ვალენტინობა სიკვდილისა და ორგაზმის დროს

1
940

ერთმანეთი სასაფლაოზე გაიცნეს. კაცის ცხოვრებაში – ორი ქორწინება და ორი გარდაცვლილი ცოლი. მეორე ქორწინებისგან შვილები არ ჰყოლია. პირველისგან – სამი შვილი, შვიდი შვილიშვილი  და 15 შვილთაშვილი. ერთს, 13 წლის კაროლინას, ვოკალში არეტა ფრანკლინის ხმის ინტონაციები შეუნიშნეს და ამიტომ  კონკურსში American Idol  მონაწილეობასაც კი უწირნასწარმტყველებენ. თვითნასწავლია. დიდ ბაბუასთან მოდის ხოლმე და უმღერის. სიყვარულზე. პატარა ოთახში მისი ხმის სიძლიერისგან ლამის მინები დასკდეს. ამას წინათ ნინა სიმოუნის „შემიყვარე ან დამტოვე“ უმღერა. კაცი ატირდა… ამიტომ პერფორმანსიც მაშინვე შეწყდა. პირველი ცოლი სიმსივნით გარდაეცვალა, მეორე – ალცჰეიმერით. მეორეს სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე თავად უვლიდა. ქალი კი 10 წლის წინ დაქვრივდა. ქმარი გულის დაავადებით გარდაეცვალა. ორი შვილი, ოთხი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი ჰყავს. კაცს არტური ჰქვია, ქალს – მარი.

201ნიუ-იორკის ქუჩებში ყოველ დღე ვხედავ ასაკოვან წყვილებს, რომლებიც ჩახუტებულ – ხელიხელჩაკიდებული დადიან, ერთმანეთს ყოველ წამს I Love You So Much (იგივეა, რაც „წარმოუდგენლად მიყვარხარ“) ეუბნებიან, მაგრამ არასოდეს მეგონა, რომ ოდესმე ცოცხალ ფილეიმონსა და ბოვკიდას  გავიცნობდი. ესენი ჩემი პირადი მითოსის ყველაზე პოპულარული გმირები არიან. ბავშვობაში ასეთ სიყვარულზე ვოცნებობდი…

არტურს ორივე ცოლის „მონახულება“ ერთ სასაფლაოზე შეუძლია. ყოველთვის ორ თაიგულს ყიდულობდა. სხვადასხვა ყვავილებისგან შეკრებილს. მარის მეუღლის სასაფლაოც იქვეა. 6 წლის წინ, აგვისტოს ერთ მზიან დღეს, სასაფლაოზე ერთმანეთს გამოელაპარაკნენ. უფრო სწორად, უცნაური იქნებოდა,  ერთმანეთი რომ არ შეენიშნათ. მარის მეუღლე არტურის პირველი ცოლის მეზობლად განისვენებს. არტური მარის ქმარს თურმე შორიდან იცნობდა. ჰოდა, ერთხელაც ქალმა, უბრალოდ, ხუმრობით უთხრა: სანამ ამათ გვერდით ჩავწვებით და საიქიოში მოგვიწევს ერთმანეთის მისალმება, სანამ სული გვიდგას, იქნებ ერთმანეთს ხელი  დავუქნიოთო… მერე არტურს პაემანი დაუნიშნავს, მესამე შეხვედრაზე კი ერთ მყუდრო  რესტორანში წაუყვანია, იქ უზარმაზარი ყვავილების მთაში ჩაუსვამს და  უთქვამს – მიყვარხარო. მას მერე, ღმერთმა უწყის, დღეში რამდენჯერ ეუბნებიან ერთმანეთს ამ სიტყვებს.

2861669_origახლა არტური 87 წლისაა, მარი – 82–ის. არტური კვდება. ყოველ წუთს გულმა შეიძლება უმტყუნოს. გაუჩერდეს. იმდენი დაავადება აქვს, რომ ექიმებმა გულის ოპერაციაზე უარი თქვეს. აზრი არა აქვსო. საოპერაციო მაგიდაზე დარჩებაო. ამიტომ ჰოსპისზე (მომაკვდავის მოვლის სამსახური) გადაიყვანეს. ელოდებიან, როდის მოკვდება… მეც ველოდები.  მე მისი გარდაცვალების მორიგე ვარ. მარი სევდიანია, ხშირად მეხუტება, მოსვლისა და წასვლის დროს… ლამის განწირული ძალით და მთხოვს, მემუდარება – არ გაუშვაო. მეც ვპირდები და თავს ვიკატუნებ, რომ წასვლის შეჩერებას შევძლებ. ჰგონია, რომ რახან  მედიკოსი ვარ, შემიძლია არტურს  სააქაო გავუხანგრძლივო. ბრაზობს ხოლმე, როცა ხედავს, რომ მისი შეყვარებულის ოჯახი კაცის სიკვდილს უკვე დიდი ხანია შეეგუა. მარი ვერ ეგუება. უარს აცხადებს. არტურს ესაუბრება მუხლის ოპერაციაზე, ვარჯიშებზე, გაზაფხულის მოსვლაზე და ისევ იმ რესტორანში ნოყიერ და რომანტიკულ სადილზე, სადაც არტურმა მას სიყვარული პირველად  აუხნსა.

მარიმ სამი თვის წინ თავადაც მძიმე ოპერაცია გადაიტანა. სრულფასოვანი კვება არ შეუძლია. ძალიან გახდა, სიფრიფანაა, ფერკმრთალი, საოცრად თეთრი. თავადაც თეთრები აცვია. პალტო, ზედა, თეთრი საყურეები, თეთრი ფეხსაცმელები. ჭაღარა თმას არ იღებავს… იქითაა მისახედი, მაგრამ მაინც მოდის ყოველდღე. მისი თეთრი „სუბარუ“ სიგნალით მოგორდება ხოლმე და ასევე მიდის, რათა ქუჩიდანვე აცნობოს თავის არტურს, რომ მოდის და თუ მიდის, მხოლოდ იმისთვის, რომ დაბრუნდეს.
მე ვცდლობ ისე, როგორც ამას ნებისმიერი მედიკოსი შეეცდებოდა… ისინი კი მეუბნებიან: გაუშვიო. Let Him Go… წიგნიც მომცეს: ჰოსპისის მედდის, ბარბარა კარნეს პოპულარული წიგნი „ამქვეყნიდან წასული. კვდომის გამოცდილება“ (Gone From My Sight. The Dying Experience).  ზერელედ გადავფურცლე. თხელი წიგნი მომაკვდავსა და მისი ოჯახის წევრებს უხსნის, თუ რა და რატომ ხდება ამ დროს და როგორ მოდის შეუცნობელი; ახლა სხვა ცხოვრება იწყებაო, სხვა ქალაქებსა და ადგილებს ნახავსო.

always-haha-old-couple-true-love-Favim.com-442114ეს ყველაფერი ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც საქართველოში ვხედავდი. სიცოცხლისა და სიკვდილის აღქმის განსხვავებული ფილოსოფიაა. არტურის ახლობლები მეუბნებიან: სიკვდილი სამუშაოაო (Job), წავიდესო, მიეცი საშუალებაო; კარგად იცხოვრაო, არაფერი აქვს სანანებელი და სადარდებელიო, ახლა კი უბრალოდ იტანჯებაო; რაც უნდა, ის ჭამოს და ის სვასო; როცა უნდა, მაშინ მიიღოს წამალიო; როცა უნდა, მაშინ დალიოს წყალიო, ან არ დალიოსო… თუნდაც შერჩენილი ჯანმრთელობის ნაფლეთების საზიანოდო. ახლა მისი დროაო… რძალი ჰოსპისის ექთანია. პირდაპირ უთხრა: არტურ, ხომ იცი, როგორ გვიყვარხარ, მაგრამ უნდა გითხრა, რომ უკვე კვდები. ეს კი საკმაოდ მძიმე სამუშაოაო. შენ უნდა აირჩიო, იბრძოლო თუ არაო. ის მაინც გაიმარჯვებს, ხომ იციო.  აქამდე ყველაფერი კარგად გამოგდიოდაო. ესეც, ანუ სიკვდილთან დაზავებაც გამოგივაო. ჰო, მაგრამ მოგვიანებით-მეთქი, მედდას არტურის მაგივრად ვპასუხობ; რძალი მეუბნება, აზრი არა აქვს, ნუ აგულიანებ, ცოდოაო. ვპასუხობ, მაგრამ მაშინ ექიმი არ უნდა ვიყო-მეთქი. არადა, სანანებელი როგორ არა აქვს. მარი უყვარს და სულ მას ეძახის. ხანდახან მარის ოდნავი აგრესიითაც გაჰკრავს. გაბრაზებულ ქმარს თამაშობს… რადგანაც არ არიან თანასწორნი: ის მიდის, ეს – რჩება. ოდესღაც ბრგე და ტანადი ახლა საწოლში ძლივს ჩანს. თავის უკანასკნელ სიყვარულს აქ ტოვებს. მარი კი აქეთ ექაჩება. არ უშვებს.

არტური ხანდახან სახელად „მარის“ მეძახის, ეჩვენება, რომ მარი მე ვარ და  ტკივილგამაყუჩებლებითა და საძილე საშუალებებით გაბრუებული ბოდავს: მარი, ჰანი (Honey– ძვირფასო, ტკბილო, თაფლო), ტუჩებში მაკოცეო. მაგრად, ისე მწარ-ტკბილად, რომ მეტკინოსო. შუბლზე  ვკოცნი და ბუზღუნებს: ქალო, გაგიჟდი, დამცინიო? ეგ ხომ ტუჩები არ არისო! დაგავიწყდაო? კი, დამავიწყდა-მეთქი, ვპასუხობ. ჰოდა, მაშინ გაიხსენეო. გამხმარ ტუჩებზე ხელს იდებს. აქ არის ტუჩებიო. მიდი, მაკოცეო. ხელზე ვეფერები. ეჰ და ვაჰს გაიძახის. ადრე, სადაა ხელი და სად ტუჩი, არ გეშლებოდაო. არც სხვა რამეო. მიდი, გაიხსენე ძველი დროო…

Cute-old-couples13მერე მარი მოდის და ერთმანეთს ტუჩებში კოცნიან. უცნაურია მათი ალერსი. პატარა ბავშვების უმანკო ანცობას ჰგავს. ტელეფონშიც, როცა საუბრობენ, ერთმანეთს  კოცნიან. აიფოდს  ერთად უსმენენ, ერთი ყურსასმენის ორი „ყუნწი“  ცალ–ცალ ყურში აქვთ გაყრილი. როგორ ჰგვანან ნიუ-იორკის მეტროში შეყვარებულ თინეიჯერებს, ერთი ყურსასმენი ასევე ორად რომ აქვთ განაწილებული, გოგონა ბიჭის კალთაში რომ ზის და ერთმანეთს სიცივეში მობუზული ბეღურებივით რომ ეხუტებიან. ოღონდ ესენი ადელის სიმღერას „ვიღაც შენი მსგავსი“ უსმენენ, ტაქტში თავს უკრავენ და ეშმაკურად ეცინებათ. ბიჭი გოგონას მკერდსაა მიშტერებული, გოგონა ბიჭის მხარესაა შეზრდილი; არტური და მარი კი ედი არნოლდის „გააკეთე ისე, რომ მსოფლიო გაქრეს“ და ჯონი ქეშის „დიდ მდინარეს“  უსმენენ, ერთმანეთის ხელები უჭირავთ და თვალებში შესციცინებენ.

ორივეს ცისფერი თვალები აქვს. ერთნაირად ღია ფერის. საათობით ლაპარაკობენ, ჩურჩულებენ. მიკვირს, რა აქვთ ამდენი სალაპარაკო… როცა მარი ვერ მოდის, არტური მეკითხება, როგორ არისო, ბრაზობს, როგორ მიმატოვაო და ბოლოს მაინც მეკითხება: ხომ ლამაზიაო, ხომ ყველაზე ლამაზიაო. კი,  ძალიან ლამაზია-მეთქი. კარგი დრო გვქონდა ერთადო და რაც დამრჩენია, ყველაფერს მივცემდი, ახლა 30-ის თუ არა, აი, იმხელა ვიყო, როცა მარი გავიცანიო. 81 წლის ახალგაზრდაო. მარიმ წონაში ძალიან დაიკლოო და ვნერვიულობო. ვნანობ, რომ ცოლად არ მოვიყვანეო. თუმცა თავიდან შევთანხმდით, რომ ასეც ვიქნებოდით ბედნიერნიო. მართალი გითხრა, ახლა დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი ცოლადო. მაგრამ მეშინია, თარსი ვარო. ორივე ცოლი მე დავასაფლავეო. რა ცუდია, ერთ საწოლში რომ აღარ ვწევარ მასთანო. მე ვეხუმრები, მოდი, დრო დავატრიალოთ-მეთქი. არტური მიყურებს და … თვალის კუთხეებიდან ცრემლები მოსდის. ვდუმდები. მინდა რაღაც კარგი ვთქვა და არ გამომდის.

35d44a083bf52e5d32c0acd33440c193

არტური ჰოსპისის მეოთხე პაციენტია, ვის სიკვიდილსაც ვესწრები. თავად სიკვდილი ისეთი მტანჯველი არა ჩანს, როგორც მისი ყოველწამიერი მოლოდინი. დადიხარ, ტელეფონზე საუბრობ, ტელევიზიით ირანის უსაქცილობას აკვირდები,  ირანის ამბების მერე სარეკლამო ჭრაზე – „ვიაგრას“ კონკურენტის „სიალის“ რეკლამაზე გეღიმება; მერე ინტრევიუ ამერიკელ გენერლთან  და ისევ ჭრა –  რომელიღაც ირალნდიური ბარის „პრომუშენი“. თან ამინდსა და რეცესიაზე ესაუბრები ვიღაცას და თან… აკვირდები, მოძრაობს თუ არა მძინარე არტურის საბანი, სუნთქავს თუ არა ადამიანი… ჩემი პირველი გამოცდილება მიბრუნდება: პირველად, როცა ჰოსპისის პაციენტი მომიკვდა, მეორე ექთანი მოვიდა, სპეციალურ სამსახურში დარეკა და მომხდარი ასე დაარეპორტა: ამა და ამ სახელ–გვარის ადამიანი Expired–ო.  ანუ ამოიწურაო. ვადა ამოიწურა თუ ამოეწურაო…

არტურს საავადმყოფოს სპეციალური საწოლი მიუტანეს, რომ ნაწოლები არ გაუჩნდეს. ბრაზობს, აქ ჩემი ქალი როგორ დაეტევა, სულელები ხომ არ  ხართო და იგინება.  მარი უცინის. მე გავდივარ ოთახიდან. შეყვარებულებს მარტო ვტოვებ. მარისაც უნდა, რომ მოკვდეს. ორჯერ მითხრა. დავტუქსე. ასეთი წესია: როცა ვინმე რაიმე  სასოწარკვეთილ სენტენციას გეტყვის, თანაც თუ იქ სიტყვა „სიკვდილი“ ურევია, აუცილებლად უნდა გაასავსავო ხელები და  დატუქსო: „არ გრცხვენიათ? რა სისულელეა!  როგორ გაიფიქრეთ ასეთი რამ?!“… ვეუბნები, ნუ გეშინიათ, უყვარხართ, სულ თქვენს სახელს იძახის-მეთქი. ყველგან თქვენ ელანდებით-მეთქი. მართლაო? ჰოდა, მარი მეუბნება, არ მინდა მარტო წავიდესო. არტურის შვილიშვილი ხუმრობს, მარი ისე გამოიყურება, ერთ ბოიფრენდს კიდევ გაიჩენდაო… მარი ისევ ტირის, არტურს ხელებზე კოცნის და ეუბნება: მალე,  Haney,  სულ მალე ერთად ვიქნებითო. მეც, წესისამებრ, ვვიშვიშებ: როგორ გეკადრებათ, ეს რა აზრები გიტრიალებთ მაგ ლამაზ თავში, მეორედ არ თქვათ კი არა, არც გაიფიქროთ ასეთი რამ-მეთქი!“… მარი გაკვირვებული მიყურებს.  მგონი, დამშვიდების რუტინულ წესს გადავამლაშე.

ვალენტინობას მარი ძალიან ფერმკრთალი იყო. ბარბაცით მოვიდა. მითხრა, ცუდად ვარო,  მაგრამ ჩემი „ბეიბე“ მაინც უნდა ვნახოო. არტურს საჩუქრად  წითელი გულის ფორმის კოლოფში ჩალაგებული ტკბილეულობა და ლამაზი ლარნაკი მოუტანა, რომელშიც ხელოვნური ვარდია ჩამაგრებული. ღილაკს აჭერ, ვარდის ფურცლები ნელ–ნელა იშლება და შიგ აწერია: „ბევრი კოცნები შენ“. სანამ ქაღალდის ვარდი იფურჩქნება, ტელეარხზე Discovery იწყება  დოკუმენტური ფილმი „რატომაა სექსი სახალისო“, რომელიც ქალის ორგაზმის ბუნებას მსოფლიოში მიმოფანტული კვლევითი ინსტიტუტების დასკვნა – თვალთახედვით განიხილავს.
ფილმის გიდი მსახიობი მეგი გულენჰალია. ფილმი ნიუ-იორკის „სექსის მუზეუმის“ დათვალიერებით იწყება. ორი წლის წინ მეც ვესტუმრე ამ „ინსტიტუციას“. ჩემი აზრით, ამ ორდარბაზიან ტერიტორიას, სადაც შიშველი სასქესო ორგანოების პოსტერების ფონზე ერთი ოთახი ფალო/ვაგინოიმიტატორებს, გასაბერ ქალ–კაცებს, სამუზეუმო სუვენირებსა  და წიგნებს სექსზე აქვს დათმობილი, ხოლო მეორეში – სილიკონით დაძეძგილი ჰეტერო/გეი/ბი პორნოვასრკვლავების სხეულების ფოტოების სიჭრელეა, ისეთვე კავშირი აქვს სექსის ისტორიასთან, როგორიც პროსტიტუციას  სიყვარულთან. ფილმში სპეციალისტები სკრუპულოზური დაკვირვებით სწავლობენ ქალის ორგაზმის ბუნება–თავისებურებას: სად, რა, როგორ, რამდენი და რატომ იწყება. ამისთვის მოხალისეებიც ჰყავთ, რომ ცოცხლად დააკვირდნენ ცოცხალ პროცესს, როგორც მასტურბაციის დროს, ასევე, წყვილების „სიყვარულის კეთების“ დროს. უამრავი ესქპერიმენტის შედეგად, რომელიც სამეცნიერო პედანტურობით იყო აღწერილი, ორგაზმის სპეციალისტები დიდი ამბით ასკვნიან, რომ თურმე ქალს მარტო, დამოუკიდებლადაც შეუძლია ჯანსაღი ორგაზმი განიცადოს, მაგრამ მაინც… ქალი თურმე სიყვარულის, დიდი ემოციის და მამაკაცის ფიზიკური მიმღებლობის დროს ყველაზე ნაღდ და სუპერნატურალურ ორგაზმს განიცდისო. ანუ სიყვარულსა და მიზიდულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვსო. მე და მარის გვეღიმება: „ესეც ახალი ამბავი!“… ამგვარი „ჭკვიანური და უაღრესად დროული“ აღმოჩენა – მსოფლიო „ნიუსისთვის“ ნუთუ ამხელა დავიდარაბა, მეცნიერული ჭინთვები, სტატისტიკა/პროცენტები, ქუდზე კაცის/ქალის შეყრა  და ფულის ხარჯვა იყო საჭირო?…  მხრებს ვიჩეჩავთ: რახან დაიხარჯნენ და გაისარჯნენ, ალბათ, საჭიროც იყო…

article-0-2039864200000578-133_634x422იმ დღეს გაზეთებშიც სხვადასხვა ასაკის ადამიანების სასიყვარულო ისტორიები გამოაქვეყნეს. პირველ გვერდზე – ასაკოვნები – თანაცხოვრების 50, 65, 70 წლის სტაჟით… მსოფლიოს მერვე საოცრებაა, მე თუ მკითხავთ. ტელევიზორი ისევ ახალ ამბავს გვაცნობებს. ვალენტინობამდე სულ რამდენიმე დღით ადრე პანსილვანიის შტატის ერთ–ერთ საავადმყოფოში 89 წლის ჯეიმს ლანდისი გარდაცვლილა. 88 წუთით ადრე კი – მისი მეუღლე, 87 წლის მარჯორი. ერთმანეთი 1946 წელს საცეკვაო კლუბში გაუცნიათ და მას მერე არ დაშორებულან. კაცს ქალის ბოლო ამოსუნთქვისას უთქვამს: “ყველაფერი კარგადაა. მე შენ მიყვარხარ. ჩვენ ბევრი კარგი გვქონდა ცხოვრებაში. მალე ვნახავთ ერთმანეთსო“.  ექსპერტებმა ისიც გვამცნეს, რომ დიდი ხნით ერთმანეთთან ყოფნა და ერთმანეთის გვერდით ძილი ორი ადამიანის გულის რიტმს ასინქრონებს და როცა ერთი მიდის, მეორეს „გატეხილი გულის სინდრომი“ (Takotsubo Cardiomyopathy) ემართება, რომელიც დანაკარგის ტრავმული განცდითა და თანმდევი მტკივნეული ემოციებითაა გამოწვეულიო…

მარის აღარ ვეუბნები: ეს კვლევაც სისულელეა, არ დაუჯეროთ-მეთქი… მას ღაპა-ღუპით მოსდის ცრემლები, მაგრამ მიღიმის. მძინარე არტურს ეფერება და ჩუმად მთხოვს: როცა მისი ბოლო წამი დადგება, თუ ეს შენი მორიგეობის დროს მოხდა, ძალიან გთხოვ, მის გვერდით იყავი და ხელი დაუჭირეო. არტური ყოველთვის მცივანა იყო, სანამ მზე კარგად არ დააჭერდა, ხელთათმანებს არ იშორებდა და ამიტომაც სულ ხელიხელჩაკიდებული დავდიოდითო. მე ვათბობდიო. რახან შენ ჩემს სახელს გიძახის, იქნებ ხელი მაგრად ჩასჭიდოო… და მეც ვამშვიდებ: ხელს აუცილებლად ჩავჭიდებ,  იმ წამს მარტო არ იგრძბობს თავს, გპირდებით-მეთქი…

ია მერკვილაძე

წყარო: netgazeti.ge

Comments are closed.