30 შეკითხვა 90-იანი წლების ქართველი თინეიჯერის მეგობრობის დღიურიდან

0
10362

იმ დღეს ძველ ნივთებს ვალაგებდი და ჩემს სკოლისდროინდელ მეგობრობის დღიურს წავაწყდი. 90-იან წლებში, ანუ მაშინ, როდესაც მე მოსწავლე ვიყავი, მეგობრობის დღიურების წარმოება (ალბათ მშობლების თაობის გავლენითაც) ძალიან პოპულარული იყო. არ ვიცი, დღესაც აქვთ თუ არა სკოლებში ბავშვებს ასეთი დღიურები… სოციალური ქსელების, სმარტფონებისა და ლეპტოპების ეპოქაში ეს ალბათ აღარავის სჭირდება. ვფიქრობ, რეალური და უშუალო ურთიერთობა მაშინ უფრო გვქონდა ბავშვებს ერთმანეთთნ, ვიდრე დღეს, როცა ვირტულაურ სამყაროში ყოფნამ მართლაც ბევრი რამ ჩაანაცვლა. ასეთი ხუმრობაც კი გავრცელდა, ადრე ბავშვები ეზოში ვიყავით და ახლა ონლაინ ვართო. მაგრამ მეგობრობის დღიური ალბათ იმისთვის გვჭირდებოდა, რომ იქ გვეთქვა ერთმანეთისთვის ის, რასაც პირისპირ ვერ ვუბედავდით. მაშინაც გვაინტერესებდა, ვის ვინ უყვარდა და შეყვარებულის შესახებ შეკითხვებს დღიურში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ჩემთვის მაშინაც ყველაფერი სიყვარულის გარშემო ბრუნავდა, ამიტომ ყველა რომანტიკოსად მიმიჩნევდა. კაცმა რომ თქვას, რა არის ამაში ცუდი, მაგრამ მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა… არასდროს მომწონდა მსგავსება “ყველასთან”, “მასასთან” და ამიტომ ვედაცე ჩემს მეგობრობის დღიურში ცოტა არასტანდარტული შეკითხვები შემეტანა, თუმცა ვერც სტანტარტულ შეკითხვებს ავუარე გვერდი, მთლად გადარეულის იმიჯისთვისაც არ ვიყავი ალბათ მზად… :)) გაიხსენეთ ბავშვობა, იქნებ, აქ თქვენი თავიც იპოვნოთ…


1. რატომ გსურთ ჩემთან მეგობრობა და რა შეგიძლიათ დაწეროთ ზოგადად მეგობრობაზე?
2. თქვენი სიმპათია (ანტიპათია)?
3. გთხოვთ, დაწეროთ თქვენი ზედმეტი სახელი…
4. რომელი ფილმი და სპორტის რომელი სახეობა მოგწონთ?
5. რა მიგაჩნიათ ადამიანის მთავარ ნაკლად (ღირსებად)?
6. როგორი ბიჭები ან გოგონები მოგწონთ?
7. გიყვართ თუ არა ფიქრი?
8. როგორი ვარ მე თქვენს თვალში?
9. გყავთ თუ არა შეყვარებული (მისი სახელი და გვარი)?
10. დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს შეყვარებულს უყვარხართ, გაგიბრაზებიათ თუ არა ის?
11. როგორი თვალები აქვს თქვენს შეყვარებულს?
12. სად გიყვართ სეირნობა და ვისთან ერთად?
13. რომელი დღე იყო თქვენთვის სამახსოვრო (ყველაზე ბედნიერი)?
14. რას ნიშნავს წითელი ან თეთრი ვარდის ჩუქება?
15. რას აკეთებთ თავისუფალ დროს?
16. რას ნიშნავს პაემანი?
17. ახლა ამ წუთას რა გენატრებათ ან ვინ ყველაზე მეტად?
18. განსაცდელიდან რომელს დაიხსნიდით – მეგობარს, დას (ძმას) თუ შეყვარებულს?
19. რას ნიშნავს ბიჭი გოგოს უქრობს ანთებულ სანთელს?
20. შეიძლება თუ არა გოგომ ბიჭს პირველმა გაუმხილოს სიყვარული?
21. ვინ არის თქვენთვის იდეალი?
22. ვის გვერდით გირჩევნიათ ყოფნა, როცა ცუდ ხასიათზე ხართ?
23. რას უწოდებთ თქვენს ბედნიერებას?
24. ვის ანდობთ საიდუმლოს და რატომ?
25. მოგწონთ თუ არა თანამედროვე ახალგაზრდობა?
26. დაშვებულია თუ არა ყველაფერი 18 წლის ასაკში?
27. მოგწონთ თუ არა თანამედროვე მოდა?
28. ნახვამდის თუ მშვიდობით?
29. რა გსურთ ყველაზე მეტად ცხოვრებაში?
30. მომიძღვენით რაიმე სიტყვა…

^_^
სოფია კრავჩენკო