მე მოწყალებას არ ვიძლევი, არც ასე ღარიბი ვარ!

0
1246

ზარატუსტრა მთიდან მარტო დაეშვა, გზად არავინ შეხვედრია. როცა ტყეში შევიდა, უცაბედად  წინ მდგარ  მოხუცს გადაეყარა, რომელსაც  თავისი წმინდა სადგომი დაეტოვებინა და ფესვების საძებნელად წამოსულიყო ტყეში.

აი, რა უთხრა მოხუცმა მას:

– არ არის უცხო ჩემთვის ეს მწირი: წლების წინ ჩაიარა აქ. ზარატუსტრად იწოდებოდა. მაგრამ ის შეცვლილია. მაშინ შენ ფერფლი მიგქონდა მთად: ახლა ცეცხლი ჩამოგაქვს ბარად?  ნუთუ არ გეშინია ცეცხლისწამკიდებელთა განაჩენის? დიახ, მე ვცნობ ზარატუსტრას. წმინდაა მისი თვალები და სიძულვილი უცხოა მისი პირისთვის. ამიტომ ხომ არ დადის ის ისე, თითქოს ცეკვავდეს? შეცვლილია ზარატუსტრა, ბავშვად ქცეულა ზარატუსტრა, გაუღვიძია ზარატუსტრას და რა უნდა აკეთო იქ, მძინარეთა მიწაზე? როგორც ზღვაში, ისე ცხოვრობდი მარტოობაში, ის გზიდავდა, ის გატარებდა. და აფსუს, შენ ახლა ნაპირზე გადიხარ? აფსუს, შენ ისევ თავად უნდა ზიდო საკუთარი სხეული?

–  მე მიყვარს კაცობრიობა, – თქვა  ზარატუსტრამ.

– და ნუთუ მეც ამიტომ არ წავედი ტყეში და უდაბნოში,  – უპასუხა  წმინდანმა, –  იმიტომ, რომ საკმაოდ მიყვარდნენ ადამიანები? ახლა მე ღმერთი მიყვარს. ადამიანები აღარ. ადამიანი ძალიან არასრულყოფილი არსებაა  ჩემთვის. მისი სიყვარული მომკლავდა.

– მე საჩუქარი მიმაქვს ადამიანებისთვის, – უთხრა ზარატუსტრამ.

– არაფერი მისცე მათ, – თქვა  წმინდანმა, – უმჯობესია რამე გამოართვა  და მათთან ერთად ატარო. ეს ყველაზე მისაღები იქნება მათთვის, თუ, რა თქმა უნდა, შენთვის არის მისაღები. და თუკი მაინც რამე უნდა მისცე, მიეცი მოწყალება და თანაც აიძულე გთხოვონ.

– არა, – უპასუხა ზარატუსტრამ, – მე მოწყალებას არ ვიძლევი, არც ასე ღარიბი ვარ!

წმინდანმა დასცინა ზარატუსტრას და უთხრა:

– მაშინ ეცადე მიაღებინო შენი განძი! ადამიანებს არ სჯერათ განდეგილების და იმის, რომ მივდივართ, რათა დავასაჩუქროთ. ჩვენი ნაბიჯის ხმა მათ ქუჩებში ძალიან მარტოსულად  ისმის  და ღამღამობით,  საწოლში მწოლიარენი თუკი მზის ამოსვლამდე მოკრავენ ყურს, რომ გარეთ ვინმე დადის, აუცილებლად იკითხავენ: სად მიდის ქურდი? არ წახვიდე ადამიანებთან, ტყეში დარჩი! ცხოველებთან უკეთესია! რატომ ჩემსავით არ იცხოვრებ – როგორც დათვი დათვებს შორის, ჩიტი – ჩიტებს შორის?

– და რას აკეთებს წმინდანი ტყეში? – ჰკითხა ზარატუსტრამ.

– მე ჰიმნებს ვქმნი და ვგალობ, – უპასუხა წმინდანმა, –  და როცა ვქმნი,  ვხარობ და ვგოდებ და ვბუტბუტებ: ღმერთს ვასხამ ხოტბას. გალობით, ხარობით, გოდებითა და ბუტბუტით ვასხამ ხოტბას ღმერთს, ჩემს ღმერთს. და  შენ რა მოგაქვს ჩვენთვის საჩუქრად?

როცა ზარატუსტრამ ეს სიტყვები გაიგო, ქედი მოიდრიკა მის წინაშე  და ასე მიმართა:

– რა უნდა მოგცეთ თქვენ! ნება მომეცით,  გაგეცალოთ, სანამ თავად წავიღებდე რამეს!

 აი, ასე გაიყო მათი გზები –  მოხუცი კაცის და ზარატუსტრასი, სკოლის მოსწავლე ბიჭებივით რომ იცინოდნენ.

და როცა ზარატუსტრა მარტოდ დარჩა, გულს  უთხრა: ნუთუ ეს შესაძლოა? ამ მოხუც წმინდანს ტყეში ჯერაც არ გაუგია, რომ ღმერთი მკვდარია!

ფრიდრიხ ნიცშე

,,ასე იტყოდა ზარატუსტრა”