მეამბოხის მონოლოგი
ოცდაათს გადაშორებული ვარ. მუდმივი სამუშაო დღემდე ვერ ვიშოვე… ამიტომაც დრო ბლომად მაქვს და ამ დროის დიდ ნაწილს ლეპტოპთან ჩახუტებული ვატარებ. რას ვაკეთებ?… რასაც ყველა – ვკითხულობ, ვუსმენ, ვნახულობ…
რას? … ზოგს ჭკვიანურს, ზოგს სულელურს.
რამდენიმე დღის წინ “ფეისბუქზე” ერთი კაცი გავიცანი, 43 წლის. გაცნობისას თავაზიანად გამაფრთხილა: მე, ერთი უცენზურო, ცინიკური ბებერი ვარ (ამ ასაკში ბებერი მარტო ქართველია), რომელსაც ადამიანები არ უყვარსო. სპონტანურად ვუპასუხე: ადამიანები არავის უყვარს, თუ მაინცდამაინც წმინდანი არ არის-მეთქი.
უნებურად, ამ ადამიანისადმი უცნაური პატივისცემა ვიგრძენი. ალბათ იმიტომ, რომ ის ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი იყო ამ ქვეყანაში, რომელსაც არ უყვარს, მაგრამ არც ეცოდება საკუთარი თავი, ან სხვები.
,,სიძულვილისგან თავის დაცვა შეიძლება, ხოლო სიბრალულისგან არა”, – რემარკის სიტყვებია. ჰოდა, მეც სწორედ მაგაზე მინდა გელაპარაკოთ…
საქართველოში ერთადერთი გრძნობა, რომელიც ადამიანებს მთლიანად აჰიპნოზებს არის… არა – სიყვარული, არა – მეგობრობა, არა – თანაგრძნობა… არამედ – სიბრალული. სიბრალული სხვისი, ანუ საკუთარი თავის გამო… ან, პირიქით.
ეს გრძნობა ისეთია, როგორც აღმოსავლეთელი გრძნეულის სალამურის მელოდია, რომელზეც გველები რეტდასხმულნი იკლაკნებიან… როგორც კი სიბრალულის მოტივი ჩნდება, ქართველებიც ამგვარად ვიწყებთ ,,ცეკვას”…
ერთი ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, საქართველოში ყველა კონკურსში ის იმარჯვებს, ვინც ყველას ეცოდებაო…
პოლიტიკაშიც ასეა… ქართველები თავს ვიცოდებთ… ან თავს ვაცოდებთ…
გრძელ სადღეგძელოებზე ბევრიც რომ არ ვთქვა, – ,,რა მრავალტანჯული და მრავალჭირნახული ქვეყანა ვართ”, ,,როგორ შემოვუნახეთ ჩვენს ქვეყანას სისხლით გაპოხილი ტრადიციები”, ,,რატომ არ დადგა ჩვენი საშველი აქამდე” და ,,რისთვის არ გვეშველება არასოდეს” – აც ეყოფა.
თან ყოველ ჯერზე, სალამურზე აცეკვებულ, შესაბრალის, გველებს ვემსგავსებით.
ერთი მოთხრობა წავიკითხე. ,,აკვანი” ქვია. ინტერნეტში დიდი აჟიოტაჟი ატეხა და გაბმული პატრიოტიზმის აზრობრივი ჯაჭვი გააბა. ეს უფრო ერთი პატარა ჩანახატია, ბავშვური გულუბრყველობითა და გადაჭარბებული სენტიმენტალიზმით დაწერილი. მისი ისტორია ოჯახური დრამაა, თაობების იდეური ჭიდილი, ,,დაუნდობელი შვილები და მიტოვებული მშობლები” და ამ ყველაფრის სწორედ შუაგულში ნატიფ ჩუქურთმასავით ამოყვანილი ,,გულში ჩახუტებული – აკვანი”. სიმართლე რომ ვთქვა, მარკესამდე ბევრი აკლია, არც ილიასას მიუგავს რამე, თუმცა პუბლიკის სასამართლომ იგი აღიარა. უფრო სწორედ აღიარა მოღალატე და მეამბოხე თაობის ბრალეულობა, ძველი თაობისა და ტრადიციების, ანუ ,,აკვანის” წინაშე და კიდევ , შეიცოდა – შვილიშვილის ნახვის უფლებადაკარგული პაპა…
მათ, ვინც აკვანის, როგორც ნივთის წარმომავლობით მანამდე არასოდეს დაინტერესებულა, ვიკიპედიის ის მოკლე განმარტებაც ეყოფა, რომელიც ამბობს, რომ – ეს, არა მარტო ქართული ტრადიციული, არამედ ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში გავრცელებული ბავშვის პრიმიტიული ფორმის საწოლია, რომელმაც დროთა განმავლობაში, ისე როგორც სხვა ყველაფერმა, დახვეწისა და გაუმჯობესების გზები გაიარა და ბავშვის ჯანმრთელობისა თუ კეთილდღებობისთვის ყველაზე საჭირო ფორმები, ზომები და ა.შ. მიიღო.
ასე რომ, სადავოც არაფერია, გარდა წინა თაობის თავგამოდებული ჩაბღაუჭებისა უსარგებლო ნივთებთან, ცრურწმენებთან, შიშთან და თვით სიღარიბესთან… რადგანაც ეს სწორედ ასეა.
მოთხრობის სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა ქალმა მამათილს არ გაუგო, პატივი არ სცა და ბავშვი მის გაკეთებულ აკვანში არ ჩააწვინა. ეს მომაკვდინებელი ცოდვაა. ოღონდ საქმე ისაა, რომ თაობებს შორის ,,გაგება” ცალმხრივი უნდა იყოს – მამები არასოდეს უნდა უგებდნენ შვილებს და პირიქით.
ვინ იცის, რატომ იჩხუბეს მამამთილმა და რძალმა (ავტორს სამწუხაროდ ამ მინიშნებისთვის ვერ მოუცლია, თუ საჭიროდ არ მიუჩნევია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ლიტერატურული ნაწარმოების, კინოსა თუ თეატრის სცენარის და ა.შ. დაუწერელი კანონია ის, რომ მკითხველისთვის ბუნდოვანი არაფერი უნდა დარჩეს)? თუმცა, აჰიმე, საოცრება რომ მომხდარიყო და მკითხველს საკუთარი თავისთვის ამის უფლება მიეცა, შეიძლებოდა თავში აზრად მოსვლოდა, რომ – შესაძლოა რძალი მართალია.
გუშინ, ერთ სცენას მოვკარი თვალი ასე აქტიურად ,,შემოჩეჩებული” თურქული სერიალიდან. ისიც ოჯახური საგაა. შვილები და მათი მეუღლეები. მამაკაცები და ქალები. თურქულ ,,ტრადიციულ კოშმარში” ჩაკეტილი მანკიერი წრე. ჰოდა, ამ სერიალის, ამ სცენაში ვნახე, როგორ წვდა თმაში დედამთილი რძალს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი კაცს ელაპარაკებოდა – მაშინ, როცა რძლის ქმარი, ანუ დედამთილის შვილი თაღლითობის გამო ციხეში ზის. მორალის მიხედვით, შვილი მართალია, იმიტომ, რომ ცოდოა – რძალი ტყუის, იმიტომ რომ შესაცოდი არაფერი აქვს. დარწმუნებული ვარ, ბევრი ომახიანად შემოუძახებდა ამ საქციელის ჩამდენ ქალბატონს ტელევიზორის წინ მოკალათებული – იხარა შენმა მარჯვენამ! -ო.
ესეც, ჩვენი თანამედროვე დასავლური ღირებულებებისკენ ,,სწრაფვის,, , ერთი მაგალითი…
საქმე ისაა, რომ მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს ეს პრობლემა.
როდესაც ძველი თაობა პროგრესს არ აღიარებს და მის მიღწევებს არ იზიარებს და ნერგავს, არ ცდილობს ახალი თაობის საჭიროებები გაიზიაროს – საზოგადოება სიკვდილს იწყებს, ჭაობში იძირება და მას ამგვარი აგონიისგან ვერანაირი სიბრალული ვერ დაიფარავს, პირიქით, უფრო დააჩქარებს და აუტანელს გახდის მას. დრამატული მხარე ისაა, რომ ამ ამბავს, არა მარტო ერთი – ორივე თაობა ეწირება, რადგან საზოგადოება ერთია და მასში ყველანი მივითვლებით. რას იზამ, მშობლებს სიკვდილს ხომ ვერ უსურვებ?… წარმოგიდგენია, რას იფიქრებს ხალხი შენზე, ან ვინ იქნები, ,,ტრადიციებს” ტაში რომ არ დაუკრა.
ზოგი ისტორიული ფაქტი გამახსენდა. ვინმეს გახსოვთ, რა დაემართა დიდ არაბულ, თურქულ და სპარსულ გაერთიანებას, ოტომანების ძლევამოსილ იმპერიას მეოცე საუკუნის დასაწყისში?… იგი, უბრალოდ პოეზიას გადაყვა. ხო, მართლა… არ მოგესმათ!
მაშინ, როცა ევროპა პრაქტიკულ ცოდნას იძენდა და ტექნიკურად ვითარდებოდა, ოტომანები – არაბები, სპარსელები, თურქები (მათემატიკისა და მეცნიერების უძველესი მშობლები, აი, სად იყო მართლაც აკვანი) ყურანის სურებს აზუთხინებდნენ საკუთარ შვილებს და ფილოსოფიურ დისკუსიებში გართულებს, ჩამოეძინათ. ასე გამოაცალეს ევროპელებმა მათ ხელიდან ძლევამოსილი იმპერია, რომელიც ევროპის კარგა გვარიან ნაწილს ფარავდა და კოლონიებად დაინაწილეს იგი. გადახედეთ ახლო აღმოსავლეთს და აფრიკის არაბულ ქვეყნებს… ძილიდან ჯერაც ვერ გამორკვეულან. მათთვის, ახლა უკვე, ომია პოეზია.
ევროპას ჭკუა აქვს… ჩვენ – ,,აკვანი” და მის მიერ არაბუნებრივად ,,გაბრტყელებული” თავები. თუმცა, ჩვენ ხომ პოეტები ვართ, ჩვენ წინსვლა არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ სევდიანი ისტორიები და ჩვენი თავი, ან ვინმე სხვა, სულერთია ვინ (მამა, პაპა, მეზობელი, მეძავი, მათხოვარი) ისეთი, რომ გვებრალებოდეს…
და კიდევ ომი და სიღარიბე… ვითარების კიდევ უფრო გასამწვავებლად…
მაინც საიდან მოდის კეთილდღეობა? ნუთუ, მართლა ასე შორიდან? ერთხელ მაინც გვიფიქრია იმ იდეასთან განშორება, რომ სოფელში ცხოვრება მაინც და მაინც აკვნების ჩორკნას და თოხის ბაკუნს უნდა ნიშნავდეს? რომ ნამდვილი პატრიოტიზმი პროგრესისკენ სვლაა, რომ წარსულის პატივისცემა (და არა გადამეტებული სინანული), ხელს არ უშლის მომავლისკენ თავაწეულ სიარულს, რომ ჩვენც შეგვიძლია გვყავდეს მდიდარი გლეხები, იგივე ფერმერები, რომლებსაც ღირსეული სიბერე და პენსია ექნებათ და შვილების სახლში ,,დარჩენას” თუ ვერ შეძლებენ სივიწრობის თუ უთანხმოების გამო, მანქანა ექნებათ იმისთვის, რომ ერთი დღით ჩავიდნენ ქალაქში, სანუკვარი შვილიშვილი ნახონ და მერე სასტუმროში დაიძინონ, რომ მეორე დღეს სოფელს დაუბრუნდნენ და საქმეს… რომ, ჭირვეული და ,,უზრდელი” რძლის ,,უტაქტო” შენიშვნა საკუთარი თავის შეცოდების საფუძველი და ფარხმალის დაკარგვის მოტივი არ უნდა გახდეს… და რომ ბედნიერებისთვის ისეთივე ბრძოლაა საჭირო, როგორც სხვა ყველაფრისთვის… და არა ტირილი… და არა მოთქმა…
რატომ არ უნდა წერონ და ასწავლონ ბოლოს და ბოლოს რამე ისეთი, რაც წინ წაგვიყვანს და არა… ისევ უკან… სიბნელეში, დეპრესიაში, იმედგაცრუებაში გადაგვისვრის.
იმიტომ, რომ ასეთია ხალხის ,,დაკვეთა… იმიტომ, რომ ,,პროფილში”, ,,ჯეოსტარში”, სოფელში, ქალაქში, ტელევიზორში, ვირტუალურ სივრცეშიც კი, ვინმე უნდა გვებრალებოდეს.
სხვა, ცოტათი ,,ჭკუათმყოფელმა” ვინმემ, ამ ყველაფრით დიდი რეიტინგი და ფული ,,გაიკეთა”… უკრავს და უკრავს იმ დალოცვილ სალამურს და ჩვენც – ვებმებით და ვებმებით მის დაგებულ მახეში…
აქ კი აკა მორჩილაძის (კიდევ კარგი ასეთები გვყავს) სიტყვები მახსენდება მისი წიგნიდან ,,გასეირნება ყარაბახში”: ვერ გავიგე, ,,სამშობლოა, თუ ბიზნესი?”
ვინ დასვამს შეკითხვას, რატომ?…
რატომ აქვს ამ სულელურ ახირებას ამხელა გასავალი იმ ქვეყანაში, რომლის ისტორიაც სინამდვილეში სულ სხვა რამეა?…
მარტო საამაყო, კოსმოსში გაგზავნილი ,,ჩაკრულო” სხვა არაფერია, თუ არა მეამბოხის, ბოლოს წინა ამოკვნესა… იმ აჯანყებული კაცის რისხვანარევი ხმა, რომელსაც ყველაფერი წაართვეს და რომელმაც ბატონს ბანი თავს უნდა დაანგრიოს. ცხადია, ამ საქციელის გამო მას თავზე ხელს არავინ გადაუსვამს… და ეს მანაც იცის, მაგრამ დგას და ომახიანად მღერის.
რატომ – როცა ისეთი ამაყი და ქედმოუხრელი მთების შვილები ვართ, მტერს თვალს რომ დაუბრმავებს; შესაცოდი, მარტო ,,საბრალო ქუჩი” ან შვლის ნუკრი თუ იქნება, იმ დიდი პოეტისა და მწერლის ვაჟკაცურ შემოქმედებაში, ფსევდონიმიც რომ ,,ვაჟა” ჰქონდა და რომლის გონებაც არწივივით დასტრიალებდა თავს კაცობრიობას მისსავე ,,კოსმოპოლიტიზმსა და პატრიოტიზმში”?
რატომ – როცა, რუსთაველის ქალის თვალის ერთი დახამხამება, არაბეთისა და სპარსეთის ბედს ატრიალებდა?…
როცა, ოთარაანთ ქვრივი მოწყალებას ღმერთივით ცივად არიგებდა და ოთარაანთ გიორგისთანა გლეხები გვყავდა… რომელსაც შესაცოდი არაფერი სჭირდა… საზოგადოებას ჭირდა რაღაც… და ახლაც ჭირს.
და როდესმე გვიფიქრია, რომ ნამდვილი გადამტრიალებელი, შემომბრუნებელი, ცვლილებების მომტანი ისაა, ვისაც კი არ ეცოდება – არამედ უყვარს. მაგალითად, ჩე გევარას კი არ ეცოდებოდა, უყვარდა ის კეთროვანი ხალხი, რომელსაც მკურნალობდა და საკუთარი თავიც რომ ოდესმე შესცოდებოდა ცოტათი, საშინელი სიკვდილით არ დაასრულებდა სიცოცხლეს.
ქრისტე?… ყველასათვის ასე სამაგალითო ქრისტე… მისი გზა, ხალხის შეცოდება კი არა, სიყვარული არ იყო? მისი შობაც სიყვარული იყო და მისი სიკვდილიც.
მაგრამ შევეშვათ ღმერთებს და მათ განზრახვებს… თორემ ცილს დამწამებენ, მკრეხელი ხარო.
მკრეხელი არ ვარ… უბრალოდ ცოტაოდენი ამბოხის უფლებას დავიტოვებ, ჩემი ქვეყნისა და ხალხის ნამდვილი ისტორიის მოწმედ მოყვანით და მომავლის იმედით – და კიდევ ერთ ლოცვას:
ღმერთო მაღალო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მოგვეც ჩვენ დღეს, და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან და კიდევ ღმერთო…
უთხარი იმ კაცს შეწყვიტოს სალამურის დაკვრა!
ფოტო: ბესო დარჩია