გიყვარდეს ადამიანი ნიშნავს
ხედავდე მას ისეთს, როგორიც ღმერთმა ჩაიფიქრა – დოსტოევსკი
დოჩანაშვილი წერდა დედამიწას სიყვარული ატრიალებსო, შენონ ალდერი კიდევ გვიმტკიცებს სიყვარული კი არ ატრიალებს, უბრალოდ მის ტრიალს ღირებულს ხდისო.
ჩვენ ყველანი სოციალური არსებები ვართ საკუთარი თავის სხვა ადამიანებით შევსების დაუძლეველი მოთხოვნილებით. ერთი ძველი ლეგენდის მიხედვით თითქოს ოდესღაც ჰიბრიდები ვიყავით, სრულყოფილი არსებები, მერე შუაზე გაგვხლიჩეს და მას შემდეგ ცალცალად დავეხეტებით და ამ მოგლეჯილ ნახევრებს დავეძებთ. რემარკი წერდა, მე მხოლოდ ერთი ნახვით შეყვარების მწამს, სხვა დანარჩენი ანგარებააო. ორი ადამიანის შეხვედრისას გარკვეული ქიმიური რეაქცია ხდება. ამბობენ, რომ მონათესავე სულები არსებობენ და როცა ასეთ ადამიანს ვპოულობთ, გვაქვს შეგრძნება რომ მას მთელი ცხოვრებაა ვიცნობთ, მხოლოდ ამ ცხოვრებებში კი არა, სხვა ცხოვრებებშიც შევხვედრივართ, ჩვენ ერთმანეთს საერთოდ არ ვიცნობთ და მაინც გვეჩვენება რომ ძალიან კარგად ვიცნობთ. ბევრი ამ საკითხს ფრიად სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს, ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობისთვის მთავარია, ორი პიროვნება ხასიათების დონეზე ეწყობოდეს ერთმანეთს.
სხვადასხვა ქვეყნებში გაჩნდა უამრავი გასაცნობი საიტი, სადაც ადამიანები ფსიქოლოგიურ ტესტებს ავსებენ და ამ შედეგების მიხედვით წყვილდებიან. მაგალითად, ირჩევ ადამიანს ვისაც შენსავით მოსწონს კლდეზე ცოცვა, აპირებს იმდენი ჩვილის გაჩენას, რამდენიც შენ გსურს, მოკლედ, დაახლოებით ერთნაირი ინტერესები და მიზნები გაქვთ ცხოვრებაში. ჩვენც ხომ გაცნობისთანავე ვცდილობთ ერთმანეთში რაღაც საერთოს აღმოჩენას. ეს, რა თქმა უნდა, ლოგიკურია და ბევრ პრობლემას გვარიდებს თავიდან, თუმცა რამდენადაა შესაძლებელი ამით მომავალი ბედნიერი ცხოვრების პროგნოზირება, მაშინ როცა ადამიანს გამუდმებით ეცვლება ინტერესები და გეგმები, საკითხავია. სწორედ ამიტომ ფსიქოლოგების ნაწილმა ამ საკითხის ხელახალი შესწავლა გადაწყვიტა და ძალიან საინტერესო დასკვნებამდე მივიდა.
ტეხასის უნივერსიტეტის დოქტორმა ტედ ჰადსონმა დიდი ხნის დაქორწინებული უამრავი წყვილი შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ ბედნიერ და უბედურ წყვილებს შორის არავითარი განსხვავება არ არის შეთავსების კუთხით. თუმცა ის წყვილები, რომლებიც ბედნიერად გრძნობდნენ თავს და კმაყოფილები იყვნენ თავიანთი არჩევანით, მიიჩნევდნენ რომ შეთავსება ურთიერთობაში გადამწყვეტ როლს არ თამაშობს და რომ მათი ურთიერთობის წარმატება მთლიანად მათი დამსახურებაა და არა მათი ხასიათების ერთმანეთთან შეწყობის. რაც შეეხება უბედურ წვილებს, როცა მათ ჰკითხეს, რას ფიქრობენ ურთერთშეთავსების შესახებ, ყველამ უყოყმანოდ უპასუხა, რომ ქორწინებაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და რომ სამწუხაროდ პარტნიორს ვერ ეწყობოდა. სწორედ ეს არის პრობლემა – ყველა ვისაც საკუთარ თავში პრობლემის დანახვა არ სურს, წარუმატებელ ურთერთობას პიროვნულ შეუთავსებლობას აბრალებს.
მათ არ სურთ იმის გაცნობიერება, რომ ბედნიერი ქორწინება სულაც არ არის დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად ჰგავხართ თქვენ ერთმანეთს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გინდათ ერთმანეთთან დარჩენა და ერთმანეთთან ყოფნა. სიყვარულიც ნიჭია, ნიჭი კი მუდმივ დახვეწას და განვითარებას მოითხოვს. რატომ ამბობენ რომ გარიგებით ქორწინება ამართლებს? იმიტომ კი არა რომ ისინი ხასიათით ეწყობიან ერთმანეთს, უბრალოდ თავიდანვე აქვთ დაგეგმილი, რომ ეს ურთიერთობა უნდა შეინარჩუნონ და ხასიათების შეწყობის იმედზე არ ქმნიან ოჯახს. გახშირებული განქორწინებებიც მთლად იმის ბრალიც არ არის, რომ ადრე უბრალოდ განქორწინება არ შეეძლოთ და ყველა წყვილი იძულებული იყო უბედურად ეცხოვრა, უბრალოდ ისინი მეტ პასუხისმგებლობას იღებდნენ საკუთარ თავზე და ვისთანაც არ უნდა ყოფილიყვნენ, ვიღაც უკეთესის გამორჩენის იმედად ხასიათების შეუთავსებლობას არ იგონებდნენ.
სტენფორდის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი მაიკლ როზენფილდი მიიჩნევს, რომ გარიგებით ქორწინება, რაც უკანასკნელ ხანებში უფრო აღმოსავლური სამყაროშია შემორჩენილი დიდად სულაც არ განსხვავდება დასავლური სასიყვარულო ურთიერთობებისგან. განსხვავება მხოლოდ კულტურულ ღირებულებებშია – დასავლური ღირებულებების ამოსავალი წერტილი ადამიანის ავტონომიურობა და თავისუფალი არჩევანის უფლებაა, უფლება იყოს იმასთან, ვისთანაც სურს. თუმცა ხანდახან, როცა ურთიერთობაში რაღაც სრულყოფილად ვერ მიდის, საშინლად ვიხლართებით სხვების ცნობიერი თუ ქვეცნობიერი განსჯის გაუთავებელ ჯაჭვებში და ეს ილუზორული შეთავსებადობაც თამაშში შემოდის.
მოკლედ, ფსიქოლოგები ასკვნიან, რომ ბედნიერი ურთიერთობა სულაც არ არის დამოკიდებული შეთავსებაზე. ჩნდება შემდეგ შეკითხვა – მაშინ რას უნდა დავეყრდნოთ? სიეტლის ურთიერთობათა კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი ჯონ გოტმენი მიიჩნევს, რომ ცალკეული ინდივიდების პერსონალური თავისებურებებიდან გამომდინარე შეუძლებელია ურთიერთობების ხანგრძლივობა ან წარმატება წინასწარ განსაზღვრო, თუმცა მისი კვლევების მიხედვით ის წყვილები რომლებიც ცხოვრებაში რაღაც მნიშნელოვანს აკეთებდნენ ერთად (მაგალითად, საერთო ბიზნესს იწყებდნენ) გაცილებით დიდხანს რჩებოდნენ ერთმანეთის გვერდით.
მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხართ და როგორი ხართ, მთავარია, როგორი დამოკიდებულება გაქვთ ერთმანეთთან. ხშირად რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟები, რომლებსაც რადიკალურად განსხვავებული ხასიათები აქვთ გაცილებით ბედნიერად გრძნობენ თავს ერთად ვიდრე ისინი, ვისი ხასიათებიც სრულ ჰარმონიაში მოდის ერთმანეთთან. როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ისინი ცდილობენ გაითვალისწინონ ერთმანეთის მოთხოვნილებები, ცდილობენ გაუგონ ერთმანეთს და ეს განსხვავებები კიდევ უფრო მეტად საინტერესოს ხდის მათ ერთმანეთისთვის.
გოტმენი ამბობს, რომ აუცილებელი ადამიანებმა ერთმანეთის გაცნობის პროცესი არასოდეს შეწყვიტონ. ადამიანი გამუდმებით იცვლება და ჩვენც ერთმანეთის შესახებ ჩვენი ცოდნის აფდეითები უნდა ვაკეთოთ გამუდმებით.
მოკლედ, თუკი თქვენ ეძებთ ადამიანს, ვის გვერდითაც თქვენი ცხოვრების დარჩენილი ნაწილის გატარებას ისურვებდით, დაიმახსოვრეთ რომ ერთადერთი ვინც ამ შეთავსებას ქმნის თავად თქვენ ხართ. არ არსებობს ბედნიერი ურთერთობების მაგიური ფორმულა ან რაიმე სრულყოფილი ალგორითმი. დიახ, ის უნდა მოგწონდეთ, სულიერ სიახლოვეს უნდ აგრძნობდეთ მასთან, მაგრამ ეს მხოლოდ საძირკველია იმ უდიდესი კონსტრუქციისა ზედ რომ ურთიერთობის სახით უნდა დააშენოთ.
ასე რომ, შემდეგ ჯერზე, ,,თვალების შემოფეთებისას“ შეთავსების ტესტების გაკეთებამდე იმაზე დაფიქრდით, ხართ თუ არა მზად მიიღოთ ერთმანეთი ისეთი როგორიც ხართ და ისეთი როგორებიც შეიძლება გახდეთ ხვალ და თუ დარწმუნდებით რომ ასეა, მაშინ გილოცავთ ეს ,,მონათესავე სულების“ შეხვედრაა.
მოამზადა დოჩი გოგომ