კარმული ჰოროსკოპი, ანუ რა სურს სამყაროს თქვენგან

0
6487

დაბადების დღე რომ უბრალოდ ვადის განსაზღვრისთვის დასმული გამოშვების თარიღი არ არის, ყველანი ვგრძნობთ. სამყარო ჩვენში საკუთარ თავს იმეორებს და, აქედან გამომდინარე, კონკრეტულ მისიებს გვაძლევს. კარმული ჰოროსკოპი თქვენი დანიშნულების პოვნაში დაგეხმარებათ.

21 მარტიდან – 19 აპრილამდე – გაღვიძების დრო
დილით, ახალ გაღვიძებული რას ვაკეთებთ? უფრო სწორად, რა უნდა გავაკეთოთ, ყოველ დილით გაღვიძების შემდეგ? მართალია – უნდა მოვწესრიგდეთ! რომ მერე ენერგიით დამუხტული მთელი დღე კარგ განწყობაზე ვიყოთ. თქვენ ბუნების გამოღვიძების პერიოდში მოევლინეთ ქვეყნიერებას, ასე რომ გამოიყენეთ შანსი! თქვენ თან უამრავი ენერგია მოგყვათ, რაში გჭირდებათ ერთ ადამიანს ამდენი? თქვენი კარმული გაკვეთილიც სხვა ადამიანებისთვის ემოციებისა და გამოცდილების გაზიარებაა. იყავით ბოლომდე გულღია, კომუნიკაბელური და აუცილებლად გაგიღიმებთ ბედი.

20 აპრილიდან 20 მაისამდე – ზრდის დრო
ფიკუსს რა სჭირდება ზრდისთვის? წყალი, კარგი კვება და საჭირო ვიტამინები. კიდევ დიდი და ლამაზი ქოთანი. თქვენ რით ხართ ფიკუსზე ნაკლები? ჯანმრთელი საკვები, დიდი სახლი და ლამაზი აქსესუარები ჰარმონიულ განვითარებაში დაგეხმარებათ. თუმცა გახსოვდეთ, ყველა მცენარეს თავისი ქოთანი სჭირდება სხვებისგან განცალკევებით. თქვენც და თქვენს ახლობლებსაც სივრცე გჭირდებათ თავისუფალი ზრდისთვის. ასე რომ, მიეცით ახლობლებს თავისუფლად სუნთქვის საშუალება, დართეთ ნება ჰქონდეთ საკუთარი აზრი, ნუ იკამათებთ, ნუ ჩაებმებით კონფლიქტებში, მიზეზით, თუ უმიზეზოდ…. and the world will live as one… ეს არის თქვენი კარმული გაკვეთილი.

21 მაისი – 20 ივნისი – ყვავილობის დრო
მთელი თავისი არსით განსხვავდებიან ყვავილი და ფუტკარი ერთმანეთისგან, თუმცა ერთმანეთის გარეშე ძალიან უჭირთ. საპირისპიროები ერთურთს ავსებენ. გონება და გული ხმაშეწყობით ვერ მუშაობენ, მაგრამ ყოველგვარ ქმედებას ახსნა სჭირდება. ეცადეთ საკუთარ თავში არსებულ ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეებს შეურიგდეთ. პირადი ცხოვრება გრძნობებით აიწყვეთ, კარიერა გონებით. სამსახურის საქმეებზე სახლში ნუ იფიქრებთ და სამსახურში რომანებს ნუ გააბამთ, ასე ყველა სფერო დალაგდება და იცხოვრებთ მერე დიდხანს და ბედნიერად :).

21 ივნისი – 21 ივლისი: გრძელი დღეების დრო
თქვენ წყნარ და ნათელ პერიოდში გაჩნდით. დღე იმდენ ხანს გრძელდება, ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას ვასწრებთ და კიდევ უფრო მეტსაც. ამიტომ მოწყენილობისგან აღარ იცით რა ქნათ და იწყებთ წარსულზე დარდს და მომავალზე ოცნებას. დაიმახსოვრეთ: ყველაზე საინტერესო სწორედ ახლა ხდება! ხვალიდან დღე იკლებს და მზე პატარავდება. გამოიყენეთ ის, რაც გაქვთ. ისწავლეთ დღევანდელი დღით ცხოვრება და ამ დღისგან მაქსიმალურის მიღება.

22 ივნისი – 21 აგვისტო : მოწიფულობის დრო
გახსოვდეთ, რომ ამ სამყაროში ყველაფრის შეცვლას თქვენ ვერ შეძლებთ. ან ღირს კი? ხვალ ბუნება თავად მოახდენს უზარმაზარ გარდატეხას, დასრულდება ზაფხული და დადგება შემოდგომა. ეცადეთ ისეთი მიიღოთ სამყარო, როგორიც არის. სავალდებულო არ არის ყველა ,,კომისიაში“ თქვენი მონაწილეობა. გახდით უფრო მეტად მოქნილი და მსუბუქი ადამიანებთან ურთიერთობაში და ასე ცხოვრებასაც გაიმარტივებთ.

22 აგვისტო – 21 სექტემბერი: მოსავლის აღების დრო
თქვენ მაშინ მოევლინეთ სამყაროს, როცა ხანგრძლივმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. მოსავლის აღების დროა. რასაც არ უნდა ეძებდეთ, თავად მოგძებნით. ვარსკვლავები გაგიძღვებიან საჭირო დროს საჭირო ადგილისკენ. ხანდახან სულაც არ არის ძალის გამოყენება საჭირო, რაღაცის შესაცვლელად. მიიღეთ ეს, როგორც ჭეშმარიტება და დაივიწყეთ თავის ტკივილი და ნევროზი. ისწავლეთ მოთმინება და ენერგიის უფრო გონივრულად ხარჯვა.

22 სექტემბერი – 22 ოქტომბერი: ფოთოლცვენის დრო
შემოდგომაზე ხეები ფოთლებს იძარცვავენ ტანიდან და ამ ხეებივით თქვენც მთელი ცხოვრება მოგიწევთ ძველისა და ზედმეტის მოცილება, რათა ახლისა და სასარგებლოს ძიება დაიწყოთ. შეიძლება იმ ჩამოვარდნილი ფოთოლივით მოგზაურობაც მოგიწიოთ, ახალი და ახალი მიწების აღმოჩენაში რომ ასრულებს თავის ამქვეყნიურ მოღვაწეობას. ამგვარად თქვენ სიბრძნეს სწავლობთ. ერთ დღესაც მაგ ვარდისფერ (ან სულაც მუქ) სათვალეს მოიხსნით და დაინახავთ, როგორი მრავალფეროვანი და საინტერესო შეიძლება იყოს ცხოვრება. თქვენი კარმული გაკვეთილიც ეს არის – ცოტა უფრო რეალისტი უნდა გახდეთ. ხანდახან რეალობა ოცნებებზე საინტერესოა, უბრალოდ კარგად უნდა დააკვირდეთ.

23 ოქტომბერი – 22 ნოემბერი – პირველი ყინვების დრო
რთული პერიოდია: აუცილებლად უნდა მოასწროთ ნათესების დაფარვა, ვიდრე ყინვებს დაიჭერდეს, მაგრამ ნაადრევადაც არ ივარგებს, რომ არ ჩახუთოთ. საჭიროა დაკვირვება და ზომიერების გრძნობა, თქვენ კი ხან ძალიან ჩქარობთ, ხან კიდევ, როდესაც გაქცევაა საჭირო, გულხელდაკრეფილი სხედხართ. ისწავლეთ მოვლენების განვითარებას მიჰყვეთ და ადეკვატური რეაგირება მოახდინოთ ცვლილებებზე.

23 ნოემბერი – 21 დეკემბერი: გრძელი ღამეების დრო
ღამღამობით წესით უნდა გვეძინოს? მაგრამ სწორედ ამ დროს რომ იღვიძებს დღისით მიძინებული მაგიური შესაძლებლობები? უსმინეთ საკუთარ ინტუიციას. ვის სჭირდება რეალურად თქვენი დახმარება და ვისთვის არის უკეთესი, თუ თქვენი ,,უაზრო რჩევებით“ თავს არ მოაბეზრებთ. შინაგანი ხმა ყველაზე სანდო პასუხებს მოგცემთ. თქვენი ამოცანა მისთვის დროულად მოსმენაა.

22 დეკემბერი – 19 იანვარი: განახლების დრო
შემოდგომის თოვლ-ჭყაპები ქათქათა ზამთარმა შეცვალა. წვიმებისგან ატალახებული მიწა თოვლით დაფარა და სამყაროში თავისი წესრიგი დაამყარა. თქვენც ასე ხართ, ყველა ნივთისთვის თავისი ადგილის მინიჭება გიყვართ. თუმცა ყველაფრის დალაგება სულაც არ გახლავთ საჭირო, ცოტაოდენი ქაოსი თქვენც გაგიუმჯობესებთ განწყობას და სხვებიც აღარ მიგიჩნევენ მუდამ უკმაყოფილო და მოსაწყენ ადამიანად. დროდადრო ცხოვრების ჩვეული რიტმიდან ამოვარდით და უარი თქვით საკუთარ წესებსა და პრინციპებზე. მეტი სიხალისე არ გაწყენთ.

20 იანვარი – 18 თებერვალი: განწმენდის დრო
ბუნება იწმინდება, დიდის ამბით ემზადება ნათელი და თბილი გაზაფხულის შესახვედრად. ლურჯი ცა, კაშკაშა მზე – რა რომანტიკაა! ცოტას წაიოცნებებდა კაცი… თქვენც ხანდახან ღრუბლებში დაფრინავთ. იცით, რომ ამ პერიოდში გენიალური გამომგონებლები და მეცნიერები იბადებიან? არ დანებდეთ! გახსოვდეთ, თქვენ სამყაროს განსაწმენდად და უკეთესობისკენ შესაცვლელად დაიბადეთ.

19 თებერვალი – 20 მარტი: ქარბუქების დრო
ძლიერი ქარის ნაკადი ყველაფერს ხვეტავს და თავის ჭკუაზე დაატარებს. თქვენც ლერწმის ტოტივით ირყევით ყოველ მის გამოქროლებაზე. ვიღაც ვიღაცეები გამუდმებით რაღაცას გთხოვენ. ნუ ეცდებით ყველას დახმარებას. უნდა ისწავლოთ ერთ რამეზე კონცენტრირება და აქეთ-იქეთ ფანტვის მაგიერ, მთელი ძალისხმევის მისთვის მოხმარება.