ზოდიაქოს ნიშნის ბავშვები

0
7581

ვერძი ბავშვი

2-year-old-penguins-fan-o

 

გზა დაუთმეთ!  მას უნდა ყველამ მის ჭკუაზე იაროს! დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ადრეული ასაკიდანვე დაიწყებს და  რამდენიმე კვირის ასაკშიც გაგაცნობთ თავს!. მოუთმენელი! აი, მისი ხასიათის უმთავრესი შტრიხი. ძალიან აქტიური იქნება ფიზიკურად და შეიძლება მუშტებზე დაიწყოს დახედვა, თუ რაღაცას დაუგვიანებთ. მას ყველაფერი უნდა ახლავე. თუ მოფერება უნდა, მაშინვე  სწრაფად და გულმხურვალედ უნდა ჩაეხუტოთ, მაგრამ თუ თქვენი ინიციატივით ლოლიავი დაუწყეთ, არ გაგიკვირდეთ, ხელის კვრით რომ მოგიშოროთ. მე? მე? მე? მე? მე? – ყველაზე ხშირი კითხვა და შესაძლოა პირველი სიტყვაც ეს იყოს.  უმთავრესი მისი საჭიროებებია და თქვენ უკან უნდა დაიხიოთ. ადრეული გარდატეხის ასაკში (საშუალოდ 2 წლისა)  შესაძლოა კიდევ უფრო ჯინიანი გახდეს და დიდი ნებისყოფა დაგჭირდებათ, რათა მის მიერ ყოველთვის თავისის გატანის აგრესიული მცდელობები ჯანსაღი ფორმით ჩაანაცვლებინოთ.  ჰიპერ აქტიური ბავშვია, უამრავი ენერგია აქვს და თუ ამ ენერგიას ვერ ხარჯავს, მოწყენილია ან დაღლილია, მაშინვე უარყოფითი ემოციები ეძალება. ლიდერობის ამბიციები ბაღის ასაკშივე მკვეთრად გამოხატულია. ყველა ბავშვმა მისი წესებით უნდა ითამაშოს, ყველა საქმე მისი გადასაწყვეტია და ყველაფერი მისი გასარჩევი. საკმარისია მისას შეეხონ, საკმარისია ,,მისიანის“ ვინმემ დაჩაგვრა დააპიროს, მაშინვე კბილებით დაიცავს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ის რუსული ლექსი გახსოვთ? – ,, Я свою сестренку Лиду, Никому не дам в обиду. Я живу с ней очень дружно, Очень я ее люблю; А когда мне будет нужно, Я и сам ее побью.“ – ვერძული ლოგიკაა.

როცა ცოტა წამოიჩიტება სპორტული ინტერესები გაუჩნდება და ეყვარება თამაშები, სადაც შეჯიბრია საჭირო.  მას სჭირდება საკუთარი ფიზიკური თუ მენტალური ძლიერების დემონსტრირება. ყოველგვარ სიახლეს იღებს სიხარულით და შესაბამისად სკოლაშიც ნებისმიერ ახალ საგანს დიდი ენთუზიაზმით ჩაუჯდება. ნუ დაგავიწყდებათ მისი მოუთმენელი ხასიათი, ასწავლეთ რომ უცებ და დაუფიქრებლად უშეცდომოდ არ კეთდება. მას გამოულეველი მენტალური კრეატივი აქვს, უამრავი იდეა და ამ იდეების სისრულეში მოყვანის ენერგიაც. თქვენ უბრალოდ აწონდაწონვა და  დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა უნდა ასწავლოთ.

ოთახი ეცადეთ ნათელ ფერებში მოუწყოთ, ბევრი სინათლით და სივრცით. აურჩიეთ სათამაშოები რომლებიც კოორდინაციის გაუმჯობესებაში დაეხმარებიან. მიეცით სიახლეები, გამოწვევები და თავისუფლება. არ გიჯერებთ? უნდა რომ ყველაფერი თავის ჭკუაზე იყოს? შესთავაზეთ თქვენი ვარიანტები და ამ ვარიანტებიდან აირჩიოს თავად. ასე ორივე კმაყოფილები დარჩებით.  ეს ბავშვი დედისგან მისი დამოუკიდებელი სულის წახალისებას მოითხოვს. ის თქვენგანაც მოითხოვს რომ იყოთ ლიდერი, ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი, რადგან მის გულშიც ყოჩობის პოტენციალი ღვივის და თუნდაც არ გქონდეთ მკვეთრად გამოხატული ,,მომყევით“ ტიპის ხასიათი, მუდმივად ეცდება თქვენში ამ ხასიათის დანახვას. სხვანაირად ვერაფერს გახდებით. გინდათ რომ თქვენს ჭკუაზე გაიაროს? ამისთვის თქვენი ძალა უნდა იგრძნოს, მაგრამ თვითგამოხატვის ჯანსაღი ფორმა რომ განუვითარდეს არავითარ შემთხვევაში არ დაანახოთ აგრესია, სხვა ფორმა მოძებნეთ. მან უნდა გაიაზროს მისი ქმედებების და სიტყვების ზემოქმედების მნიშვნელობა სამყაროზე, თუკი დედა მოახერხებს დაჟინებულობასა და ანგარიშის გაწევას შორის ბალანსის პოზიტიურ დემონსტრირებას, იგი მშვენივრად აითვისებს ყველაფერს.

 

კურო ბავშვი

200 (1)

ბუთქუნა, ბუნჩულა, დინჯი და რბილი. მას სიმშვიდე უყვარს და შეიძლება მთელ ოჯახზე დამამშვიდებლად მოქმედებდეს. თანმიმდევრობა, კომფორტი და სტაბილურობა – აი, მისი უპირველესი მოთხოვნები. რაღაცნაირად ნაზი და სასიამოვნო ბუნება  გამოსჭვივის ამ ბავშვისგან, მოსაფერებლად გეძახისო თითქოს, მაგრამ თუ დისკომფორტი შეექმნა, ისეთი სიკერპის გამოჩენა შეუძლია, რომ არ დაგესიზმრებათ. ჩვილობისთანავე მოგიწევთ მკაცრი რეჟიმის შედგენა – წუთებში უნდა გქონდეთ გათვლილი მისი კვების, ბანაობის, ჰაერზე გასეირნებისა და დაძინების განრიგი. ხასიათის სიმტკიცეს, რომლის გამოვლენასაც სადღაც 2 წლის ასაკის ზევით იწყებენ სხვა ბავშვები, თქვენი პატარა თვეებისაც გამოავლენს. კურო როგორც იცით, ფიქსირებული ნიშანია და სიახლეები დიდად არ უყვარს, ამიტომ მის მენიუში ნებისმიერი ახალი კერძის შეტანა პრობლემებთან დაკავშირებული შეიძლება გახდეს. ნუ მიაყრით ერთბაშად ყველაფერს, ნუ დააძალებთ, ნუ გაუბრაზდებით,  ნელ-ნელა და მშვიდად  ,,შეაპარეთ“  ნებისმიერი სიახლე და აუცილებლად მიეცით დრო ადაპტაციისთვის. აუცილებლად წინასწარ მიიყვანეთ ბაღში და სკოლაში, წინასწარ შეაგუეთ მასწავლებლებს, თუ გინდათ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს.

ლამაზი, მშვიდი და მიწიერი სითბოთი სავსე გარემო მის კრეატივს გაზრდის. კონსტრუქტორები, ასაწყობი აგურები,  პლასტელინები, ხელის საღებავები და ზოგადად ყოველგვარი სათამაშო, სადაც ,,ფანტაზია და მარჯვე ხელები“ დასჭირდება, სასიკეთოდ იმოქმედებს მის განვითარებაზე. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ სათამაშოები ნატურალური მასალისგან იყოს შექმნილი. თერაპიული ფუნქცია ექნება მისთვის მუსიკასაც, შეიძინეთ მუსიკალური ნივთები და როცა აფორიაქებულია უმღერეთ, დედის ნაზი ხმა მას აუცილებლად დააწყნარებს. არასოდეს უყვიროთ, მშვიდი და რბილი ტონი მასთან გაცილებით ეფექტურია.

გახსოვდეთ, რომ თქვენი პატარასთვის უმნიშვნელოვანესია გრძელვადიანი ემოციური კავშირების შექმნა. თქვენ უნდა ასწავლოთ, როგორ შექმნას ძლიერი კავშირები ხალხთან და ამასთანავე შეეგუოს ცვლილებებს, როცა საჭიროა.

 

ტყუპი ბავშვი

tumblr_inline_nel4k1oxvP1rkygkg

 

 

თქვენი პატარას ცნობისმოყვარე თვალები ალბათ სამშობიაროშივე გადაგიკრავენ სიტყვას, თუ რა მოუსვენარ არსებასთან გაქვთ საქმე. სახლში მოყვანისთანავე საწოლში  ფერად- ფერადი  ტრიალ-ბზრიალა სათამაშოები ჩამოუკიდეთ, რომ რამენაირად გაართოთ. ბედნიერებისთვის მას მრავალფეროვნება სჭირდება. სხვადასხვა სანახაობა და მხიარული ჰანგები – პირველივე დღეებიდანვე გაახალისებს.  ვერ ისვენებს ვერც ფიზიკურად, ვერც გონებრივად და თუკი გასართობი ვერ ნახა, სახლს გადადგამს.  განწყობა, ხასიათი და გემოვნება ქარის სისწრაფით ეცვლება და გუშინ რომ ნეტარებით მიირთმევდა იმ ფაფაზე დღეს შეიძლება დაგეჯღანოთ.

ტყუპებს მერკური მართავს და თქვენ პატარასაც მენტალური კავშირის საოცარი მოთხოვნილება  ექნება. ასეთი ბავშვები როგორც წესი ადრე იწყებენ ლაპარაკს, თუნდაც მხოლოდ თქვენთვის გასაგებ ენაზე.  როცა ელაპარაკებით მშვიდდება, როცა უგებთ, თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს. დედა მისთვის არის შუამავალი, ერთგვარი კომუნიკატორი, მისთვის გაუგებარი და ასე საინტერესო  სამყაროს პირველი განმმარტებელი.  ასე რომ, დედიკოებო, თუკი რომელიმე საგნის სწავლა ბავშვობაში დაგეზარათ, ახლა მოგიწევთ თქვენს ცნობისმოყვარე შვილთან ერთად.

მას ყველაფრის ცოდნა სურს, ყველაფრის გაგება, ყველაფრის ნახვა, თქვენ  კი ფოკუსირება უნდა ასწავლოთ. თავდაპირველად შეიძლება ვერც შენიშნოთ, მაგრამ შემდგომში როცა უკვე დისციპლინა  დასჭირდება საგნის დასაუფლებლად, აღმოაჩენთ როგორ უჭირს კონცენტრირება რამეზე, როგორც კი ინტერესს კარგავს. ამიტომ ზრუნვა ადრეული ასაკიდანვე დაიწყეთ. აუცილებლად დაუთმეთ დღის რეჟიმში დრო კითხვას, ისე რომ ეს ჩვევად ექცეს. როცა წამოიზრდება წაახალისეთ თვითონაც შეთხზას, დაწეროს და მოყვეს მისი მოგონილი ისტორიები (სასურველია თუ ტყუილების მოგონების მაგივრად ამაზე დაიხარჯება მათ უშრეტი ფანტაზია და მთხრობელის ნიჭი).  ანბანი, რიცხვები, წიგნები (განსაკუთრებით მუსიკალური და ნახატებით გაფორმებული წიგნები) მისთვის საყვარელი გასართობი იქნება, მაგრამ მერკური ხელებსაც მართავს და ნურც მანუალური განვითარებისთვის შექმნილ სათამაშოებს დაივიწყებთ.

ნათელი ოთახი, დიდი ფანჯრებითა და სუფთა ჰაერით  ტყუპებისთვის  ყველაზე კომფორტული იქნება, მაგრამ სავარაუდოდ დაძინების პრობლემაც გექნებათ და ძილისთვის აუცილებლად უნდა შეუქმნათ წინაპირობა. პირველ რიგში, გაანიავეთ ოთახი ძილის წინ,  ჩაურთეთ წყნარი მელოდია, აქტიური თამაშიდან რაიმე მონოტონური გასართობზე გადაიყვანეთ, საუკეთესო გამოსავალი ამ დროს ზღაპრების კითხვა იქნება.  სუსტი განათება და სიწყნარე თავისას გაიტანს და  ნელ-ნელა მიეჩვევა მოსვენების მდგომარეობას. ასწავლეთ მოდუნება, კონცენტრირება, დაიცავით დისციპლინა და მისდიეთ დღის განრიგს.

 

კირჩხიბი ბავშვი

tumblr_inline_nel5eoRZ5G1rkygkg

 

 

მის და მისტერ უჩახუტებულესობა. ის დედიკოს ბაიაა და მშვიდად და უსაფრთხოდ მხოლოდ თქვენზე მოწებებული გრძნობს თავს.  ძალიან გაგიჭირდებათ მისი კალთიდან მოგლეჯა. ყოველთვის ზურგს უკან მოგეფერებათ, როცა ვინმეს წარუდგენთ და ბედნიერი წამოგყვებათ სახლში ხალხმრავალი და ხმაურიანი წვეულებიდან.

კიბო მთვარეს იმდენად ძლიერი დრაივი აქვს ოჯახისგან დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, შეიძლება თქვენმა პატარამ რაიმე ნივთი, სათამაშო აიჩემოს,  რომელსაც ამ გრძნობას დაუკავშირებს და ყველგან თან ატაროს. არასოდეს დაუშალოთ ეს.

როცა წამოიზრდება სიამოვნებით დაგეხმარებათ საოჯახო საქმეებში და აუცილებლად მოძებნის ვინმეს, ვისზეც უნდა იზრუნოს. არ აქვს ბავშვის სქესს მნიშვნელობა, ბიჭებიც კი სიამოვნებით იტრიალებენ სამზარეულოში თქვენთან ერთად და იცოდეთ რომ ეს სრულიად ჯანსაღი და ბუნებრივია. ნუ ეტყვით რომ ეს ბიჭის საქმე არ არის, მამაკაცები ხშირად ქალებზე უკეთესი მზარეულები დგებიან და თქვენს პატარასაც მიეცით შანსი. დაეხმარეთ მის მზრუნველ ბუნებას განვითარებაში. გოგონები თოჯინებთან მაინც ითამაშებენ დედა-შვილობანას და ბიჭებმა რა ქნან? შესანიშნავი იქნება თუ ლეკვს, ან სხვა რომელიმე შინაურ ცხოველს მოუყვანთ, რომლის სიყვარულით და მოვლით დაიკმაყოფილებს ვინმეზე ზრუნვის საოცარ მოთხოვნილებას.

თქვენი პატარა იმდენად მგრძნობიარე და ადვილად მოწყვლადი იქნება, აუცილებლად უნდა აკონტროლოთ არა მხოლოდ სიტყვები, ემოციებიც კი, იმიტომ რომ შესანიშნავი ინტუიცია აქვს და იმდენად ძლიერი გამტარია,  როგორც არ უნდა ეცადოთ მის მოტყუებას, ემოციურ დონეზე აუცილებლად იგრძნობს ყველაფერს, რაც ხდება. ეს უდიდესი ნიჭია და თუ შეძლებთ მის განვითარებაში დაეხმაროთ, ჩათვალეთ რომ უკვე სწორ გზაზე დააყენეთ.

მისთვის დედა ზრუნვის და დამცველის მოდელია, მაგრამ ზედმეტად სულსაც ნუ შეუხუთავთ.  არასოდეს უყვიროთ და გაუბრაზდეთ. მას ისე უყვარხართ,  თუკი გაიგო რომ ტკივილი მოგაყენათ, უკვე დასჯილია.  არასოდეს დასცინოთ, გახსოვდეთ რომ ის ფრთხილია და არა მშიშარა. უბრალოდ ასწავლეთ რეალურ და არარეალურ შიშებს  შორის განსხვავება. ნუ დააძალებთ, შესთავაზეთ და დაელოდეთ, თავად გაკეთებს თქვენს სასურველ არჩევანს.

შეუქმენით თბილი და მყუდრო გარემო, რელიქვიებითა და სამახსოვრო ნივთებით სავსე. მოეწონება შესახებად სასიამოვნო და კარგი ჩასახუტებელი სათამაშოები.

ეყვარება სიმღერა, განსაკუთრებით თუკი ვინმე აყვება და ისტორია. მოუყევით მისი დაბადების ამბები, პატარაობის ვიდეოები, ფოტოები აჩვენეთ, თქვენი ბავშვობის, წინაპრების ისტორიასაც სიამოვნებით მოისმენს.  რომ წამოიზრდება ალბათ დღიურებსაც დაწერს, კოლექციონერობას მიჰყოფს ხელს და ალბომში ამონაჭრების ჩაწებებაც ძალიან გაართობს, მაგრამ ყურადღებით იყავით, ზედმეტი არ მოუვიდეს და ერთხელაც  მისი ლეიბის ქვეშ  ამ ამონაჭრების, გამხმარი ყვავილების, წერილებისა თუ ფოტოების ზღვა არ აღმოაჩინოთ. აუცილებლად ასწავლეთ რაღაცეებისთვის მარტივად შეხედვა, გადახარშვა,  გატარება და დავიწყება და რომ ცრემლების ღვარ-ღვარითა და წუწუნით პრობლემები არ გვარდება.

 

ლომი ბავშვი

200 (5)

 

 

 

კამერა ჩართეთ! პროჟექტორები მიანათეთ! თორემ შეიძლება სახლი გადაწვას, თქვენი ყურადღება რომ მიიქციოს. ის კომფორტულად ყურადღების ცენტრში გრძნობს თავს და ნებისმიერი ხერხით ეცდება რომ შეამჩნიოთ.

ლომი ბავშვი სულ სცენაზეა, დგამს დრამას, ითხოვს აპლოდისმენტებს და გასხივოსნებული ღიმილით იღებს კომპლიმენტებს. ისინი არტისტული მონაცემებით არიან დაჯილდოებული და თუ მისცემთ თამაშის, ცეკვის თუ სიმღერის საშუალებას, სიამოვნებით დახვეწენ ტალანტს. ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს რომ მსახიობი გეზრდებათ, მაგრამ თუ სწორად უპოვნით ნიშას, ნიჭის განვითარებაში ხელს შეუწყობთ,  სხვებისთვის თავის წარდგენის, ყურადღების მიქცევის ადეკვატურ მეთოდებს შეასწავლით, აუცილებლად დაეხმარებით პოზიტივზე ფოკუსირებაში, რაც შემდგომში ნებისმიერი პროფესიაში გამოადგება, მით უმეტეს რომ ლიდერობის პოტენციალი მასში უკვე დევს.

ლომი ბავშვის გულში თქვენ დედოფალი ხართ და ამის დასამტკიცებლად, ათასი სისულელე შეიძლება თქვას (მაგალითად –  ჩემი დედიკო შენს დედიკოზე  მაგარია, ჩემი დედიკო შენს დედიკოზე ხმამაღლა ლაპარაკობს! 🙂 ). ყოველთვის იამაყებს და ყოველთვის მოიწონებს თავს თქვენით.  თავადაც ძალიან ეყვარება ტრაბახი და თავისი შესაძლებლობების გაბუქება. მათი სისუსტე, ის არის, რომ მიდრეკილება აქვთ სიზარმაცისკენ და ძალიან უყვართ თავისი გასაკეთებელი საქმის, სხვისთვის გადავალება (ე.წ. ,,პატარა პრინცის“,  ან ,,პატარა პრინცესას“ კომპლექსი). ამიტომ ადრეული ასაკიდანვე უნდა ასწავლოთ, რომ ,,მეფობას“ ცოდნა სჭირდება, პატივისცემას – დამსახურება და რომ ბრძანებების გაცემა კი კარგია, მაგრამ მომთხოვნი და მბრძანებლური ტონი, არც ისე სასიამოვნო. ყოველთვის როცა ცუდად იქცევა,  მიეცით შენიშვნა, მაგრამ ნურასოდეს ეტყვით რომ ცუდია, უბრალოდ აუხსენით რომ ასეთ კარგს ასეთი ცუდი საქციელი არ შეშვენის და არ ეკადრება. ამასთანავე, არ გამოგეპაროთ არცერთი მისი დიდსულოვანი და კეთილშობილური საქციელი (თუნდაც წვრილმანი) და აუცილებლად შეაქეთ, რომ წაახალისოთ.

სახლში, მზიანი და გასართობი სათამაშოებით სავსე ოთახი გამოუყავით, ეს მისი სამფლობელო იქნება. კარგი ქნება თუ ოჯახურ შეკრებებზე რაიმე თამაშებს ითამაშებთ და თქვენს პატარასაც ჩართავთ. მიეცით საშუალება რომ ისწავლოს ღირსეული წაგება, მოგებულისთვის მილოცვა, სხვისი თამაშის ყურებით ტკბობა და სხვისთვის ტაშის დაკვრითაც სიამოვნების მიღება.

 

ქალწული ბავშვი

tumblr_inline_nel5fmysUh1rkygkg

მას დაბეჯითებული, ღრმა ცნობისმოყვარეობით სავსე  თვალებით იცნობთ. კაპრიზული და აზიზი ბავშვები არიან და ჩვილობაშივე გამოხატავენ ამას, როცა მის საკვებ რაციონში ახალი საკვების დამატებას დაიწყებთ. თუ გასინჯული საკვები არ მოეწონა, ცოტა დრო უნდა მისცეთ, თორემ  შემდეგი ცდა წარუმატებელი აღმოჩნდება.

ასეთ ბავშვებს სწავლა უყვართ და ძალიან კმაყოფილი რჩებიან, როცა მშობლები აღნიშნავენ მის სწორ პასუხებს და მიღწევებს. ის ჩუმად ზის და ჩვეულებრივ რაღაცეებს არაჩვეულებრივი ფორმით აკეთებს, თანაც საკუთარი თავით უკმაყოფილო.  ქალწულ ბავშვს ადრეული ასაკიდანვე უვითარდება თვით დისკრიმინაციის გრძნობა, ბავშვობაშივე ხედავს ნაკლოვანებებს და იტანჯება არასრულყოფილებით. აუცილებლად გაგისწორებთ თუკი რაიმეს არასწორად ამბობთ და საშინლად განიცდის თუკი რაიმეს ზედმიწევნით ზუსტად ვერ აკეთებს. ხშირად ჰგონია რომ სტანდარტებთან შესაბამისობაში ვერ მოდის და არასრულფასოვნების კომპლექსი რომ არ განუვითარდეს, მშობლებმა უნდა დააჯერონ რომ ყველაფერი რიგზე აქვს.

თქვენს პატარას მოეწონება საქმიან როლში ყოფნა და სათამაშოები, რომლებიც ასწავლიან როგორ აკეთოს საქმე. სხვადასხვა ხელსაწყოები, ელექტრონული გაჯეტები, დამხმარე ტექნიკა და კომპიუტერები – აი, რით უნდა გაახაროთ მისი პაწია გული.

მისთვის დედა ის ადამიანია, ვინც ყველაფერს აკეთებს სწორად, არასოდეს უშვებს შეცდომას და ყოველთვის განუმარტავს რა მისაღებია და რა – მიუღებელი.

ასეთი ბავშვები ორგანიზატორებად არ იბადებიან. შესაძლოა მუდამ ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდეს, მაგრამ ამის მოთხოვნილება აქვს და  სისუფთავე და დალაგება თქვენ უნდა ასწავლოთ. ის სიამოვნებით წაგიკრავთ ხელს ნებისმიერ საქმეში და დაგეხმარებათ სხვადასხვა აქტივობაში. დიახ, ბავშვობიდანვე!

 

სასწორი ბავშვი

tumblr_mi8igwVFgK1qhpmnao1_500

 

 

სასწორი ბავშვი ესთეტად იბადება, ხელოვანის თვალით უყურებს სამყაროს და მშვენიერებისადმი გულგრილი ვერასოდეს რჩება. მშვიდ და ლამაზ გარემოში თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს. ფერები ძალიან დიდ გავლენას ახდენენ მასზე.

თქვენი პატარა იმაზე მგრძნობიარე იქნება, თქვენ რომ თავიდან გეგონათ. სულ მცირე უხეშობაზე და არასასიამოვნო გარემოში მყისიერად გაღიზიანდება. საკმარისია მოუხერხებელ პოზაში დასვათ/ დააწვინოთ ან სინათლე ეზედმეტოს ფანჯრებში, მაშინვე  საშინელ ხასიათზე დადგება. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია ვერ შეამჩნიოთ მისი რბილი, დამჯერი და წყნარი ხასიათი.

სხვა ადამიანების გარემოცვაში ყოფნა სასწორი ბავშვისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, მაშინაც კი, როცა ჯერ კიდევ არ იცის ლაპარაკი. სხვებთან შეხება და კონტაქტი ასეთი ბავშვებისთვის ყველაზე ძლიერი მოტივატორია.

შეურჩიეთ ისეთი გასართობი გარემო და სათამაშოები, რომელიც არტისტული პოტენციალის გამოვლენაში დაეხმარებიან: ფერადი ფანქრები, ცარცები, ფლომასტერები, სახატავი დაფები, საჭრელ- საწებებელი აპლიკაციები და ა.შ.  მას თანდაყოლილი დიზაინერობის  ნიჭი აქვს.  ყველა თოჯინას და დათუნიას თავად შემოსავს და  სახლის,  განსაკუთრებით კი თავისი ოთახის მოწყობაშიც თუ მიაღებინებთ მონაწილეობას, შეიძლება მისი ენთუზიაზმით გაოცებული დარჩეთ.

უმთავრესი პრობლემა, რომლის დაძლევაშიც უნდა დაეხმაროთ თავდაჯერების ნაკლებობაა. ისინი გიჟდებიან თავიან მეგობრებზე, მარტივად იხიბლებიან სხვისი შესაძლებლობებით, მაგრამ საკუთარ ძლიერ მხარეებს საერთოდ ვერ აღიქვამენ და ვერ აფასებენ. ოჯახის წევრებთან და ცოტა მოგვიანებით უახლოეს მეგობრებთან სასწორი ბავშვი უფრო თამამად ახერხებს თავისი ნიჭის გამოვლენას, მაგრამ სცენაზე აბიჯებას მათი მხარდაჭერის გარეშე ვერასოდეს მოახერხებს. მასზე ძალიან მოქმედებს ნებისმიერი ადამიანის აზრი და მუდმივად განიცდის იმას, თუ როგორ შთაბეჭდილებას დატოვებს სხვებზე. ეცადეთ გვერდში დაუდგეთ, აგრძნობინეთ რომ მარტო არ არის:  კარგი იქნება თუ ეცოდინება რომ კულისებში დგახართ,  ან წინა რიგში, გამოსაჩენ ადგილას დაბრძანდით. ამასთანავე, აუცილებლად გაატარეთ რეპეტიციები, ისე გაუსწორეთ შეცდომები, არ დააკომპლექსოთ და გამხნევებული გაუშვით პუბლიკასთან შესახვედრად.

მტკივნეული საკითხი იქნება მისთვის თანატოლებში ზეწოლის და ჩაგვრის არსებობაც და აუცილებლად ელაპარაკეთ ამ თემაზე, მიეცით რჩევები როგორ გაართვას თავი სკოლის მეგობრებთან ურთიერთობას. ნუ დაგავიწყდებათ რომ მისი უმთავრესი დრაივი პარტნიორობაა და თქვენი და თქვენი მეუღლის, თუ თქვენი და თქვენი ნაცნობ- მეგობრების ურთიერთობა პარტნიორობის მოდელი მისთვის, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს ზრდასრულ ასაკში.  ასე რომ ფრთხილად! იყავით სამაგალითო, დაეხმარეთ გახდეს თავდაჯერებული და ასწავლეთ თვითგამოხატვა.

 

მორიელი ბავშვი

anigif_enhanced-buzz-17934-1404382466-11

 

ასეთი ბავშვები ძალიან მძაფრად გრძნობენ და აღიქვამენ ყველაფერს. ძალიან სენსიტიურები არიან გარემოს გამაღიზიანებელი სტიმულების, განსაკუთრებით კი  ხმაურის და ტემპერატურის ცვლილებების მიმართ.   დამოკიდებულები არიან დედაზე, აქვთ ფიზიკური სიახლოვის აშკარად გამოხატული მოთხოვნილება.  არასდროს არ ჰყოფნით სიყვარული და თუკი მოფერება მოაკელით, მთელი ცხოვრება ახსოვთ.

მორიელი ბავშვები ძალიან ჯიუტები არიან  და ხასიათის სიმტკიცეს, წამოიჩიტება თუ არა მაშინვე გაგრძნობინებთ. შეიძლება არაფრით დაგითმოთ საბანი, გარეცხვას რომ დააპირებთ, ან თქვენთან მოსულ ნათესავ ბავშვთან თამაშსა თუ სათამაშოების თხოვებაზე კატეგორიული უარი განაცხადოს, მხოლოდ იმიტომ რომ ასეთ ხასიათზეა და ასე ეპრიანება ახლა. ეს მოლაპარაკებების წარმოების ნიჭის განვითარების საწყისი ეტაპია, მაგრამ თქვენ შეიძლება იფიქროთ რომ მასთან გამარჯვების შანსი არ გაქვთ. მუქარა მასთან არ გაჭრის, ვერ გატეხავთ – ,,მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა!“. სიჯიუტე კიდევ უფრო ექსტრემალურ ფორმებს იღებს, თუკი ოდესმე სიტყვა გაუტეხეს, ერთხელ რაიმე აიღეს და უკან აღარ დაუბრუნეს. ეცადეთ, რასაც დაპირდებით, ყოველთვის შეუსრულოთ, ან საერთოდ ნუ დაპირდებით.  როცა გარანტია ექნება, მოლაპარაკებაზეც წამოვა.

მას თავისი ოთახი სჭირდება, აუცილებლად თავისი, კომფორტული ლოგინით და თეთრეულით. სავარაუდოდ ეყვარება მუსიკა, ხელოვნება, მისტიკა და ზღაპრებიც ფანტასტიკის ჟანრში შეურჩიეთ.

მას დაბადებიდანვე ხასიათი აქვს და სკოლის ასაკში განსაკუთრებით გამოავლენს ამას.  იცოდეთ რომ ექნება უამრავი საიდუმლო და მისი პირადი ცხოვრება, რასაც პატივი უნდა სცეთ,  თორემ სამუდამოდ დაკარგავთ ნდობას. უყიდეთ ბოქლომიანი დღიური,  პატარა ყუთი, სადაც თავის სამყაროს შეინახავს და არასოდეს ჩაყოთ ცხვირი შიგ, მის დაუკითხავად.

საიდუმლოებებს წამოადგენს მისი განცდებიც. ეს ის ბავშვებია, თავის ოთახში რომ შერბიან ცრემლების საღვარღვაროდ, ღამღამობით რომ ტირიან მარტო და ვერ ხვდებით რატომ. მალავენ გრძნობებს, ემოციებს. ეცადეთ მიაჩვიოთ ამ ყველაფრის გამოხატვას,  სხვისთვის გაზიარებას. თუნდაც წყენა იყოს, ტკივილი, ასწავლეთ რომ ყველაფერი თქვას და გულში არ ჩაიდოს, თორემ შემდეგ საკუთარ თავს მოიწამლავს.

მისთვის დედა ღრმა, სერიოზული და ჭკვიანი ადამიანია, ის თვლის რომ კეფაზეც თვალები გაქვთ და ყველაფერს ხედავთ, ყველაფერს ამჩნევთ. მისთვის თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც დაეხმარება გარდაიქმნას და უკეთესი გახდეს, ამისთვის კი ნდობა უნდა მოიპოვოთ. ეს არც ისე  რთულია, თუმცა თუკი ერთხელ იმედი გაუცრუეთ ხელახლა აღდგენა ძალიან გაგიჭირდებათ. ამიტომ ფრთხილად. მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული ვის გაზრდით – დიდებულ ადამიანს თუ უკანასკნელ არამზადას.

 

მშვილდოსანი ბავშვი

funny-gif-excited-kid-baby-happy-1

,,ატაში“ უნდა!  სანამ ფეხს აიდგამს, თქვენ მოგიწევთ კენტავრის ფუნქციის შესრულება, მერე კი ფორთხვას როცა ისწავლის, აღმოაჩენთ რამდენი თავგადასავალი შეიძლება ვინმეს გადახდეს საკუთარ სახლშიც კი…

ის პატარა მაწანწალაა… სადმე წასვლაზე თვალების გაბრწყინებით სავარაუდოდ ვერ შემოიფარგლება და სიხარულის ყიჟინასაც დასცემს.  მოკლედ, მანეჟისთვის ნუ დაიხარჯებით, შესაძლოა არც გაჩერდეს. მისთვის სივრცე და მოძრაობა ჰაერივით საჭიროა.

კიდევ ერთი შტრიხი, რითაც სხვებისგან გამოარჩევთ, მისი საფირმო სიცილია, ჩაბჟირებამდე. ხმაურიანი, გულიანი და გადამდები სიცილი. მისი გაცინება ადვილია.

თქვენი პატარა დაბადებით ოპტიმისტი იქნება. სხვა ბავშვები თუ ერთი ფეხის წამოკვრის მერე წარუმატებლობის შიშით ნაბიჯს ვერ დგამენ, ის მეათეჯერ კისრის მოტეხვის შემდეგაც დამოუკიდებლად წამოდგება და თავიდან შეუდგება საქმეს.

მშვილდოსანი მთვარის დრაივი და მოთხოვნილებები ბავშვებს უბიძგებს ყველაფერი თამაშად აღიქვან, ის არ ცნობს ლიმიტებს. მოგეჩვენებათ რომ ბავშვმა არ იცის ,,არ შეიძლებას“ მნიშვნელობა. მშვენივრად იცის! უბრალოდ არ სურს ამ სიტყვის მიღება!

მისი უმთავრესი პრობლემაც დისციპლინასთანაა დაკავშირებული. უჭირს წვრილმანებზე კონცენტრირება, ვერ ეგუება შეზღუდვებს და არ სურს დაემორჩილოს საყოველთაო წესრიგს. სკოლაშიც შერჩევით სწავლობენ ხოლმე, თუ რომელიმე საგნის მიმართ ინტერესი არ აქვს, მხოლოდ იმიტომ რომ საჭიროა, გაგიჭირდებათ მისი სამეცადინოდ დასმა. შატალოების ორგანიზებასაც ბრწყინვალედ გაართმევს ხოლმე თავს.

მისი მასწავლებელი თქვენ უნდა გახდეთ. სწორედ თქვენ უნდა წაახალისოთ მეტი რომ ისწავლოს და უკეთესად აკეთოს, რასაც აკეთებს. ეცადეთ ფილოსოფიურად მიუდგეთ მას,  იგავების ენაზე ესაუბროთ და ასე მიიყვანოთ სწორ გზამდე. უნდა იცოდეთ რომ თქვენ მიერ მისთვის ბავშვობაში ნათქვამი ყოველგვარი სისულელე და ბანალობა აბსოლუტურ ჭეშმარიტებად აღიქმება და მის ემოციური ინტელექტის ჩამოყალიბებაში ლომის წვლილი შეაქვს.  რა ღირებულებებსაც მისცემთ, იმ ღირებულებებით ივლის, სანამ მთელი სამყარო ამის საწინააღმდეგოს არ დაუმტკიცებს და მერე იწყება იდეალების მსხვრევა. ნუ გაწირავთ ამხელა სტრესისთვის. პასუხისმგებლობით მოეკიდეთ თქვენს ფუნქციას. დახვდით მის შეკითხვებს მზად. უყიდეთ ენციკლოპედია , ან ინტერნეტში მოიძიეთ ერთად საჭირო ინფორმაცია. არ ინანებთ!

 

თხის რქა ბავშვი

tumblr_m5ozahJBwV1qcwic6

 

 

თუკი რომელიმე ბავშვს თანმიმდევრობის, დისციპლინის და მუდმივობის მოთხოვნილება აქვს, მაშინ ეს თხის რქა ბავშვი იქნება. დაბადებიდან სერიოზულები არიან. მისი დრაივი სტრუქტურიზებიდან იღებს სათავეს.  გაწერილი გეგმის  გარეშე გაურკვევლობაში გრძნობს თავს, რუტინა მოსწონს, მაგრამ ზედმეტიც ნუ მოგივათ დღის წესრიგის შედგენისას.  უბრალოდ ნუ იქნებით დაუდევარი, თორემ მის პატივისცემას და ნდობას აუცილებლად დაკარგავთ.

აუცილებელია რომ წაახალისოთ გრძნობების გამოხატვაში, რადგან საშინელი მიდრეკილება აქვს აკონტროლოს, გულში ჩაიმარხოს ემოციები.

ის ყოველთვის ზედმეტი პასუხისმგებლობით უდგება ყველაფერს, რამდენიც არ უნდა გააკეთოს მუდმივად აქვს შეგრძნება რომ საკმარისი არ არის. კარგია რომ კარგის და ცუდის განსხვავება იცის, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანს პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდეს, მაგრამ ზედმეტ ტვირთს ნუ აჰკიდებთ, თორემ ჩათვლის რომ ბავშვობა საერთოდ არ ჰქონია. განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება ამ საკითხს, თუკი თქვენი თხის რქა პატარა უფროსი შვილია ოჯახში, შესაძლოა მოგეჩვენოთ რომ სიამოვნებით იღებს  უმცროს და-ძმებზე ზრუნვის პასუხისმგებლობას, მაგრამ  საკუთარი მოთხოვნილებების განვითარებაში აუცილებლად შეუშლის ხელს. ეცადეთ გაუხანგრძლივოთ ბავშვობა.

რაც შეეხება ნათელ მხარეს, თხის რქა  იუმორით უყურებს ცხოვრებას.  ,,წვეტიანი“ აზრები პატარა ასაკიდანვე აწუხებს და ბასრი გონებამახვილობით ბავშვობაშივე გაგრძნობინებთ მომავალი ცინიკოსის პოტენციალს.

მას ეყვარება უფროსების კომპანიაში ყოფნა, მათთან თანატოლებზე მეტ დროს შეიძლება ატარებდეს, ეგებ მეგობრებსაც მასზე უფროსი ასაკისას ირჩევდეს. თითქოს მენტორს ეძებს, გზამკვლევს წინსვლასა და თავდაჯერების მოპოვებაში ვინც დაეხმარება.

ეცადეთ, მეტი დრო გაატაროს ბუნებაში. ნუ დაუშლით ,,არქეოლოგიური თხრების“ წარმოებას და  თავისი ,,აღმოჩენებით“ ოთახის ავსებას. მისთვის მიწასთან ახლოს ყოფნა აუცილებელია. მას ყველაზე მეტად მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის ხილვა სურს ცხოვრებაში და ბუნება ამის საუკეთესო მასწავლებელია.

 

მერწყული ბავშვი

baby-boy-child-cute-cute-kids-Favim.com-239735

 

პირველი, რითაც მერწყული ბავშვი თქვენს ყურადღებას მიიქცევს ეს მისი კრიალა, ციმციმა თვალების მშვენიერება იქნება. ის კი არ იცქირება, ბრწყინავს. შეყვარებული თვალები გინახავთ?  როცა გიყურებთ, მოგეჩვენებათ რომ თქვენს სულში ჩაიხედა, მაგრამ მხოლოდ კარგი დაინახა და ბედნიერად იგრძნობთ თავს ამის გამო.  ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს რჩება პრიორიტეტად  შემდეგ უკვე ზრდასრულ ასაკშიც – დაინახოს ადამიანები საუკეთესო მხრიდან.

ბავშვობაში მას საოცარი მოთხოვნილება აქვს რომ იყოს უნიკალური, განსაკუთრებული. თუმცა შესაძლოა პირიქით, განიცდიდეს რომ ზედმეტად განსხვავებულია და კომპლექსები გაუჩნდეს ამის გამო.

ზრდასთან ერთად დაიწყებს ისეთი მეგობრების და ზოგადად ისეთი სამეგობრო წრის მოძებნას, რომლებიც გამორჩეულები იქნებიან თავიანთი ინდივიდუალურობით, ხასიათით. მეგობრობა და მეგობრები მისთვის უმნიშვნელოვანესია და უპირველესი მიზეზი ყოველდღე ჯერ ბაღში, მერე კი სკოლაში სასიარულოდ.  საბედნიეროდ, კვლევის შემეცნების პროცესიც ძალიან უყვარს და ამის ხათრითაც სიამოვნებით შეიძლება სწავლობდეს.

სახლში ბევრი ჰაერი სჭირდება, კარგად რომ ნიავდება ისეთი ოთახი და ბევრი სივრცე. ძალიან ეყვარება კომპიუტერული თამაშები, ელექტრონული სათამაშოები, სხვადასხვა გაჯეტები, ფაზლები, ინტერაქტიული თამაშები. მას ძალიან მოსწონს გამოცნობის პროცესი და კონტაქტი.

აუცილებლად წაახალისეთ მისი კომუნიკაციის სქილები, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს პატარას ძალიან ბევრი აქვს სათქმელი. ხშირად გაგაოცებთ  საინტერესო აზრებითა და ძველი  იდეების საკმაოდ ორიგინალური ახლებური ხედვით.

ყოველთვის ყურადღებით მოუსმინეთ მის შეკითხვებს და ეცადეთ საინტერესო პასუხები გასცეთ. ამ ბავშვებთან ჩხუბს და მუქარას აზრი არ აქვს, ყოველთვის როცა რაიმეზე გინდათ დაიყოლიოთ,  თუკი კარგად დაუსაბუთებთ, რატომ უნდა გააკეთოს ან არ გააკეთოს ეს, აუცილებლად გაითვალისწინებს თქვენს აზრს (სკოლამდელ ასაკშიც კი).

ის დედას განსაკუთრებულს და განსხვავებულს ხედავს. ეცადეთ არ იყოთ შაბლონური და კიდევ დაიმახსოვრეთ  რომ სწორედ თქვენ უნდა ასწავლოთ ემოციური კავშირის დამყარება. მას მენტალურ დონეზე კონტაქტი შეიძლება არ უჭირდეს, მაგრამ ემოციურ დონეზე  ძალიან მიუდგომელი და დამოუკიდებელია. თუ გინდათ რომ ზრდასრულ ასაკში ურთიერთობები არ გაურთულდეს და ისწავლოს ჯანსაღ ობიექტურობასა და ემოციურ უკარებლობას შორის განსხვავება, ეცადეთ თავი აგრძნობინოთ განსაკუთრებულ, თბილ და სიცოცხლით სავსე პიროვნებად. დარწმუნებული იყავით, რომ ასეთი გაიზრდება.

 

თევზები ბავშვი

200

თევზები ბავშვი სახლში ემოციების ბარომეტრია. თევზების შთაბეჭდილებიანი ბუნება ამ ბავშვების ემოციებს ექსტრა მგრძნობიარე ფილტრს სჩუქნის. ის ყველაზე ძლიერი გამტარია ნიშნებს შორის. სარკესავით ირეკლავს გარშემომყოფების გრძნობებს, ემოციებს და როცა სხვები გაღიზიანებულები და აფორიაქებულები არიან ავადმყოფობასავით გადაედებათ ხოლმე მათაც.

მისთვის მშვიდი გარემო სასიცოცხლოდ აუცილებელია. როცა ღელავს, პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ იმას რომ თავადაც დამშვიდდეთ. გაუღიმეთ, წყნარი მუსიკა ჩაურთეთ, ან თავად უღიღინეთ რაიმე და აუცილებლად მოახერხებთ მის დაწყნარებას.

თქვენს პატარას საოცარი მოთხოვნილება ექნება თქვენთან შინაგანი კავშირის შენარჩუნების და აუცილებლად უნდა იცოდეთ რომ ჭიპლარი ემოციურ დონეზე არასოდეს წყდება.    ის  ძალიან ადვილად შეისრუტავს თქვენს გუნება-განწყობილებებს და შეძლებს განიცადოს ზუსტად ისე, როგორც თქვენ განიცდით.

ამ ბავშვების საოცარი ფანტაზია, შემოქმედებითი ნიჭი და სიკეთით სავსე გული  მის თვალებშიც ირეკლება. თავადაც შენიშნავდით, რაღაცნაირად ღრმა და მაჰიპნოზებელი თვალები აქვთ, მისტიური.

მის წარმოსახვას და კრეატივს ბავშვობიდანვე დიდი გასაქანი სჭირდება. პირველ რიგში, აუცილებლად მოუყევით ზღაპრები და ეცადეთ ეს ზღაპრები დადგათ, გაითამაშოთ. მიუხედავად მისი მორცხვი ბუნებისა,  თქვენი შვილი შესაძლოა სცენის აღმოჩენა გახდეს. კარგი იქნება თუ ატარებთ თეატრალურ წრეზე. შეგიძლიათ სხვადასხვა გმირების კოსტიუმებიც უყიდოთ, ან სახლში მოძებნოთ ძველმანები: შლაპები, ხელთათმანები, შარფები, სასაცილო სათვალეები, კაბები თუ პალტოები, ერთ ყუთში ჩაყაროთ და ოთახში დაუდგათ, როცა ხასიათზე იქნება თვითონ შექმნის გმირებს ამ ყველაფრიდან. ძალიან გაერთობა თოჯინებითაც, ალბათ მშვენიერ სცენარებს მოიფიქრებს და სპექტაკლებს დადგამს. მოკლედ, თუკი მსახიობობისადმი, რეჟისორობისადმი, სიმღერისადმი, ცეკვისადმი, ნებისმიერი არტისადმი ინტერესს იჩენს, აუცილებლად წაახალისეთ და მხარი დაუჭირეთ, სხვა რეალობის შექმნისადმი მისი მიდრეკილება ამ ფორმით გამოიხატოს უმჯობესი იქნება.

ეცადეთ, სწორი მიმართულება მისცეთ მის გულკეთილ ბუნებასაც, რომ მერე ვერავინ შეძლოს მისი სიკეთით მანიპულირება.   თუკი კირჩხიბი ბავშვი საყვარელ ადამიანებზე ზრუნვის მოთხოვნილებას გრძნობს, თევზების მთელი დრაივი მიმართულია სხვების დახმარებისკენ.  ის გულჩვილია, ადვილად მოწყვლადი და ეცოდება ყველა, ცხოველებიდან დაწყებული საკუთარი თავით დამთავრებული. კარგი იქნება თუ საქველმოქმედო აქტივობებს მოაწყობთ ხოლმე და თქვენს პატარასაც ჩართავთ ამ საქმეში. ერთად გადაარჩიეთ სახლში ნივთები, ძველი ტანსაცმელები, სათამაშოები და ეწვიეთ ბავშვთა სახლებს, თავშესაფრებს. ეს დაეხმარება ისწავლოს  ჯანსაღი ფორმით თანაგრძნობა, განასხვავოს ვის უნდა დაეხმაროს და ვის არა და ამასთანავე, ისე დაეხმაროს, რომ თავად დაზარალებული არ დარჩეს.

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება რას უყურებს ტელევიზორში, რას კითხულობს, რა წრეში ტრიალებს, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას ძალიან შთაბეჭდილებიანი ბუნება აქვს და ძალიან პირადულად იღებს ყველაფერს. მდიდარი ფანტაზიის მეშვეობით ყველაფერს საკუთარ თავთან, საკუთარ ცხოვრებასთან აკავშირებს და ზუსტად ისე განიცდის როგორც მისი გარშემომყოფები, მეგობრები და პერსონაჟებიც კი.  მასთან უხეშობა და კატეგორიულობა არ გაჭრის, შემდეგ ჯერზე, უბრალოდ მოგატყუებთ. ამიტომ უმჯობესია თუ გაუგებთ, მოუსმენთ, გაუზიარებთ თქვენს გამოცდილებას, მოკლედ გახდებით მისი მეგობარი და აკრძალვების მაგივრად, უკეთეს ალტერნატივებს შესთავაზებთ.

აუცილებლად გამონახეთ დრო რომ ესაუბროთ, გახსნათ, ალაპარაკოთ მის ემოციებზე, გრძნობებზე, სიხარულსა თუ დარდზე, დაეხმარეთ იპოვოს ზღვარი სხვის პრობლემებსა და საკუთარ პრობლემებს შორის, სხვის ემოციებსა და საკუთარ ემოციებს შორის, დაეხმარეთ ისწავლოს განსხვავება თუ რა სჭირდება და რას გრძნობს თვითონ და რა სჭირდება და რას გრძნობენ სხვები და თქვენ საუკეთესო ადამიანს გაზრდით.

 

დოჩი გოგო