რატომ ვიწყებთ ბევრ ლაპარაკს და სიცილს ალკოჰოლური სასმელის დალევის შემდეგ

0
2833

ალბათ პირადი გამოცდილებიდან ყველამ ვიცით, რომ ალკოჰოლი ლაპარაკის საღერღელს შლის და მისი წყალობით ადამიანი უფრო მჭევრმეტყველი ხდება. ეს ფაქტი ახლა უკვე მეცნიერულადაცაა დადასტურებული. ილინოისისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტის თანამშრომელთა ჯგუფი, რომელთაც ფსიქოლოგი-ასპირანტი ენდრიუ ჯეროზო ხელმძღვანელობდა, მივიდა დასკვნამდე, რომ ზომიერად მიღებული ალკოჰოლი ყურადღებას ადუნებს, საუბრის სურვილს აძლიერებს და ხელს უწყობს საჭირო სიტყვების პოვნასა და ერთმანეთთან დაკავშირებას. დასკვნას წინ უძღოდა ექსპერიმენტი, რომელშიც 20-20 ადამიანისგან შემდგარი ორი ჯგუფი მონაწილეობდა. ისინი მეგობრების გარემოცვაში ზომიერად სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. ორივე ჯგუფმა თავიდან უყურა მულტფილმს. ერთ ჯგუფის წევრებს ჯერ საჭმლით გაუმასპინძლდნენ და შემდეგ შესთავაზეს არაყი წვენთან ერთად ისეთი დოზით, რომ სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0,075 პრომილეს დონეზე დაფიქსირებულიყო (ამერიკაში მძღოლისთვის დაშვებულად ითვლება 0,08 პრომილეს მაჩვენებელი). მეორე ჯგუფის წევრებს მულტფილმის ყურების შემდეგ არც სასმელი ერგოთ და არც საჭმელი. შემდეგ ორივე ჯგუფს ერთი და იგივე ვერბალური ტესტი ჩაუტარეს. მაგალითად, მოცემული იყო სამი სხვადასხვა სიტყვა, მათ კი უნდა დაესახელებინათ მეოთხე სიტყვა, რომელიც ამ სამს აზრობრივად დააკავშირებდა ერთმანეთთან. ფხიზელმა ადამიანებმა მოცემულიდან საშუალოდ 6 დავალება შეასრულეს, თითოეული მათგანის საპასუხოდ კი დაახლოებით 15,2 წამი დაჭირდათ. მათ კი, ვინც ცოტაოდენი ალკოჰოლი მიიღო, მოცემულიდან საშუალოდ 9 დავალება შეასრულეს და დროც უკეთესი აჩვენეს – 11,5 წამი.

მეცნიერების ამ აღმოჩენამ ამერიკული ფილმიდან “ლეგენდა ბაგერ ვანსზე” მეთ დეიმონის გმირის გენიალური პასუხი გამახსენა, შეკითხვაზე – “რას ნიშნავს იყო, საკმარისად მთვრალი?”:

“ყველაფერი ტვინის უჯრედებზეა დამოკიდებული. ალკოჰოლის ყოველი ყლუპი ტვინის ათას უჯრედს კლავს, მაგრამ, ყველაფერი რიგზეა, რადგან მილიარდობით სხვა უჯრედი გვრჩება… პირველად სევდის უჯრედები კვდება და შენ სიცილს იწყებ, შემდეგ სიჩუმის უჯრედები კვდება და შენ ხმამაღლა ლაპარაკობ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერია, შემდეგ სისულელის უჯრედების ჯერი დგება და შენ მხოლოდ ჭკვიანური რამეების თქმას იწყებ… ბოლოს მეხიერების უჯრედების დროც მოდის… ამ უჯრედების მოკვლა ძალიან რთულია…”

მომზადებულია vinoge.com-ის მასალების გამოყენებით

იხილეთ ვიდეო ფილმიდან