ღმერთო, მე არ გთხოვ არც სასწაულებსა და არც მირაჟებს, არამედ ძალას ყოველი დღისთვის. მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება.
გამხადე დაკვირვებული და მიხვედრილი, რათა ყოფის სიჭრელეში დროულად შევჩერდე იმ აღმოჩენებსა და გამოცდილებაზე, რომლებმაც ამაღელვეს.
მასწავლე ჩემი დროის სწორად გამოყენება. მაჩუქე კარგი ალღო, იმისთვის, რომ პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი ერთმანეთისგან გავარჩიო.
თავშეკავებისა და ზომიერების ძალას გთხოვ… იმას, რომ ცხოვრებაში კი არ ვიფარფატო და ვისრიალო, არამედ გონივრულად დავგეგმო დღის მდინარება, შევძლო მწვერვალებისა და სიშორეების დანახვა და, რომ ზოგჯერ მაინც ვპოულობდე დროს ხელოვნებით ტკბობისათვის.
დამეხმარე იმის გაგებაში, რომ ოცნებები ვერ დამეხმარებიან – ოცნებები, წარსულზე ან მომავალზე. დამეხმარე, რომ ვიყო ახლა და აქ, და რომ ეს წუთი ისე აღვიქვა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი.
დამიცავი იმ გულუბრყველო რწმენისაგან, რომ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად უნდა იყოს. მაჩუქე ცხადად შეცნობის უნარი იმისა, რომ სირთულეები, დამარცხებები, დაცემები და წარუმატებლობები მხოლოდ ცხოვრების ის ბუნებრივი ნაწილებია, რომელთა დახმარებითაც ჩვენ ვიზრდებით და ვყალიბდებით.
გამახსენე ხოლმე, რომ გული გონებას ხშირად ეწინააღმდეგება.
საჭირო მომენტში ისეთი ვინმე გამომიგზავნე, ვისაც გამბედაობა ეყოფა სიმართლე მითხრას, მაგრამ სიყვარულით მითხრას იგი!
მე ვიცი, რომ ბევრი რამ ზომების მიღების გარეშეც გვარდება, ჰოდა მასწავლე მოთმინება.
შენ იცი, როგორ ძალიან გვჭირდება მეგობრობა. გამხადე ღირსი, ბედის ამ ყველაზე მშვენიერი და ნაზი საჩუქრისა.
მომეცი მდიდარი წარმოსახვა, რათა საჭირო მომენტში, საჭირო დროს, საჭირო ადგილას, დუმილითა თუ სიტყვით სითბო ვაჩუქო ვინმეს.
მაქციე იმ ადამიანად, რომელსაც უნარი აქვს ყველაზე დაბლა მყოფი ადამიანების გაიგოს.
დამიფარე, ცხოვრებაში რაიმეს გამოტოვების შიშისაგან.
ის კი არ მომცე, რაც მინდა, არამედ ის, რაც მართლა მჭირდება.
ღმერთო, მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება.
ანტუან დე სენტ ეკზიუპერი
Comments are closed.