შინაგანი ხმის 5 გაფრთხილება, რომლისთვის წაყრუებაც არ ღირს

1
4515

ჩვენ ვცდილობ ლოგიკურები და თანმიმდევრულები ვიყოთ, ყოველთვის რაციონალური გადაწყვეტილება მივიღოთ, თუმცა ხშირად ვცდებით. ,,აი, ვიცოდი, ვგრძნობდი, მაგრამ მერე ვიფიქრე“… რამდენჯერ გვითქვამს, გაიხსენეთ… გულში მაინც.

ინტუიცია, მეექვსე გრძნობა ყოველთვის რაღაცას გვკარნახობს. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს ქვეცნობიერში დალექილი გამოცდილებაა, რომელიც ამა თუ იმ სიტუაციაში შესაბამის რჩევებს გვაძლევს, თუმცა მეცნიერები კიდევ უფრო წინ მიდიან –  ჩვენ მხოლოდ ერთ განზომილებაში არ ვარსებობთ და ამ სხვადასხვა განზომილებებიდან ვიღებთ ინფორმაციას.

ასეა, თუ ისე, ინტუიცია ზოგჯერ ძალიან საჭირო გაფრთხილებებს გვაძლევს, რომელთა წაყრუება არ ღირს. ჩვენ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნებს გთავაზობთ:

  1. არა ვარ კარგად

როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, სიმპტომების შესწავლას ნუ გადაყვებით. თქვენს სხეულზე გაცილებით მეტ ინფორმაციას თქვენივე სხეული ფლობს, ვიდრე თქვენი გარედან მიღებული ცოდნა. სხეული ყველაზე უკეთ გრძნობს, როცა რაღაც უჭირს, ამიტომ სჯობს ექიმს მიმართოთ, თუ არ გსურთ მერე  ერთი გურულის საფლავის არ იყოს (ჯვარი აქანა ყოლიფერი კაი) თქვენს საფლავზეც გაჩნდეს  წარწერა: ვიძახე გლახათ ვარ, გლახათ არ და ე! 😀

  1. მგონი არ ღირს ამის გაკეთებ

რამდენჯერ გსმენიათ ავარიაში დაღუპულ ადამიანებზე რომ უთქვამთ, აი, არ უნდოდა წასვლა, სულ ძალით ჩავისვით მანქანაშიო. სხეული საფრთხეს გრძნობს. პანიკა საჭირო არ არის, ჩვენ ყველას გვეშინია რაღაც ნაბიჯის გადადგმის და შიში აუცილებლად უნდა დავამარცხოთ,  მაგრამ ეს მენტალური ბრძოლები არ არის. როცა გვეშინია, ჩვენ როგორ წესი საფუძველი გვაქვს ხოლმე შიშის და ამიტომ გვეშინია, მაგრამ როცა  არავითარი საფუძველი არ გაქვთ, ან საერთოდ ვერ ხვდებით რატომ არ უნდა გინდოდეთ რამის გაკეთება, ესე იგი რაღაცას წინასწარ ვგრძნობთ. მოკლედ, თუკი ახსნას ვერ უძებნით, რატომ არ ღირს იმის გაკეთება, რის გაკეთებასაც გეგმავთ, აუცილებლად ენდეთ ინტუიციას.

  1. ამ ადამიანს უნდა დავეხმარო

ჩვენ უამრავ გაჭირვებულ ადამიანს ვხედავთ ყოველდღე, უამრავი გაჭირვების ამბავი გვესმის, ბევრი ცხოვრების გამარტივებას ცდილობს და თაღლითობს კიდეც. როცა ვიღაც თქვენთან დახმარების სათხოვნელად მოდის, უკვე აღარ იცით გატყუებს, თუ მართლა უჭირს, თქვენ კი გაბრიყვებული ყოფნა არ გსურთ. ყველას ვერ დაეხმარები, მაგრამ როცა შინაგანად იგრძნობ, რომ აი, ამ კონკრეტულ ადამიანს დახმარება სჭირდება (არ არის სავალდებულო რომ მათხოვარი იყოს) აუცილებლად დაეხმარეთ. მართალია ემპათია ახლა მოდაში აღარ არის, მაგრამ თუკი გული გიგრძნობთ, ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ.

  1. მე ამის ნიჭი მაქვს

ჩვენ ბევრი გენიოსი ვიცით, ბავშვობაში უნიჭობის დიაგნოზი რომ დაუსვეს. ჩვენს დაფარულ ტალანტებზე ყველაზე მეტი ჩვენმა შინაგანმა ხმამ იცის. ასე რომ, თუკი გრძნობთ რომ რაღაცაში ძალიან კარგი ხართ – წერა იქნება ეს, ფიზიკოსობა  თუ მსახიობობა, ნუ მოუსმენთ ნურავის ინტუიციის გარდა. ნუ შეგაშინებთ დაბრკოლებები და ბოლომდე იბრძოლეთ, ისწავლეთ და განვითარდით. თანაც გახსოვდეთ, ამ ტალანტების აღმოჩენა არასდროს არ არის გვიან, გოგენს რომ მაკლერობა გაეგრძელებინა, გოგენი არ იარსებებდა.

  1. ვიცი, რომ სწორად ვიქცევი

მთავარია ინტუიცია იმპულსებში არ აგერიოთ. აქაც ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს, რაზეც მეორე პუნქტში ვისაუბრეთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმპულსების, ლოგიკური აზროვნების და ინტუიციის ერთმანეთისგან გარჩევა. ეს სულ სხვადასხვა რამეა. ლოგიკაზე და ინტუიციაზე ზემოთაც ვისაუბრე – როცა რაღაცის დასაბუთება შეგიძლია, ეს ლოგიკაა, როცა ვერ ასაბუთებ, მაგრამ იცი რომ ასეა – ეს ინტუიცია. რაც შეეხება იმპულსებს, არც მას აქვს საერთო რამე შინაგან ხმასთან. იმპულსები ემოციებით წარმოიშობა, ემოციები კი უბრალოდ ჩვენი რეაქციებია ამა თუ იმ საკითხზე და ამ რეაქციებს განაპირობებს გარემო ზემოქმედებებით ჩამოყალიბებული შეხედულებები. მოკლედ,  ჩვენ შეიძლება არასწორი რეაქცია გვქონდეს და ამიტომ ემოციებისთვის აყოლა არ ღირს, ჩვენ შეიძლება ლოგიკამაც გვიმტყუნოს.  ინტუიცია მეექვსე გრძნობაა, თქვენ არ იცით საიდან იცით და ვერ გრძნობთ, საიდან გრძნობთ, მაგრამ იცით და გრძნობთ. ყურადღებით უსმინეთ მას!

Dare to believe!

 

Comments are closed.