როგორ გავთავისუფლდეთ შიშისგან, სანამ ის რეალობად იქცევა

0
1775

შენ იცი რის გეშინია?

შიშის გაცნობიერება მისგან გათავისუფლების პირველი ნაბიჯია. ის ვინც ვერ აცნობიერებს შიშებს, თავად ამ შიშებით კონტროლდება. ადამიანებს ძალიან უჭირს იმის აღიარება რომ ეშინიათ, საკუთარ თავთანაც კი უჭირთ, რადგან ამით თითქოს თავმოყვარეობა ელახებათ, ყველას ურჩევნია მამაცი ეგონის თავი. მერე ეს გაუცნობიერებელი შიშები ქვეცნობიერში ილექება, მრავლდება და ცოცხლად გვჭამს. ამაზე დიდ საშინელებას ვერავინ გაუკეთებს საკუთარ თავს.

საკუთარ შიშებში გარკვევა არც ისე რთულია, ჩვენი ქცევა ყველაზე მეტს ლაპარაკობს მათზე. როცა რაღაცის თავიდან არიდებას ცდილობთ, თითქოს იმიტომ რომ დიდად არ გიხარიათ ამის კეთება, ან არ მოგწონთ, ეცადეთ უფრო ღრმა მიზეზებსაც ჩახვდეთ. ბევრ ადამიანს ავადაც კი ხდის ასეთი შიშები. იმდენად ეშინია რაღაცის გაკეთების, ორგანიზმი თავდაცვის მიზნით ავადმყოფობას იგონებს, რომ უარის თქმის მიზეზი ჰქონდეს და თავის გასამართლებლად მართლა ავადდება.

დააკვირდით საკუთარ ქცევას მაშინაც, როცა თავს ესხმით, იწუნებთ, ყოველგვარი უარყოფითი ემოციის სიძულვილის და ბრაზის მიღმა შიში დგას. როცა რამეს აგრესიულად იცავთ, შეხედულებები იქნება ეს, საკუთრება, ან ადამიანები, თქვენ რაღაცის დაკარგვის გეშინიათ. როცა ადამიანს თავადაც უჭირს რაღაცის რწმენა და ეშინია ამისთვის თვალის გასწორების, იგი აგრესიული ხდება. ღიზიანდება, როცა ვინმეს ეჭვი შეაქცვს მასში და აგრესიას ებღაუჭება, რომ ეს რწმენა არ დაკარგოს.

თქვენი გონება სახლს ჰგავს, რომელშიც ფიქრები სტუმრად არიან. შიშები კი ისეთი თავგასული და საძაგელი სტუმრები ბრძანდებიან მთელს სახლს დაანაგვიანებენ და დაიპყრობენ, თუკი არ აკონტროლე. გონება გაცნობიერების გარეშე სახლში სტუმრების უპატრონოდ მიტოვებაა, სადაც ყველაზე შფოთისთავი და ხეპრე სტუმრები იღებენ ხელში ძალაუფლებას.  მათ ერთხელ თუ გაუღე კარი, საკუთარი ნებით იქამდე წამსვლელები არ არიან, სანამ დიქტატურას არ დაამყარებენ და ბოლომდე არ დაანგრევენ ყველაფერს.

გაცნობიერება პირველი ნაბიჯია, გაცნობიერებულ შიშს იმხელა ძალაუფლება აღარ აქვს. მისი მართვა შესაძლებელი ხდება, თუმცა არ სჯობს რომ მთლიანად მივაბრძანოთ? სწორედ ისინი ეპატიჟებიან თქვენს ცხოვრებაში იმ ადამიანებს და მოვლენებს, რომელიც არაფერში გჭირდებათ, ისინი გიმონებენ, გაიძულებენ საკუთარ თავს მოატყუოთ და საკუთარი თავი ეძებონ გარეთ. ის არ გაძლევთ ზრდის საშუალებას და ერთსა და იმავე გზაზე გკეტავთ.

მისგან გათავისუფლება ძალიან მარტივია, თუმცა თქვენი გონება, სადაც მართვის სადავეები ხელში შიშებს აქვთ აღებული, ყველაფერს ართულებს. ფიზიკური ნივთებისგან როგორ თავისუფლდებით? უბრალოდ ხელს უშვებთ. ასევეა შიშის შემთხვევაშიც. შიშები თქვენი ენერგიით იკვებებიან და არ გტოვებენ იმიტომ, რომ თავად ებღაუჭებით მათ.

თქვენ თავად შობთ მათ და თავად აძლევთ არსებობის უფლებას, ცნობიერ თუ ქვეცნობიერ დონეზე. თქვენ გგონიათ რომ შიშებს ჰყავხართ შეპყრობილი, სინამდვილეში კი ესეც ამ შიშების შექმნილი ილუზიის ნაწილია. თქვენ თავად უღებთ მათ კარს, თავად უშვებთ თქვენს გონებაში და თავად აძლევთ საშუალებას გმართოთ.

შიშების კიდევ ერთი ძლიერი დასაყრდენი სიზმარია, სიზმრების კონტროლი კიდევ უფრო ნაკლებად გვხეხერხება და იმ ყველაფრის მოსაზიდად, რაც ასე ძალიან არ გვსურს, ის სიზრმებსაც იყენებს. თუმცა სანამ ეს ყველაფერი დამაგნიტდება და ჩვენს ცხოვრებაში მატერიალიზებას დაიწყებს, შეგვიძლია უარი ვთქვათ.

გაცნობიერების შემდეგი ეტაპი მისთვის თვალის გასწორებაა. თქვენ იმის კეთება უნდა დაიწყოთ, რისიც გეშინიათ და სანამ კეთებას დაიწყებდეთ, მანამდე უნდა წარმოიდგინოთ. აი, თქვენ გეშინიათ სიმაღლის. წარმოიდგინეთ, რომ ძალიან მაღალი კლდის პირას დგახართ და ქვემოთ იყურებით. ამის წარმოდგენაზეც ზუსტად ისეთივე შეგრძნება გეუფლებათ, როგორც გაკეთებაზე. ემოციები თითქმის იგივე სიმძლავრისაა. საშინელი შეგრძნებაა. თქვენ მისგან გაქცევა გსურთ და ეს არის ზუსტად ის ქცევა, რომელიც კვებავს შიშს. ერთხელ თუ არ მიუჩინე თავისი ადგილი,  უფრო და უფრო თავხედდება.

არ გაექცეთ საკუთარ ემოციას. ბოლომდე იგრძენით შიში. როცა მოახერხებთ მის ბოლომდე განცდას გაქცევის გარეშე, იგი ყოველგვარ ძალას კარგავს, ნელ-ნელა ფერმკრთალდება და უცებ აღმოაჩენთ რომ საერთოდ არ არსებობდა, უბრალოდ მოგეჩვენათ.

ხელს ნუ ჩაიქნევთ და ნუ დანებდებით თუკი ეს პროცესი ისე მარტივად არ მოხდა, როგორც აღვწერეთ. თეორიულად ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივად ჟღერს, პრაქტიკულად კი ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდება ხოლმე. ვიღაცამ შეიძლება რამდენიმე  მცდელობისას მოახერხოს, ვიღაცას კი დიდხანს ბრძოლა დასჭირდეს. შეიძლება შიში უცებ გაქრეს, შეიძლება ნელნელა გაფერმკრთალდეს. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია.

ეს სტრატეგია ნებისმიერი შიშის დასაძლევად შეგიძლიათ გამოიყენოთ. გეშინიათ პუბლიკის წინაშე გამოსვლის? იფიქრეთ ამაზე. გეშინიათ სიბერის? იფიქრეთ სიბერეზე. ის ადამიანები, ვინც ძალიან ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე, თურმე ძალიან დიდხანს ცხოვრობენ. ზოგადად ყოველგვარ შიშს კიდევ უფრო დიდი შიში უდევს საფუძვლად, რომელიც ქვეცნობიერზე უფრო ღრმადაა დაფლული ადამიანის გონებაში. სიმაღლის შიში, ქვეწარმავლების შიში და მსგავსი შიშები სიკვდილის შიშებია, ფიზიკურ სხეულზე მობმული შიშები. პუბლიკის წინაშე გამოსვლის შიში, შერცხვენის, დამცირების, შეურაცხყოფის შიში, ეგოზე დამოკიდებული შიშებია. თუკი ამ დამოკიდებულებისაგან გათავისუფლდებით, გათავისუფლდებით შიშისგანაც.

ნებისმიერი შიში ბავშვობაში საწოლის ქვეშ შემალული მონსტრის შიშივითაა. ჩვენ საწოლზე თვალდახუჭული და თავზე საბანწაფარებული ვწევართ, იმის მაგივრად რომ ავდგეთ, შუქი ავანთოთ და იქ შევიხედოთ. ნებისმიერი შიშია ასეა. მონსტრი იქამდე არსებობს, სანამ თავზე საბანი გვაქვს წაფარებული. საწოლის ქვეშ კი არაფერი არ არის.

Dare to dare! 

წყარო: აქტივისტ პოსტი