ალბერ კამიუს 45 გენიალური გამონათქვამი

0
12249

„ადამიანური დიდება სხვა არაფერია, თუ არა უფლება, გიყვარდეს თავდავიწყებით, უსაზღვროდ.“

„ამქვეყნიური უბედურებებით სავსე პანდორას ყუთიდან ბერძნებმა ყველაზე ბოლოს კაცობრიობის უსაშინლესი მტერი, იმედი ამოუშვეს. იმედი, საყოველთაოდ აღიარებული აზრის საწინააღმდეგოდ, მორჩილებას გულისხმობს, სიცოცხლე კი სულაც არ გახლავთ მორჩილება.“

„არავის უთქვამს, რომ ბედნიერება განუყოფელია ოპტიმიზმისგან.“

„სამყარო უკეთ რომ შეიცნო, ზოგჯერ მას ზურგი უნდა შეაქციო, ადამიანებს უკეთ რომ ემსახურო, ცოტა ხნით უნდა განმარტოვდე.“

„ძნელია, აუხსნა სხვას, ვინ ხარ. მაგრამ დრო და დრო იმის თქმას მაინც ახერხებ, ვინ არ ხარ.“

„ადამიანს ორი ხასიათი აქვს, საკუთარი და ის, რომელსაც ცოლისგან შეიძენს.“

„ჩამციებიან, გინდა თუ არა, აგვიხსენი, ვინ ხარო. ჯერ არაფერი, ჯერ არავინ.“

„ზღვა მიდის და რჩება… სიყვარულიც ასეთია, ერთგული და წარმავალი. მე ზღვასთან ვქორწინდები.“

„სამყაროში რომ ყველაფერი ცხადი იყოს ჩვენთვის, მაშინ ხელოვნებაც არ იარსებებდა.“

„მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს: თვითმკვლელობა. გადაწყვიტო, ღირს თუ არა ეს ცხოვრება იმად, რომ ბოლომდე გალიო, იგივეა, რაც ძირითად ფილოსოფიურ კითხვას გასცე პასუხი.“

„ისეც ხდება, რომ არსებული დეკორაციები ინგრევა. გაღვიძება, ტრამვაი, ოთხი საათი სამსახურში ან ქარხანაში, ჭამა, ტრამვაი, ოთხი სამუშაო საათი, ჭამა, ძილი და ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს ეს უცვლელი რიტმი მეორდება დროის უმეტეს ნაწილში. მხოლოდ ერთ დღეს გაისმის კითხვა – რატომ? და ყველაფერი ამ გაკვირვებით შეფერადებული დაღლილობით იწყება.“

„დაღლილობა თავს მექანიკური მოქმედებების ბოლოში იჩენს, მაგრამ ის ამავე დროს ბიძგს აძლევს ცნობიერებას. გაგრძელება ან გაუაზრებელი მოქმედებების ჯაჭვში მიბრუნებაა, ან საბოლოო გამოფხიზლება. გამოფხიზლების შემდეგ ვღებულობთ შედეგს: ან თვითმკვლელობა, ან მწყობრში ჩადგომა. თავისთავად, დაღლილობაში არის რაღაც ამაზრზენი. ამ შემთხვევაში კი, უნდა დაასკვნა, რომ ის სასარგებლოა, რადგან ყველაფერი გაცნობიერებით იწყება და მის გარეშე არაფერს აქვს ფასი.“

„არასოდეს ამოივსება უფსკრული, რომელიც არსებობს იმ რწმენას შორის, მე რომ მაქვს ჩემს არსებობაზე და იმ შინაარსს შორის, მას რომ მინდა მივანიჭო.“

„სურვილი პარადოქსების შექმნას ნიშნავს.“

„თუ მე უდანაშაულო ადამიანს ბრალს დავდებ საშინელ დანაშაულში, თუ ზნეკეთილ ადამიანს იმის მტკიცებას დავუწყებ, რომ საკუთარი დის მიმართ ავხორცი გულისთქმა აქვს, ის მიპასუხებს, რომ ეს აბსურდია… მეც საფუძველი მაქვს, ვიფიქრო, რომ აბსურდულობის შეგრძნება ჩნდება არა ფაქტის უბრალო შესწავლით ან მიღებული შთაბეჭდილებით, არამედ ის შემოიჭრება ფაქტობრივ რეალობასა და გარკვეულ რეალობას, მოქმედებასა და ამ მოქმედების მიღმა არსებული სამყაროს შედარების შედეგად. აბსურდი, ძირითადად, განხეთქილებაა. იგი არც ერთ შედარებულ ელემენტში არ დევს. აბსურდს მათი დაპირისპირება წარმოშობს. ინტელექტის თვალთახედვით შემიძლია ვთქვა, რომ აბსურდი არ არის ადამიანში, არც სამყაროში, არამედ – მათ ერთობლივად არსებობაში.“

„თქვენც უთუოდ მოგეხსენებათ, რომ ყველა ინტელიგენტი განგსტერობაზე ოცნებობს და სურს საზოადოებაზე ძალით იბატონოს. მაგრამ რაკი ეს ისე ადვილი არაა, როგორც განგსტერული რომანების მკითხველს შეიძლება მოეჩვენოს, უმეტესწილად პოლიტიკას მიმართავენ ხოლმე და ყველაზე უფრო მძვინვარე პარტიაში ეწერებიან.“

„მომხიბვლელობის ძალა, ხომ იცით, რა დიდია: თანხმობას მანამ გეუბნებიან, სანამ გარკვევით ითხოვდე რამეს.“

„ეჰ, მეგობარო, რა გონებაშეზღუდულნი არიან ადამიანები. ყოველთვის ჰგონიათ, რომ კაცი თავს მარტო ერთი რამის გულისთვის იკლავს. განა არ შეიძლება, თავს ორი, ან სამი რამის გამო იკლავდე? არა, ეს წუთითაც არ მოუვათ ფიქრად… როცა დავიხოცებით, ჩვენი სიკვდილით ისარგებლებენ და ჩვენს საქციელს რაღაც სულელურ საბაბს გამოუნახავენ.“

„უთუოდ ფიქრობდნენ, სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობს, ბედნიერი კაციაო. ამას კი არავინ გაპატიებს. ბედის მადლიერი კაცის იერი თუ გაქვს, ვირები ცოფდებიან.“

„ყველა იჩქარის, სხვა გაკიცხოს, რომ თვითონ განუსჯელი დარჩეს.“

„ყველანი გამონაკლისები ვართ. ყველას რაღაცის გასაჩივრება სურს! ყველას სწადია, უცოდველად ჩათვალონ, რადაც არ უნდა დაუჯდეს, თუნდაც ამისთვის ცისა და მიწის camus02_custom-26f18c37f58a8879cc092dde0377d5941389c2fa-s6-c30დადანაშაულება მოუხდეს.“

„რაც მთავარია, ნურასდროს ენდობით მეგობრებს, როცა გთხოვენ, გული გადაგვიშალეთო. ისინი მხოლოდ იმას იმედოვნებენ, რომ განუმტკიცებთ იმ კეთილ რწმენას, საკუთარ თავზე რომ აქვთ და საამისოდ კიდევ ზედმეტ საბუთს მისცემთ, რაკი გულის კარს გაუღებთ.“

„უთუოდ მოგეხსენებათ, რომ იმათ, ვინც გვჯობიან, იშვიათად გავენდობით ხოლმე. მათთან ყოფნას ხშირად გავურბივართ კიდეც. და პირიქით, უმეტეს შემთხვევაში, აღსარებას იმას ვეუბნებით, ვინც ჩვენი მსგავსია და ჩვენი ნაკლიც სჭირს. მაშასადამე, გამოსწორება კი არ გვწყურია, გვინდა ჩვენი განსჯისას ჩვენი სისუსტე გაითვალისწინონ. მხოლოდ იმას ვნატრობთ, შეგვიბრალონ, გაგვამხნევონ და გზა დაგვილოცონ.“

„თქმა არ უნდა, რომ ჭეშმარიტი სიყვარული გამონაკლისია: საუკუნეში ერთს ან ორს თუ შეხვდება კაცი. სხვა დანარჩენი კი პატივმოყვარეობა, ან მოწყენილობაა და მეტი არაფერი.“

„ჩვენში დარჩეს და მონობა, უპირატესად მომღიმარე, აუცილებელია. მაგრამ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ იქნება. თუკი მონების გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია, განა არ სჯობს, ამ მონებს თავისუფალ მოქალაქეებს ვუწოდებდეთ? ჯერ ერთი, პრინციპის გულისთვის, მეოერეც, იმიტომ, რომ ხალხი სასოწარკვეთილებაში არ ჩავაგდოთ. განა ამ საზღაურის ღირსნი არ არიან? ასე სიცილ-სიცილით მოგვემსახურებიან და ჩვენც სუფთა გვექნება სინდისი.“

„ღმერთი ამდენს როდი ითხოვდა, მეგობარო. მას უნდოდა, გვყვარებოდა, ესაა და ეს.“

„როცა ყველანი დამნაშავე ვიქნებით, დემოკრატიაც დამყარდება.“

„აქ გაზაფხულის მოსვლას ყვავილების კალათები თუ გაუწყებთ, მოვაჭრეებს რომ მოაქვთ გარეუბნიდან, აქ გააფხული ბაზარში იყიდება.“

„ქალაქის გასაცნობად საჭიროა სცადო გაიგო თუ როგორ შრომობენ აქ, როგორ უყვართ და როგორ კვდებიან.“

„ზოგჯერ ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, მაგრამ დროისა და ფიქრის უქონლობის გამო, არც კი უწყიან რომ უყვართ.“

„სისულელე მუდამ გამძლეა.“

„ადამიანი დიდ უბედურებას ვერ ეთვისება, ამიტომ თავს ირწმუნებს, უბედურება არარეალურია, ეს ცუდი სიზმარია და ქარს გაჰყვებაო, მაგრამ ყოველთვის როდი ქრება, და ამ სიზმრებში ქრებიან ხოლმე ადამიანები, უპირველეს ყოვლისა, ჰუმანისტები.“

„ომგამოვლილსაც კი გვიჭირს თუნდაც ერთი ადამიანის სიკვდილის წარმოდგენა.“

„ადამიანის სიკვდილი მხოლოდ მაშინ გზაფრავს, როდესაც მას უშუალოდ ხედავ.“

„ყველას ასე ემართება: დაქორწინდებიან, ცოტა კიდევ უყვართ ერთმანეთი, შრომობენ, იმდენს შრომობენ, რომ სიყვარული ავიწყდებათ.“

„სიბრალული გღლით, როდესაც ის არაფრის მაქნისია.“

„აბსტრაქციას რომ ეომო, რაღაც საერთო უნდა გქონდეს მასთან.“

„კვირა დილას, მაგალითად, ზღვაში ბანაობა სერიოზულ მეტოქეობას უწევს მესას.“

„განაწამებ გულს ყველაზე მეტად ის სწადია, გამუდმებით ფლობდეს საყვარელ არსებას, ან არადა შეძლოს განშორების ხანს უსიზმრო ძილში დანთქას იგი და არ გააღვიძოს, სანამ მათი შეყრის ჟამი არ ჩამორეკს.“

albert-camus„რადგან სამყაროს წესს სიკვდილი განსაზღვრავს, იქნებ ღმერთისთვისაც სჯობდეს, რომ იგი არ იწამონ, მთელი ძალ-ღონე სიკვდილთან ბრძოლას მოახმარონ და აღარ აღაპყრონ თვალები ზეცისკენ, სადაც იგი დუმს.“

„თქვენი გამარჯვება მუდამ დროებითი იქნება.“

„კაცს ყველაფერში შეუძლია ნახოს ჭკუის სასწავლი რამ. ყველაზე ძნელი გამოცდაც კი სიკეთედ მობრუნდება.“

„ჭირს ყველა თავის თავში დაატარებს იმიტომ, რომ ქვეყნად არავინაა, დიახ, არავინაა მისგან დაზღვეული.“

– თუ იცით, რა გზას უნდა დაადგეს ადამიანი, სულის სიმშვიდე რომ ჰპოვოს?
– თანაგრძნობის გზას.

წყარო: temurkikava.wordpress.com