რომი შნაიდერი და ალენ დელონი – XX საუკუნის ულამაზესი წყვილის ტრაგიკული სიყვარულის ამბავი

0
1652

“წლეულს შენ 70 წელი შეგისრულდებოდა. ძალიან მენატრები.
იმიტომ, რომ ჩვენ დავინიშნეთ 50 წლის წინ.
იმიტომ, რომ ჩვენ ერთად გავცურეთ ფილმში “აუზი” 40 წლის წინ.
იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა.
იმიტომ, რომ ჩვენ ბედნიერი ვიყავით ერთად – და უბედური, როცა დევიდი გარდაიცვალა.

იმიტომ რომ ეს ვიყავით მე და შენ – სწორედ ამიტომ”, – ამ სიტყვებით გაიხსენა რომი შნაიდერი ალენ დელონმა, 2008 წელს, ფრანგული ოსკარის სეზარის დაჯილდოებაზე. XX საუკუნის ულამაზესი წყვილის ურთიერთობის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. მამაკაცური სილამაზის სიმბოლოდ მიჩნეულმა ალენ დელონმა და ულამაზესმა რომი შნაიდერმა, დიდი წვლილი შეიტანეს XX საუკუნის მსოფლიო კინემატოგრაფიაში და ერთმანეთისადმი საოცარი სიყვარულით, თავადაც მოახერხეს შეექმნათ სევდიანი და ტრაგიკული “სიყვარულის ისტორია”. ის მართლაც ფილმივით დასრულდა რომი შნაიდერის გარდაცვალებასთან ერთად. დღეს ალენ დელონი 77 წლისაა, მისი თქმით, რომი შნაიდერი მის გულსა და მოგონებებში ცხოვრობს.

* * *

ფრანგი მსახიობი ალენ დელონი, რომლის სრული სახელი და გვარია ალენ ფაბიენ მორის მარსელ დელონი, 1935 წლის 8 ნოემბერს, პარიზის გარეუბან სოში დაიბადა. მამა კინოდარბაზის დირექტორი იყო, დედა – ფარმაცევტი. ალენი სამი წლისაც არ იყო, როცა მშობლები გაიყარნენ. რვა წლისა პანსიონში მოხვდა, საიდანაც უდისციპლინობის გამო პერიოდულად აგდებდნენ. ალენ დელონს კლასიკური თეატრალური განათლება არ მიუღია. დედამ და მამობილმა მისთვის ყასბის პროფესია შეარჩიეს. 16 წლისა ველოსიპედით და კრივით ერთობოდა, დადიოდა კინოში. 17 წლის ალენი ინდოჩინეთის პირველ ომში მოხვდა, სადაც მისი თქმით, სამხედრო სამსახურის ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით 11 თვე გაატარა ციხეში უდისციპლინობის ბრალდებით. ალენ დელონი ამბობს: “ომმა საშინელება დამმართა, ილუზიების ნარჩენები და იმედების ნაგლეჯები ჩამიკლა. იქ სამუდამოდ დავტოვე ბავშვობა”. 1956 წელს ალენი პარიზში დაბრუნდა. დღისით გაზეთებს არიგებდა, ხანაც მიმტანად მუშაობდა. ერთ დღესაც ბედმა გაუღიმა და ქუჩაში “ტალანტებზე მონადირე” ჰარი უილსონს გადაეყარა, რომელიც შვიდწლიანი კონტრაქტის გაფორმებას შეჰპირდა. ამის შემდეგ ფრანგმა რეჟისორმა ივ ალეგრემ მეორეხარისხოვან როლზე მიიწვია. ალენმა ეს შანსი გამოიყენა, მან განგსტერის როლი შეასრულა ფილმში “როცა ქალი ერევა” და ამით კინოკარიერა დაიწყო.

ალენ დელონისგან განსხვავებით, რომელმაც კარიერის დაწყებამდე და აღიარებამდე ცხოვრების რთული გზა განვლო, ულამაზესი რომი შნაიდერი ბავშვობიდან დიდების მწვერვალზე იყო. გერმანული წარმოშობის მსახიობი რომი შნაიდერი, რომელმაც მაყურებელს ნიჭიერებითაც დაამახსოვრა თავი, 1938 წლის 23 ოქტომბერს ვენაში, მსახიობთა ოჯახში დაიბადა. 14 წლის რომი დედასავით მსახიობობაზე ოცნებობდა. 15 წლისას ოცნება აუსრულდა და მისი დებიუტი მოეწყო. რომიმ ორ წელიწადში უკვე ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ფილმით “სისი: იმპერატორის მძიმე წლები” (1957 წელი).

XX საუკუნის ულამაზესი წყვილის გზები 1958 წელს, ფილმ “ქრისტინას” გადაღებებზე გადაიკვეთა, როცა რომი შნაიდერმა უარი თქვა ფილმ “სისი: იმპერატორის მძიმე წლების” სერიების გაგრძელებაზე და “ქრისტინას” გადაღებებს დათანხმდა. ფილმის რეჟისორი პიერ-გასპარ იუტი დაჰპირდა რომის, რომ ლამაზ და ახალგაზრდა მეწყვილეს შეურჩევდა (საინტერესოა, რომ რომიმ ამ ფილმში ჰონორარი 75 მილიონი ფრანკი მიიღო,
ალენმა კი მხოლოდ 300 ათასი). ფოტორეპორტიორთა ალყაში მოქცეული ალენ დელონი რომის პარიზის აეროპორტში ელოდა ყვავილებით ხელში, რომლებიც არც კი იცოდა როგორ უნდა სჭეროდა. როგორც კი თვითმფრინავი დაეშვა, ალენი რომისკენ გაემართა. რომის დედისთვის უკითხავს: “ვინ არის ეს ყმაწვილი?” მან უპასუხა: “ალენ დელონი უნდა იყოს – შენი პარტნიორი”. ამის მეტი არაფერი მომხდარა, მაშინ არც სიყვარულის ელდა სცემიათ. მეტიც, ფილმის გადაღებების დროს ისინი ხშირად ჩხუბობდნენ. რომი ზედმეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს, იგი პარტნიორზე ამბობდა: “ჩვენ შორის ძნელია საერთო ენის გამონახვა.

არავინ აიტანდა გერმანიაში საქმისადმი ისეთ დამოკიდებულებას, როგორიც მას აქვს”. რომი ასევე იხსენებდა: “პარიზში გავიცანი ნამდვილი ალენი, ეკლიანი, იმპულსური, მოუხეშავი ჭაბუკი, რომელიც ჯინსსა და პერანგს არ იშორებდა, სულ აგვიანდებოდა გადაღებებზე, მთელ ქალაქს უვლიდა თავისი “რენოთი” და არაჩვეულებრივ ამბებს ჰყვებოდა…”

გადაღებები დამთავრდა, რომი და ალენი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ისინი ისევ ფილმის გადაღებებმა შეახვედრა. ალენი ვენაში ჩავიდა და გაგიჟებით შეუყვარდა რომი, რომისაც შეუყვარდა ალენი… შემდეგ ხშირად ეკითხებოდნენ ერთმანეთს, მე უფრო ადრე შემიყვარდი თუ შენ? ისინი დაითვლიდნენ 1, 2, 3 და ერთდროულად პასუხობდნენ: არც მე და არც შენ, ორივეს! გადაღებების დამთავრების შემდეგ ალენმა რომის მასთან ერთად ცხოვრება შესთავაზა, რომიმ კი მაშინვე უპასუხა: “მე მინდა შენთან ერთად ცხოვრება საფრანგეთში”. ალენისგან განსხვავებით, რომი უმდიდრესი გერმანული ოჯახიდან იყო. რა თქმა უნდა, მშობლები წინააღმდეგი იყვნენ მათი ნიშნობისა, რადგან მათთვის დელონი ერთი უსახლკარო, გაუნათლებელი კაცი იყო. ბობოქრობდა მთელი ავსტრია და გერმანია, ისინი დელონს უზურპატორს, ბავშვების გამტაცებელს უწოდებდნენ. დელონმა ხომ მათ დედოფალი მოსტაცა.

ფრანგმა ალენმა, რომელმაც სიტყვაც არ იცოდა გერმანულად, მოიტაცა რომი, რომელმაც ასევე სიტყვაც არ იცოდა ფრანგულად. მათ უსიტყვოდ უყვარდათ ერთმანეთი. ისინი ერთმანეთს შეჰყურებდნენ და იცინოდნენ. ალენი რომის თოჯინას ეძახდა, ალენს კი პეპე ერქვა. ისინი პარიზში ცხოვრობდნენ. 1959 წლის 22 მარტს მათ ჯვარი დაიწერეს. ალენ დელონმა რამდენიმე თვის შემდეგაც ვერ შეძლო გერმანულის სწავლა, რომიმ კი ისე კარგად ისწავლა ფრანგული, რომ ერთად თამაშობდნენ ლუკინო ვისკონტის სპექტაკლში, საფრანგეთის თეატრის სცენაზე. ვისკონტი ამბობდა, რომ ალენი და რომი ერთმანეთს ჰგავდნენ, ორივეს ერთნაირი V ჰქონდათ წარბებს შორის, ამიტომაც შიშსა და გაბრაზებას ერთნაირად გამოხატავდნენ. ვისკონტი ამას რემბრანდტის V-ს უწოდებდა, რადგან როგორც იგი ამბობდა, ამგვარი V მხატვრის ავტოპორტრეტებში აშკარად იყო გამოსახული. გერმანელი გოგონა, რომლის მეტსახელები “მის დამწუხრებული” და “რომინა” იყო, სულ მალე ფრანგ ქალად იქცა. ამაში წვლილი ალენ დელონს, ლუკინო ვისკონტისა და კოკო შანელს მიუძღვით. ალენ დელონი მოგვიანებით ამბობდა: “მე გაქციე შენ ფრანგ ქალად, ფრანგ კინოვარსკვლავად, დიახ, ეს ჩემი დამსახურებაა… და ეს ქვეყანაც, საფრანგეთი, რომელიც შენ ჩემ გამო შეიყვარე, შენი სამშობლო გახდა”.

დიდი ბედნიერება, უსიტყვო სიყვარული, ვნებიანი რომანი ოფიციალური სამოქალაქო ქორწინებით მაინც არ დასრულებულა. ვერავინ იტყვის, რომ მათი სიყვარული გაქრა, მაგრამ ისინი დაშორდნენ… მათი დაშორებაც ისეთივე უსიტყვო იყო, როგორიც სიყვარული. გასტროლები, პრესის ინტრიგები, ამ ყველაფერმა მათ ურთიერთობაზე გავლენა იქონია. პროფესიულმა მოვალეობებმა თითქოს დააშორა ისინი. ალენი იტალიაში გაემგზავრა, რომი დასავლეთ გერმანიაში მუშაობდა. რომი იტანჯებოდა, ალენი – ნაკლებად. დელონი ვარსკვლავი გახდა, სულ რაღაც ხუთ წელიწადში მიაღწია წარმატებას. ახალი და საინტერესო ნაცნობობით გატაცებული დელონი ვერ ხედავდა, ან არ სურდა დაენახა, როგორ იტანჯებოდა რომი. 1963 წელს რომი მარტო ცხოვრობდა ჰოლივუდში. ის ახალ ფილმზე მუშაობდა. ალენი მას არ გაჰყვა და არც აეროპორტში დახვედრია ჩამოსულს. რომიმ საკუთარ ბინაში ალენის დატოვებული შავი ვარდი და წერილი ნახა, რომელშიც ეწერა: “ჩვენ დანიშნულები ვიყავით, მაგრამ ვერ დავქორწინდით, ჩვენ საერთოდ არ გვაქვს დრო ერთმანეთისთვის და ერთმანეთს მხოლოდ აეროპორტში ვხვდებით. გიბრუნებ თავისუფლებას და გიტოვებ ჩემს გულს”.

ალენ დელონი შემდეგ იხსენებდა: “რომი განეკუთვნებოდა იმ სოციალურ ფენას, რომელიც მე მძულდა. ვცდილობდი გამეთავისუფლებინა იმ წესებისგან, რომელსაც მას ოცი წლის განმავლობაში ასწავლიდნენ ოჯახში”. ასევე ამბობს, რომ “მასში ყოველთვის ორი არსება ცხოვრობდა – ფაქიზი, დაუცველი თოჯინა და რკინის ხასიათის მქონე გერმანელი ქალი. პირველს ვაღმერთებდი, მაგრამ მეორე მძულდა. დაშორება ალენის სურვილი უფრო იყო, ვიდრე რომის. რომი თავის დღიურში წერდა: “ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მას არასოდეს დავტოვებდი, ძალიან მიყვარდა და ყველაფერს ვაპატიებდი”.

ალენმა და რომიმ ცალ-ცალკე განაგრძეს ცხოვრება, ალენმა სულ მალე, 1964 წლის 13 აგვისტოს ცოლად შეირთო ფრანსინ კანოვა (ნატალი დელონი), რომლისგანაც შეეძინა ვაჟი ენტონი. დელონის ქორწინების შესახებ რომიმ გაზეთებიდან შეიტყო. ალენი გახარებული იყო, ამბობდა: “ახლა მამა ვარ, ცოლი მყავს, ვეცდები, კარგი ქმარი ვიყო. ალბათ ამას უცებ ვერ ისწავლი”. თუმცა ალენი ოთხ წელიწადში დაშორდა ცოლს.

ალენთან დაშორების შემდეგ, 1966 წელს რომი ცოლად გაჰყვა გერმანელ რეჟისორსა და მსახიობს ჰარი მეიერს. მათ ერთი შვილი ეყოლათ, დევიდი. თითქოს რომი ბედნიერი იყო, თითქოს ადვილად გადაიტანა ალენთან დაშორება, მაგრამ ეს მხოლოდ ბრძოლა იყო საკუთარ თავთან.

მოგვიანებით, 1969 წელს ფილმ “აუზის” გადაღებებისთვის ალენ დელონმა რომის დაურეკა და ერთად თამაში შესთავაზა. რომი შემდეგ აღიარებდა: “გული ისევ სიყვარულით აფორიაქდა. ვხვდებოდი, რომ რაღაც საშინელებას ჩავდიოდი… დელონმა სიცოცხლე დამიბრუნა, რომლისგანაც გაქცევას ვაპირებდი, საყვარელ საქმესთან დამაბრუნა”.

გადაღებების დროს მთელი საფრანგეთი ცნობისმოყვარე თვალს ადევნებდა წყვილს. აინტერესებდათ, უყვარდათ თუ არა ისევ ერთმანეთი. ფილმის გმირების ბედი რომისა და ალენის რეალურ ცხოვრებას ჰგავდა. ჟურნალისტების კითხვებს ალენი მხიარულად პასუხობდა: “ამჯერად მართლა სცენარის მიხედვით გვიყვარს ერთმანეთი”. რომის პასუხი კი განსხვავებული და სერიოზული იყო: “დელონი? არაფერია იმაზე ცივი, ვიდრე ჩამკვდარი სიყვარული”. დელონი და რომი მართალია დაშორდნენ, მაგრამ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მაინც ერთად იყვნენ. ერთმანეთს ეხმარებოდნენ და აძლიერებდნენ. გრძელდებოდა რომის აღმასვლა. 1975 წელს მან ფილმში “მთავარია გიყვარდეს” შესრულებული როლისთვის სეზარი მიიღო, ხოლო 1978 წელს კვლავ სეზარით დაჯილდოვდა ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ფილმში “უბრალო ისტორია”. რომი წერს: “ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცი არის და ყოველთვის იქნება ალენ დელონი. დღესაც ალენი ერთადერთი მამაკაცია, რომელსაც ვენდობი. ის ყოველთვის მეხმარება, ალენმა მე ქალად მაქცია”.

რომის მეუღლემ, ჰარიმ რომის არ აპატია დელონთან ურთიერთობა. ისინი 1975 წელს დაშორდნენ. მოგვიანებით, 1979 წელს ჰარიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ჰამბურგში. ჰარისთან გაშორებისთანავე რომი ცოლად გაჰყვა პირად მდივან დანიელ ბიაზინის. მათი ურთიერთობა 1981 წლამდე გაგრძელდა.

რომი შნაიდერის ცხოვრება საბოლოოდ დაინგრა 1981 წლის 5 ივლისს, როცა დანიელის მშობლების სახლში 14 წლის დევიდმა, სახლის გარშემო შემოვლებულ გალავანზე აძრომისას, საძილე არტერია დაიზიანა… ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. რომი ამ უბედურებას ვეღარ გაუმკლავდა, მან ალკოჰოლის მიღება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ალენი იხსენებს: “იმ დღეს, როცა დევიდი მოკვდა, რომიმ ჩვენ დაგვტოვა, მას აღარ სურდა სიცოცხლე”. მართლაც, ერთ არცთუ მშვენიერ დღეს რომი შნაიდერის გული გაჩერდა. 1982 წლის 29 მაისს გაზეთები რომის გარდაცვალების ცნობებით აჭრელდა. უმშვენიერესი რომი შნაიდერი 42 წლის ასაკში, ტკვილგამაყუჩებლების ზედმეტი დოზით გარდაიცვალა, შემდეგ კი გამოაცხადეს, რომ მსახიობი გულის შეტევით დაიღუპა. უკანასკნელ საღამოს, რომის უსიცოცხლო ხელი ალენს ეჭირა…

მსოფლიოს ულამაზესმა მამაკაცმა, საყვარელი ქალის საფლავთან უზარმაზარი თაიგული მიიტანა. ისეთივე თეთრი ვარდებით, პირველად აეროპორტში შეხვედრისას რომ მიართვა. როცა სასაფლაოდან ყველა წავიდა, ალენმა ჯიბიდან ბარათი ამოიღო და რომის საფლავზე დადო. ბარათში ეწერა: “შენთვის, მხოლოდ შენთვის რამდენიმე გერმანული სიტყვა ვისწავლე: მე შენ მიყვარხარ, საყვარელო”.

რომის უთქვამს: “ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში საუკეთესო რამ, რაც ადამიანს გააჩნია, არის მოგონებები”. ალენის გამოსათხოვარი წერილი მოგონებებით არის სავსე: “… ჩემო თოჯინა, ისევ და ისევ გიყურებ, მინდა ჩემმა მზერამ გშთანთქას”.

დელონი რომის თავისი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს უწოდებს, ყოველ წელს აღნიშნავს მასთან ნიშნობის თარიღს, 22 მარტს. ერთ-ერთ ინტერვიუში კი აღიარა: “ცოლად უნდა მომეყვანა…” ალენს რომ მართლაც ცოლად შეერთო რომი, იქნებ ბედნიერად გაგრძელებულიყო მათი ცხოვრება. ალენს რომი უყვარდა, უბრალოდ ლამაზ, მიმზიდველ და ეშხიან ქალებს არ შეეძლოთ, მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ალენის გვერდით არ ყოფილიყვნენ. დელონი თავის წერილში წერს: “სხვები იტყვიან, რა დიდებული მსახიობია, რა ტრაგიკოსი, მათ არ იციან, რომ თავად შენ ხარ ტრაგიკული ქალი, ვისაც ცხოვრება ძალიან ძვირად უღირს. არ ესმით, რომ შენს ეკრანულ როლებში შენი პირადი დრამებია ასახული… და თუ ანათებ, მხოლოდ იმიტომ, რომ თავად იწვი”. რომიმ სამუდამო სასუფეველი საკუთარ შვილთან ერთად ჩრდილოეთ საფრანგეთში პოვა… მოგვიანებით ალენ დელონი რომის მიმართავდა: “აქ დაიძინებ სამუდამოდ, საფრანგეთის მიწაში… ჩვენთან ახლოს, ჩემთან ახლოს”.

ავტორი: ეთერ ნებიერიძე
წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”