ხშირად ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ და უფლებას ვაძლევთ მას გვმართოს. ჩვენ ვხდებით მისი მსხვერპლი და ამავე მოდელს გადავცემთ ჩვენს შვილებსაც. კარგად დააკვირდით მას საკუთარ თავში, ნუ მისცემთ ბატონობის უფლებას და აი, ისიც მთელი თავისი პერსონით, გესმით მისი ხმა?
“გამარჯობა, ეს მე ვარ, შენი მსხვერპლის მდგომარეობა. მსხვერპლი, რომელიც შენში ცხოვრობს. ეს ჩემი ხმაა, შენ ხომ გესმის? როცა შენ რამე არ გამოგდის და ფიქრობ, რომ არ გამოგივა არც არასდროს, ეს მე გიჩურჩულებ ყურში, რომ შენ ხარ უიღბლო. ეს მე ვიზიდავ სხვებს, რომლებიც ამ აზრს ახმოვანებენ, გამცირებენ, კიდევ უფრო გარწმუნებენ ამ მაცდური აზრების სინამდვილეში და გაიძულებენ ჩამოყარო ხელები. ეს მე ვაწესრიგებ ამგვარად გარემოებათა მთელ სერიას, ვაგებ შენ წინ ბარიერებს, რითაც გიზღუდავ ცხოვრებით ტკბობის სიამოვნებას, შენ კი გაუთავებელ ტანჯვას იწყებ და პასიური რჩები. პირველივე ბარიერის წინ მუხლებზე დაცემული, ვერც კი ბედავ წამოდგომას.
ეს მე ვარ, მე – შენში მცხოვრები მსხვერპლი. ჩვენ დიდი ხანია ერთად მოვდივართ, ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოდან, როცა მან გაიგო, რომ ორსულად იყო და განწირული ამოხვნეშით მომიწვია თქვენთან. მას შემდეგ მე შენ გვერდით ვარ და შენი ზრდის პარალელურად ვიკრებ ძალებს. ეს მე გიგზავნი მესიჯებს, რომლებიც ცის საწინააღმდეგო მხარეს მდებარეობს.
მოიცა… რას ვხედავ, ნუთუ შენ თავის, თვალების, სახის აწევა გაბედე მიწიდან? როგორ ბედავ გაღიმებას, სიცილს, იმ მცირედით ტკბობას, რაც გაქვს? შენ ხომ, ფაქტობრივად, არც არაფერი გაქვს? როგორ ბედავ სინათლით კვებას და მტვოვებ მე? სად მიდიხარ? არა, ჩვენ ხომ ასე კარგად ვართ ერთად, მოიცა და გაიხსენე ჩვენი მწუხარებითა და სევდით სავსე დეპრესიული საღამოები, ოხვრა, წუხილი აუსრულებელ ოცნებებზე, გაუმართლებელი იმედები, არარეალიზებული სურვილები… შენ ყველაფერ ამას მე მიტოვებ?
როგორ ბედავ მოიშორო ყველა ტკივილი ასე ერთი ხელის მოსმით? დაივიწყო ყველა წყენა, რომელსაც ჩვენ ასე საგულდაგულოდ ვაგემოვნებდით? როგორ შეგიძლია წაშალო წარსულის ჩრდილები წინსვლისთვის? და მე? ჩვენ იმდენი რამე გადაგვიტანია ერთად, როგორ შეგიძლია ასე მარტივად ჩემი მიტოვება?
თუმცა მე ვხედავ, რომ ეს უკვე გადაწყვეტილი გაქვს. დაე, წადი, მე კი წავალ სხვის საძებნელად, მაგრამ გახსოვდეს! უბრალო ერთი დაძახება, ერთი გაფიქრება, ერთი ამოოხვრა, ერთი სიტყვა და მაშინვე შენთან გავჩნდები. შენი საყვარელი მსხვერპლი… შენში მცხოვრები”.
მია შერერი