რატომ გვტოვებენ საყვარელი ადამიანები და ჯოჯოხეთური გზა, რომელსაც საკუთარი თავის შეცნობამდე მივყავართ

0
4533

  ,,ბრუნდები შინ. იმზადებ ყავას, ჯდები სავარძელში  და გარშემო სიჩუმეა. მერე? მერე თავად წყვეტ ეს მარტოობაა თუ თავისუფლება!…”

,,…თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. ორივეს გვეგონა, რომ ძალიან გაგვიმართლა, რადგან ერთმანეთს შევხვდით. ვფიქრობდით, რომ ეს სწორედ ის იყო, რასაც ვეძებდით, თუმცა გულის სიღრმეში ორივე ვგრძნობდით, რომ თავს ვიტყუებდით, უბრალოდ ამის აღიარება არ შეგვეძლო. ცოტა ხანში პრობლემები დაიწყო… მერე? მერე ის წავიდა და ყველაფერი დამთავრდა”… მსგავსი ისტორია პირადი გამოცდილებიდან თუ არ გეცნობათ, ალბათ, მეგობრების, ნათესავების, ან ნაცნობებისგან მაინც მოგისმენიათ. მარტივი ჭაშმარიტებაა – სიცრუეზე ხანგრძლივ და მყარ ურთიერთობას ვერ დაამყარებ, მაგრამ ადამიანები თავს იტყუებენ, ვინაიდან ეშინიათ. ისინი შეპყრობილნი არიან ბედნიერად ყოფნის წყურვილით. მათ ასევე იმედი აქვთ, რომ მათი გრძნობა იმდენად ძლიერი აღმოჩნდება, ყველა დაბრკოლებას გადალახავს, ყველაფერს შეცვლის და ისე დაალაგებს, როგორც მათ სურთ. ისინი უბრალოდ იმდენად არიან მოცული ეგოიზმითა და ეგოთი, რომ სწორედ ნამდვილ მეს ჰკარგავენ. მათ ეშინიათ… ეშინიათ უსიყავრულობის, მარტოობის, აღიარების, სიმართლისთვის თვალებში ჩახედვისა და ამის შემდეგ უფრო რთულად გადასალახი ბარიერების დაძლევის. ეს შიში მათ ქვეცნობიერს სრულიად იპყრობს და იმორჩილებს. ვიდრე იმას გავაცნობირებთ, რომ ცხოვრება გრძელდება და ვიდრე განვითარების ახალ ეტაპზე გადავალთ, ,,ჯოჯოხეთის” გავლა გვიწევს…

ქაოსი

როდესაც ის გტოვებთ, რაოდენ დიდიც არ უნდა ყოფილიყო თქვენი წინათგრძნობა, ან შინაგანი მზადება ამისთვის, რეალური ეფექტი იმდენად ძლიერია, რომ სამყარო ქაოსში იძირება და თქვენ აგონია გიპყრობთ. შოკი, ტკივილი, ბრაზი, წყენა, შეურაცხყოფა, დამცირება, იმედგაცრუება, შურისძიების სურვილი, სიცარიელე, გულგატეხილობა, – ეს იმ გრძნობების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ამ დროს გეუფლებათ. ,,სიცოცხლემ აზრი დაკარგა”, ,,ფეხქვეშ მიწა გამომეცალა”, ,,სუნთქვაც კი მიჭირს”… – მსგავსი შეგრძნებები თქვენი არა თუ ყოველდღიურობა, არამედ ყოველწამიერი განცდა ხდება. ჰკარგავთ მანამდე არსებულ მოჩვენებით შინაგან წონასწორობას და დარწმუნებული უკვე აღარაფერში ხართ. რა თქმა უნდა, ეს განცდები, ან მათი შესაბამისი ქცევა პირობითია და ემოციებს ყველა ინდივიდუალურად განიცდის ან გამოხატავს. ზოგი უბრალოდ ტირის, სხვები კი უფრო შორს მიდიან და, თავდავიწყების სურვილით, შვებას ალკოჰოლში ან ნარკოტიკებში ჰპოვებენ. ზოგჯერ, სამწუხაროდ, ყველაფერი უფრო ფატალურადაც სრულდება. მაგრამ ეს გამოსავალი არ არის…

მსგავსის ძიება

როდესაც საყვარელი ადამიანები გვტოვებენ, ემოციურ ფონზე ხშირად მცდარ გადაწყვეტილებას ვიღებთ – ჩავანაცვლოთ ძველი მსგავსით, ურთიერთობას ვაბამთ სხვა, ჩვენთან ურთიერთობით დაინტერესებულ, ადამიანთან, რომელშიც კვლავ ძველ შეყვარებულს ვეძებთ და ვხედავთ. ან უბრალოდ, სამაგიეროს გადახდას ვცდილობთ. იმის ჩვენებას, რომ მათ გარეშეც მშვენივრად ვგრძნობთ თავს. ეს თავის მოტყუების კიდევ უფრო უსუსური გამოვლინებაა. ამ ფონზე შექმნილი ოჯახები, უმრავლეს შემთხვევაში, კრახისთვისაა განწირული. თუმცა, ალბათ, არიან ისეთებიც, რომლებსაც უმართლებთ…

მისი დაბრუნების იმედი

ეს, ალბათ, ყველა მიტოვებული ადამიანისთვის ნაცნობი გრძნობაა. როცა ის მიდის, იწყებთ ფიქრს, რომ მან შეცდომა დაუშვა და ამას მალე გააცნობიერებს, მიხვდება ,,თქვენს ფასს”, დანაკარგს და ა.შ. თავს იმშვიდებთ იმ აზრით, რომ ,,თქვენს მსგავსს ვერსად იპოვის”, ხოლო მისი ნებისმიერი ახალი ურთიერთობა წარუმატებელი აღმოჩნდება, მალე მიატოვებს იმ სხვას და ისევ თქვენთან დაბრუნდება. ეს ყველაფერი ,,თვითგადარჩენის” უშედეგო მცდელობა და ილუზიაა.

დანაშაულის შეგრძნება

როდესაც საყვარელი ადამიანი გტოვებთ და როდესაც ბრაზი გადაგივლით, მერე იწყება მიზეზების საკუთარ თავში ძიება. თქვენ იწყებთ ფიქრს, რომ ყველაფერი თქვენი ბრალი იყო, რომ ეს მხოლოდ თქვენ შეიძლებოდა დაგმართოდათ, ეჭვი შეგაქვთ საკუთარ შესაძლებლობებში, გგონიათ, რაღაც არასწორად გააკეთეთ, არ იჩენდით საკმარის ყურადღებას მის მიმართ, რაღაცებს ვერ ხვდებოდით ბოლომდე, არ გესმოდათ მისი, უინტერესო ან მოსაწყენი იყავით, არასაკმარისად ლამაზი… სინამდვილეში კი ეს ყველაფერიც სისულელეა, მონიკა ბელუჩიც მიუტოვებიათ, ბრედ პიტიც (გვინეტ პელტროუმ) პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და სექსუალურ ქალად აღიარებული მერლინ მონრო კი პირად ცხოვრებაში უბედური იყო. რა თქმა უნდა, უფრო გამოცდილი ხდებით, მაგრამ სინამდვილეში სიყვარულს მიზეზები არ სჭირდება. ხოლო ბედნიერება რაღაც სწავლებადი წესების ერთობლიობა არაა.


ახალი ურთიერთობის შიში

მიტოვებულ ადამიანებს ხშირად იპყრობთ სხვადასხვა სახის კომპლექსი. ეძებენ რა მიზეზებს საკუთარ თავში, ან თუნდაც ყველაფერში დამნაშავედ ყოფილ შეყვარებულს მიიჩნევდნენ, მათ ახალი ურთიერთობის დაწყების შიში სტანჯავთ. ჰგონიათ, რომ ისტორია განმეორდება. ესეც ის ტვირთია, რომლისგანაც უნდა გათავისუფლდეთ…

ცინიზმი

ასეთ მგდომარეობაში აღმოჩენის შემდეგ, თავდაცვის ერთ-ერთი მექანიზმია ყველაფრის მიმართ ნიჰილისტური და ცინიკური დამოკიდებულება. დასცინით და აქილიკებთ რომანტიკოს, მეოცნებე, შეყვარებულ… ადამიანებს. ხშირად ამბობთ, რომ ნამდვილი სიყვარული ილუზიაა, რომ ეს ყველაფერი ზღაპრებსა და ფილმებშია, რომ ერთ დღესაც ყველაფერი მთავრდება, ყველაფერი წარმავალია…. თუმცა, გულის სიღრმეში, თავადაც არ გჯერათ ამ ყველაფრის. უფრო ემოიურ ადამიანებს კი საკუთარი თავი გამოფიტვამდეც მიჰყავთ – არის წუთები, როდესაც არადეკვატურ ემოციებს (უადგილოდ ტირილის, სიცილს, ორივეს ერთად…) ან სრულ უემოციობას ავლენენ.

ყველაფერი, რაც ხდება, უკეთესობისთვისაა

ამბობენ, ომს მხოლოდ ოპტიმისტები იგებენ. პესიმისტებისთვის ჭიქა ყოველთვის ნახევრად ცარიელია, ოპტიმისტებისთვის კი – ნახევრად სავსე…
დგება დღე, როდესაც უშვებთ, რომ მოვლენები სწორედ ასე უნდა განვითარებულიყო და არა სხვაგვარად. ნელ-ნელა აცნობიერებთ, რომ ემოციურად დამოუკიდებელი ადამიანი ხდებით. ხვდებით, რომ თქვენს ცხოვრებაში უამარვი მიზეზი არსებობს ბედნიერებისთვის, იწყებთ იმ დეტალების შემჩნევას, რომლებიც მანამდე შეუმჩნეველი იყო. საკუთარ თავს ეკითხებით – რა გსურთ სინამდვილეში, ვინ გჭირდებათ ბედნიერებისთვის და გჭირდებათ თუ არა საერთოდ ვინმე. იწყებთ იმ საქმის ძებნას ან იმ საქმისთვის მთელი არსებით თავის მიძღვნას, რაც გიყვართ და რისი კეთებაც სიამოვნებას განიჭებთ. საკუთარი თავის შეცნობისა და პოვნის დაუძლეველი სურვილი ახალი სასიცოცხლო ენერგიით გავსებთ. გივითარდებათ საკუთარი თავის პატივისცემა და როდესაც იწყებთ იმ საქმის კეთებას, რაც კარგად გამოგდით, გემატებათ თავდაჯერებულობის შეგრძნება და აცნობიერებთ, რომ გვერდით საყვარელი ქალის/კაცის ყოლა საკუთარი თავის რეალიზაციის მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და არა ერთადერთი. საკუთარი თავის რეალიზაცია (საქმეში, ურთიერთობებში) და შემოქმედებითი ენერგიის ხარჯვა კი ბედნიერების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. ხვდებით, რომ ახლა სულ სხვა რამ გინდათ და სულ სხვა ვინმე გჭირდებათ. ის, ვისი არც შეცვლა-გადაკეთების სურვილი გექნებათ და ვისთანაც არც თქვენ მოირგებთ უცხო ადამიანის ნიღაბს, ვისთანაც უბრალოდ იქნებით ის, ვინც ხართ. აცნობიერებთ, რომ საინტერესო, მიმზიდველი და უფრო ძლიერი ადამიანი ხართ, ვიდრე იყავით. ქრება საკუთარი თავის სიბრალული და ამ გრძნობას თქვენგან წასული ადამიანის მიმართ მადლიერების გრძნობა ცვლის. თქვენ მას პატიობთ, უშვებთ… თავისუფლდებით… მერე? მერე მოდის ნამდვილი… მერე? ამის შემდეგ რაც ხდება, როგორც გლადიატორი მაქსიმუსი იტყოდა, ეს თქვენ უკვე აღარ გეხებათ… :))

და იქმნა ნათელი…

და დგება გამოღვიძების, წინსვლის, გარდაქმნის და ახალ ეტაპზე გადასვლის დრო!
აცნობიერებთ, რომ შესაძლოა, ამ ყველაფერს თქვენი ყოფილი შეყვარებული უფრო ადრე მიხვდა და თავის გზას დაადგა. ან ვერც მიხვდა და უბრალოდ სამყარო სხვა მიმართულებით წარსამართი თქვენი ენერგიის გამოთავისუფლებაში ამ ფორმით დაგეხმარათ. სამყარო მუდამ გეხმარებათ იაროთ წინ, არ გაჩერდეთ, განვითარდეთ და ამისთვის საჭირო ადამიანებს გიგზავნით. სიცრუეა გამოთქმა, რომ ,,კაცი ტანჯვისთვისაა გაჩენილი”. ადამიანი სრულყოფისა და სრულყოფილებისთვის გაჩნდა. მისი მამოძრავებელი ძალა კი სიყვარულია. ვინც ამის იმედს და რწმენას არასდროს კარგავს, ის ჭეშმარიტებით ცხოვრობს…

ავტორი: სოფია კრავჩენკო
Dare to be who you really want to be…
Just dare!… ^_^