(ნაწილი მეორე)

სამეგრელოს ერთ-ერთ პატარა სოფელში, 500 – 800 თუ 1000 კაციანი ქორწილს იხდიდნენ. პატარძალი 18 წლის იყო. იმ სოფლიდან. სიძე – 22. ამ სოფლიდან. მთელი სოფელი ახლო და შორს მდებარე სოფლებიდან, რაიონული ცენტრებიდან თუ ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანებით გატენილი სატრანსპორტო საშუალებებით ჩაიხერგა. ავტობუსები, სამარშრუტო და უბრალო ტაქსები, მსუბუქი ავტომანქანები და სატვირთო მანქანები. სოფელი ამდენი სტუმრის მისაღებად აშკარად მზად არ იყო. მგონი, არც ამდენი ადამიანი ცხოვრობდა იქ და ამიტომ ზოგს ღამის გათევამ ავტომობილისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სალონშიც კი მოუწია.
ქეიფის მეორე დღეს ანუ უფრო კონკრეტულად – კვირა დილის 6 საათზე უეცრად, მამლის ყივილის მაგივრად, ჯერ ერთი ქალის და მერე ქალების უკიდურესფალცეტიანი კივილი გაისმა. იგი არ იყო უცაბედად ღვინოში ჩამხრჩვალ – მოტივტივე უცხო თუ ახლობელი სტუმრის აღმოჩენით გამოწვეული ხმოვანი სასოწარკვეთა. “უბრალოდ” სიძემ ცოლის დედამთილს ანუ საკუთარ დედას გულახდილად და პათეტიკურად გაუმხილა: აუ, დავიღუპე, ფატი ქალიშვილი არააო. ქალს მტკიცებულების მოძიებამდე ჯერ არ შეუკივლია (ეტყობა, იფიქრა, პატარაა ჯერ ჩემი ბიჭი, შეიძლება მთლად კარგად ვერ გაერკვაო), ამიტომაც კარი შეგლიჯა და შევარდა ოთახში, სადაც კუთხეში შეშინებული, თმაგაწეწილი, ნახევრდშიშველი და ნამტირალევ – ტუშჩამოდღაბნილი ფატი კუთხეში მიყუჟულიყო და კანკალებდა.
“ექსპერტმა” დასტაცა ზეწარს ხელი, დაკვირვებით დააკვირდა და მხოლოდ ამის შემდეგ მორთო ზემოხსენებული კივილი. რასაც 5-10 წუთის ინტერვალით ბანად სხვა ქალების კივილიც დაერთო. დედამთილი ფატის მივარდა და სწორედ იმ თმებში სწვდა, წინა დღეს გაუთავებლად რომ ხელს უსვამდა და უკოცნიდა “დედა გენაცვალოს” ძახილით. კიოდა ყველა. ფატი, სახლი – ქალი, მისი გულშემატკივრები, ამ გულშემატკივართა გულშემატკივრები. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გამზავებლები ფატის იატაკზე თმების თრევის, მისი გამელოტების “აქციასა” და მოხრჩობის პროცესში დროზე ჩაერივნენ. ფატი ცოცხალი გადარჩა. მაგრამ აყალ-მაყალი და ხმოვანი სპეცეფექტები ამით არ დასრულებულა. კიოდა, ბღაოდა და ყვიროდა სიძე. კედელს თავს ურახუნებდა. ამ ქოროს მალევე შეემატნენ ქორწილის დანარჩენი პირველ და მეორეხარისოხვანი როლის შემსრულებელნი.
ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ასევე აკივლდნენ ფატისიანებიც. ჯერ გაუბედავად, მაგრამ მერე უფრო თამამად და უფრო ხმამაღლა. აკივლდა სხვადასხვა ასაკისა და სქესის ჭირისუფლობა. ვინც არ კიოდა, ის უბრალოდ ჯერ ძილბურანში იყო ან ჰა-ჰა უკვე აპირებდა აკივლებას. ასლუკუნდნენ და ატირდნენ მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებმაც არ იცოდნენ, თუ რა ხდებოდა მათ გარშემო. ძაღლები ყეფდნენ, კატები კნაოდნენ, ხოლო წვრილი და მსხვირქოსანი პირუტყვი ბღაოდა. უკვე ტყიდანაც გაურკვეველი, დაუნაწევრებელი “სიგნალები” ისმოდა. გაეღვიძათ სახლებში მომოფანტულ სტუმრებს, ასევე ავტობუსებსა და უფრო მცირე ზომის სატრანსპორტო საშულებებში ჩაძინებულებს. აკივლდა მთელი სოფელი.
ფატი თავისი მეორე და პირველი დღის საქორწინო კაბით სადღაც გადაიყვანეს, სადაც მისიანები დაკითხვას უტარებდნენ. ეს ტერიტორია მთლად ნეიტრალური ვერაფრით იქნებოდა, ამიტომ იქ, სადაც გამომძიებელ-პროკურორებ-მოსამართლეები ისხდნენ და ეკითხებოდნენ ფატის იმის თაობაზე, თუ ვის “მისცა” მანამდე, კარებს ნდობით აღჭურვილი მამაკაცები დარაჯობდნენ. ფატის კი არაფერი ესმოდა, მითუმეტეს ამ “აღებ-მიცემობაში” დიდად ვერ ერკვეოდა. უბრალოდ ისტერიულად კიოდა. ვერ გაეგო ამ ხალხს რა უნდოდა მისგან და ყველაზე მეტად ის ვერ გაეგო, დედ-მამას მათი ფატი იმსაათს, იმწუთს, იმწამს უკან, სახლში, მის სახლში, სადაც გაიზარდა, რატომ არ მიჰყავდათ?
“წამიყვანეთ სახლში!!!” – კიოდა ფატი. წამიყვანეთ, წამიყვანეთ, წამიყვანეთ!!! ბოლოს გამოჩნდა ვიღაც “ჭკუთმყოფელი” (ჩვენი ლექტორის ნათესავი) და განაცხადა: ორშაბათს ფატი პროფესორს (ჩვენი ლექტორი) ვაჩვენოთ და მხოლოდ მას მერე მოვიქცეთ შესაბამისადო, ანუ განაჩენი გამოვიტანოთო. ამ კაცს ჭკუა მოეკითხებოდა სიძიან – პატარძლიანებში. დაუჯერეს. მკივანა ქალებმა ხმის იოგები დროებით დაასვენს და დღის პირველ ნახევარში ალაგებული სუფრა – მეორე ნახევარში ისევ დაალაგეს. არავინ ელოდა ფატის საქალწულე აპკის ამგვარ მუხთალ და უსინდისო ღალატს. ამდენი ხალხი ქორწილში მხოლოდ შაბათს კი არა, კვირისთვისაც ხომ ჩავიდა? თანაც ამოდენა პურ-მარილს წვრილ და მსხვილფეხა პირუტყვს ხომ არ დაუყდიდნენ? სუფრას კვლავ მიუსხდნენ. 3-4 ჭიქის მერეც კი არ გაახსენდათ, რომ ეს “ზეიმი” ორთაგან იმ ერთი ადამიანისთვისა”ც” იყო გაშლილი, რომ ეს ადამიანი იქვე, მეზობლად, რომელიღაც დარაბებმიხურული სახლიდან გაუჩერებლად კივის: “წამიყვანეთ სახშლი!!!”. ცალკე გამოყოფილ, ხალიჩადაფენილამაღლებაზე, რომელიც ყვავილებით იყო მორთული, ოთხი ადამიანის მაგივრად, სამი იჯდა. სიძე, მისი მეჯვარე და დედოფლის მეჯვარე.
ორშაბათს, უთენია სიძისიანები და პატარძლისიანები ცალ-ცალკე, თავიანთ მანქანაში ჩასხდნენ და ნაქეიფარი ხალხით დატვირთულ მრავალმეტრიან ნაირნაირ სატრანსპორტო საშუალებათა წყებას წინ წარუძღვნენ. ალაგ-ალაგ ღია ფანჯრებიდან სიმღერის ხმაც ისმოდა. პროცესია დედაქალაქისკენ დაიძრა. პრესტიჟული საავადმყოფოსკენ. საქალწულე აპკის სპეცილისტისკენ. ფატი უნდა შეემოწმებინათ.
ჩავიდნენ, ავტობუს-ავტომობილებით ალყა საავადმოყოფოს შენობების კომლექსს შემოარტყეს. მეწინავეები სადღაც შევიდნენ, ცოტა დააგვინდათ, მერე ფატი გადმოსვეს, შენობაში შეიყვანეს, ცოტა ალოდინეს და მერე კაბინეტში შეიყვანეს. იმ საკრალური კაბინეტის კართან მხოლოდ სიძე-დედოფლის მშობლები და დედ-მამიშვლიები ისხნენ. ფატის მეჯვარის იმ “პროფესორულ” კართან მიახლოვება, რატომღაც მაშინვე აღკვეთილ იქნა. მერე ფატი გამოიყვანეს, ნამტირალები იყო, მანქანაში ჩასვეს და გინეკოლოგის ვერდიქტს ნერვიულად დაელოდნენ. კაცმა ერთი კი გაიკვირვა, რატომ იყოო საჭირო ამოდენა დავიდარაბის ატეხვა, მერე საქმეზე გადავიდა. მშობლებსა და სხვა გულშემატკივრებს აცნობდა, რომ ფატი ახლაც ქალწულია, რომ უბრალოდ ძალიან ელასტიური საქალწულე აპკი აქვს და სისხლიც იმიტომაც არ გამოვიდა და ბოლოს თავისი საუბარი “გრაალის თუ ოქროს საწმისის მაძიებელთა” გვარიანი შეკურთხებით დააასრულა. თქვა, რომ ურიგო არ იქნებოდა თუ იგი სიძე – ბატონს დაელაპააკებოდა. შეჰპირდა უფროსებს, რომ არც მას დააკლებდა შეკურთხებას. ქორომ ექიმს შესაბამისი მადლობა გადაუხადა და ცალყბად 9 თვის თავზე ჯერ არდაბადებული შვილიშვილის ნათლობაზე დაპატიჟა.
სიძე გამოდმოიყვანეს, ექსპერტთან შეიყვანეს, სადაც მას, ალბათ, აპკის თავისებურებების შესახებ სამეცნიერო – პოლულარულ-შემეცნებითი ლექცია ჩაუტარდა; პროფესორის კაბინეტში კედელზე ჩამოკიდებულ “კარდონზე” დატანილი თვალსაჩინოებების გამოყენებით. გარეთ კი, აი, რა ხდებოდა: დედამთილმა იმ მანქანას, სადაც ფატი გაშეშებული და მოკუნტული იჯდა, ლამის კარი მოსდღლიზა, ხელახლა აღმოჩენილი შვილი კოცნითა და ფერებით კინაღამ დაახრჩო. როგორც კი სიძე მანქანაში მოთავსდა, მთელმა მხიარულმა კარნავალმა პირი ისევ ჩვენი სამშობლოს დასავლეთისკენ – საზოგადოების ახლადშექმნილი უჯრედის წარმომავლობის სოფლისკენ იბრუნა.
ჩვენი ლექტორის ნაამბობის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ თანაჯგუფელები ამ ამბავს ახლაც ისე ცხადად და ყოველგვარი ირონიის გარეშე ვიხსენებთ, როგორც ბავშვობაში ნანახ ყველაზე შთამბეჭდავ დოკუმენტურ ფილმს მხატვრული ელემენტებით ან პირიქით, მხატვრულს – დოკუმენტური ელემენტებით. ისიც კარგად მახსოვს ჩვენმა ლექტორმა სამარისებური სიჩუმე რა ფრაზით დაარღვია: “საწყალი ფატი. ეგეც ბევრი ქართველი ქალივით, რომ მთელი ცხოვრება ფრიგიდული დარჩებაო. 100 პროცენტიანი ანორგაზმიით. თორემ დეფლორაციით ის ბიჭი კი დეფლორირებდა იმ ღამეს იმ გოგოსო, განა, მარტო საქალწულე აპკსო? რა პრობლემააო. მაგრამ ეს უკვე ფატისა და მისი ოჯახის მიერ ნებადართული, კანონიერი გაუპატიურება იქნებაო”…
ია მერკვილაძე
azrebi.ge
Comments are closed.