მომაკვდავი მამის ამაღელვებელი წერილი სიმსივნით დაავადებულ ქალიშვილს

0
2790

ნივთები იკარგებიან, მეგობრული კავშირები წყდება, ადამიანებს ივიწყებენ. იმდენად ჩაფლულები ვართ ტექსტურ შეტყობინებებში, სოციალურ ქსელებსა და ,,მხოლოდ ჩემი თავი მადარდებს“ ტიპის მენტალობაში, ხშირად გვავიწყდება რა ხდება ირგვლივ. მნიშვნელოვანი რამეები ყურადღების მიღმა გვრჩება: რეალური ურთიერთობები, ნამდვილი ემოციები, ინტიმი და ადამიანობა.

არადა, როცა ასეთი რაღაც ხდება, სამყარო თითქოს ნიშანს გვაძლევს. გთხოვს,  გვერდზე გადადო აიფონები, აიპოდები, აიპედები თუ აირაცარუნდაიყოსები და ქმედებაზე გადახვიდე. გეუბნება, რომ დროა შეწყვიტო ყველაფრის გასტატუსება, სელფების გადაღება, მოწონებებსა და ინსტაგრამის ფილტრებზე ფიქრი და გარემომცველ სამყაროს დაუბრუნდე. გახსენებს, რომ სიცოცხლე ძვირფასია, მშვენიერია და თან ძალიან სწრაფად გადის.

ასეთი ამბები და ასეთი ადამიანები გვაჩვენებენ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი: რომ არ უნდა დავკარგოთ ის რაც ძვირფასია, არ უნდა გავწყვიტოთ მეგობრული კავშირები და რაც მთავარია, არასოდეს, არასოდეს დავივიწყოთ ისინი, ვინც ყველაზე მნიშვნელოვანია.

ეს ტვინის სიმსივნით დაავადებული მამის წერილია ასევე სიმსივნით დაავადებული ქალიშვილისადმი:

ძვირფასო კელი,

მაპატიე, რომ ვერ მოვესწრები შენს გაზრდას და ნურასოდეს დაადანაშაულებ ამაში ნურც ხალხს და ნურც სამყაროს. სიცოცხლე უბრალოდ გამართლებაა და ჩემი უკვე მთავრდება.

ნეტავ, შემეძლოს ისეთი სიტყვების თქმა, თავი უკეთ გაგრძნობინო. ნეტავ, არ ხედავდე როგორ მტკივა… ნეტავ,  შემეძლოს რამის შეცვლა.

ბევრ მამიკოს ათწლეულები აქვს სამზარეულოს მაგიდას საკუთარ ქალიშვილთან ერთად რომ მიუჯდეს და ესაუბროს, რჩევები მისცეს და თან ხელები ყავის ფინჯანზე გაითბოს. მე ამდენი დრო არ მაქვს. მე ვერ შევძლებ შენს სკოლიდან გამოყვანას, გამოსაშვები საღამოდან შენს მოკითხვას, პირველ პაემანზე გაცილებას და სიყვარულით აღტაცებულის ან გულგატეხილის გულში ჩახუტებას, მაგრამ სანამ ჯერ კიდევ ცოცხალია შენი ბებერი მამა, უნდა რამდენიმე ცხოვრებისეული რჩევა დაგიტოვოს. მე მჯერა, აღარასოდეს დაბრუნდება შენი სიმსივნე და  შენ სრულყოფილი, ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრებ.

სკოლა

ყველა გეტყვის რომ სკოლაში კარგად სწავლა, ბევრი შრომა აუცილებელია. იმედი მაქვს კარგად ისწავლი, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ მთავარი მაინც სხვა რამეა. სკოლაში მეც კარგად ვსწავლობდი, მაგრამ მალე აღარაფერში გამომადგება. სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, სწავლის პროცესი ბედნიერებას განიჭებდეს.

ბიჭები

ახლა შენ სქესთა შორის განსხვავებას საერთოდ ვერ ამჩნევ, ბიჭებსაც და გოგოებსაც მხოლოდ მეგობრებად აღიქვამ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვლება. ჯერ აბეზარ და მავნე თანაკლასელებად აღიქვამ, მერე კი აღმოაჩენ რომ თურმე წესიერად მოქცევაც შეუძლიათ. იმედი მაქვს შენც გეყოლება მეგობარი ბიჭი, ოღონდ იმედი მაქვს დიიიდი ხნის შემდეგ და მე არ გეყოლები საქმეები რომ ვურჩიო და რა განზრახვები ამოძრავებთ გავიგო. რთული მოსაყოლია როგორია შეყვარებული ყოფნა. შენ ალბათ ბუნდოვნად მაინც ჩაგრჩება გონებაში როგორ ვიცინოდით მე და დედა ერთად და როგორ ვისხედით ჩახუტებულები დივანზე და როცა სიყვარულის გულები და ყვავილები გაფერმკრთალდება, გაიხსენე, რომ  სიყვარული სწორედ ეს არის. არ დაგეზაროს მისი მოძებნა. ეცადე ისეთი ბიჭი აარჩიო ჯენტლმენური ღირებულებები, მანერები ჰქონდეს და პატივს გცემდეს. წარმოიდგინე როგორ დალევდა იგი ჩვენთან ერთად ჩაის და ჩვენი მაგიდის გარშემო შემომსხდარები, როგორ ვისაუბრებდით სხვადასხვა საკითხებზე და თუ მოგეჩვენება რომ კარგად ვეწყობით, მშვენიერი ბიჭი აგირჩევია.

სამწუხაროდ, ალბათ გულსაც გატკენს ვინმე. მოგეჩვენება რომ ასეთი საშინელება არავის განუცდია ცხოვრებაში და რომ ეს სამყაროს დასასრულია, მაგრამ დამიჯერე, მალე ამაზეც გაგეცინება. მინდა გთხოვო, რომ თუნდაც კრახით დასრულდეს თქვენი ურთიერთობა, არ გაბოროტდე და მაინც კეთილად მოექეცი მას. ბიჭებსაც აქვთ გრძნობები, ბიჭებსაც სტკივათ, ბიჭებიც განიცდიან და თან არც შენზე ნაკლებად. და კიდევ, თუკი ისეთი მეგობარი ბიჭი ნახე, რომელიც სულ შენთან იქნება, რამდენი შეყვარებულის არ უნდა გამოიცვალო, ეს ბიჭი დააფასე და სხვების ძებნას მოეშვი. მას მართლაც ყველაზე მეტად ყვარებიხარ.

ქორწინება

არ იცი რამდენჯერ მიოცნებია ამ დღეზე, წარმოვიდგენდი როგორი ლამაზი იქნებოდი თეთრ კაბაში და როგორ მიგაცილებდი საკურთხეველთან თვალცრემლიანი. მე ამას ვერ შევძლებ, მაპატიე, საყვარელო. მაგრამ იცოდე რომ ამ დღეს მაინც შენს გვერდით ვიქნები, სადაც არ უნდა ვიყო, ბედნიერი და ამაყი იმით რომ იპოვე ვიღაც ვისაც უყვარხარ და შენზე ზრუნავს.

მინდა ის სიმღერა იყოს შენს ქორწილში ჩვენ რომ ,,საოჯახო სიმღერას ვეძეხით“ (I’ll Be There by The Jackson 5). ეს სიმღერა ჩემი და ჩემი და ძმების ბავშვობის სიმღერაა და მინდა ეს სული შენს ქორწილზეც ტრიალებდეს.

დედიკო

თქვენ ალბათ ბევრჯერ იკამათებთ, განსაკუთრებით როცა თინეიჯერი იქნები. მინდა სულ გახსოვდეს რომ გაღმერთებს და ყოველთვის საუკეთესო უნდა შენთვის. მოეფერე ხოლმე, ჩაეხუტე, როცა მოწყენილს დაინახავ და ერთმანეთს დაეხმარეთ როცა მე უკვე აღარ ვიქნები. გარდატეხის ასაკში ყველას მოგეჩვენება რომ დედაშენი ცდება და შენი მეგობრები მართლები არიან, მაგრამ იცოდე, მასზე უკეთესი მეგობარი არასოდეს გყოლია და არასოდეს გეყოლება. ოჯახზე ძვირფასი არავინ გყავს, კელი. დააფასე ის.

მეგობრები

ისე მოექეცი ადამიანებს, როგორც თავად გექცევიან, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კარგად გექცევიან, ვინმეს დამცირება და შეურცხყოფა საშინელებაა და არასოდეს გახდე მჩაგვრელი.

შობა და დაბადების დღეები

მინდა რომ პირველ შობას, რომელსაც უჩემოდ შეხვდებით სანთელი აანთოთ და ცოტა ხანი გამიხსენოთ, მერე კი მაიმუნებივით სასაცილოდ იცეკვოთ და იხტუნაოთ. თქვენი ტაკუნების ქნევა სულ მახალისებდა და იქ, სადაც ვიქნები, იქაც გამახალისებს. მინდა ჩემს მშობლებსაც ესტუმროთ ხანდახან. ისინიც დამწუხრებულები იქნებიან.

შენი ყოველი დაბადების დღისთვის საჩუქრებს ვტოვებ. ძალიან მინდა ვნახო, როგორ გახსნი მათ 10, 15, 20 წლის ასაკში. იმედი მაქვს ყველაფერი მოგეწონება. იმედი მაქვს სულ გეყვარება ,,One Direction“. იმედი მაქვს სულ მოგანდომებს ცეკვას და მხიარულებას.

 

კარიერა

ორი წლის როცა იყავი როცა მითხარი, ასტრონავტი პრინცესა მინდა გამოვიდეო, ლამაზ კაბებში გამოწყობილს ახალი პლანეტების აღმოჩენა გსურდა. ამის პირდაპირი მნიშვნელობით შესრულება რომ შეუძლებელია, მიხვდები, მაგრამ მინდა გახსოვდეს, რომ ბედნიერებისთვის სულაც არ არის სავალდებულო ყველა ახირება დაიკმაყოფილო.  შეიძლება უამრავი სამსახურის გამოცვლა მოგიწიოს და ამის არ შეგეშინდეს. მთავარია მოახერხო იპოვო საქმე, რომლის კეთებაც მოგწონს და რომლის კეთებაც გიხარია და მერე სირთულეებს არ შეუშინდე. კარგია როცა კარგად გიხდიან, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი შენი ბედნიერებაა. უნდა ისწავლო პატარა ნაბიჯებით სიარული და ამით ტკბობა. ცხოვრება ასე გაცილებით მარტივია.

 

მანერები

არასოდეს დაგავიწყდეს თქვა სიტყვები ,,გთხოვ“ და ,,გმადლობთ“, ყოველთვის პატივისცემით მოექეცი ადამიანებს და მადლიერება გამოხატე, თუკი კეთილად მოგექცევიან. გახსოვდეს, არავინ არავის წინაშე ვალდებულები არ ვართ, ნურასოდეს გასცემ იმ იმედით რომ დაგიბრუნდება და ნურასოდეს მიიღებ რამეს, ისე თითქოს დამსახურებულია. ასე ცხოვრება გაცილებით მარტივია. უმადურებს ძალიან უჭირთ.

ისწავლე მანქანის მართვა

ამას მამიკოები აკეთებენ ხოლმე და შენ თავად მოგიწევს. აუცილებლად ისწავლე მართვა, ეს ახალ სამყაროს გაგიხსნის. და კიდევ, ეცადე დედიკოს არ ასწავლებინო (ვხუმრობ, ჯოლი).

 

იმოგზაურე

თითქოს კლიშედ იქცა, რომ მოგზაურობა გონებას ხსნის, მაგრამ მართალია. რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ნახე, რაც შეიძლება ბევრ კულტურას გაეცანი და ბევრი იმოგზაურე, მაგრამ მოტოციკლით არა, გთხოვ, ძალიან საშიშია.

 

დაეხმარე

ქველმოქმედებით დაკავდი.  ამით მარტო სხვებს კი არა საკუთარ თავს და მეც დამეხმარები. შენ ალბათ არასოდეს დაგავიწყდება დისნეილენდში რომ ვიყავით, მე კიდევ ის, თუ რამდენი ადამიანი დამეხმარა შენს სიმსივნესთან ბრძოლაში. ისინი შენთვის ლოცულობდნენ და მიგზავნიდნენ თანხებს, ვისაც რამდენი შეეძლო. ამ თანხებს გადახდა უნდა, გადაუხადე სხვებს, სიკეთემ რომ იარსებოს ყველამ რაღაც უნდა გავიღოთ, მნიშვნელობა არ აქვს ვის ვეხმარებით. როგორც არ უნდა იყო, იცოდე, რომ შენზე უარესადაც არის  ვინმე და თუ მათ დაეხმარები, აუცილებლად დაგიბრუნდება ეს სიკეთე ოდესმე. შეიძლება არ გქონდეს იმის იმედი, რომ ყველაფერს შეცვლი, მაგრამ ბოლომდე უნდა ეცადო. ესაა წარმატების მთავარი საიდუმლო. წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს შორის ერთადერთი განსხვავებაა – წარამატებულები არასოდეს ნებდებიან. მეც ბევრი რთული მომენტი მქონდა, მაგრამ არასოდეს დავნებებულვარ. არასოდეს დანებდე შენს.

 

იყავი ბედნიერი

ნუ გაიცინებ სანახევროდ, თუ იცინი, ბოლომდე უნდა იცინო, ისე როგორც ახლა იცინი, მთელი სულით და მთელი სხეულით. არასოდეს დაკარგო ეს ნიჭი – მთელი არსებით სიხარულის განცდის უნარი. აზრი არ აქვს რომ გთხოვო, არ იდარდო მე რომ აღარ ვიქნები-მეთქი, ვიცი, მაინც იდარდებ და ძალიან მინდა ამ დროს შენთან ვიყო, გულში ჩაგიკრა და რამენაირად შენს გაცინებას შევეცადო. გახსოვს, სათამაშო დათუნია რომ გაჩუქე? შენ მითხარი, როცა მომენატრები ამ დათუნიას ჩავიხუტებო. მშვენიერი იდეაა. შეგიძლია როცა გაიზრდები მაშინაც ჩაიხუტო და აქედან მიიღო ფეხზე წამოდგომის ძალა, ან შეგიძლია უბრალოდ სევდიანი იყო. ეს შენ უნდა გადაწყვიტო, მე როგორც მინდა რომ მოიქცე, დარწმუნებული ვარ, იცი.

 

გჯეროდეს საკუთარი თავის

ცხოვრებაში ბევრი ადამიანი გეტყვის რომ რაღაც კარგად არ გამოგდის, რომ რაღაცას კარგად ვერ აკეთებ, რომ რაღაცას ვერ შეძლებ. არ მოუსმინო მათ! გინდა რომ ეს შეძლო? მაშინ შეძელი. დიდი გამოწვევები დიდ რისკს მოითხოვს და ყველაფერი ჭკვიანურად უნდა გადაწყვიტო. იმათ, ვინც გეუბნება რომ რაღაც არ შეგიძლია, შესაძლოა სულაც არ სურდეთ რომ შეძლო. თუკი გულით გსურს რამე, მისი შესრულების ძალაც გექნება, მთავარია ასევე ძალიან ეცადო. ვიცი, რომ ბევრის მიღწევა შეგიძლია.

და ბოლოს… მადლობა, რომ ხარ. მადლობა რომ ამდენი ხანი მეუბნებოდი ყველაზე დიდ კომპლიმენტს ცხოვრებაში მამიკოს დაძახებით. შენი მამობა უდიდესი პატივია. მადლობა, რომ ხარ, იმიტომ რომ ყველაზე მეტი შენგან ვისწავლე სიყვარულის, ბედნიერების და ცხოვრების შესახებ.

ისიამოვნე ცხოვრებით. არ იჩქარო სიკვდილი. მე სულ დაგელოდები.

მიყვარხართ შენ და დედიკო

მამა