მგრძნობიარე გენი — რატომ ხასიათდება ზოგიერთი ადამიანი გადაჭარბებული მგრძნობელობით

1
3524

მაინც რატომ ვართ სწორედ ასეთები, როგორები ვართ? ჩვენი თვისებები ბუნებრივია თუ მოგვიანებით შეძენილი? არის კი ახალდაბადებული ადამიანი ცარიელი ფურცელი? ხასიათი გარემოსთან ადაპტირების შედეგად შევიძინეთ თუ გენეტიკური მახასიათებლების შედეგია იგი? მეცნიერები დიდი ხნის მანძილზე დავობდნენ ამ საკითხზე. არის მესამე, უფრო კომპლექსური ვარიანტიც — სოციალური გარემო ხელს უწყობს ჩვენი ბუნებრივი თვისებების გამოვლენას. როგორც წესი, ყველაზე რთული პასუხი აღმოჩნდება ხოლმე სწორი.

კვლევებში, თუ როგორ ავლენენ თავს ის გენები, რომლითაც დავიბადეთ, ბოლო ათწლებულების განმავლობაში უამრავი თანხა ჩაიდო.

ფსიქოლოგები სიფრთხილით, თუმცა ოპტიმისტურად უყურებენ ამ კვლევების მიღწევებს, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთ გავუგოთ საკუთარ თავს.

ჯერ კიდევ ბევრი დეტალია გასარკვევი, მაგრამ უკვე მიღებული შედეგი საკმაოდ დამაიმედებლად გამოიყურება.
ალბათ შეგხვედრიათ ადამიანები, რომლებიც ძალიან მარტივად ექცევიან ემოციების გავლენის ქვეშ, ტირიან ყველა წვრილმანზე, აქვთ თანაგრძნობის გამძაფრებული უნარი. მეტად ფოკუსირდებიან ნეგატიურ ფაქტებზე, ანუ ნეგატივზე ყურადღების გამახვილების ტენდენცია აქვთ. ახასიათებთ მოუსვენრობა და შიში, განსაკუთრებით ახალი გარემოს მიმართ. სწორედ ამ გადამეტებული სენტიმენტების წარმოშობის მიზეზებზე ჩატარდა კვლევები.
საიდან მოდის ეს თვისება? რატომ რეაგირებს ზოგიერთი ადამიანი გარე ფაქტორებზე ასე ძლიერად? რატომ არიან ისინი უკიდურესად ემოციურები?

თუ თავად ხართ ასეთი, ნუ შეგეშინდებათ — აღმოჩნდა, რომ ამ კითხვებზე პასუხი სწორედ თქვენს გენებშია.
კალიფორნიის უნივერსიტეტისა და ალბერტ აინშტაინის სახელობის სამედიცინო კოლეჯის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მგრძნობელობა თანდაყოლილი თვისებაა, რომელიც იდენტიფიცირდება გარემოზე ტვინის რეაქციების მოდელებით და გენებით.

მათ მიერ განხორციელებულ კვლევაში 18 ინდივიდი მონაწილეობდა. ისინი უყურებდნენ ფოტოებს, რომლებზეც მხიარული და მოწყენილი სახეები იყო გამოსახული. მკვლევარები კი ამ პროცესში მონაწილეთა ტვინების რეაქციების სკანირებას ახდენდნენ მათი ემოციურობის ხარისხის შესაფასებლად. აღმოაჩინეს, რომ იმ მონაწილეებს, რომლებსაც სენსორული მგრძნობელობა დაუფიქსირდათ, გაცილებით მეტი სისხლის დინება ტვინის იმ ნაწილში ჰქონდათ, რომელიც მგრძნობელობაზე, აღქმაზე და თანაგრძნობაზე არის პასუხისმგებელი. ეს გახდა მტკიცებულება, რომ მგრძნობელობა ადამიანის ფიზიკური მახასიათებელია.

მეორე კვლევა რომელიც 2012 წელს ჩატარდა, გაცილებით შორს მიდის. რეიჩელ გრაზიოპლინი, კოლინ დე იანგი, ფრედ როგოში და დანტე ჩიქეტი იკვლევდნენ ქოლინერგულ სისტემას, ესაა სისტემა, რომელიც განსაზღვრავს როგორ ვრეაგირებთ გარემოზე და რამდენად მგრძნობიარე ვართ სხვადასხვა სტიმულებზე.

ქოლინერგული  სისტემა განსაკუთრებით აქტივირდება მაშინ, როცა ჩვენ გვაქვს ,,განუსაზღვრელობის მოლოდინი”. ასეთი მოლოდინის მიზეზი ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობ სიტუაციაში მოხვედრაა, სადაც რაღაც ახალი, განსხვავებული გამოცდილების შეძენაა პროგნოზირებადი.

მაგალითად, როდესაც პირველკურსელი ხარ, ბუნებრივია, გაქვს გარკვეული მოლოდინები, რომ ახალი გამოცდილების პირისპირ მოგიწევს დადგომა. სწორედ ამ ეტაპზე გადიხარ ,,განუსაზღვრელობის მოლოდინის” შეგრძნებებს — ჯერ კიდევ არ იცი რა აქტივობებში ჩაერთვები, ვინ იქნებიან შენი მეგობრები, როგორ გაძლებ სახლიდან შორს და ა.შ.

ზოგისათვის ეს მოლოდინი შფოთვის მიზეზი იქნება, სხვებში კი ინტერესს და აღტკინებას გამოიწვევს.

ორივე ჯგუფის წარმომადგენლები რეაგირებენ ამ ახალ გარემოზე საკუთარ  ქოლინერგულ სისტემაში არსებული გენეტიკური ვარიაციების მიხედვით.
გრაზიოპლენემ და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს CHRNA4 გენი, როგორც მთავარი ქოლინერგული  რეცეპტორი და იმის განმსაზღვრელი, გეშინიათ თუ ინტერესით უყურებთ გაურკვევლობას.

მიუხედავად ამ გენის მუშაობისა, ეს საკმარისი ფაქტორი არ აღმოჩნდა. კვლევის დროს დააკვირდნენ გენის ამ ვარიაციის მუშაობას იმ გარემოსთან მიმართებაში, სადაც ინდივიდი გაიზარდა. მეორე განმსაზღვრელი ასპექტი სწორედ ადამიანის აღზრდის ფორმა აღმოჩნდა.

მკვლევარებმა შექმნეს ბანაკი. ამ ექსპერიმენტში მონაწილებოას 8-დან 13 წლამდე ასაკის 614 ბავშვი იღებდა. მათ საერთო სოციალ-ეკონომიკური ფონი ჰქონდათ, მაგრამ  მათი ნაწილი ემოციური, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, სხვები კი ნორმალურ პირობებში იყვნენ აღზრდილი.

ბავშვები, რომლებზეც მოხდა ძალადობა და რომლებსაც CHRNA4 გენი ჰქონდათ, ახალ ბანაკს საფრთხედ აღიქვამდნენ, იგივე გენეტიკური ვარიაციით ნორმალურ პირობებში აღზრდილი ბავშვებისათვის კი ბანაკი ინტერესის ობიექტი იყო. ამ შედეგებზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია სქესს, რასას და ასაკს.

რას ნიშნავს ეს ყოველივე? გარკვეული გენეტიკური ვარიაცია მართლაც არსებობს, რაც ჩვენი მგრძნობელობის ხარისხს განსაზღვრავს, მაგრამ სწორედ აღზრდაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოვავლენთ მას – ექსტრემალურად უარყოფით თუ დადებით ემოციებში. ამდენად, ფსიქოლოგები და მეცნიერები გამოვლენის ფორმებში ორივე ფაქტორს რთავენ.

ეს გენეტიკური კოდი საკმაოდ იშვიათია, მოსახლების მხოლოდ 1%-ს აქვს. თუ გული გიჩუყდებათ ფილმებზე, იმპულსურად აზიარებთ სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეობს,  მეგობართან ერთად ტირით, როდესაც ის შეყვარებულმა მიატოვა, სანუგეშოდ მიიღეთ ის ფაქტი, რომ  უბრალოდ თქვენ ასეთი დაიბადეთ.

Comments are closed.