რამდენი ღირხარ? დასაფიქრებელი იგავი

0
3080

ერთხელ ოსტატთან ახალგაზრდა კაცი მივიდა და უთხრა:

– თავს ისეთ საცოდავ არარაობად ვგრძნობ, ცხოვრება აღარ მინდა. ყველა ამბობს, რომ ხელმოცარული იდიოტი ვარ. ძალიან გთხოვ, დამეხმარე.

– მაპატიე, მაგრამ დაკავებული ვარ. ერთი სასწრაფო საქმე მაქვს მოსაგვარებელი , – უპასუხა ოსტატმა, – თუმცა შენ თუ ამ საქმეში ხელს წამიკრავ, მეც შევეცდები შენს დახმარებას.

– სიამოვნებით, – უპასუხა ახალგაზრდამ.

ოსტატმა თითიდან ძალიან ლამაზ თვლიანი ბეჭედი წაიძრო და მას მისცა. ცხენზე შეჯექი, ეს ბეჭედი წაიღე და სასწრაფოდ გამიყიდეო, დაავალა. ეცადე რაც შეიძლება ძვირი აიღო და ოქროს მონეტაზე ნაკლებს არ დასჯერდე არავითარ შემთხვევაშიო, თან დაარიგა. ახალგაზრდამ ბეჭედი აიღო და წავიდა.

ბაზრობაზე დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ მის ბეჭედს, თუმცა როგორც ბიჭი კი ოქროს მონეტას ახსენებდა, მაშინვე პირს იბრუნებდნენ. ერთმა დასცინა კიდეც პირში და სხვებმაც უთხრეს ძალიან ძვირად ჰყიდიო, მაგ ბეჭედში სპილენძის ფულს, ან დიდი-დიდი ვერცხლისას თუ მოგცემენო.

ახალგაზრდამ ბევრი ეცადა, ასობით ადამიანს შესთავაზა, ეხვეწა და რომ ვერაფერს გახდა, შეჯდა ცხენზე და ყურებჩამოყრილი დაბრუნდა ოსტატთან.

– ვერ შევძელი თქვენი დავალების შესრულება. თქვენ მითხარით რომ ოქროს ფულზე ნაკლებს არ დავჯერებოდი, იმათ კი სპილენძის ან ვერცხლის შემომთავაზეს. სინამდვილეში რა ღირს ეს ბეჭედი?

– აი, ეს არის ყველაზე მთავარი, ჩემო ბიჭო. სანამ რამის გაყიდვას დააპირებდე, ჯერ მისი რეალური ფასი უნდა გაიგო. წადი იუველირთან და გაიგე, მაგრამ რამდენიც არ უნდა შემოგთავაზოს, არ მიჰყიდო. ჩემთან დაბრუნდი.

ახლგაზრდა ისევ მოახტა ცხენს და იუველირისკენ გასწია. იუველირმა დაათვალიერა ბეჭედი და უთხრა:

– შენს ოსტატს გადაეცი, რომ ახლა 58 ოქროს მონეტაზე მეტს ვერ მივცემ, მაგრამ ცოტა დროს თუ მომცემს 70 მონეტად ვიყიდი.

– 70 ოქროს მონეტა? – აღმოხდა ბიჭს, მადლობა გადაუხადა იუველირს და გახარებული გაქროლდა ოსტატისკენ.

– ახლა კი მომისმინე, – უთხრა დაბრუნებულ ახალგაზრდას ოსტატმა, – ამ ბეჭედივით ხარ შენც, იმდენად ძვირფასი და განუმეორებელი, რომ შენი შეფასება მხოლოდ ჭეშმარიტ ექსპერტს ძალუძს. ჰოდა, რატომ დარბიხარ ბაზარ-ბაზარ და რატომ მოითხოვ პირველივე შემხვედრისგან ამას?