ქრისტეც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის აცვეს ჯვარს

1
2943

“იესომ მიუგო მათ:მრავალი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამაჩემის მიერ;

რომელი მათგანისთვის მიპირებთ ჩაქოლვას?

მიუგეს იუდეველებმა და თქვეს: კეთილი საქმისთვის კი არ ჩაგქოლავთ,

არამედ ღმრთის გმობისთვის, ვინაიდან კაცი ხარ და ღმერთად კი მოგაქვს თავი”.

Jesus Gunმასწავლებელი პირველ კლასელებს ხატვის გაკვეთილს უტარებდა. ერთი გოგონა, რომელიც სხვა გაკვეთილებზე დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდა მთელი გატაცებით ხატავდა რაღაცას.

–         რას ხატავ? – ჰკითხა მასწავლებელმა.

–         ღმერთს.

–         კი მაგრამ ღმერთი ხომ არავინ იცის როგორია?

–          ახლა გაიგებენ!

ჩვენ ყველას ისეთი ღმერთი გვყავს, როგორიც მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაში არსებობს. ყველას გვწამს, ზოგს ის რომ არსებობს, ზოგს ის რომ არ არსებობს, რადგან ცოდნით, შეუძლებელია ვიცოდეთ, როგორ შეიქმნა სამყარო და ჰყავს თუ არა მას შემოქმედი. არსებობენ ისეთებიც, ვისაც მხოლოდ ვარაუდები აქვთ, მაგრამ ვარაუდების გამო შეუძლებელია ვინმე მოკლა, ეს მორწმუნეები ხოცავენ ერთმანეთს, თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად. ასე რომ, აბსურდულია ადამიანების მორწმუნეებად და ურწმუნებად დაყოფა, ან იმის მტკიცება, რომ შენი რწმენა ყველა სხვა ადამიანების რწმენაზე უფრო მეტად სარწმუნოა, თუმცა ამის გააზრება ისევე რთულია, როგორც იმის, რომ ქართველების მიერ გმირად შერაცხული, ქრისტიანულ რჯულზე მოქცეული აბო ტფილელი სარკინოზებისთვის ისეთივე მოღალატე იყო, როგორც ქრისტიანებისთვის გახლდათ ვარსქენ პიტიახში.

photo1რელიგია რაღაა?  ერთი თეორიაა სამყაროს მოწყობის შესახებ, რომელსაც ერთგვარი ქცევათა კოდექსიც ახლავს თან. მეც მაქვს ერთი ასეთი თეორია: – ,,შესაძლოა, ზეცაში არსებობს გარკვეული თარგი, მათთვის, ვისაც სურს ამის დანახვა, რათა საკუთარ თავში აღმოაჩინოს მსგავსი“ (პლატონი), რომ ,,ჩვენ ვიბადებით მოცემულ მომენტში, მოცემულ ადგილას და როგორც ღვინოს ჩვენც გვაქვს იმ ადგილის და სეზონის ხარისხი, რომელშიაც დავიბადეთ“ (იუნგი)  და რომ პლანეტების განლაგებას შეუძლია გარკვეული ზემოქმედება ჰქონდეს ადამიანის ფსიქიკაზე, რაც მერე ჩვენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას – ,,სანამ ქვეცნობიერი მართავს ცნობიერს, ის მართავს ჩვენს ცხოვრებას და ჩვენ ვეძახით მას ბედისწერას“ (ისევ იუნგი), მგონია, რომ სისტემა ისეა მოწყობილი, ნებისმიერი ქმედება იწვევს უკუქმედებას და, შესაბამისად, ყველაფერი, რასაც ვისვრით, ბუმერანგივით ბრუნდება უკან. ამიტომ ფიქრებსაც და ქმედებებსაც კონტროლი სჭირდება. მოკლედ, მე მჯერა ასტროლოგიის თეორიის, ვერავითარ ღვთისმგმობელურს ვერ ვხედავ მასში,  მით უმეტეს, რომ ქრისტეც პირველი მოგვებმა (იმდროინდელმა ასტროლოგებმა) იპოვეს და თაყვანი სცეს და, როგორც შენიშნავდით, თანამოაზრეების პოვნაც შევძელი.

მეცნიერების და მისტიკის შესახებაც ჩემი შეხედულებები მაქვს და ამაზე აუცილებლად შემოგთავაზებთ პოსტს,  ახლა კი  მხოლოდ ზოგად აზრს აღვნიშნავ: ასტროლოგიას არ მიიჩნევენ მეცნიერებად, რადგან ბევრი რამ დამტკიცებული არ არის.  აქედან გამომდინარე, ეს რწმენაა.

Mustard-Seed-Faith-by-CRI“შარლი ებდოს” გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა, გამახსენა ის, რომ ეს ადამიანები, ვინც საკუთარი რწმენის შეურაცხყოფით ისე იყვნენ აღშფოთებულები, მკვლელების მიმართ თანაგრძნობითაც კი  განიმსჭვალნენ, ამ ჩემს ,,რწმენას“ ამბიონებიდან გმობენ და აბუჩად იგდებენ. ვიღაც-ვიღაცებმა საკანონმდებლო ინიციატივის წამოყენების საკითხიც კი დასვეს, რელიგიური გრძნობების  ანდა მორწმუნის შეურაცხყოფისთვის 1500 ლარი ჯარიმა დავაწესოთო. ნეტავ, მორწმუნეს როგორ განსაზღვრავენ? ქრისტესმიერი საზომით? თუკი მარცვლისოდენა რწმენა აქვთ, მთების გადადგმა უნდა მოახერხონ. თუ ისე, სიტყვაზე ენდობიან?

მაშინ გამაგებინეთ,  მაქვს თუ არა უფლება მოვითხოვო დაჯარიმდნენ რიგითი  მართლმადიდებლებიდან დაწყებული სასულიერო პირებით დამთავრებული ყველა, ვინც ჩემს რწმენას დასცინებს და შეურაცხყოფს? რითია იმ 6 წლის გოგოს მიერ დახატული ღმერთი, სხვის ღმერთებზე ნაკლები? რომელ სამართლიანობაში ჯდება ერთს ჰქონდეს უფლება შარლატანი და მატყუარა ეძახოს ვიღაცას მისი რწმენის გამო და ამ უკანასკნელს უფლებაც არ ჰქონდეს იგივე უპასუხოს?

mao-china-1_2774933b

არ იფიქროთ, დიდად მიმქონდეს გულთან ის, რომ ვიღაც ჩემს  შეხედულებებს არ იზიარებს, არც ის ვიცი კოცონზე ავიდოდი თუ არა მხოლოდ იმის სათქმელად, ის მაინც ბრუნავს-მეთქი, მაგრამ ისევ იმ ეპოქაში რომ უნდათ ვიღაცეებს ჩვენი  მიბრუნება, სადაც აზრების თავისუფლად გამოხატვის გამო სჯიან, ძალიან მაღელვებს. ცნობისთვის,  ბრუნო მხოლოდ ასტროლოგობის გამო არ დაუწვავთ, ღვთისმშობლისგან იესოს უბიწოდ შობის ფაქტი დააყენა ეჭვქვეშ.

მიზანმიმართულ დაცინვას ეჭვქვეშდაყენებისგან ვარჩევ,  მაგრამ როცა საქმე გრძნობებს ეხება, გრძნობებს შეურაცხყოფს ეჭვიც. არ იფიქროთ, ვინმეს დაცინვის, ან შეურაცხყოფის მომხრე ვიყო. უბრალოდ ვერაფრით ვიგებ, რატომ უნდა იყოს რელიგიური გრძნობები სხვა რომელიმე გრძნობებთან მიმართებით აღმატებულ მდგომარეობაში და რელიგიური რწმენის დაცინვა, რომელიმე სხვა რწმენის დაცინვაზე უფრო დიდი დანაშაული.

Stalin_Ucraine-3

60-იანი წლების ბოლოს კრემლს საშინლად დაეძაბა ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და საომარი მოქმედებებიც დაიწყო. შეტაკებებს შორის, ხანმოკლე ზავის პერიოდში, ჩინელები შარვლებს იხდიდნენ და დაპირისპირებული მხარის ჯარისკაცებს უკანალს აჩვენებდნენ. საბჭოთა მესაზღვრეებმა  ხელში მაო ძე დუნის სურათი დაიჭირეს. უცენზურო ქმედებები მაშინვე შეწყდა – ჩინელები თავიანთ ლიდერს შეურაცხყოფას ვერ მიაყენებდნენ.

ბებიაჩემმა მთელი ოჯახი გადასახლებაში დაკარგა. 7 წლისა მარტო დარჩა ქუჩაში და მერე შიმშილით რომ არ მომკვდარიყო, ცოტა ხანი მათხოვრობდა კიდეც. მას მტკიცედ სწამდა, რომ სტალინს წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენი უსამართლობა ხდებოდა ქვეყანაში და რომ სცოდნოდა, არაფრით დაუშვებდა ამას. ისიც აქვს მოყოლილი, როგორ იგლოვა სრულიად საბჭოთა კავშირთან ერთად წინამძღოლის გარდაცვალება. სიცოცხლის ბოლომდე წმინდა ნიკოლოზის ხატთან ერთად ედო სოსოს ფოტოც.

ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, მინდა ყურადღება გავამახვილო, მხოლოდ რელიგიურ პირებს რომ არ აღიქვამს ადამიანი წმინდად და შეურყვნელად. სამიოდე წლის წინ უკრაინაში შარვალჩახდილი სტალინის ძეგლი დადგეს. ბებიაჩემი საკმაოდ გონებაგახსნილი იყო იმისთვის, ამის გამო ტერაქტი რომ არ მოეწყო, მაგრამ ,,ამ სატანის“ ფოტო რატომ გიდევს ხატებთანო – მკრეხელობად და ხატების წაბილწვა-შეურაცხყოფად რომ ჩაუთვალა ერთმა მეზობელმა, მახსოვს,  ძალიან აღშფოთდა. ასეა, ჩვენი რწმენა ვიღაცამ მისი რწმენის შეურაცხყოფად შეიძლება მიიღოს.

Jesus-Rifle

იმ ქვეყანაში, სადაც პარლამენტში ანაფორიანი ადამიანებიც კი ვნახეთ, რომლებიც ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ანუ წინააღმდეგი იყვნენ ვიღაცის ჩაგვრის აკრძალვის და სადაც ერთი რიგითი პარლამენტარი სიტყვით გამოვიდა: მე პირველ რიგში მრევლი ვარ და რასაც ჩემი მოძღვარი მეტყვის, იმას მივცემ ხმასო, ასე ჰაერზე წამოსროლილი ინიციატივებიც კი ძალიან შესაშფოთებელია.

რწმენის სახელით ბევრი ბოროტების ჩადენაც შეიძლება, ფანატიკოსები ბავშვებსაც კი ხოცავენ საკურთხეველზე, თავიანთი ღმერთის სამსხვერპლოდ და მაშინ პატივი ვცეთ მათ რწმენასაც, გავუგოთ, ისევე როგორც ტერორისტების გვესმის.  ქრისტიანობა სიკეთეს, მიმტევებლობას და სათნოებას ქადაგებს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი კრედოა – გიყვარდეს მტერი შენი. ამიტომ სანამ დახოცილებზე იტყვით ღირსნი იყვნენო, რას აღიზიანებდნენო, ჩვენც არავის არაფერს ვაპატიებთო, თანაც იმის სახელით, ვინც ყველანაირი შეურაცხყოფა მოითმინა, აიტანა და დაგვიბარა ერთ ლოყაში რომ გაგარტყამენ, მეორე მიუშვირეთო, გაფრთხილდით, თქვენი რწმენის თავისუფლება მთავრდება აქ.

კარიკატურები უდავოდ ამორალური იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქრისტე არის გზა და ქრისტე ამბობს – მიუტევეთ, რამეთუ არ იციან, რას იქმან. რაც შეეხება კანონს, კონსტიტუციით ყველას გვაქვს სინდისის თავისუფლება და ეგებ სჯობდეს კიდეც ეს საკითხი ღმერთის კომპეტენციაში დავტოვოთ. ,,არ განიკითხოთ და არ განიკითხებით.” არც ჩემ მიერ. და სანამ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ვინმეს დასჯას მოითხოვთ, კარგად გაიხსენეთ,  რომ ოდესღაც ქრისტეც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო აცვეს ჯვარს.

61.ხოლო ის დუმდა და არაფერი მიუგო მათ. მაშინ კვლავ ჰკითხა მღვდელმთავარმა: შენ ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?

62. იესომ მიუგო: მე ვარ. იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით.

63. მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსი და თქვა: რაღად გვინდა მოწმენი?

64. ხომ მოისმინეთ ღვთის გმობა? რას იტყვით? მაშინ ყველამ სიკვდილის ღირსად სცნო იგი. (მარკ. 14: 61-64)

Comments are closed.