პირველად იმ დღეს ვიფიქრე, მგონი,
რომ ავცდებოდით…
რომ ჩვენი გზები
სხვადასხვა იყო და ყველა ღონეც
იყო ამაო, თუ ღმერთის ნებით
არ მოხდებოდა…
ღმერთი კი ისევ
შორს იყო ჩვენგან, რადგან არავის
აღარ გვახსოვდა,
არ ვთვლიდით ღირსად.
მაგრამ სიმართლის ხმა, შემზარავი,
მაინც ცოცხლობდა.
და თურმე დღემდე
იმ ხმას კი არა, დანას ვმალავდი,
დანას,
რომელიც მკვლელობის შემდეგ
შემომაჩეჩეს ხელში ძალათი.
…და მაინც დიდი გზაა იქამდე,
კვლავ შევესწრები ხის აყვავებას,
კვლავ შემაწუხებს,რაც დავიქადნე,
ქმნად სიკეთისა რაც მაკავებდა.
და სანამ მხრებზე მემსხვრევა წვიმა,
გზები ნაბიჯებს სანამ მითვლიან,
მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას,
რაც ჩემი ნებით არ დამითმია.
ლექსები: ოთარ ჭილაძე
ფოტოები: ჯონ ჯონსი