მთვარის დედა ვატირე, დედამიწაზე ყოფნას რა სჯობს – ნოდარ დუმბაძე

0
1261

ხანდახან ასეთი სულელური აზრიც გებადება რომ დედამიწა თვითონ ცოცხალი სხეულია. დაგორავს, დაიარება, ხედავს, სუნთქავს, ესმის, სტკივა, უყვარს სძულს, უხარია და სწყინს, ამიტომ ხან კვნესის, ხან ოხრავს, ხან ბოგავს, ხან იცინის, ხან ტირის, ჩვენ კი შესეული ვართ ამ ვეებერთელა სულდგმულს მკბენარებივით, ვჩიჩქნით, ვწიწკნით, ვკბენთ, ვგლეჯთ, დავრბივართ, ვაწუხებთ და ისე ვაწუხებთ ხანდახან, რომ ვეღარ ითმენს, შეაჟრჟოლებს ხოლმე ზურგს დაშავებული ჯაგლაგივით, აგვყრის, დაგვყრის ბუზებივით, დაგვინგრევს მოგვიშლის, წაგვილეკს საბუდარს.. ყველაფერს რაც გაგვაჩნია… ჩვენ კი გონს მოსულნი ისევ შევესევით, ისევ დავუწყებთ ჩიჩქვნას, ძიძგვნას, კბენას, ვიდრე კვლავ არ გაიღვიძებს ეს გოლიათი, კვლავ არ მოიფხანს კეფას, კვლავ არ გამოიფხეკს ყურებს, კვლავ არ მოისრესს თვალებს და არ შეგვაძრწუნებს კვლავ, რათა მერე ყველაფერი თავიდან დაიწყოს, ვინ იცის იქნება მართლა ასეა?
ჰოდა, იმ კაცს გაუმარჯოს, მთვარეზე რომ ფეხს შედგამს, იქედან გადმოგვხედავს, მოვენტარებით, ჩამოვა, ჩაგვეხვევა, გვაკოცებს, იტირებს და გვეტყვის: მთვარის დედა ვატირე, დედამიწაზე ყოფნას რა სჯობს, დედამიწას გაუმარჯოს, მწვანე დედამიწას, თბილ დედამიწას, მზიან დედამიწას, წვიმიან დედამიწას… მერე მთვარეს ახედავს და ეტყვის: არ გეწყინოს მთვარევ, ლამაზი ხარ, კარგი ხარ, თეთრი ხარ, ღამეს მინათებ თან დაყვები დედამიწას, მაგრამ ეს ოხერი დედაა ჩემი და შენ თავს მირჩევნია, მოდი და მომკალი, დედამიწა მირჩევნია შენს თავს და რა გიყო? ჩემს დედამიწას გაუმარჯოს!

ნოდარ დუმბაძე!

დედამიწის დღეს გილოცავთ!