ისინი, ვინც ქართველობას გვართმევენ

1
1946

სიტყვა ტრადიცია, როგორ ქართულ, მამა-პაპურადაც არ უნდა გხვდებოდეთ ყურში, ლათინური წარმომავლობის გახლავთ (traditio – გადაცემა)  და ისტორიულად ჩამოყალიბებულ და თაობიდან თაობაზე  მემკვიდრეობით გარდამავალ დაუწერელ წესებს გულისხმობს. ტრადიციებზე დაყრდნობით ყალიბდება კულტურა.  თუმცა ჩვენ, ჩვენს პატარა, ქართულ რეალობაში, თაობიდან თაობაზე “გარდასვლის” მომენტში დამახინჯებული ტრადიციებით, უწესობისა და უკულტურობის ჩამოყალიბების მომსწრე ხშირად გავმხდარვართ.

დღესასწაულების აღნიშვნა ბევრ ქვეყანაში გავრცელებული ტრადიციაა. სუფრასაც მხოლოდ ქართველები არ შლიან… თუმცა სუფრა  აკადემიის სტატუსით მხოლოდ ქართულ რეალობაში გვხვდება. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ  ყველა, ვისაც მუცელში სასმლის დიდი რაოდენობით ჩასხმა შეუძლია, აკადემიკოსად მიიჩნევს თავს. აკადემიკოსის სტატუსი ამბიციას აჩენს, ჭეშმარიტი ქართველობის ამბიციას, ქართული კულტურის ნაწილად ყოფნის ამბიციას, მიუხედავად იმისა, რომ გამოთრობა არასდროს ყოფილა ქართული ,,სუფრის აკადემიის” ,,სალექციო კურსი”.  ტრადიციულად,  ქართული ლხინი იყო ერთგვარი ინტელექტუალური შეჯიბრის ასპარეზი, აქ იქმნებოდა ხელოვნების შედევრები და მოწმდებოდა, რამდენად შეეძლო კაცს თავი ღირსეულად დაეჭირა.  მოკლედ, ,,იწერებოდა” კულტურა.

ასე რომ,  თრობა სულაც არ არის ქართული ტრადიცია. ,,დალევა დალევისთვის” ერთმორწმუნე რუსების სიცივისგან თავდაცვის საშუალებასთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე ქართული ლხინის მკაცრ წესებთან და რკინის დისციპლინასთან და ქართველობას სწორედ ასეთი, ყოველგვარი შემოქმედებითი ნიჭისგან გამოცლილი, გამოთრობის ჟინითაღტკინებული, მლიქვნელობასა და პირფერობაში გადაზრდილი სადღეგრძელოების მოფიქრების ექსპერტი ფსევდოპატრიოტები უფრო გვართმევენ თავიანთი თავისთვის ჭეშმარიტი ქართველის წოდების მინიჭებით, ვიდრე ტრადიციულად თანამედროვეობისთვის ფეხისამწყობი ფერადშარვლიანი, პირსინგიანი და ფხიზელი, კრეატივით სავსე ახალგაზრდობა, ოდესღაც, თმა-წვერის გაკრეჭა და ჩოხის გახდაც ხომ ტრადიციებიდან გადახვევა იყო.

და ვიდრე ჩვენ ამ  უკულტურო ლუარსაბ თათქარიძეებს ნამდვილი ქართველი კაცის სტატუსს ვანიჭებთ, ამ უწესო ღრეობას ჭეშმარიტად ქართულ სუფრას   ვარქმევთ და ამ  ყოვლისმომცველ განუკითხაობასთან გამიჯვნის სურვილით ქართული ტრადიციების გადარჩენის სადარაჯოზე დაცინვით ვტოვებთ მათ, ვერც კი ვხვდებით, თავადაც როგორ გვეკვრება უკულტურობის იარლიყი. ყოველთვის, როცა ქართველს აქილიკებთ, საკუთარ თავს ლანძღავთ, საკუთარ რეპუტაციას ილახავთ, დიდი ლოგიკური აზროვნება არ სჭირდება ამას. ასე რომ, თუ მაინცდამაინც გამიჯვნა გსურთ,  თავად დადექით საკუთარი ეროვნული ღირსების სადარაჯოზე და ნამდვილი და კარგი ქართველის პოზიციიდან გაემიჯნეთ ყალბ და ცუდ ქართველობას.

გახსოვდეთ, ვისი გორისა ხართ!

Comments are closed.