(ნაწილი პირველი)
ლელა ნევროზების განყოფილებაში დააწვინეს. ასე ვთქვთ – ჰოსპიტალიზირდა. მშობლებმა მიიყვანეს. ქორწილიდან სამ კვირაში. არ ტიროდა. უბრალოდ, ჩუმად იყო. სახლში დაბრუნებიდან მეოთხე დღეს უცებ გული აერია და ჭამა შეწყვიტა. მხოლოდ წყალს სვამდა. მერე წყლის სმასაც დაანება თავი. აძალებდნენ. როცა დიდხანს ემუდარებოდნენ, ცოტას წრუპავდა. პირდაპირ ჭიქიდან კი არა, არამედ – პლასტმასის საწრუპავიდან. მერე საბანს თავზე გადაიფარებდა და კედლისკენ გადაბრუნდებოდა. დღე და ღამ საწოლში მოკუნტული იწვა და ხმას არ იღებდა. ექიმები, ნათესავ – მეგობრები – მეზობლები მიდიოდნენ და მოდიოდნენ. დეპრესიაო, ფსიქასთენიაო, ნევროზიო, ვის არ დამართიაო. სადღაც რეკავდნენ, ახალ სპეციალისტს, პროფესორს, პროფესორზე დიდ პროფესორს ეძებდნენ, რაღაცაზე ჩურჩულებდნენ. ანდა სხვა ოთახში გადიოდნენ და იქაც ჩურჩულებდნენ. მერე რატომღაც სახლის გარეთაც განაგრძობდნენ ჩურჩულს. ყველა ჩურჩულად გადაიქცა. აი, ხელებს რომ მკერდზე დაიწყობენ, მარჯვენას ან მარცხენას რომ ნიკაპქვეშ ამოიდებენ და თავს რამდენჯერმე გადააქნევენ – ისე.
ის ახალი ექიმი კი საქმეთა ვითარებაში გარკვევისას ეუბნებოდათ: აცალეთ, გამოვიდეს სტრესიდანო, ახალგაზრდა გოგოა, ახალგაზრა ორგანიზმის პატრონი, გაუძლებსო. ანტიდეპრესანტებსაც უწერდნენ. მერე უკვე სხვა გზა არ იყო. საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ. ხმა რომ ამოიღო, პირველად ეს თქვა: “არაფერი დამიშავებია. ფილმი ვნახე ამერიკული. სიყვარულზე. შეყვარებულები იქ ისე ლამაზად ეფერებოდნენ ერთმანეთს. ვერ ვივიწყებდი. არაფერი დამიშავებია. არაფერი დამიშავებია. არაფერი დამიშავებია. არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი . . .”.
20 წლის ლელა გათხოვდა. ფილოლოგიურის მესამე კურსის სტუდენტი იყო. კისკისა, ენაჭარტალა და ხუთოსანა. ნამცხვრების მცხობელი. თუმცა მაინც ვერ გავიგეთ, გათხოვდა თუ გაათხოვეს. ერთი სიტყვით – გააცნეს. 32 წლის, ნასწავლი, სამსახურიანი, ბინიანი, მანქანიანი, ოდნავ მელოტი, მაღალი, არ იგინება, კაი იუმორის გრძნობით, კაი დედ-მამის შვილი, პერსპექტიული, არ სვამს, თუ დალევს, კაი სიმთვრალე აქვს. არ იკეთებს. ხანდახან ეწევა. სხვების თანდასწრებით – არა. იცის გერმანული. უყვარს ჯაზი და საავტორო კინო. კაი წრეში მოტრიალე. დადგა დრო და პატიოსანი და წესიერი ქალი აჩვენეს. ლელა გააცნეს. სხვანაირს არც იკადრებდა მისი ოჯახი. ლელასაც შეუყვარდა. უზომოდ. ლექსებს ბავშვობაში წერდა და მოულოდნელად ძველმა გატაცებამ თავი შეახსენა. სიყვარულზე წერდა. გარითმულად. წითელგულებიან და ყვავილებიან რვეულში. არავის აკითხებდა ერთი ახლო მეგობრის, მომავალი მეჯვარის გარდა. თარგმნიდა კიდეც რაღაცას გერმანულიდან. ისე, თავისთვის. არ მახსოვს – რას. ასეთ სიყვარულზე და ქმარზე ვოცნებობდიო, ამბობდა. ყვავილებს მჩუქნისო, ლექსებს მიკითხავსო, მეგობრებთან ერთად დაგვატარებსო, მათაც მოსწონთო, რა ჭკვიანი და თავშეკავებულიაო, როგორი რაინდიაო. რა ბედნიერი ვარო, რომ შემხვდაო. მთელი ცხოვრება, დღისით – მზისით ამაზე არ ვოცნებობდიო? ბედნიერი ვიქნებიო.
ლელასთვის სიყვარული არ აუხსნია. ამიტომ ვერც ლელამ უთხრა გულისნადები. ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ დაესწრო და პირველს ეთქვა (არადა, ალბათ, რამდენჯერ და თანაც როგორ უთხრა გულში), მაგრამ, მეგობარმა გადააფიქრებინა – აი, ჯერ ეგ რომ გეტყვისო, მერე შენც უთხარიო. ასე ჯობსო, დამიჯერეო. გონებაში სიყვარულის განდობისა და საყვარელ მამაკაცთან შეხების სცენას ატრიალებდა. მეგობრებიც ჩააჯინდნენ, რად გინდა, რომ გითხრას, რა გეჩქარება, ცოლად ხომ გთხოულობსო, პატივს გცემსო და ესეც სიყვარულს თავისთავად ნიშნავსო . . . ეს პერსპქეტიული კაციც ჰპირდებოდა, ბედნიერი იქნებიო, კაი გოგო თუ იქნებიო. ლელამაც იცოდა, რომ კარგი იყო. კისკისა, ენაჭარტალა და ხუთოსანა. ნამცხვრების მცხობელი. ჩემთან ნამდვილად ბედნიერი იქნებიო, ახსენებდა კაცი. ჯერ ნიშნობა ჰქონდათ. სუფრითა და ყურებსა და კისერზე ოქროს სამკაულების – მძიმე “ბაღჩების” ჩამოკიდებით. შეძახილებით და რაღაც ქართული მუსიკის დაგუგუნებით. იგივე “ბაღჩის” მარტო ყურებზე კი არა, ხელზეც გაკეთებით. მერე ჯვრისწერა – მმაჩის ბიურო. დღის ბოლოს – დიდი და დამღლელი ქორწილი. მგონი, სასტუმრო “აჭარაში”. მერე ვიღაცის დაკეტილ ბინაში – ლამაზად მოწყობილ საძინებელში – ღამე. ლელასთვის – პირველი. 32 წლის კაცისთვის. . . აბა, რა საკითხავია? მეორე დღეს სტუმრების მისვლა-მოსვლა. მერე ლელასთვის – მეორე ღამე. მესამე დღესაც – სტუმრების მისვლა – მოსვლა. ლელასთვის – მესამე ღამე.
მეოთხე ღამის დადგომამდე კანონიერმა უთხრა: ლელუშ, მოდი მანქანით გავისეირნოთო. ჩანთა მხარზე არც გადაუკიდებია, ისე ჩახტა მანქანაში და გაისეირნეს. კაცმა მანქანა დაძრა, მუსიკა ჩართო და რაღაც უთხრა ლელას, მაგრამ ლელამ ვერ გაიგო. კაცმა მუსიკა გამორთო, ისევ გაუმეორა, ლელამ ისევ ვერ გაიგო. კაცმა ისევ უთხრა და ლელას რაღაც მოესმა, მაგრამ მაინც ვერ გაიგო. მაშინ კაცმა გვარიანად აუწია ხმას და ლელამაც გაიგონა, მაგრამ მაინც ვერ გაიგო და, ალბათ, ახლაც ესმის ყურებში (12 წლის შემდეგ), მაგრამ არ და ვერ იღებს. მისი ცხოვრების სიყვარულს საუბარი შორიდან არ დაუწყია. შუკა-შუკა არ უვლია. პირდაპირ უთხრა: ქალიშვილი კი ხარო, მაგრამ პირველ ღამეს რატომ აქტიურობდიო? საიდან იციო ესეთებიო? წესით, ქალიშვილმა ესეთი რაღაცეები არ უნდა იცოდეო, თუ მანამდე რაიმე ნაგლახავები არ გაქვსო. . . (ჩვენს ენაზე, ალბათ, სექსის დროს არაქალიშვილური საქციელი – ქალის არაპასიურობას ნიშნავს). ლელა გახევებულა. ის ჩაძიებია. ლელა დუმდა. ის ეკითხებოდა, საიდანო? ვისგანო? ვინ იყოო? როდის იყოო? როდის მოასწარიო? რანაირადო? სკოლაშიო? ინსტიტუტშიო? მატყუარა ხარო, შენი დედაცო … . . .! მართლა პირში შეგ . . . ო. . . საიდან იცოდი ეს მოძრაობაო თუ პატიოსანი ხარო? “ლელუშს” აღარ უძახდა. “შენი დედა! – გაიძახდა. – შენიო . . .” ლელა უფრო მეტად ქვავდებოდა. მე არავის მოვატყვილებინებ თავსო, შენი კეთილებიო… . . ლელა თუ ვიღაც ხარო! ახლა შენს სახლთან ჩამოგსვამ, ჩემები შენს ბარგს ხვალ მოგიბრძანებენო, წადი და დედაშენმა და მამაშენმა არკვიონ შენი პატიოსანი “დვიჟენიების” ამბავიო, შენი დედაცო . . . საჭიდან კარებს გადასწვდომია და ლელას მხარეს კარი გაუღია. ხელი ოდნავ უკრია . . .
ლელა უსიტყვოდ გადმოსულა და თავისი მშობლიური კორპუსის წინ დამდგარა ხელებჩამოშვებული. სადარბაზოს უყურებდა. კარგა ხანს მდგარა ასე გაუნძრევლად, მანამ, სანამ სახლში მიმავალ მეზობელს არ უცვნია. დალაპარაკებია, ლელას ხმა არ გაუცია, იმას ხელი მოუკიდია, მესამე სართულზე აუყვანია და პატრონისთვის ჩაუბარებია. ძველი პატრონისთვის. ორთავ მშობლისთვის და კიდევ ძმისთვის. ამტყდარა ერთი ამბავი. წივილი-კივილი, გარჩევა-გამორჩევა. მეორე დილასვე გინეკოლოგთან გააქანეს. ექსპერტიზის ჩასატარებლად . . . მშობლებს საბუთი სჭირდებოდათ. ბეჭდიანი. საარგუმენტოდ. ახალი “ჩახეული” რომ ჰქონდა, იმის დამადასტურებელი. დრო არ ითმენდა. მალე შეხორცებები წავიდოდა და გვიან იქნებოდა. ირბინე მერე, იძახე რამდენიც და რაც გინდა. ვინ დაგიჯერებს? ექსპერტომანიას რომ მორჩნენ, მერე შეამჩნიეს, რომ ლელა აღარ ლაპარაკობს და აღარც ჭამს. სიტყვის თქმას კი ცდილობს, მაგრამ მაშინვე ახველებს და გული ერევა. უი, შვილოო, მოგიკვდითო . . .
გინეკოლოგებს და “სიძისიანებთან” გარჩევა-გამორჩევას დროებით რომ შეეშვნენ, ლელას უკან მობრუნებული ბარგი ოთახებში რომ მიალაგეს, ლელას ბეჭედი მოხსნეს (იმ მეოთხე საღამოს “ბაღჩა” საყურეები არ ეკეთა. “ბაღჩები” მძიმე იყო საერთოდ და იმიტომ) და ბარგის მომტანს ბარემ უკან გაატანეს. თერაპევტმა ნერვოპათოლოგს აჩვენეთო. ნერვოპათოლოგმა – ფსიქიატრსო. ფსიქიატრმა: გირჩევთ საავადმყოფოში დააწვინოთო, სხვა რამ არ იყოსო. გამოვიკვლევთო, მე ჩემი მითქვამსო. ამათ: არა და არაო, საფსიქიატრო ჩვენს გვარში არავის არაფერი არასოდეს სჭირდაო. მერე სხვა ფსიქიატრს დაუძახეს, მერე კიდევ და მერე კიდევ. ბოლოს სამი კვირის თავზე ეს ნალოლიავებ-ნაქალწულებ-უკვეშეხორცებული შვილი როგორც იქნა საავადმყოფოში მიიყვანეს. არ ჩაგვაკვდესო. ისედაც გამხდარი ლელა მოჩვენებას დაემსგავსა. გაჭაღარავდა, ჭლექიანს დაემსგავსა. მენსტრუაცია შეუწყდა. ენდოკრინოლოგმა მკურნალობა სჭირდებაო. ჰორმონალური ძვრები ამ ასაკისთვის ძალიან ადრეაო და ძალიან იშვიათიცო თუმცა არაფერია გამორიცხულიო. სტრესმა იცისო. რაღაცეები დაუნიშნა. ფსიქო-სომატიკააო. ატყდა ტერმინების რახა-რუხი. ახლობლებმა წიგნების შტუდირებაც დაიწყეს. ინსტიტუტში აკადემიური აუღეს (არ ვიცი დაამთავრა თუ არა ინსტიტუტი, დაოჯახდა თუ არა. როგორაა, სადაა, არ ვიცი – ი.მ.).
აღარაფერს კითხულობდა, აღარაფერს წერდა, აღარაფერს თარგმნიდა. აღარ კისკისებდა. როცა, როგორც იქნა, წინადადების გამართვა პირღებინების გარეშე შესძლო, თავის გამართლებას მიჰყვა: “არაფერი დამიშავებია. ფილმი ვნახე ამერიკული. სიყვარულზე. შეყვარებულები იქ ისე ლამაზად ეფერებოდნენ ერთმანეთს, ვერ ვივიწყებდი. არაფერი დამიშავებია. არაფერი დამიშავებია. არაფერი დამიშავებია. არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი . . .”
ია მერკვილაძე
azrebi.ge
Comments are closed.