყვარათ სიგიჟემდე ეყვარებით, თუმცა მას სახალხოდ გრძნობების აფიშირება არ სჩვევია და არც კომპლიმენტებით აგავსებთ. ის კი არა ზოგჯერ შესაძლოა უხეში, უყურადღებო და სასტიკიც მოგეჩვენოთ. მაგრამ მოგვიანებით, როცა მარტო დარჩებით, თავის ჭეშმარიტ გრძნობებში აუცილებლად გამოგიტყდებათ.

თუ მძაფრი ემოციების მოყვარული არ ხართ და ცხოვრების გზაზე მორიელ მამაკაცს გადაეყარეთ, გირჩევთ სანამ გვიან არ არის, თავს გაქცევით უშველოთ. მიუხედავად გარეგნული სიცივისა, ამ ადამიანს შეუძლია გავარვარებული შანთივით დაგწვათ. გამოგიცდიათ ოდესმე ძლიერი დამწვრობა? სწორედ ასეთივე მტკივნეულია ღრიანკალთან უიღბლო შეხება. გონს მოსასვლელად შესაძლოა, რამოდენიმე კვირა და თვეც კი დაგჭირდეთ.

სასიყვარულო ბატალიებში, მორიელის დამარცხება შეუძლებელია. ამიტომ თუ იგრძნო, რომ ქალს მზერით ვერ მოაჯადოვებს, შხამს გამოიყენებს და მისი გრძნობების სრულ პარალიზებას მოახდენს. ამასთან, გარეგნულად ვერაფერს შეამჩნევთ, სავსებით მშვიდი გამომეტყველება ექნება. გულგრილობა მისი საყვარელი მანერაა, მანამ სანამ არ იგრძნობს, რომ მსხვერპლი მის განკარგულებაშია და შეუძლია გული საკმარისად მოიჯეროს.

ჩვეულებისამებრ ღრიანკალი წესებს მანამდე იცავს, სანამ ისინი მის საკუთარ მიზნებს, იდეებსა და ამოცანებს არ ეწინააღმდეგება. მაგრამ საკმარისია, ვინმემ ან რამემ, გეგმის განხორციელებაში ხელი შეუშალოს, ყველაფერს წამში გადაუსვამს ხაზს, თანაც ისე რომ შედეგით არც კი დაინტერესდება.
ნებისმიერ მნიშვნელოვან, ცხოვრებისულ გადაწყვეტილებას მამაკაცი ღრიანკალი, ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად იღებს. მეგობრების, ნათესავების ან სულაც მეუღლის აზრს იგი, არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მისი ეს თვისება, კარგად თუ დაუფიქრდებით, ძალზე დასაფასებელია. განა ბევრია ქვეყანაზე ისეთი მამაკაცი, ვისაც ურთულესი პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე შეუძლია?

მშვილდოსანი

იგი სულ რაღაც საქმეშია, სულ სადღაცაა წასასვლელი, ან ვიღაცას ეხმარება, ან საქმიან შეხვედრაზე ეჩქარება, ან კიდევ უამრავი ხალხითაა გარემოცული და მხიარულ ამბებს ყვება, მოკლედ, დიდი მოუხელთებელი ვინმეა. გახსოვთ, ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი, ჩუსტების საჭიროებას რომ ვერ გრძნობდა და დაცვის თანამშრომლები და ჟურნალისტები წელებზე ფეხს იდგამდნენ რომ დასწეოდნენ? ჭეშმარიტად მშვილდოსნურია. მისთვის ერთ ადგილზე მშვიდად გაჩერება წარმოუდგენელია.

სიყვარულს რაც შეეხება, პრობლემა ისაა, რომ ქალები მთლად კარგად ვერ ხვდებიან მის დამოკიდებულებას და ხან გაცილებით უფრო სერიოზული ეჩვენებათ, ვიდრე არის. არადა იგი ძალიან თავქარიანია, მალე უყვარდება, თუმცა კუბოს კარამდე იშვიათად. თუკი თქვენ კარგად ვერ გაუგეთ და გასერიოზულება აიძულეთ, ან ხუმრობაში გაგიტარებთ, ან კიდევ საერთოდ აორთქლდება და რომელ აეროპორტში მოძებნოთ ვერ გაიგებთ.

თუ გინდათ თქვენთან ცხოვრების დაკავშირებაზე იფიქროს, ნუ იქნებით ეჭვიანი. ნუ შეზღუდავთ, არასოდეს ჰკითხოთ სად იყო, ნუ დაემუქრებით რომ მიატოვებთ, ნურასოდეს მოუწყობთ ისტერიკებს და საშუალება მიეცით, თავის ნებაზე მოიქცეს ხოლმე. საერთოდაც, ეცადეთ ცხოვრებას მისი თვალებით უყუროთ და მისი თამაშის წესებით იხელმძღვანელოთ. იყავით ისეთი, როგორიც მას უნდა რომ იყოთ. მოძრავი, სპორტული, აქტიური… იარეთ მასთან ერთად ლაშქრობებზე, იყოლიეთ ძაღლი (სასურველია დიდი), იყავით გულუხვი და უშუალო. აგრძნობინეთ რომ თქვენშიც ისევე ცოცხლობს თავისუფლების სული, როგორც მასში. ყოველთვის გაუსვით ხაზი იმას, რომ მის გარდა ცხოვრებაში უამრავი სხვა ინტერესიც გაგაჩნიათ. ნუ იქნებით მასზე ზედმეტად დამოკიდებული და ნუ შეზღუდავთ ვალდებულებებით.
თუ მშვილდოსანთან ურთიერთობისას, თამაშის ამგვარი წესებით იხელმძღვანელებთ, თქვენი ერთი შეხედვით, მოუხელთებელი სატრფო, ერთ მშვენიერ დღესაც გამოგიცხადებთ: სწორედ შენისთანა ქალი მჭირდებოდა ცხოვრების თანამგზავრადო. ამ ეტაპზე, ცოტა კიდევ უნდა შეაგულიანოთ. გადაჭრით უარს ნუ ეტყვით, მაგრამ თქვენი პირობებიც წამოუყენეთ. ცოტა რომ წააეჭვიანოთ, არც ეს იქნება ურიგო, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ და მერწმუნეთ, თქვენი ურთიერთობა მალე მენდელსონის მარშით დასრულდება.

თხის რქა

იგი ცოტათი უხასიათოა და სულში არავის ახედებს. საკმაოდ თავდაჯერებული შეიძლება გეჩვენებოდეთ, თუმცა შინაგანად უამრავი კომპლექსით იტანჯება. იმდენად თავშეკავებულია, გეგონებათ მარტოობა ურჩევნიაო, მაგრამ გულის სიღრმეში, ხალხის მოწონების დამსახურება სწადია.  თხის რქები ცდილობენ დაარწმუნონ გარშემომყოფნი იმაში, რომ შექებას და კომპლიმენტებს სრულებითაც არ საჭიროებენ, სინამდვილეში კი პირიქითაა.

თხის რქის რჩეული რომ გახდეთ იდეალური ქალი უნდა იყოთ, ლამაზიც ჭკვიანიც, კარგი ოჯახის შვილიც, გემოვნებითაც უნდა იცვამდეთ და კარგი რეპუტაციაც უნდა გქონდეთ. იგი მეუღლეს დიდხანს და გულმოდგინეთ არჩევს და დაუფიქრებლად იშვიათად მოჰყავს ცოლი. სამაგიეროდ, როცა მოჰყავს ამ კავშირს ძალიან დიდ პატივს სცემს და ოჯახს ვერანაირი გატაცება ვერ უცვლის.

თხის რქა მამაკაცი ბუნებით საოცრად რომანტიული ნატურაა, მაგრამ სატურნი მას დისციპლინისა და სერიოზულობის მძიმე ხუნდებით ბოჭავს. ვინაიდან თხის რქას ემოციების გამოხატვა ძალიან უჭირს, თავად უნდა ასწავლოთ და საკუთარ მაგალითზე, თვალნათლივ დაანახოთ, თუ როგორ უნდა იყოს ალერსიანი. ამას თუ თქვენი ურთიერთობის საწყის ეტაპზევე არ გააკეთებთ, მერე პირდაპირაც რომ მიახალოთ, არ გიყვარვარო, შეიცხადებს, შენ ხომ არ გაგიჟებულხარო. არ გახსოვთ რა უპასუხა მღვდელს თქვენი ჯვრისწერის დღეს?

საეჭვოა ახლგაზრდა თხის რქა შეყვარებულთან ერთად, პარიზში გაიქცეს და მონმარტრელ მეყვავილეს მთელი იები გაუსაღოს. სამაგიეროდ, მხოლოდ მას შეუძლია თავისი რჩეული ინდოეთში, ტაჯ-მაჰალის მშვენიერებით დასატკბობად მიიწვიოს, მაშინ როცა ოჯახის უღლით დამძიმებული და გადაღლილი სხვა ქმრები, სახლში ტელევიზორთან ჯდომას და ძილს ამჯობინებენ.

მერწყული

ამ მოუსვენარ ადამიანს ამქვეყნად თქვენ გარდა უამრავი რამ აინტერესებს და ყველაფრის საკუთარ თავზე გამოცდა სურს, რაც კი ოდესმე გაუგია ან თავში აზრად მოსვლია. მისთვის ქორწინებაც კი მორიგი ექსპერიმენტია, თუმცა ნამდვილად არ ჩქარობს, შეიძლება ითქვას პირიქით თავპისირმტვრევით გაურის. თუ დაქორწინდა, მისი ქორწინება ხანგრძლივ მეგობრობაზე იქნება დაფუძნებული და დაქორწინდება მხოლოდ მაშინ, როცა აღმოაჩენს რომ მის ირგვლივ ყველა დაქორწინებულია და მასაც მოუნდება ამის თავის თავზე გამოცდა. ასე რომ როდის აენთება თავში თქვენი ცოლად მოყვანის ნათურა, კაცმა არ იცის, შეიძლება მაშინაც კი, როცა ამის ყოველგვარი იმედი გადაგეწურებათ.

თქვენით რომ დააინტერესოთ, მისთვის გამოცანად რაც შეიძლება დიდ ხანს უნდა დარჩეთ. მერწყულებს თავსატეხები უყვართ და თუკი ბევრს იწვალებს საიდუმლოების ამოხსნაზე, მით უკეთესია თქვენთვის. კარგი იქნება, პირველ ხანებში თავს თუ საერთოდ ისე მოაჩვენებთ, ვითომ სრულებითაც არ გაინტერესებთ. მისი მოუსვენარი, მოარული მზერა რაღაც პერიოდში, აუცილებლად შეჩერდება თქვენზე და იგი თვალებს ფართოდ დააჭყეტს, საოცარია რატომ არ უყურებთ მას? რა იმალება ამ უყურადღებობის მიღმა? ნამდვილად გულგრილია თუ თამაშობს?
ეს და კიდევ სხვა უამრავი კითხვა წამოიჭრება, მის მოუსვენარ გონებაში და ჭეშმარიტი მერწყული მანამ არ მოისვენებს, სანამ ყველაფერს არ გამოარკვევს. თუმცა ამგვარი ”გამოკვლევის” დროს, შესაძლოა თავი საცდელ ბაჭიად იგრძნოთ.

ცხოვრების მეგზურად, იგი ისეთ ქალს აირჩევს, რომელთანაც სიყვარულის გარდა სხვა უამრავ თემაზეც შეეძლება ლაპარაკი. მაგალითად: ვატერლოოს ბრძოლაზე, მკვდარი ზღვის ხელნაწერებზე, მფრინავ თეფშებზე, აფრიკელ აბორიგენებზე, გლობალური დათბობის პრობლემებზე და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ მერწყულებს ლაპარაკი უფრო აინტერესებთ, ვიდრე თავად სიყვარული, ამიტომ მერწყული მამაკაცის იდეალი მეგობარი ქალია, რომელიც მას შმაგ სიყვარულს არ მოსთხოვს და ეჭვიანობის სცენებსაც არასოდეს გაუმართავს ხოლმე. თავად მერწყული, მეუღლეს სიყვარულით ნაკლებად უღალატებს, ეს შესაძლოა უბრალოდ მორიგი ექსპერიმნტი იყოს, რომელზეც თუ სურვილი გექნებთ მოგიყვებათ კიდეც.

აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ ყოველთვის ენდოთ მის სიტყვას და იმდენი თავისუფლება მიანიჭეთ, რამდენსაც თავად ჩათვლის საჭიროდ. ნუ გეწყინებათ, თუ ხანდახან თქვენს ქმარს მარტოობა სურს, ამგვარი მდგომარეობა დიდხანს არ გასტანს და თუ მის საქციელს გაგებით მოეკიდებით, სამაგიეროს უჩვეულო სითბოთი და გულწრფელობით გადაგიხდით.

თევზები

მართალია ემოციური კუთხით, მამაკაც თევზთან მისი ცხოვრების მეგზური ქალი, ძალიან ბედნიერიც შეიძლება იყოს, მაგრამ მოგეხსენებათ მხოლოდ და მხოლოდ ემოციებით შორს ვერ წახვალ და თუ პრაქტიკული პიროვნება ხართ, მომავალზე უტოპიურ ოცნებას, თქვენს თაყვანისმცემელ თევზთან განშორება გიჯობთ, რადგან ყველაფერი თქვენი გასაკეთებელი იქნება ოჯახში, მას კი მხოლოდ იდეები ექნება.

ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს შორის, თევზი მამაკაცი ყველაზე დაბნეული და უთავბოლოა. მაგრამ თქვენ ამას ისე უნდა შეხედოთ, როგორც არეულ-დარეულ ჩემოდანს, რომელშიც ყველა ნივთისთვის, საკუთარი ადგილის მიჩენაა აუცილებელი.  თქვენ მოგიწევთ ყველა მისი ოცნების განხორციელება და მისი ცხოვრებისეული მიზნებისკენ თრევა. თუმცა ამისთვის თქვენი უსაზღვროდ მადლიერიც იქნება და თუკი ემოციური მხარდაჭერა დაგჭირდებათ, მუდმივად დაგიდგებათ გვერდში.

რაც შეეხება ეჭვიანობას, იგი საკმაოდ ეჭვიანია, თუმცა ამას არტისტული ბუნების წყალობით თითქმის არასოდეს იმჩნევს. თქვენ მოგიწევთ გამოიცნოთ, რატომ არის ცუდ ხასიათზე.  თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს თევზს, მოწყენილობა და პესიმისტური განწყობა ეუფლება, ეცადეთ ყოველგვარი საქმე გადადოთ და როგორმე გაართოთ იგი, დაანახოთ რომ გიყვართ და თქვენთვის მნიშვნელოვანია.  კარგი იქნება თუ მასთან ერთად, თეატრში ან გამოფენაზე წახვალთ, ეს თევზ მამაკაცს დადებითი ემოციებით დამუხტავს და ხასიათასაც აუცილებლად გამოუკეთებს.

თევზი მაკაცაცი სუსტ არსებად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეთი ნამდვილად არ გახლავთ, უბრალოდ ზოგიერთი მათგანი ხშირად ოცნებებს ეძლევა და ცხოვრებისეულ შანსებს ხელიდან უშვებს. იგი ან ყველაფერია, ან არაფერი.  აქედან გამომდინარე, თუ თევზმა ოცდახუთი წლის ასაკში არ იცის, რომელ ტალღაში აჯობებს ჩაყვინთვა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ იგი თავის ჭეშმარიტ ადგილს, ოდესმე მაინც იპოვნის ცხოვრებაში.

თუმცა თუ თქვენი რჩეული, თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ძალა და უნარი შესწევთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცის ეს ტიპი, ნებისმიერი ქალისთვის აღმოჩენაა და თქვენ ნამდვილად გაგიმართლათ.

 

ლინდა გუდმენის მიხედვით