ჩვენ ყველას ორი ცხოვრება გვაქვს – შინაგანი და გარეგანი. ჩვენი შინაგანი ქმედება და გარეგანი ქმედება სხვადასხვაა. ჩვენ ასე თუ ისე ვფლობთ გარეგნულ ქმედებებს და საერთოდ ვერ ვფლობთ შინაგანს. თუკი ადამიანს გარეგნულ გამოვლინებეში ხარვეზები აქვს, ეს უნდა შეცვალოს – ცუდად აღზრდილმა კარგი აღზრდა უნდა მიიღოს. მაგრამ თუკი საკუთარი თავის ფლობა გვინდა ვისწავლოთ, უნდა ვისწავლოთ შინაგანი ქცევის მართვა. ჩვენ ორივე მათგანის ცალ-ცალკე დაუფლება უნდა ვისწავლოთ.
ეს ქალი მიყურებს. შინაგანად ანტიპათიას ვგრძნობ, გაჯავრებული ვარ მასზე, მაგრამ მაინც თავაზიანად მიჭირავს თავი. შინაგანად ისა ვარ, რაც ვარ, მაგრამ გარეგნულად სხვანაირად მიჭირავს თავი. ეს არის გარეგნული ქცევა.
ქალი ამბობს, რომ მე შტერი ვარ. ეს ბრაზს მგვრის. ის ფაქტი რომ გულმოსული ვარ, მხოლოდ შედეგია, მაგრამ რაც შიგნით ხდება შინაგანი ქცევა, შინაგანი ქმედებებია. ჩვეულებრივი ადამიანი ემორჩილება შინაგან იმულსებს. გარეგანი ქცევა შინაგანისგან წარმოსდგება. როდესაც ვხედავ იგი თავაზიანია, მეც თავაზიანი ვარ, მაგრამ ეს ქმედებები ერთმანეთისგან უნდა განსხვავდებოდეს.
მან არამეგობრულად შემომხედა, მე გული მომივიდა, მაგრამ დღეს მესმის ასე იმიტომ შემომხედა, რომ ან სულელია, ან ჩემზე რაღაც გაიგო. ის მონაა და შინაგანად არ უნდა ვჯავრობდე მასზე. მე მინდა მშვიდად ვიყო და შინაგან სიმშვიდეს შევინარჩუნებ.
გარეგნულად მსურს თავაზიანი ვიყო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გულმოსულადაც მოაჩვენო კაცს თავი. გარეგნულად – ეს იმას გულისხმობს რომ გავაკეთო ის რაც ორივესთვის საუკეთესოა, მაგრამ შინაგანი და გარეგანი ქმედება განსხვავებული უნდა იყოს.
შინაგანად თავისუფლები უნდა ვიყოთ ქცევა მისწრაფებისგან, გარეგნულად კი უნდა შევცვალოთ ყველაფერი, რაც დამკვიდრებულია.
ცვლილებებზე საუბრისას რა თქმა უნდა შინაგან ცვლილებებზე ვსაუბრობთ, გარეგნულად თუ ყოველივე წესრიგშია, არ არის საჭირო წესრიგშიც რომ არ იყოს, შესაძლოა მაშინაც არ იყოს საჭირო ცვლილება, რადგან მაშინ საქმე გვაქვს ორიგინალობასთან. აუცილებელი მხოლოდ შინაგანი ცვლილებებია.
შინაგანი რომ შევცვალოთ უპირველეს ყოვლისა ყველაფერი ზედმეტი უნდა მოვიცილოთ და ახალი შევქმნათ. ყოველ ადამიანშია ბევრი კარგი და ბევრი ცუდი. ჩვენ ყოველივე უნდა აღმოვფხვრათ, რომ ახალი დავაფუძნოთ.
გარეგნულად ყველა რაღაც როლს უნდა ვასრულებდეთ. ადამიანი მსახიობი უნდა იყოს, სხვაგვარად ცხოვრებას თავს ვერ გავართმევთ. ერთს ერთი საქმე მოსწონს, მეორეს – მეორე, თუ თქვენ ორივესთან მეგობრობა გსურთ და ერთნაირი დამოკიდებულება გაქვთ ორივესთან, ერთ-ერთს არ მოეწონება. თითოეულს ისე უნდა მოექცეთ, როგორც მას პირადად მოსწონს, მაგრამ შინაგანად სხვანაირად უნდა იყოს.
ჩვენს დროში ადამიანი სრულიად მექანიკურად იქცევა. რეაგირებას ახდენს ყველაფერზე. ვემორჩილებით ბრძანებებს: ის თავაზიანია, მეც თავაზიანი ვარ, ის უხეშია, მეც უხეში ვარ. ანუ ვიქცევი ისე, როგორც მას სურს. მე უბრალოდ მარიონეტი ვარ, ისიც მექანიკურია და ისიც მარიონეტია, რადგან მექანიკურად ემორჩილება ბრძანებებს, მაგრამ მეც ასე ვარ.
ჩვენ უნდა შევწყვიტოთ შინაგანი რეაგირება. როცა ვინმე უხეშია, შინაგანი რეაგირება არ უნდა მოვახდინოთ, ვინც ამას შესძლებს, სწორედ ის არის თავისუფალი. თუმცა ეს ძალიან ძნელია.
ადამიანი ცხენივითაა. ცხენი, რომელიც ჩვენშია, ემორჩილება გარედან მომავალ ბრძანებებს. ჩვენი გონება საკმაოდ სუსტია იმისთვის, რომ იმოქმედოს. თუნდაც შეჩერების ბრძანება გასცეს, ეს მხოლოდ გარეგნული იქნება, შინაგანად არაფერი ჩერდება.
მეეტლე აღზარდეს, ყველაფერი წაიკითხა, რაც ხელთ ჰქონდა და იცის როგორ უნდა მოიქცეს : გამარჯობათ, როგორ ბრძანდებით, ცხენს კი არავითარი აღზრდა არ მიუღია. მან არ იცის ანბანი, არ უვლია სკოლაში. შეეძლო ესწავლა, მაგრამ ჩვენ დაგვავიწყდა მისთვის გვესწავლებინა. არ ჩავთვალეთ საჭიროდ. ვასწავლეთ მხოლოდ მარჯვნივ და მარცხნივ.
ზოგჯერ ცხენი მეეტლეს არ ემორჩილება, მას არ შეუძლია ცხენს უბრძანოს, რადგან სადავე ხან ვიწროვდება, ხან ფართოვდება, ცხენს კი მხოლოდ სადავის ენა ესმის. რაც არ უნდა უღრიალოს მეეტლემ: მარჯვნივ შე არამზადავ, ცხენი ფეხს არ მოიცვლის, მხოლოდ მაშინ იგებს, როცა მეეტლე აღვირს მოსწევს. შესაძლოა ცხენსაც ჰქონდეს ენა, მაგრამ ეს მეეტლემ არ იცის.
ჩვენ ეს ცხენი უნდა შევცვალოთ. როდესაც წყნარად ზიხართ, მაშინ ადვილია ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ როგორც კი ვინმეს შეხვდებით, ცხენი ოჩნობას იწყებს, არ გემორჩილებათ.
ნუ იფიქრებთ რომ სწავლა დაგეხმარებათ ცხენის აღზრდაში. რამდენი წიგნიც არ უნდა წაიკითხოს, ყველა ცოდნა მეეტლის საკუთრება იქნება და არა ცხენის. ეტლი კი ცხენმა უნდა წაიყვანოს, მეეტლისთვის ძალიან მძიმეა.
უპირველეს ყოვლისა უნდა გააცნობიეროთ რომ თქვენ თქვენ არ ხართ. თქვენ ცხენი ხართ. თუ მუშაობა გინდათ ჯერ ცხენს უნდა შეასწავლოთ ენა, რომელზეც მას დაელაპარაკებით, რომ მისი მიდრეკილებების შეცვლის აუცილებლობა დაუმტკიცოთ.
თუ ამას შეძლებთ, ცხენი თქვენი დახმარებით სწავლას დაიწყებს. მაგრამ არ დაივიწყოთ, თუ მართლა თავისუფლება გსურთ, შიანაგანი რეაგირება უნდა შეწყვიტოთ, შინაგანი ქცევა, გარეგნული ქცევისგან დამოუკიდებლად.
გიორგი გურჯიევი