შხაპის ქვეშ ვიდექი და ღმერთს ვუყვიროდი, რომ ქორწინება აუტანელი გახდა, – ამერიკელი მწერლის ოჯახური დრამა

0
2313

რიჩარდ პოლ ევანსი

ჩემმა უფროსმა ქალიშვილიმა, ჯენამ ცოტა ხნის წინ მითხრა: ,,როცა პატარა ვიყავი, ყველაზე მეტად მეშინოდა შენ და დედა არ განქორწინებულიყავით. 12 წლის ასაკში კი მეგონა, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტა იქნებოდა, იმდენად ხშირად ჩხუბობდით.” შემდეგ გაიღიმა და დაამატა: ,, ჩემო ძვირფასებო, მე ძალიან მიხარია, რომ პრობლემების მოგვარება შეძელით”

დიდი ხნის მანძილზე მე და ჩემს მეუღლეს, კერის ურთიერთობაში სირთულეები გვქონდა. ახლა უკვე დეტალურად აღარც მახსოვს როგორ მოვახერხეთ თავდაპირველი სიახლოვის აღდგენა. ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ეს არ იყო ჩვენი ხასიათების დამსახურება, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ ვერ ეწყობოდა ერთმანეთს. რაც მეტად გრძელდებოდა ქორწინება, ჩვენი პიროვნული განსხვავებები უფრო შესამჩნევი ხდებოდა.
როდესაც მე ,,მდიდარი და ცნობილი” გავხდი, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო დაიბზარა. პრობლემები გაძლიერდა. იმდენად აუტანლი იყო ერთად ცხოვრება, რომ ყოველი წიგნის ტური ერთგვარ ამოსუნთქვად და მისგან დასვენებად მეჩვენებოდა. თუმცაღა ერთმანეთისაგან ამ მცირეოდენ დასვენებას მთლიანად ვინაზღაურებდით ხმაურიანი დაბრუნებით.

გამუდმებით ვჩხუბობდით და მშვიდი ცხოვრება უკვე წარმოუდგენელ ფუფუნებად მეჩვენებოდა. ჩვენს ირგვლივ ყრუ კედლები ავაგეთ, რომ საკუთარი თავი ნეგატივისაგან დაგვეცვა. განქორწინება უკვე ახლოს იყო და ეს თემა რამდენჯერმე განვიხილეთ კიდეც.

კიდევ ერთ ტურში ვიყავი, როცა ერთი აზრი დამებადა. მე და კერის მორიგი კონფლიქტი მოგვივიდა, კერიმ დამიკიდა ყურმილი, მე კი დავრჩი მარტო საშინლად აღელვებული და გაბრაზებული. ვცადე ღმერთამდეც კი მიმეწვდინა ხმა. არ ვიცი იმ ყვირილს რამდენად შეიძლება ეწოდოს ლოცვა, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო ეს, არასოდეს დამავიწყდება.
ძალიან ძვირადღირებულ სასტუმროში ვიღებდი შხაპს და ვყვიროდი ღმერთის მისამართით, რომ ჩემი ქორწინება აუტანელი გახდა და ასე ცხოვრება უკვე აღარ შემეძლო.
თუმცა ჩემი სიძულვლი გაყრისადმი საკმაოდ ძლიერი იყო, მაგრამ ამ ტკივილის ატანა ჩემს ძალებს აღემატებოდა. ერთ რამეს ვერ ვხვდებოდი — რატომ იყო ყველაფერი ასე რთულად? გულის სიღრმეში მე ვიცოდი, რომ კერი კარგი ადამიანი იყო , არც მე ვიყავი ცუდი, მაგრამ რატომღაც ერთად ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. საერთოდ რატომ დავქორწინდი ადამიანზე, რომელიც ამდენად განსხვავდებოდა ჩემგან? ნუთუ მისთვის ასე რთულია შეიცვალოს?
როცა ძალები საბოლოოდ გამომეცალა, განადგურებული და დანგრეული საშხაპეში იატაკე დავჯექი და ავტირდი. სადღაც სასოწარკვეთილების სიღრმიდან მე დამებადა ერთი აზრი:  ,,რიკ, შენ არ შეგიძლია ის შეცვალო, მაგრამ თავად შეგიძლია შეცვლა.” და სწორედ ამ მომენტში მე დავიწყე ლოცვა: ,,ღმერთო, თუ არ შემიძლია მისი შეცვლა, დამეხმარე შევცვალო საკუთარი თავი.”

გვიან ღამემდე ვლოცულობდი და შემდეგ მთელი მომდევნო დღე, ვიდრე სახლისაკენ მივფრინავდი. ვლოცულობდი მაშინაც, როცა სახლში შევედი. იქ კი ცივი ცოლი დამხვდა, რომელსაც თითქოს ჩემი ცნობა გაუჭირდა.

როდესაც საწოლში გვერდიგვერდ რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით ვიწექით, ვგრძნობდი, რომ რეალურად ეს დაშორება რამდენიმე ასეული სინათლის წელი იყო. სწორედ ამ დროს მომივიდა კიდევ ერთი აზრი, უკვე ზუსტად ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.
მეორე დილით გადავტრიალდი კერის მხარეს და ვკითხე: ,,რა გავაკეთო იმისთვის, რომ შენი დღე უკეთესი გახდეს?”
გაბრაზებულმა შემომხედა: ,,რა?”
– რა გავაკეთო, რომ შენი დღე გახდეს უკეთესი?
– შენ ვერაფერს იზამ ამისთვის, — მითხრა მან. — რატომ მეკითხები?
– იმიტომ, რომ მართლა მაინტერესებს, რისი გაკეთება შემიძლია შენი დღის გასაუმჯობესებლად.
უნდობლად შემომხედა და მითხრა: ,, გინდა რამე გააკეთო? სამზარეულო დაალაგე.”

ვიგრძენი როგორ ელოდა ჩემს მორიგ აფეთქებას, მე კი თავი დავუქნიე და საქმეს შევუდექი.

მომდევნო დღეს ისევ დავუსვი ეს შეკითხვა. თვალები დაავიწროვა და მომესმა: ,,ავტოფარეხი დაალაგე!”
ღრმად ჩავისუნთქე, ამის აუცილებლობა არ იყო, მე კი დღე დაგეგმილი მქონდა. ეს დავალება უბრალოდ, ყოველგვარი აზრის გარეშე მომცა, თითქოს ჯიბრზე. იმ მომენტში ძალიან მინდოდა გავმწყრალიყავი და მეყვირა, მაგრამ ვძლიე ამ ცდუნებას და დავეთანხმე.
ორი საათი ავტოფარეხში გავატარე, კერი ვერ ხვდებოდა რას ვფიქრობდი.

გათენდა შემდეგი დილა და ისევ ვკითხე.
– არაფერი არ მინდა, არაფერი. — მითხრა მან. — ნუღარ მისვამ ამ კითხვას.
– მაპატიე, მაგრამ ჩემს თავს მივეცი დაპირება, რომელსაც ვერ დავარღვევ. რა გავაკეთო ისეთი, რომ შენი დღე გავაუმჯობესო?
– რაში გჭირდება ეს ყველაფერი?
– მიყვარხარ — ვუპასუხე მე. — და ჩვენი ქორწინებაც ძვირფასია ჩემთვის.

მომდევნო დღეს კიდევ დავუსვი ეს შეკითხვა და კიდევ მომდევნო დღეს. უკვე შემდეგ დილას, სადღაც მეორე კვირაში მოხდა სასწაული — როდესაც ჩვეულებრივ ჩემს ცოლს დავუსვი უკვე ძველი კითხვა, იგი აქვითინდა. როდესაც ცოტათი დამშვიდდა, ამიხსნა: ,, კმარა ამაზე შეკითხვები, პრობლემა შენში არაა, ჩემშია, ჩემთან ცხოვრება ძალიან რთულია, საერთოდ არ მესმის რატომ არ მიდიხარ ჩემგან.”
მე ნაზად მოვკიდე ხელი ნიკაპზე და ვაიძულე ჩემთვის თვალებში შემოეხედა.

– იმიტომ, რომ მიყვარხარ, რა გავაკეთო, რომ შენი დღე უკეთესი გახდეს?
– მეც უნდა დაგისვა ეს კითხვა.
– უნდა დამისვა, მაგრამ ახლა არა, ახლა ცვლილებები მჭირდება მე. მინდა, რომ შენ მიხვდე რამდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის.
მან მკერდზე მომადო თავი.

– მაპატიე, მე ისეთი გაბრაზებული ვიყავი შენზე.

– მიყვარხარ. — ვუთხარი მე

– მეც. — მომესმა პასუხად.

– რა გავაკეთო, რომ შენი დღე უკეთესი გავხადო?

მან რაღაცნაირი სითბოთი შემომხედა. – მოდი დღეს სადმე ერთად გავიდეთ.  მე გავიღიმე და ვუპასუხე : ,, მე ძალიან მომწონს ეს იდეა.”

კიდევ ერთი თვე ვუსვამდი მას ამ კითხვას, ჩვენ უკვე აღარ ვჩხუბობდით. ბოლოს კი კერიმ მკითხა: ,,და მე რა გავაკეთო? როგორ გავხდე შენთვის იდეალური ცოლი?” ამან ჩვენს შორის არსებული ბოლო კედელიც ჩამოანგრია. ჩვენ დავიწყეთ გულწრფელი მსჯელობა იმაზე, თუ რა გვინდოდა ცხოვრებისაგან, თუ როგორ გაგვემარტივებინა და გაგველამაზებინა ცხოვრება ერთმანეთისა და საკუთარი თავისათვის.
ბუნებრივია, ყველა პრობლემა არ მოგვარებულა და არც იმის თქმა შემიძლია, რომ ამის შემდეგ ერთხელაც არ გვიკამათია, მაგრამ საგრძნობლად შეიცვალა არამხოლოდ მისი სიხშირე, არამედ ტონიც. ჩხუბის დროს აღარ ვცდილობდით ერთმანეთისათვის რაც შეიძლება მეტი ტკივილი მიგვეყენებინა.

კერი და მე დაქორწინებული ვართ უკვე 30 წელზე მეტია. მე არამხოლოდ მიყვარს, არამედ ძალიან მომწონს იგი. მომწონს მასთან დროის გატარება, ყოველთვის მენატრება, როდესაც ჩემს გვერდით არ არის. მე მჭირდება ის. განსხვავება ხასიათებს შორის მოგვიანებით ძლიერ მხარედ იქცა, ნაწილი უთანხოებებისა კი საერთოდ გაქრა. ვისწავლეთ ერთმანეთზე ზრუნვა და რაც მთავარია, ჩვენ გვქონდა ამის სურვილი.
ქორწინება მარტივი რამე არ არის, როდესაც მშობელი ხარ, ეს ცალკე პასუხისმგებლობაა, ამასთან ფორმაში უნდა იყო, წიგნები წერო. ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მარტივად არ მოსულა. უნარი — გაატარო ცხოვრება ადამიანის გვერდით, ღვთის საჩუქარია. კიდევ ერთ რამეს მივხვდი — სწორედ ქორწინებაში ხდება ჩვენი ხასიათის ყველაზე არამიმზიდველი თვისებების განკურნება. ასეთი თვისებები კი ყველა ჩვენგანს აქვს.

დროთა განმავლობაში მე მივხვდი, რომ ჩვენი შემთხვევა საილუსტრაციოდ გამოდგებოდა, კითხვა, რომელიც ყველა მეუღლემ უნდა დაუსვას თავის მეორე ნახევარს — რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ შენ დღე უკეთესი გავხადო? სწორედ ესაა სიყვარული. რომანები სიყვარულზე (მე არაერთი ასეთი დამიწერია) ძირითადად ვნებებზეა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბედნიერი ცხოვრება არ არის იმ ვნებებისა და სურვილების შედეგი, რომლითაც, როგორც წესი, სავსეა რომანები.
ნამდვილი სიყვარული არაა ადამიანის ფლობის სურვილი. ნამდვილი სიყვარულია, როცა მისთვის ბედნიერების მინიჭება გინდა და ამის გამო ზოგჯერ საკუთარ ინტერესებსაც დათმობ. პარტნიორისაგან შენივე ორეულის შექმნა სულაც არაა საჭირო, უნდა იზრუნო მასზე და მოთმინებით გააკეთო ყველაფერი, რომ საყვარელ ადამიანს მიანიჭო ბედნიერება. დანარჩენი ყველაფერი ეგოიზმის ვარიაციებია.
არც კი გავბედავ იმის მტკიცებას, რომ ჩვენი შემთხვევა ყველა სხვა სიტუაციას მოერგება, ვერც იმას ვიტყვი, რომ ყველა ქორწინება უნდა გადარჩეს, მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით — ჩემი ოჯახი ისევ არსებობს, მე მყავს მეუღლე, იგი ჩემი საუკეთესო მეგობარია.

კიდევ მადლიერი ვარ იმის გამო, რომ დღემდე დროდადრო ერთ-ერთი ჩვენგანი გადაბრუნდება მეორესაკენ და ეკითხება — რისი გაკეთება შემიძლია იმისათვის, რომ შენი დღე გავხადო უკეთესი? მნიშვნელობა არა აქვს ამას შენ გეკითხებიან, თუ შენ ეკითხები. ამისთვის ღირს გაღვიძება.