რა განსხვავებაა კარმულ კავშირსა და მონათესავე სულების ურთიერთობას შორის და პოზიტიურია თუ ნეგატიური ის

0
592

 

კარმულ ურთიერთობებზე სანამ ვისაუბრებდეთ, ჯერ სიტყვა კარმის არსში უნდა გავერკვეთ, კარმა ქმედებას ნიშნავს. ქმედება მაინცდამაინც რაიმე ფიზიკურ მოქმედებას არ გულისხმობს, ქმედებაა ფიქრიც, სურვილებიც, განზრახვებიც, მიზნებიც…. ჩვენ კარმული დავალიანება ცუდი აზრებით ან ბოროტი განზრახვებითაც შეიძლება გაგვიჩნდეს, ეს იმიტომ რომ ყველაზე მთავარი გონებაა. ფიზიკური მენტალურის შედეგია მხოლოდ და მხოლოდ.

სანამ დურგალი სკამს გააკეთებდეს, ეს სკამი მანამ მის გონებაში არსებობს, ჰოდა, ჩვენს შემთხვევაშიც ასე ხდება – ადამიანი ფიზიკურად ავად იმიტომ ხდება, რომ მანამდე მენტალურად დაავადდა. ასევეა კარმული ურთიერთბებიც, ადამიანები ერთმანეთს იმიტომ ხვდებიან, რომ ეს ადამიანები უკვე არსებობენ მათ ,,გონებაში”. ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ, რადგან ფიზიკურზე ვართ ძირითადად ორიენტირებული, არადა მშენებელი სწორედ გონებაა, მატერია კი უბრალოდ მისი შემოქმედება.

ჩვენ არავის ვხვდებით საკუთარი ნებართვის გარეშე. კარმის კანონების მიხედვით, სულს მეხსიერება აქვს, თუმცა მხოლოდ ინსტიქტების დონეზე შემორჩენილი. სულს არავინ ავიწყდება, სული მხოლოდ მათ ხვდება ვისთანაც ,,საქმე“ აქვს და ამ პრინციპით ყველა ახლო ურთიერთობა, მშობელი-შვილიდან დაწყებული ბოსი-ხელქვეითით დამთავრებული, ნებისმიერი კავშირი, კარმულია.

კარმული პარტნიორები არიან ინდივიდები, რომლებიც ერთმანეთს  წინა ცხოვრებიდან გამოყოლილი კარმული ვალების გასასტუმრებლად ხვდებიან, რაღაცის გამოსასწორებლად, ,,შეტენილი“ გამოცდის გადასაბარებლად. ყველა მონათესავე სული კარმული პარტნიორია, მაგრამ ყველა კარმული პარტნიორი მონათესავე სული არ არის. კარმული პარტნიორი გასწავლის, მონათესავე სული გეხმარება. კარმული პარტნიორი თავის საქმეს შეასრულებს და გტოვებს, მონათესავე სული კი უბრალოდ შენთანაა და სულ შენი რჩება. უხეშად რომ ვთქვათ, მონათესავე სული (როგორც მეორე ნახევარი) შეიძლება გყავდეს მხოლოდ ერთი, კარმული პარტნიორი კიდევ ბევრი.

კარმული ურთიერთობა შეიძლება იყოს ნეგატიურიც   და პოზიტიურიც, ბედნიერების მომტანიც და უბედურებებითა და ტკივილით სავსეც. კარმული ურთიერთობების თავიდან აცილება შეუძლებელია. ყოველი ჩვენი შეხვედრა, ვისთანაც არ უნდა იყოს ეს, თავად ჩვენივე დაგეგმილია ოდესღაც. ჩვენ შემთხვევით არავის ვხვდებით, ყველა ურთიერთობა გვჭირდება ცხოვრების რაღაც ეტაპზე, მნიშვნელობა არ აქვს პოზიტიური იქნება ეს თუ ნეგატიური.

თუ გინდა კარმულ ურთიერთობას გაუმკლავდე, უნდა გაიაზრო რისთვის ხართ ერთად. კარმა ხომ შენს თავთან შეხვედრაა. შენი ,,ქმედებების“ შედეგებთან შეხვედრა და შენი კარმული ურთიერთობების სახეც სწორედ ამ შენს ქმედებებზეა დამოკიდებული. პოზიტივი სთესე? პოზიტიურ კარმულ ურთიერთობებს მოიმკი, ნეგატივი სთესე? მაშინ ნეგატიურს, თუმცა ასეა თუ ისე, გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი თქვენ გჭირდებათ!