10 მიზეზი, რატომ არ უნდა იმგზავრო ტაქსით თბილისში

1
2840

ამ სათაურის წაკითხვის შემდეგ, პირველი ალბათ რაც გაგახსენდებათ, ცოტნე ცოტაშვილისა და მძღოლების სცენაა სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები”, რომელიც რამდენიმე თვის წინ ძალიან პოპულარული იყო. ყველა, ვისაც საქართველოში ტაქსის მძღოლებთან ხშირი ურთიერთობა ჰქონია, ეთანხმება და იზიარებს ,,ბატონი ცოტნეს” მოსაზრებას. გამონაკლისი არც მე გახლავართ. პრობლემა მთელი ქვეყნის მასშტაბს მოიცავს, თუმცა ამჯერად დედაქალაქზე ვისაუბრებთ, ვინაიდან ის ყველაზე მწვავედ სწორედ თბილისში იგრძნობა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ტაქსით მგზავრობა ხშირად მიწევს. ამიტომ, მგონია, უკვე ყველა ტიპის მძღოლს ვიცნობ. რა თქმა უნდა, თემასთან დაკვაშირებით ბევრი კურიოზის გახსენებაც შეიძლება და შეუძლებელიცაა ამ საკითხს იუმორის გარეშე მივუდგეთ, მაგრამ სინამდვილეში სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

1. მოუწესრიგებელი სალონი

გარედან რომ გასარეცხია ავტომობილი, მოუწესრიგებელია ფარები, ბამპერები, მინები, ამას აღარავინ სჩივის, გააღებ ავტომობილის კარს და შიგნით ჩაჯდომის სურვილი გიქრება. დახეული ტყავისა თუ ნაჭრის სავარძლები, მტვრითა და ტალახით სავსე რეზინის ხალიჩები და აუტანელი სპეციფიური სუნი გამოპრანჭულს საზეიმო ღონისძიებაზე წასვლის ხალისსაც გიკარგავს, რომ აღარაფერი ვთქვათ, კოლგოტის რამეზე გამოდებით გახევისა და სუფთა კოსტუმის დასვრის შიშზე.

2. სიგარეტი

თუ მძღოლი მწეველია, შენ კი არა – ასეთი მძღოლის ტაქსიში ჩაჯდომა ნამდვილი ჯოჯოხეთია. არც გეკითხება, შეუძლია თუ არა მოსწიოს, უცერემონიოდ “ბუღავს” სალონს და გიქოთებს მთელ სამოსს, თმას… სუნიც ხომ შემაწუხებელია და არამარტო არამწეველებისთვის.

3. რაცია

თუ ეს ის შემთხვევაა, მძღოლი “ცენტრსა” და კოლეგებს რაციით რომ უკავშირდება, მთელი გზის მანძილზე შხრიალის მოსმენა გამოწერილი გაქვს, იმასაც ვერ მოიფიქრებენ, ჩაუწიონ, გასაგებია, რომ აუცილებელი კავშირის წყაროა და სულ გამორთვას არვინ ითხოვს. ისე კავშირის უფრო ცივილური მეთოდების მოფიქრებაც შეიძლება.

4. მუსიკა/რადიო

90-იანების გავლენა და “რუსულების” თემა ყბადაღებული “ცხრაწლიანი მმართველობის” დროს რა მტკივნეული საკითხიც იყო, ამაზე აღარ შევჩერდები. არც გემოვნებაზე ვდავობ, მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ, – როდესაც მე ვჯდები ტაქსიში და ვიხდი ფულს, პირველ ყოვლისა, მე ვიხდი ფულს დროში, ეს დრო მეკუთვნის მე, როგორც კლიენტს და მე უფლება მაქვს ამ დროის განმავლობაში კომფორტულად ვიმგზავრო. ამ შემთხვევაში, ვინ რას უსმენს, ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ მძღოლი ვალდებულია მკითხოს, მსიამოვნებს თუ არა მუსიკის მოსმენა ასე ხმამაღლა და საერთოდ მინდა თუ არა მგზვრობის დროს მუსიკის მოსმენა. მძღოლები, რომლებიც თავად არიან ავტომობილის მფლობელები და არ ასრულებენ ტაქსის კომპანიის წესდებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კლიენტის მომსახურების დროს თავს იმის უფლებას აძლევენ “საკუთარ მანქანში” მოუსმინონ იმას, “რაც სურთ”, მაგრამ ეს ასე არაა. მეორე საკითხია რადიოგადაცემები, არაფერს ვამბობ პოლიტიკური ჟანრის გადაცემებზე, ესეც ელემენტარულია, უნდა ჰკითხო კლიენტს ხელს ხომ არ შეუშლიან, თუ რადიოს ჩართავენ.

5. ხურდა

მიზეზი ხშირად ის არის, რომ წინა ღამით მთელი ნამუშევარი შინ დატოვა, ან ნაწილით საწვავი ჩაასხა და მეორე დღისთვის ხურდის დასაბრუნებელი თანხა არ აქვს. სინამდვილეში, ამ მიზეზით დაუდევრობისა და მოუწესრიგებლობის გადაფარვას ცდილობენ. ნურავინ დამაჯერებს, რომ ამის მოგვარება შეუძლებელია. უბრალოდ უნდა არსებობდეს თანხა, რომელიც გეცოდინება, რომ ხელშეუხებელია ხარისხიანი სერვისის უზრუნველსაყოფად. მერე იწყება მაღაზიებში სირბილი, ან ბენზინგასამართ სადგურებთან მათხოვრობა და ამასობაში, რისთვისაც ტაქსით იმგზავრე, აზრი დაეკარგა, დანიშნულების ადგილზე დაგაგვიანდა…. ბოდიშები აღარაა საჭირო, გამოიჩინეთ მეტი ორგანიზებულობა.

6. მანდ ვერ წაგიყვან

გეჩქარება, აჩერებ ტაქსის, ეუბნები დანიშნულების ადგილს და მძღოლი გპასუხობს, რომ “აუ, მაქეთ ვერ წავალ დაიკო/ძამიკო/შვილიკო”, ანუ სხვა მიმართულებით მიდის და გზად გაგიყოლებდა, თუ რამე… არაპოფესიონალიზმი და არასერიოზული დამოკიდებულება არ ჰქვია ამას, არც ვიცი რა ჰქვია. ასეთ დროს კბილებით სალანძღავი სიტყვა ბევრჯერ დამიჭერია )))…

7. საწვავის დამატება

“თუ არ გეჩქარება, გაზს/ბენზინს ჩავასხამ”, – ეს ფრაზაც არაერთხელ მომისმენია. შე, კაი დედ-მამის შვილო, რომ არ მეჩქარებოდეს, სასეირნოდ უკეთეს გზას გამოვნახავდი. მართალია, ისეთი კლიენტებიც არსებობენ, რომლებსაც არ ეჩქარებათ და უბრალოდ კომფორტულად მგზავრობა სურთ, მაგრამ მათაც დისკომფორტს უქმნი ასე – სადგურზე ყურყუტი არავის სიამოვნებს. ნუ სთხოვთ კლიენტებს, ჰუმანურები იყვნენ და გაგებით მოგეკიდონ, ეს არ არის პროფესიონალიზმი, თავად გახდით მოწესრიგებული და თადარიგიანი პროფესიონალები.

8. არ იცის გზა

რა თქმა უნდა, რაიონიდან ჩამოსულ მძღოლებს უფრო ხშირად აქვთ ეს პრობლემა, მაგრამ ამ მხრივ არც ადგილობრივები ჩამორჩებიან. ღმერთო მომეცი მოთმინება, როდესაც ახლის ნაცვლად ძველი მერიისკენ წამიყვანს ტაქსის მძღოლი (რომელიც უკვე წლებია სააკაძის მოედანზე გადმოიტანეს), ან არ ეცოდინება, სადაა რუსთაველის გამზირი, მაშინაც მომეცი მოთმინება, როდესაც ჩემს თვალწინ ქალაქის რუკას გაშლის და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელ გზებს დაუწყებს ძებნას. მაშინაც, როცა ყველაზე გრძელ გზას აირჩევს იქ მისასვლელად, სადაც 5 წუთში მივიდოდა პროფესიონალი მძღოლი და მაშინაც, გზაში ყურადღება რომ გაეფანტება და საერთოდ ქვეყნის დასალიერში გიკრავს თავს.

9. საუბრები პოლიტიკასა და “ჭეშმარიტ ღმერთზე”…

ქართველი მძღოლისთვის კლიენტი ხშირად განტვირთვის საუკეთესო საშუალება და სასურველი აუდიტორიაა. ზოგჯერ კლიენტისა და მძღოლის საუბარი არაფრით ჩამოუვარდება ცნობილ სატელევიზიო პოლიტიკურ თოქ-შოუებს. არა, როცა კლიენტსაც ამ ტიპის კომუნიკაციის ცხოველი მოთხოვილება აქვს, კიდე არაუშავს (მთელი დღე დამუნჯება სასჯელიცაა), მაგრამ როდესაც საერთოდ არ მაინტერესებს მძღოლის წარმოშობა, ოჯახურ-მატერიალური პრობლემები, შვილის კარიერული წარმატება, დაძაბული ურთიერთობა სიდედრთან, რომელი პარტიის მხარდამჭერია და რატომაა ნაძირალა ივანიშვილი, ან სააკაშვილი, მაშინ რა უნდა ქნა, რა?! აცადეთ ადამიანებს უბრალოდ მშვიდად მგზავრობა…

10. უსაფრთხოება

არ ჩავუღრმავდები ეკოლოგიურ პრობლემებს, ჰაერის დაბინძურებას, უნდა მუშაობდნენ თუ არა ტაქსები “გაზზე” და ასე შემდეგ. ტექდათვალიერების შემოღება, იმედია, ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს პრობლემებს…. ტაქსის მძღოლს ხშირად ისეთი მანევრი ჩაუტარებია, საგზაო წესებში გაურკვეველი ადამიანიც ხვდება, რომ დაარღვია, დარღვევას ვინ დაეძებს, მშვიდობით მიგიყვანოს დანიშნულების ადგილზე. გზად რომ ათასი გინების მოსმენა გიწევს, ეგეც არაფერია. მოკლედ, ასეთი სისწრაფე შეიძლება ერთ დღესაც სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ. ზოგი ისე მართავს, ტაქსის მღოლის ლიცენზია კი არა, საერთოდ საჭეს არ უნდა გააკარო მთელი ცხოვრება.

როდესაც თანამედროვე ქართული ტაქსის ფენომენზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით ისეთი პრობლემების ხსენებას, როგორიცაა უმუშევრობა, ქვეყნის ურბანული მდგომარეობა, მართვის მოწმობის გაცემის სისტემა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა და ა.შ. საუბარია იმ მიზეზებზე, რომლებიც დედაქალაქში ტაქსის მძღოლების ასე მომრავლებას განაპირობებს.

გასაგებია, რომ ადამიანებს უჭირთ და ეს ხშირად თვითდასაქმებისა თუ საარსებო ლუკმა-პურის შოვნის წყაროა, ხშირად მსმენია მათგან, რომ სხვა სამსახური ჰქონდათ, შემცირებაში მოყვნენ და ახლა იძულებულნი არიან ასე იშოვონ ფული. გასათვალისწინებელია, ის თუ რა მდგომარეობაშია სოფლის მეურნეობა, ის, რომ ადამიანებს სოფლებში ცხოვრება აღარ უნდათ (ამას თავისი ვრცელი მიზეზები აქვს, რასაც სხვა სტატიას მივუძღვნით), “ლამის მთელმა საქართველომ თბილისში მოიყარა თავი”, გასაგებია ასევე ისიც, რომ დღეს უკვე რთული აღარაა ავტომობილის იაფად შეძენა და ხშირად 8 სულიან ოჯახში 5 მანქანა ჰყავთ (ავტომობილების სიმრავლე საცობებისა და არაკომფორტული მგზავრობის ერთ-ერთი მიზეზია), გასაგებია ასევე ის ფაქტიც, რომ შუქნიშნები და საგზაო ინფრასტრუქტურის შემადგენლი სხვა ელემენტები ბევრ ადგილზე გაუმართავია (რატომღაც ვერცერთმა ხელისუფლებამ მოაგვარა ეს საკითხი), ისიც ცნობილი ამბავია, რომ დღეს მართვის მოწმობა აქვს, ვინ იცის რა გზითა და ეშმაკის მანქანებით, ბევრ ისეთ მძღოლს, რომელსაც ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს და ჩემი ნება რომ იყოს, დიდი ხნით ჩამოვართმევდი ლიცენზიას… გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ “ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?!”… ))) ჩვენ, ვისაც გვინდა, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს ეს ქვეყანა, წესრიგი ისწავლოს ქართველმა და ცივილიზებულ სამყაროს დავემსგავსოთ.

განვითარებულ ქვეყნებში ვერ ნახავთ თვითდასაქმებულ ტაქსის მღოლებს, აი “TAXI”-ს ნიშანს “ელიავას ბაზრობისა” და “დაშლილების” ტიპის ადგილზე რომ იყიდიან, დაადგამენ მანქანას სახურავზე და გაუდგებიან გზას. განვითარებულ ქვეყნებში ტაქსის კომპანიები და ტაქსოპარკები მოქმედებს, სერვისი კერძოა და მფლობელ კომპანიებს შორის, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ჯანსაღი კონკურენციაა. ტარიფი წინასწარ განსაზღვრულია და მძღოლთან ვაჭრობა არ გიწევს. უმრავლეს ჩვენზე განვითარებულ ქვეყანაში ტაქსის ქუჩაში ხელის დაქნევით ვერ გააჩერებ, უნდა გამოიძახო. მოქმედებს გარკვეული სტანდარტები და სავალდებულო კრიტერიუმები, რომლებსაც მძღოლები უნდა აკმაყოფილებდნენ – რაც მართვის უნარებით დაწყებული, პირადი თუ სალონის ჰიგიენით, მარშრუტების სრულყოფილად ცოდნითა და კლიენტთან ურთიერთობის ეთიკით დამთავრებული, ბევრ რამეს მოიცავს. ტაქსის კომპანიები ჩვენთანაცაა, თუმცა მაღალი ხარისხის მომსახურებამდე, მათაც ბევრი აკლიათ.

უსამართლობა იქნება, არ აღინიშნოს, რომ გამონაკლისებიც არსებობს – მოწესრიგებული სალონებით, ზრდილობისა და ეთიკის საკითხებშიც რომ არაფერი ეშლებათ, ქალაქსაც შესანიშნავად იცნობენ და მგზავრობისას ისეთ კომფორტს გიქმნიან, მანქანიდან გადასვლა არ მოგინდება )))… ქართველთმოძულეობაზე მორალის კითხვას ნუ დაიწყებთ, საქართველო და ქართველები რომ ძალიან მიყვარს, იმიტომ ვამბობ ამ ყველაფერს. თუმცა განსხვავებული და ჯანსაღი კრიტიკული აზრის მოსასმენად ყოველთვის მზად ვარ.

P.S. სამწუხაროდ, თავად ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს სტატია, ინტერნეტით სტატიებს არ კითხულობენ, ამიტომ შვილებო, მეუღლეებო, დებო, ძმებო, იქნებ წააკითხოთ მათ ეს ყველაფერი!

ავტორი: სოფია კრავჩენკო

Dare to protest!

იხილეთ ასევე: მე ვარ ქართველი და არ ვარ ბნელი! – ანუ სანამ ამას არ ვისწავლით, არაფერი გვეშველება

Comments are closed.