ყველა გენიოსია. თუმცა თუკი თქვენ თევზის შესაძლებლობებს მისი ხეზე ასვლის უნარებით განსჯით, მთელი ცხოვრება იფიქრებს, რომ სულელია. © ალბერტ აინშტაინი
აი, თქვენ დგახართ და თქვენი შვილების სკოლიდან გამოსვლას ელოდებით. გვერდით ერთ-ერთი მშობელი თავისი ბიჭის ფრიადებზე ტრაბახს იწყებს, მეორე მშობელი კი იმაზე წუწუნებს, რომ მის გოგონას ძილის დროც კი არ აქვს კლასგარეშე აქტივობების გადამკიდეს. იქვე მოშორებით კიდევ ერთი მშობელი მისი ტყუპების დაჯილდოების შესახებ იწყებს საუბარს. თქვენ რა გაქვთ სათქმელი? ოხრავთ.
ოდესმე გიფიქრიათ, მერე რა მოხდა თუ თქვენი შვილი ყველაფერს არ აკეთებს, რაც შეუძლია? რა მოხდა თუ ფრიადოსანი არ არის? იქნებ ის, როგორც ბავშვების უმრავლესობა, რომელიმე სფეროშია ძალიან ძლიერი და სხვებში მოიკოჭლებს? შეიძლება გეჩვენებათ, რომ უნივერსიტეტში მისი მოხვედრის შანსები ცოტაა, მაგრამ იქნებ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წარმატებული არ იქნება.
ფრიადები არც ისე მნიშვნელოვანია. აინშტაინიც ძალიან ცუდად სწავლობდა სკოლაში და ყველაზე რთული საგანი ფიზიკა იყო მისთვის. კვლევები აჩვენებს, რომ ხასიათის თვისებები მომავალი წარმატების გაცილებით უფრო ეფექტური ინდიკატორია, ვიდრე ინტელექტუალური შესაძლებლობები.
- სტრესთან გამკლავების უნარი
შედეგის მისაღწევად ბევრი შრომა იმ სიმტკიცეს აძლევს ბავშვს, რაც ასე აკლია თანამედროვე ბავშვთა კულტურას. მათ, ვისაც ბავშვობიდანვე ესმით, რომ სხვებზე ნიჭიერები და შესანიშნავები არიან, ჭკუა დასაზღვრულობა ჰგონიათ და როცა სკოლა მუდმივად უფრო და უფრო დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს, სირთულესთან შეჯახებისთანავე მცდელობას წყვეტენ.
ის ბავშვები კი, რომლებიც მიჩვეულები არიან, რომ რაღაც არ ესმით და პირველივე მცდელობაზე ყველაფერი კარგად ვერ გამოუვათ, მუდმივად აგრძელებენ მცდელობას. ისინი უფრო მეტად ორიენტირებულები არიან საგნის არსში ჩაწვდომაზე, ვიდრე ნიშნებზე, ადვილად არ იტეხენ გულს და წარმატების მთელი ფილოსოფიაც ეს არის – წამოდგე ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც დაეცემი. ასწავლეთ თქვენს პატარას, რომ ხანდახან ვიმარჯვებთ, ხანდახან – ვსწავლობთ.
- ცნობისმოყვარეობა
ის ბავშვები, რომლებიც სასკოლო პროგრამის შესრულებაზე არ არიან ორიენტირებულნი და სწავლობენ იმას, რაც მართლა აინტერესებთ, წარმატებას იოლად აღწევენ და კომპანიისთვის ნამდვილი განძი ხდებიან. მათ ორიგინალური ხედვები აქვთ, რადგან შეუძლიათ მოცემულობის გარეთაც იფიქრონ.
თანამედროვე მსოფლიო სწორედ ასეთ გონებას ეძებს, ხალხს რომელსაც შეუძლიათ ახალი რევოლუციური იდეების შექმნა. ამას წიგნში ვერ ისწავლი, ამას სკოლაში ვერ გასწავლიან, ამას სწავლობ იმის კეთებით, რაც არავის გაუკეთებია, სწავლობ მცდელობით, შეცდომებით და კიდევ ბევრი მცდელობით.
ამიტომ ფრიადებზე სწავლას კი ნუ მოსთხოვთ, ეცადეთ რამით დააინტერესოთ. კარგად დააკვირდით როგორი ტიპის მოსწავლეა, თუკი კინესტიკური მეთოდებით უკეთ სწავლობს (სწავლების მეთოდი, რომლის დროსაც მოსწავლეები ასრულებენ ფიზიკურ მოქმედებებს/დავალებებს, ლექციის მოსმენის ან დემონსტრაციის ყურების მაგივრად), მუზეუმში წაიყვანეთ. თუკი ვიზუალურისკენ იხრება (ზოგ მოსწავლეს განვითარებული აქვს ერთგვარი სივრცობრივი წარმოსახვა, ამიტომ მასალას უკეთ ითვისებს, როდესაც მასწავლებელი უხსნის და ასწავლის ფოტოებით, სურათებით, გრაფიკული, კოგნიტური სქემების გამოყენებით), ინტერნეტში მოიძიეთ დამატებითი მასალები, ან რაიმე შემოქმედებითი ნამუშევრის შექმნაში დაეხმარეთ იმ თემაზე, რასაც სკოლაში სწავლობს და ა.შ.
- გონებაგახსნილობა (მუდმივად სიახლეების აღმოჩენის უნარი)
შეფასებაზე ორიენტირებულობა კიდევ ერთ რამეში უშლის ბავშვს ხელს – გამოცდაზე უმაღლესი შეფასების მიღებისას ფიქრობს, რომ საგანი უკვე იცის. ეს აზრი განვითარების ყოველგვარ შანსს კლავს. ერთი გენიალური ლექტორი მყავდა, ამბობდა, რომ ფრიადი იმ საგანში, რასაც გვასწავლიდა, თავად მასაც კი არ ეკუთვნოდა. თავდაჯერებულობა, რომ სრულ ინფორმაციას ფლობ, ერთ ადგილზე გყინავს.
სწავლა სიბერემდეო, ასეთი გამოთქმა გვაქვს ქართველებს და ეს ბავშვობიდანვე უნდა გააცნობიეროს ადამიანმა. აღიარება, რომ რაღაც არ იცის, ის, რომ კითხვაზე პასუხი არ აქვს და შეკითხვის დასმის არ რცხვენია, პირიქით წასახალისებელია. ოჯახში გაარჩიეთ ხოლმე ის ყველაფერი, რასაც სკოლაში სწავლობს და არავითარ შემთხვევაში არ გაკიცხოთ, თუ რამე არ იცის, ან არ ესმის, ან სხვანაირად ესმის. პირიქით, გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ ყველა განსხვავებული აზრი დასაფასებელი, საინტერესო და მნიშვნელოვანია, ნებისმიერი საუბრისთვის.
- დისციპლინა
ბედაური ბოლოსო. თქვენ ყველას წაგიკითხავთ კუს და კურდღლის შეჯიბრების ამბავი, სადაც თანდაყოლილი ტალანტებისა და უპასუხისმგებლობის სინთეზს, შრომისმოყვარეობამ აჯობა. გენიალობას ნიჭისა და შრომისმოყვარეობის სინთეზი გვაძლევს, ცალ-ცალკე ორივე – ხელმოცარულებს. ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ შრომისმოყვარეობა და დისციპლინა უფრო მეტ შედეგებს იძლევა, ვიდრე მაღალი IQ. ეს იმას ნიშნავს, რომ გამუდმებული მცდელობა და თანდათანობითი პროგრესი უფროა წარმატების გარანტი, ვიდრე ხალასი ნიჭი, რომელსაც ტესტებისთვის მომზადება არც სჭირდება.
ეცადეთ, მისი ყოველი პატარა ნაბიჯი წაახალისოთ, თვითდისციპლინის განვითარებაში დაეხმარეთ და სახალისო აქტივობებიც ჩაურთეთ უკეთ დასამახსოვრებლად. ეს რუტინასაც აარიდებს მას და თან ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებასაც ასწავლის.
- თავდაჯერებულობა
სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით გამართულ გასაუბრებაზე არავინ მოსთხოვს თქვენს ქალიშვილს შუშანიკის წამების ციტირებას ან მრავალუცნობიანი განტოლების ამოხსნას. ისინი ისეთ ადამიანს ეძებენ, ვისაც დამოუკიდებლად აზროვნება, გუნდთან მუშაობა, სიახლეების ათვისება შეუძლია (მუდმივად ინფორმაციისთვის გახსნილობა) და აქვს იმდენი თავდაჯერება, რომ არ ეშინია გამოწვევების.
ნუ ჩაუნერგავთ ავტორიტეტების მიმართ მოკრძალებას, ნურასოდეს ეტყვით, რომ როდესაც უფროსები საუბრობენ გაჩუმდეს, პირიქით ისე მიიღეთ მისი აზრები, როგორც ნებისმიერი სრულწლოვანი და სრულუფლებიანი პიროვნებისგან მიიღებდით. ასწავლეთ საკუთარი თავის გამოხატვა, პოზიციონირება და, რაც მთავარია, ნურასოდეს შეადარებთ სხვებს. ერთადერთი, ვისაც ადამიანი უნდა შეეჯიბროს, გუშინდელი მისი თავია. ის არც არავისზე მეტია და არც არავისზე ნაკლები. ის უბრალოდ თავისი თავია.
ასე რომ, ნურასოდეს დახრით თავს, როცა სხვა მშობლები თავიანთი შვილების ნიჭიერებაზე ლეგენდებს ყვებიან, უბრალოდ დაეხმარეთ მას იმ თვისებების განვითარებაში, რაც მომავალი წარმატების და ბედნიერი ცხოვრების გარანტი გახლავთ.
დოჩი გოგო