“ჩემგვარი კაცი განა შეიძლება ვინმეს უყვარდეს?” – გალაკტიონის წერილები ცოლს

0
1696

…სადა ხარ ეხლა, ოლოლ! რომ იცოდე, რანაირ მდგომარეობაში ვარ… ისე მინდა ეხლა შენს ახლოს ვიყო, შენს სუნთქვას ვგრძნობდე, მაგრამ ყველაფერი ეს ისეა შესაძლებელი, როგორც ცისა და დედამიწის შეერთება. მე მგონია, ჩემი უკანასკნელი სიყვარული გედის სიმღერა იყო იმ ბედნიერების, რომელსაც ასე განვიცდიდი მარტოობის დროს ჩემს სიყმაწვილეში. მე მგონია, არასდროს არ განმეორდება ის დაუბრუნებელი წამები, მთელი თავისი სიმშვენიერით და სილამაზით. რა საშინელი მარტოობაა! რა უსაზღვრო უთვისტომობაა… რაგვარი უფსკრული მიდგას წინ და მიპირებს შთანთქმას… მეშინია, ოლოლ მეშინია!…

…მე მგონია, შენ ერთადერთი არსება ხარ მთელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩემი უბედურება გულს გატკენს… ეხლა რომ შენთან ვიყო, დაგკოცნიდი, დაგკოცნიდი გიჟივით…

მას შემდეგ, რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცარიელემ მოიცვა ჩემი არსება… სიცარიელემ, რომლის განადგურებას არ ვიცი რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი?… როდესაც შენ აქ იყავი, მე შემეძლო დამენახე შენ… ჩემთვის უბრალოდ შენს ახლოს ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენს გარდა არაფერზე არ მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენსკენ, თუმცა არც შენგან მესმოდა დამამშვიდებელი საუბარი, მაგრამ უბრალო სიახლოვე საკმარისი იყო ჩემთვის, ვიმეორებ ჩემს გულს საშინლად სწამლავდა შენიანების იქ ყოფნა. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ უცხო, ძალიან უცხო და არასასიამოვნო პირი ვიყავი დედაშენისთვის, მე ვგრძნობდი, რომ ყველა გულში ან დამცინოდა, ანდა კვირობდა ჩემს ხშირ სტუმრობას… მე ვგრძნობდი, რომ რაღაცნაირი სიცივე შემქონდა თქვენს სახლში და მინდოდა მეყვირა, რომ არავინ არ მინდა შევაწუხო, რომ მხოლოდ ოლიასთან ყოფნა მინდა-მეთქი.

მართლაც, რა საკვირველი რამაა, მთელ შენ კომპანიასთან, მხიარულ კომპანიასთან, მხოლოდ მაშინ ვგრძნობ კავშირს, როდესაც ხარ ქუთაისში… როდესაც შენ წახვალ, მე მათ ვავიწყდები და ისინი მე მავიწყდებიან… თითქო არაფერიც არ მომხდარა, თითქო არაფერი საერთო ერთმანეთთან არ გვაქვს.
აი, მაგალითად, შენი ორჯერ გამგზავრების ამბავი:
ოკტომბერში მატარებელზე ყველანი შევიკრიბეთ, რადგან შენ მიდიოდი ჭიათურაში. რაღაც ნაღვლიანი გაცილება იყო. შენ სიკვდილმისჯილი დამნაშავის სახე გქონდა, ჩვენ კიდევ მოწყენილი. აი, დაიძრა მატარებელი, შენ წადი… მე ერთი გადავხედე ყველას… ყველა ჩუმად, უსიტყვოდ იდგა, უსიტყვოდ დავიძარით სადგურიდან, უსიტყვოდ დავესალმეთ ერთმანეთს და შემდეგ არსად არ შევხვედრივარ არც ერთს, შენს ხელახლა ჩამოსვლამდე.
შენ ჩამოდი და მე ისევ არ მინდოდა დავახლოვებოდი ამ ჯგუფს, რადგან არავითარ სულიერ ნათესაობას არ ვგრძნობდი მათთან, მხოლოდ შენმა მათში ყოფნამ მაიძულა სახეზე ნიღაბი ამეფარებია, თითქო მართლაც…
უკანასკნელად, როცა შენ მიემგზავრებოდი, ეს ”ჩატეხილი ხიდი” უფრო საგრძნობი და თვალსაჩინო გახდა ჩემთვის.
როგორც კი მატარებელი დაიძრა, იმ წუთშივე ვიგრძენი, რომ გადამთიელი ხალხი მერტყა ირგვლივ, მათ სახეზე შევამჩნიე ამგვარივე გამომეტყველება, რომ მეც გადამთიელი ვიყავი მათთვის.
რა არის, უკანასკნელად, ამის მიზეზი? ჩემი გულდახურულობა? იქნებ ასეა?
სადგურიდან წამოვედით… მთელი ეს კომპანია სადღაცა მიეშურებოდა. კუზიანმა გაკვრით სთქვა, რომ ამეღამ კოლიასთან იკრიბებიან (ჯაფარიძესთან). მე ვიგრძენი, რომ ზედმეტი კაცი ვიყავი მათში და საჩქაროდ დავშორდი მათ; დავშორდი მათ, მე მგონია, დიდი ხნით, როდესაც შენ ჩამოხვალ, შეიძლება ისევ შევუერთდე შენს მეგობრებს… მანამდე არ ვიცი, როგორ მოხდება.
ოლია, როგორ ფიქრობ შენ ამ ამბავზე? შენ იქნება გადამეტებულად მიიჩნიო ყველაფერი ეს, იქნება უბრალო განმარტოების სიყვარულს და სხვა ასეთებს დააბრალო, მაგრამ ეს ასეა… მე ვიცი, ისინი ყოველთვის ისე მიმიღებენ, როგორც მიღებდნენ. ისიც ვიცი, რომ ისინი მე მიცოდებენ, მაგრამ რად, რისთვის?

…ოლკინ, ძვირფასო ოლკინ, უსათუოდ ჩამოდი მალე, თორემ თავს მოვიკლავ… ასე აღარ შემიძლია. როცა შენთან ვარ, ოლკინ, არასდროს ასეთი საქმე არ დამემართება. მაინც რა სულელურადაა მთელი ჩემი ცხოვრება მოწყობილი. არაფერს იგი არ ჰგავს. სახსნელი გზა არსადაა, პირდაპირ. ოჰ, ნეტავი ეხლა შენთან ვიყო, მე ყველაფერს გეტყოდი…

ოლკინ, მითხარი, გიყვარვარ ძველებურად? მე მგონია, არა!.. ჩემგვარი კაცი განა შეიძლება ვინმეს უყვარდეს? დადებითად ძლიერი ჩემში არაფერი არ არის. რომ ვიყო ბაირონი, ლერმონტოვი, გიოტე… მაშინ შემიყვარებდნენ. მე კი ისე პატარა და დაწვრილმანებული კაცი ვარ… მაგრამ არაფერია, “Мы ещё повоюем”. შენ ის მითხარი, გიყვარვარ ძველებურად?

მე კი ისევ ძველებურად, გაგიჟებით და დიდი სიყვარულით მიყვარხარ!

მე ვერ წარმომიდგენია, რომ მე და ლოლი ერთმანეთს დავცილდებით როდისმე, რაღაც ძნელი წარმოსადგენია ეს. შენ როგორ ფიქრობ, ოლკინ. მომწერე, ოლკინ, თუ რანაირად და როგორ გიყვარვარ, რისთვის გიყვარვარ… ყველაფერი, ყველაფერი მომწერე… რას იზამ, ოლკინ, მე რომ მოვკვდე? მაგალითად, მოვკვდი და აღარაა ქვეყანაზე გალონი. მოკვდა საწყალი გალონი და დაასაფლავეს. რას იზამ მაშინ? მოხდა ისე, რომ მე მოვკვდი სადღაც შორს, ცივ ქვეყანაში, ან მოვკვდი საზიზღარი და სამარცხვინო სიკვდილით… მოკვდა გალონი ძაღლივით. რას იზამ, ჩმოკლინ? იტირებ თუ არ იტირებ? ჩემო ძვირფასო, ერთადერთო მეგობარო, ერთადერთო ნუგეშო და დიდო ადამიანო, ჩემო ჩმოკლინ, ჩემო პატარა ჩმოკლინ… დეე, ნუ გეყვარები, მაგრამ ნურასდროს ცუდს ნუ გაიფიქრებ და ნუ იტყვი ჩემზე. გებრალებოდეს შენი საწყალი გალონი, შენი მუდამ მოყვარული მგოსანი გალონი. გალონმა შენ ბევრი გაწყენინა, მაგრამ გალონი ცუდი ბიჭი როდია, – გალონს შენ ძალიან, ძალიან უყვარხარ…

…როგორი კილოთი მწერ უკანასკნელ წერილს? რამ გამოიწვია შენი აღელვება? გწამდეს, მიყვარხარ შენ ერთი და მხოლოდ შენ! ჭორებს ყურს ნუ უგდებ, ვისაც რა უნდა, ისა სთქვას… ამ წერილს საჩქაროდ ვწერ, ასე რომ, მინდა უკანასკნელ ფოსტას მოუსწროს… იყავი კარგად, მე შენს მეტი არავინ, არავინ არ მიყვარს…  მე, ოლოლ, მუდამ შენზე ვფიქრობ, რატომ გგონია, რომ სხვაზე? მე მგონია, არასდროს არ შემიცოდავს…

…შენ აღარ გიყვარვარ! არავის არ ვუყვარვარ ქვეყანაზე! უკეთესია, რომ მოვკვდებოდე! სიკვდილი კი თითქო ამბობს: გალაკტიონ ტაბიძე, შენ ჯერ არ მოკვდები, კიდევ ბევრ რამეს გააკეთებო! ვნახოთ, ვნახოთ!

მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ! ვნახოთ რა იქნება! ვნახოთ.

ოლკინ, ძვირფასო ოლკინ! რატომ მაწვალებ ასე, რატომ მეჩხუბები? ხომ იცი, რომ შენს მეტი არავინ არ მყვარებია და არც მიყვარს?…

როდესაც ჩამოვალ, უსათუოდ ერთად უნდა ვიცხოვროთ, აქედან წამოვიღებ რამე-რამეებს. ტანისამოსი გინდა, შენ, დედოფალო! მე ვოცნებობ ჩვენ ერთად ყოფნაზე, პატარა ბავშვზე, განა კარგი არ არის? აჰ, ნეტავი კარგად მოვეწყობოდეთ. მე ამის იმედი მაქვს. Будет жить припеваючи! ა? ა? ა? კარგია, კარგი ცხოვრება! ცხოვრებას ჭკვიანად უნდა მოპყრობა, ცხოვრება მიდის!

წყარო: burusi.wordpress.com