ჩვენი ფიქრებით ფორმირდება ჩვენი ქმედება, ქმედება გადაიზრდება ჩვევაში, ჩვევა აყალიბებს ხასიათს — სწორედ ასე ვქმნით საკუთარ თავს.
და აი 13 რამ, რასაც არ აკეთებენ შინაგანად ძლიერი ადამიანები:
1) საკუთარი თავის შებრალებაში დროს არ კარგავენ.
ძლიერი ადამიანები არ სხედან გულხელდაკრეფილი, არ წუწუნებენ გარემოებების გამო, არ გამოთქვამენ საყვედურებს ცხოვრებისეულ სიტუაციებზე და იმაზე, რომ მას არასამართლიანად მოექცნენ. ისინი იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და თვალს უსწორებენ ცხოვრებას, რომელიც სულაც არ არის მარტივი და ცალსახად სამართლიანი. უსიამოვნებებზე რეაგირებენ მაქსიმალურად მშვიდად.
2) ისინი არ კარგავენ კონტროლს საკუთარ თავზე.
არავის აძლევენ უფლებას გავლენა მოახდინონ მათზე, ან მართონ ისინი. ნებისმიერ გარემოებაზე რეაგირებენ საკუთარი გულის კარნახით, თვითონ წყვეტენ საკუთარ რეაქციებსა და ცხოვრებისეულ დამოკიდებულებებს. კარგად აცნობიერებენ , რომ მათი შინაგანი ძალა სწორედ ემოციების მართვაშია.
3) ისინი არ გაურბიან ცვლილებებს.
ძლიერი ადამიანები არ გაურბიან გაურკვევლობას და სიახლეებს. მეტიც, მათ აქვთ სტაგნაციაში გაჭედვის და ცხოვრების გემოს დაკარგვის შიში (თუ შეიძლება ამას ასე ეწოდოს). სწორედ გარდაქმნებისა და ცვლილებების პროცესში ვლინდება ამ ადამიანების ხასიათის ყველა ღირსება.
4) ისინი არ ხარჯავენ ენერგიას იმაზე, რისი მართვაც არ შეუძლიათ.
ასეთი ადამიანები არ წუწუნებენ დაკარგულ ბარგზე, საცობებზე, ან სხვა ადამიანებზე, რადგან მათ მშვენივრად ესმით, რომ აღნიშნული ფაქტორები მათი კონტროლის ზონაში არ შედის. სანაცვლოდ, მთელ ძალას და რესურს ხარჯავენ იმ ამოცანებზე ყურადღების კონცენტრაციისათვის, რომელთა მართვაც მათ შეუძლიათ.
5) ისინი არ ცდილობენ ყველას მოაწონონ თავი.
არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ცდილობენ გარშემომყოფებს მოაწონონ თავი. არიან ისეთებიც, რომლებიც ყველას წინააღმდეგ ილაშქრებენ და ასე ცდილობენ საკუთარი ძალების დემონსტრირებას. ძლიერი ადამიანისათვის არც ერთი მეთოდი არ არის მისაღები. ისინი თვლიან, რომ სულაც არ აკისრიათ ვალდებულება ყოველთვის ყველას მოაწონონ თავი, არ ეშინიათ თქვან ,,არა“ და აუცილებლობის შემთხვევაში შეეწინააღმდეგებიან კიდეც. მიისწრაფვიან სამართლიანობისაკენ და შეუძლით ზრდილობიანად თქვან უარი სხვების თხოვნაზე.
6) მათ არ ეშინიათ გაცნობიერებული რისკის.
ისინი არ რისკავენ გაუმართლებლად და სულელურად, მაგრამ გარისკვის სულაც არ ეშინიათ. რისკი მათ, როგორც წესი, კარგად აქვთ გააზრებული. ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და მოქმედებაზე გადავიდოდნენ, ისინი წონიან რისკ-ფაქტორებსა და სარგებელს. საფუძვლიანად აგროვებენ ინფორმაციას პოტენციურ დანაკარგებზე,
7) წარსულს არ ეჭიდებიან.
ძლიერი ადამიანები არ ხარჯავენ დროს წარსულზე ფიქრში და მასზე სინანულში — რომ შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. ისინი ცდილობენ კარგად გაიაზრონ განვლილი გზა და გამოიტანონ სწორი დასკვნები. არც იმედგაცრუებას და არც წარმატებას, რომლებიც წარსულში გადახდათ თავს, უკვე აღარ განიცდიან ემოციურ დონეზე . ცხოვრობენ აწმყოთი და გეგმავენ მომავალს.
8) ისინი არ უშვებენ ერთი და იგივე შეცდომებს რამდენჯერმე.
მიიღო ერთი და იგივე გადაწყვეტილება იმ იმედით, რომ ამ ჯერზე ყველაფერი სხვაგვარად იქნება, სულაც არ არის გონივრული. ძლიერი ადამიანები საკუთარ შეცდომებზე და არასწორ ქცევებზე იღებენ პასუხისმგებლობას. შედეგად ისინი არ იმეორებენ შეცდომებს მრავალჯერ, ამის ნაცვლად განაგრძობენ მოძრაობას წინ და ცდილობენ გამოიყენონ დაშვებული შეცდომებიდან მიღებული გამოცდილება ეფექტური გადაწყვეტილებებისათვის.
9) მათ არ შურთ სხვების წარმატება.
ძლიერ ადამიანებს უხარიათ სხვების წარმატება და აფასებენ მას. სულაც არ არის მათთვის დამამცირებელი თუ სხვამ აჯობა, ამის გამო თავს მოტყუებულად არ გრძნობენ. აღიარებენ, რომ ნებისმიერი ადამიანის წარმატება დიდი შრომის ნაყოფია და მზად არიან თავადაც ჩადონ საჭირო ენერგია საკუთარ წარმატებაში.
10) ისინი არ ნებდებიან პირველი წარუმატებლობის შემდეგ.
ნებისმიერი წარუმატებლობა მათთვის კიდევ ერთი დამატებითი შანსია გააუმჯობესონ შედეგი. დიდი მეწარმეები აღიარებენ, რომ მათი თავდაპირველი მცდელობები მარცხით სრულდებოდა. ძლიერი ადამიანის თვისება არ არის ხელების ჩამოყრა პირველივე დაბრკოლებასთან, იგი განაგრძობს მცდელობებს, ვიდრე საკუთარ მიზანთან არ მივა. ყველა ასეთი ჩავარდნა მხოლოდ მოტივაციაა მისთვის.
11) მათ არ ეშინიათ მარტოობის.
ძლიერი ადამიანები სიამოვნებას იღებენ და აფასებენ იმ მომენტებს, როცა მათ აქვთ საშუალება იყვნენ მარტო. მათ არ ეშინაით საკუთარ თავთან და ფიქრებთან მარტო დარჩენის. ამ დროს იყენებენ აზროვნებისა და დაგეგმვისათვის. ისინი არ არიან სხვებზე და მათ განწყობაზე დამოკიდებულნი. შეუძლიათ თავი ბედნიერად იგრძნონ როგორც სხვების გვერდით, ისე მათ გარეშე.
12) ისინი არ ფიქრობენ, რომ მთელი სამყარო ვალშია მათთან.
დიდი ილუზიაა, როცა ადამიანს ჰგონია თითქოს მთელი სამყარო მხოლოდ იმიტომ არის უსამართლო, რომ მას ცხოვრებას არ უმარტივებს . ძლიერი ადამიანები არ მიიჩნევენ თავს ამ უფლებით აღჭურვილად — ისინი სულაც არ ფიქრობენ, რომ სხვები ვალდებულები არიან იზრუნონ მათზე . კარგად იციან, თუ ვინმე რაიმეს გასცემს ეს მხოლოდ მისი კეთილი ნებაა და არა უპირობო ვალდებულება. ნაცვლად ამისა, ცდილობენ საკუთარ თავში იპოვონ ის რესურსები, რაც მიზნების განხორციელების საშუალებას მისცემთ.
13) ისინი არ ელიან შედეგებს მაშინვე.
რაზეც არ უნდა მუშაობდნენ, არ მიაჩნიათ, რომ შედეგები იქნება მყისიერი. ისინი ახდენენ თავიანთი ენერგიის და დროის ინვესტირებას განსაზღვრული დოზებით და საქმეში ნებისმიერი მიღწევა პატარა დღესასწაულია მათთვის. აქვთ გამძლეობის და მოთმინების საოცარი უნარი და კარგად იციან, რომ ხარისხიანი ცვლილებები ითხოვს დროს.