ფილოსოფიური ბაღი, შენ რამდენ ქვას ხედავ?

0
4103

იაპონია – ამომავალი მზის ქვეყანა, რომელიც ნაცნობია თავისი ეგზოტიკური კულტურით და ამავე დროს მაღალ განვითარებული ტექნოლოგიებით. იგი უცნობი და ამოუხსნელია თავისი  მისტიური და ამავე დროს ძალიან პრაგმატული გაგებით, ის ძალიან ტრადიციულია და ამავე დროს ულტრა თანამედროვეც.

სანამ კონკრეტულ ერთ განსაკუთრებულ ბაღზე მოგიყვებოდეთ, მანამდე ზოგადად იაპონურ ბაღებზე გეტყვით ორი სიტყვით: ბაღს დიდი ადგილი უკავია იაპონურ კულტურაში. იაპონური ბაღი  სამყაროს მოწყობის სიმბოლოა. იაპონური ბაღის დეტალები: წყალი, ქვები, ყვავილები, ხეები – ეს არაა უბრალოდ მასალა, ეს ყველაფერი ასახავს სამყაროს ნაწილებს, რომლებიც სრულყოფილების გამოძახილია.

zen-garden-10-1024x680

ძველად სიტყვა „ბაღს“ (იაპონურად: „ნივა“) იაპონელები უწოდებდნენ ცარიელ სივრცეს, რომელიც განკუთვნილი იყო ღვთაებებისადმი თაყვანსაცემად. ბუდიზმის შემოსვლასთან ერთად, ბაღებმა შეითვისეს ბუდისტური სამყაროს აღქმის სიმბოლო, სადაც იყო წმინდა ტბა და  ბორცვი, რომელიც ასახავდა სამყაროს ცენტრს, ხოლო ქვები აღნიშნავდნენ მითიურ კუნძულებს.

ბაღის მთავარი შემადგენელი ნაწილები ყოველთვის წარმოადგენდა წყალი და ქვები. წყალი ასახავდა ნაზ, რბილ, ქალურ ენერგია- ინს, ხოლო ქვები აღნიშნავდა მყარ, მამაკაცურ ენერგიას – იანს.  ამ ენერგიების უსასრულო ბრძოლაში და ამავე დროს განუყოფელ ერთობლიობაში გამოიხატება აღმოსავლური ფილოსოფია, რომელიც სამყაროს საფუძველს წარმოადგენს.

XVIII საუკუნის ბოლოდან ძენ ბუდიზმის ძლიერი გავლენის შედეგად, იაპონურ ბაღებში წყდება ჩვეული მიდგომა მათ მიმართ და ბაღი აღარ არის სასეირნო ადგილი, არამედ გამოიყენება ძენ ბუდისტური შემეცნების პრაქტიკული ვარჯიშებისათვის.

იაპონური კულტურის ლაკონური მინიმალიზმისკენ სვლამ, ასახვა ბაღებშიც ჰპოვა, ჩნდება ცნობილი იაპონური მშრალი ბაღები, რომლებშიც ისევ არის ინისა და იანის ბრძოლა, ოღონდ ნამდვილი წყალი შეცვალა ქვიშამ და გრავიურებმა.

იაპონური ბაღის ლამაზი პეიზაჟის უკან ყოველთვის იმალებოდა ის სიმბოლური ქვეტექსტი, რომ  ეს არის წარმოსახვის უსასრულო  სივრცე, კარები სხვა რეალობაში.

იაპონური ბაღი არის მედიტაციის, სილამაზის აღქმის და სამყაროს შემეცნების  ადგილი ერთდროულად.

აი, ამ კონტრასტების და მედიტაციური მშრალი ბაღების ქვეყანაში არის ერთი ადგილი, რომელიც ჩემი აზრით ნაწილობრივ ასახავს იაპონიას. ადგილი, რომელსაც რამოდენიმე სახელი აქვს.  მას ზოგჯერ „ქვების ბაღსაც“ ეძახიან, ხან „ფილოსოფიურ ბაღს“, „რიოანჯის ბაღს“ ; რამოდენიმე სახელი აქვს ამ ადგილს, რომელიც მთავარი ღირშესანიშნაობაა ქალაქ კიოტოში და ასევე წარმოადგეს ერთ ერთ ყველაზე ძვირფასს განძეულობას. ტაძარი რომლის ეზოსაც ბაღი წამოადგენს შლია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში.

251-070

ამ ბაღს სადაც განლაგებულია 15 ქვა, აქვს ათობით შინაარსობრივი ახსნა, თუ რა აზრია ჩადებული ბერი სოამის მიერ ამ 15 შავ ქვაში, რომლებიც დაუმუშავებელია და გაბნეულია თეთრ ქვიშაზე.

სინამდვილეში არის 15 ქვა  , რეალურად კი ამჩნევ მხოლოდ 14 -ს , მეთხუთმეტე ქვა არ ჩანს, მას ეფარებიან მეზობლად მყოფი ქვები. როგორც არ უნდა შეხედო და რა მხრიდანაც არ უნდა უყურო, ჩანს მხოლოდ 14  ქვა, ხოლო მე 15- ე ქვა ემალება სხვას. თუ გააკეთებ ერთ ნაბიჯს ის მე-15-ე ქვა , რომელიც ემალებოდა თვალს გამოჩნდება , მაგრამ სხვა ქვა მიიმალება მეზობელი ქვის უკან და ასე დაუსრულებლად, მთლიანობაში 15 ქვის დანახვა შეუძლებელია.

ეს ბაღი არის თვალსაჩინო შემეცნების მოდელი იმისა, რომ აუცილებლად რაღაც რჩება შეუცნობელი, დაუთვლელი, გაუთვლელი, გაუთვალისწინებელი, ჩვენ დარწმუნებულები ვართ , რომ ვხედავთ იმას რაც არის ბოლომდე და თავშიც კი არ მოგვდის აზრი, რომ არის ის რაღაც , რაც ჩვენს მზერას ეფარება და არ ჩანს.

შეიძლება ბაღის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ერთი და იგივე რამეს სხვადასხვა ადამიანი აღიქვამს განსხვავებულად – თავისებურად. ამავე დროს ამ ბაღში ყოფნისას არავის არ აქვს სურვილი ამტკიცოს – არა, მე ვხედავ სამყაროს სწორედ და სხვები ცდებიანო. შეიძლება ამ იდეის გასაღები ჩადებულია ჯერ კიდევ მაშინ, როცა შეიქმნა იაპონიის კონსტიტუცია  (როგორც იაპონური ქრონიკები ადასტურებენ), რომელიც შედგენილია პრინცი შიოტოკუს მიერ და თარიღდება VII საუკუნით და დღემდე აოცებს გონების სიღრმით.

კონსტიტუციის სტატია გვამცნობს: „ყველა ადამიანს აქვს გული, ხოლო ყველა გულს აქვს თავისი მიდრეკილებები, ის თვლის რაღაცას დადებითად, ხოლო მე – უარყოფითად. მე მივიჩნევ, რომ კარგია, ის – მიიჩნევს რომ ცუდია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს , რომ მე ბრძენი ვარ და ის ბრიყვია – ჩვენ ორივენი მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ“.

იყო ერთი ინგლისელი მოგზაური, გვარად ვატსონი. ის წერდა: „თუ თქვენ დაჰყავით იაპონიაში 6 კვირა,- თქვენ ყველაფერი გესმით, 6 თვის შემდეგ თქვენ ეჭვი გეპარებათ, 6 წლის შემდეგ თქვენ არაფერში არ ხართ დარწმუნებული.“ – ამით იმის თქმა მინდა, რომ იაპონია შეუცნობელია და როდესაც ვინმეს მიერ ნაამბობზე თქვენ სხვა აზრისა იქნებით, გაიხსენეთ „ქვების ბაღი“, სადაც ყველა ხედავს თავის 14 ქვას.

 

ნატალი ბარნაბიშვილი