ადამიანების მოხიბვლის  5 მარტივი წესი

0
1163

არსებობენ ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც ყველას უხარია. ერთნაირად უყვართ მეგობრებს, თანამშრომლებს, ბოსებს, ხელქვეითებსა  და უბრალო ნაცნობებსაც კი. ამ სიმპათიის მიზეზები იმდენად გაუცნობიერებელია, ხშირად კარგ აურას, ძლიერ ენერგეტიკას ვაბრალებთ. სწორედ ეს არის ქარიზმა.

ბევრი ფიქრობს, რომ ეს ერთგვარი ტალანტია, თანდაყოლილი ნიჭი, თუმცა ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ქარიზმატულობის გამომუშავება ყველას შეუძლია, თუკი საკუთარ თავზე იმუშავებს და მიხვდება ადამიანების მოხიბვლის მთავარ პრინციპს: მათ ისინი უყვართ, ვის გვერდითაც თავს განსაკუთრებულად გრძნობენ.

მაშ ასე, ქარიზმატულობის 5 წესი:

წესი ნომერი პირველი: ეცადე ადამიანებს თავი მნიშვნელოვნად აგრძნობინო

tumblr_inline_n4ruv56FUf1ry9hph

დაინტერესდით, დასვით შეკითხვები,  უყურეთ თვალებში. სანამ რამეს იტყოდეთ, დაფიქრდით, რამდენად მნიშვნელოვანი რამ გაქვთ სათქმელი და თუკი არც ისე საინტერესოდ მოგეჩვენებათ – გაჩუმდით. რაც უფრო ნაკლებს იტყვით, მით უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭება იმას, რაც თქვით.

ქარიზმატული ადამიანები საკუთარი თავის წარმოჩენაზე არ ფიქრობენ, მათ ისედაც იციან საკუთარი თავის ფასი და ამიტომ სხვებს ეხმარებიან თავის პოზიციონირებაში.  ქვეცნობიერად ყველას ის ადამიანი იზიდავს, ვის გვერდითაც თავს განსაკუთრებულ პიროვნებად გრძნობს. ამიტომ ჩამოდიან ხოლმე დარბაზში და აჰყავთ სცენაზე ,,კერპებს“ თავიანთი თაყვანისმცემლები. მათ თანასწორად და განსაკუთრებულად აგრძნობინებენ თავს და ამით ხიბლავენ.

წესი ნომერი ორი: მოისმინე ყურადღებით

bored-bundy

ადამიანს თავი მნიშვნელოვნად და კომფორტულად რომ აგრძნობინო, მთლიანად უნდა  იყო ჩართული საუბრის პროცესში, ეცადეთ თვალებით კონტაქტი არ შეწყვიტოთ, აქეთ-იქეთ ყურებას, პარალელურ საქმიანობას, ტელეფონში ქექვას, სოციალურ ქსელებში სიახლეების სქროლვას, საათის გადამოწმებას არ გირჩევთ. ისინი უნდა დაარწმუნოთ, რომ პატივს სცემთ, დაინტერესებული ხართ, გადარდებთ…  გამოხატეთ ემოციები და პასუხისთვის გამოიყენეთ სხეულის ენა. ქარიზმატული ადამიანები გულხელდაკრეფილი არ სხედან, მდიდარი ჟესტიკულაცია აქვთ. გამოხატეთ ემოციები, გაიღიმეთ, წარბები შეჭმუხნეთ, თავი დაუქნიეთ. დროდადრო მიმიკებით ან რეპლიკებით გამოხატეთ თქვენი პოზიციები თანამოსაუბრის  ნაამბობთან დაკავშირებით.

ადამიანზე ხელის ჩამორთმევის მანერითაც კი შეგიძლიათ შეიქმნათ შთაბეჭდილება. თქვენი აზრით, რატომ ართმევენ ხოლმე ასე გულმხურვალედ ხელს პოლიტიკოსები თავიანთ ამომრჩევლებს, რატომ უყურებენ გამუდმებით თვალებში? ეს ყურადღებაა, ყურადღება კი ყველას სიამოვნებს.

წესი ნომერი სამი: გაეცი უანგაროდ და მიიღე სიხარულით

Benedict-Cumberbatch-thank-you

 ეცადეთ  უფრო მეტი გასცეთ, ვიდრე იღებთ – კომპლიმენტებითა და მორალური მხარდაჭერით დაწყებული, მატერიალური ნივთებით დამთავრებული, მაგრამ, დაიმახსოვრეთ, დავალებულად ყოფნა არავის მოსწონს. ამიტომ გაეცით უანგაროდ, ნურაფერს ელით სანაცვლოდ და მიღებაზეც არასოდეს თქვათ უარი. თანაც აუცილებლად გამოხატეთ სიხარული და მადლიერება. სხვებსაც მიეცით საშუალება დიდსულოვნად და საჭირო ადამიანად იგრძნოს თავი.

წესი ნომერი ოთხი: თავი კიტრად ნუ მოგაქვთ, თავს ის იფასებს ვისაც სხვები არ აფასებენ

tumblr_inline_n30ljrpjhM1riveju

ერთადერთი, ვინც თქვენი აბზუებული ცხვირით შეგიძლიათ მოხიბლოთ, ისევ თვითონ აბზუებული ცხვირის პატრონია, რომელსაც არავინ უყვარს და არავის აფასებს, გარდა მასზე უფრო მეტად აბზუებული ცხვირის მქონეებისა, ნორმალურ ადამიანებს კი, ვისი სიმპატიის დამსახურებითაც, რაღაცას შეცვლით თქვენს ცხოვრებაში, ეს დისკომფორტს უქმნის. ხალხს სნობები არ უყვარს. ამიტომ თუკი ენამახვილი ბრძანდებით, ეცადეთ ეს ნიჭი ხალას, კეთილ იუმორზე დახარჯოთ და არა ცინიზმზე. ადამიანებს უყვართ, როდესაც ვინმე კარგ ხასიათზე აყენებს. მათ გულებამდე კარგი იუმორითაც შეგიძლიათ მისვლა.

აქაც ზუსტად იგივე პრინციპია – როგორც არ უნდა გელაქუცონ გამორჩენის მიზნით, რეალურად გულშემატკივარი არ გეყოლებათ, რადგან ლაქია ვერაფრით გიგულშემატკივრებს. არა, გენაცვალე, როცა თქვენი უდიდებულესობა ოთახში შემოდის, ჩვენ სიხარულით ჭკუიდან არ ვიშლებით.

წესი ნომერი ხუთი: არ დაივიწყო, რომ გარემო უფრო მნიშვნელოვანია

tumblr_mdihx11pRz1qdqllqo1_500

და ბოლოს, შენ საკმაოდ ბევრი იცი საკუთარი შეხედულებების შესახებ, დიდი ხანია უკვე, რაც შენი გადმოსახედიდან  უყურებ ცხოვრებას და  აქედან უკვე ახალს ბევრს ვერაფერს სწავლობ.

ქარიზმატული ადამიანები გონებაგახსნილი ადამიანები არიან, მუდამ ღია ახალი ინფორმაციისთვის, ახალი ადამიანებისთვის. იმ ყველაფერს, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, კი არ თამაშობენ, გულით აკეთებენ. მათ მართლა უყვართ ადამიანები, მართლა აინტერესებთ ისინი, მართლა გრძნობენ მათ მნიშვნელობას და მართლა არ უყურებენ ზემოდან არავის.

ეცადეთ  იყოთ გულწრფელი. ბევრი სწორედ აქ ცდება – იმდენად უნდა კარგი შთაბეჭდილების მოხდენა, ხელოვნურობაში გადასდის. ეს არ გამოგადგებათ, სიყალბეს ყველა გრძნობს. შეიყვარეთ და დააფასეთ, ისინიც დაგაფასებენ, რადგან მოსწონთ, როცა ვიღაცისთვის საჭირონი არიან.