გენეტიკისა და ნეირომეცნიეცნიერების განვითარებას გონების კონტროლის პირდაპირი მეთოდებისაკენ მივყავართ, თუმცა, რა თქმა უნდა, თუ მთავრობისა და ისტებლიშმენტის ნდობა შეიძლება, მხოლოდ კეთილი ზრახვებით.
მეცნიერები აცხადებენ, რომ უკვე შესაძლებელია ნეიროდასტის (სისტემა, რომელიც ტვინის მონიტორინგს ეწევა შიგნიდან) და მძლავრი ლაზერების გამოყენება. ტექნოლოგიების განვითარებამ მათ შესაძლებლობა მისცა ტვინში გარკვეული ფაილების ატვირთვის, რომელსაც ტვინის ფუნქციონირებაში ჩარევა და ცნობიერის გათიშვა შეუძლია. თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი მაინც მეხსიერებაზე კვლევებია.
მეხსიერება და მოგონებები იდენტობის ჩამოყალიბების ყველაზე მძლავრი საშუალებაა. ჩვენ ის ვართ, რაც გვახსოვს რომ ვართ. წარსულის პოზიტიური თუ ნეგატიური გაკვეთილები ჩვენს ამჟამინდელ გადაწყვეტილებებში აქტიურად ერევა და საშუალებას გვაძლევს შევიმუშავოთ გარკვეული სტრატეგიები, ჩამოვიყალიბოთ ქცევა, რომელიც პერსონალური ევოლუციის გარანტი ხდება. რა მოხდებოდა თუ ვერ გავიგებდით რომელი მოგონებაა ნამდვილი და რომელი ყალბი? რა მოხდებოდა თუ მთელი ჩვენი ცხოვრების ნარატივი შეიცვლებოდა იმ მოვლენების რესტრუქტურიზაციით, რაც ჩვენს ცხოვრებაში მოხდა? რა მოხდებოდა თუ იარსებებდა ისეთი ტრავმული მოგონებებიც, რომელსაც თავდაცვითი მექანიზმები სადმე ქვეცნობიერში გადამალავდნენ და მათი ამოთხრა მხოლოდ ლაბორატორიაში იქნებოდა შესაძლებელი?
ჩატარდა უამრავი კვლევა, თუ როგორ შეიძლება მეხსიერების რესტრუქტურიზაცია, მოგონებების წაშლა, ყალბი მოგონებების ჩანერგვა, ან ისეთ შიშების ამოქმედება, რომელსაც რეალური საფუძველი არ აქვს, მაშინ როცა ეს ყველაფერი საერთოდ არ არსებობს.
MIT -ის მკვლევარებმა მიაგნეს ემოციებსა და მეხსიერებას შორის კომუტატორს. ეს აღმოჩენა ტვინის უჯრედებზე სინათლის მეშვეობით მანიპულირებით ჩარევის საშუალებას კი არ გვაძლევს მხოლოდ, არამედ ახალი სახეობის წამლების გამოგონებას ხდის შესაძლებელს, რომლითაც პოსტტრავმული აშლილობის დამარცხებას მოვახერხებთ.
ტოიომას უნივერსიტეტის მკვლევარებსაც სიახლეები აქვთ, მათ ორი სხვადასხვა მოგონება ხელოვნურად დააკავშირეს ერთმანეთს. ეს ნიშნავს რომ შიშზე დაფუძნებული ტრავმის ხელოვნური შექმნაა შესაძლებელი.
მოვლენებს შორის ასოციაციების შესწავლის შესაძლებლობა სასიცოცხლოდ აუცილებელია, თუმცა აქამდე უცნობი იყო, თუ როგორ შეიძლებოდა მეხსიერებაში დალაგებული სხვადასხვა სახის ინფორმაციების ერთმანეთთან ნეირონების მეშვეობით დაკავშირება. ტოიომას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპერიმენტი თაგვებზე ჩაატარეს: ელექტრო შოკის მოგონება უსაფრთხო გარემოს ძიების მოგონებასთან ხელოვნურად, ოპტოგენეტიკის მეშვეობით დაკავშირეს ერთმანეთთან. მათ შიშის შედეგად ჩამოყალიბებული ქცევის ამუშავება სურდათ, როცა თაგვი უსაფრთხო გარემოში მოხვდებოდა. ხელოვნური ასოციაციის ექსპერიმენტმა გაამართლა. ქცევა შეიცვალა. თაგვი უსაფრთხო გარემოში საშინლად შეშინდა.
მეხსიერება ტვინის ფუნქციონირების ბაზისია, რომელიც ცნობიერსაც მოიცავს და ძალიან ბევრი ფსიქიური დაავადების მიზეზიც ხდება, რომელიც პოსტტრავმული სტრესია ძირითადად. ამ აღმოჩენამ ცხადი გახადა, რომ ტვინის სხვადასხვა უჯრედების სინქრონული აქტივიზაციის შედეგად, სხვადასხვა ინფორმაციების ერთმანეთთან დაკავშირება შესაძლებელია და ამ ხელოვნური ასოციაციის გაჩენა იწვევს ქცევის შეცვლას.
,,შემდგომ ეტაპზე ჩვენ სხვადასხვა ერთმანეთთან დაკავშირებულ ინფორმაციებს შორის კავშირის გაწყვეტის ექსპერიმენტის ჩატარებას ვაპირებთ, მოგონებებს შორის ასოციაციების წაშლას და თუ ამ ექსპერიმენტმა გაამართლა, უამრავი ფსიქიური დაავადების განკურნებას შევძლებთ.“- აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი კაორუ ინოკუჩი.
ეს დიდი ნაბიჯია მეცნიერებაში, ფსიქიატრებსაც ძალიან წაადგებათ, მაგრამ ცოტა სახიფათოც. ჩვენი გონების მართვის სადავეები, ფაქტობრივად ხელიდან გვეცლება.
უკანასკნელ ხანებში სიყვარულიც დაავადებათა სიაში შეიტანეს, გიფიქრიათ, რა მოხდებოდა თუ ერთ ადამიანთან დაკავშირებულ მოგონებებს სხვა ადამიანთან დავაკავშირებდით ხელოვნური ჩარევის შედეგად? ან მის შესახებ ზოგიერთ მოგონებას წავიშლიდით, ან ხელოვნურად შევიქმნიდით? ერთი ფილმია – მშვენიერი გონების მარადიული ბრწყინვალება. იქაც ასეა, ერთმანეთის შესახებ მოგონებებს წაიშლის ცხელ გულზე შეყვარებული წყვილი, მერე კი როცა შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს, მაინც რაღაცას გრძნობენ. ეს მხატვრული ფილმია, თუმცა როგორც ვიცი, ის ადამიანებიც გრძნობენ რაღაცას საყვარელი ადამიანების მიმართ, ვისაც ამნეზია დაემართა და აღარავითარი მოგონება აღარ აკავშირებს მათთან. თუკი ასეა , მაშინ სიყვარული არც დაავადება ყოფილა და საერთოდ სცდება ჩვენი გონების კომპეტენციას, ჰოდა იმედია ნეირომეცნიერები მის განკურნებას ვერ მოახერხებენ.
მომზადებული აქტივისტ პოსტის მიხედვით
Dare to think!