როგორ განვათავსოთ ავეჯი, ხალიჩები, საწოლი, ქურა და ფარდები, კეთილდღეობის მოსაზიდად

0
1328

მიიჩნევა, რომ ხეს აქვს ძალიან ძლიერი ენერგეტიკა, რომელსაც ერთნაირად შეუძლია ადამიანის განკურნებაც და მისთვის ენერგიის წართმევაც. ასე რომ, თუკი ხის ავეჯი გიდგათ, აუცილებელია მისი ენერგეტიკა ამ სახლში მცხოვრები ადამიანების ენერგეტიკას შეესაბამებოდეს (ისინი მხოლოდ საკუთარი გემოვნებით უნდა იყოს შერჩეული).  ხის ნივთებს თქვენი დაცვაც შეუძლიათ. ძველების სიბრძნის მიხედვით, თუკი ადამიანი იგრძნობდა ცუდ თვალს, ან მიიჩნევდა, რომ ჯადო ჰქონდა გაკეთებული, ექვსფეხა ხის მაგიდის ქვეშ უნდა დამჯდარიყო  და ეს ნეგატიურ ენერგეტიკას გაანეიტრალებდა. ერთი ასეთი მაგიდა-ფარი არავის აწყენდა ოჯახში 🙂

ძალიან ძლიერ ზეგავლენას ახდენენ ენერგეტიკულ დონეზე ხალიჩებიც. ამბობენ, რომ მრგვალი ხალიჩების სასტუმრო ოთახში ან საძინებელში დაგებას სიმშვიდე და კეთილდღეობა მოაქვს. კვადრატული ხალიჩები უფრო ოფისური სიტუაციისთვის – კაბინეტებისა და  ბიბლიოთეკებისთვის გამოდგება. რაც შეეხება ოვალურ ხალიჩებს, ისინი უნივერსალურები არიან და ნებისმიერ ოთახში შეგიძლიათ მიუჩინოთ ადგილი. მატერიალური კეთილდღეობის მოსაზიდად ხალიჩის ქვეშ გამხმარ ხავსს ან წყალმცენარეებს დებენ, ეს ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. არ ღირს ხალიჩის დაგება ბინძურ იატაკზე, იგი ნეგატიურ ენერგეტიკას გაზრდის. მისი უკუღმა დაგებაც უსიამოვნებების მომტანად მიიჩნევა. სახლის დალაგებამდე შეგიძლიათ ცოტა მარილი ან არომატული ბალახები მოაბნიოთ ზედ, ეს ხალიჩას უარყოფითი ენერგიისგან გაწმენდს.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ სახლში კერა ყველაზე წმინდა ადგილად მიიჩნეოდა. შუაცეცხლი ახლა გაზქურებმა ჩაანაცვლეს, მაგრამ არც მათ მიმართ გირჩევთ უპატივცემულობის გამოვლენას. მას სისუფთავეში უნდა მიუჩინოთ ადგილი,  პირით  სამხრეთ აღმოსავლეთისკენ. არ გირჩევთ მის მახლობლად ხახვის დაჭრას, ჩხუბს, ტირილს და არც გადამეტებულ სიცილ-ხარხარს.

პატივისცემით მოეპყარით სასადილო მაგიდასაც. იგი კედლის პარალელურად უნდა დადგათ, რათა სახლის ფუნდამენტის ენერგეტიკამ მასშიც გაიაროს. არ ღირს მასზე ჩამოჯდომა და ფულისა და გასაღებების ზედ დაყრა. ეს შეიძლება უსიამოვნებების წყარო გახდეს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფარდებსაც. ფენ შუის მიხედვით, თუკი ფანჯარაში არც ისე სასიამოვნო ხედი გაქვთ, მაგალითად საავადმყოფოს, სასაფლაოს, ან ცარიელი კედლების, ეცადეთ ეს უარყოფითი ენერგეტიკა ლამაზი და ფერადი ფარდებით გაანეიტრალოთ, რაფაზე ქოთნებით მცენარეები დარგოთ და ა.შ.

მნიშვნელოვანია აგრეთვე თქვენი საწოლი. არ არის რეკომენდებული დივანზე ძილი. საწოლი საწოლს უნდა ჰგავდეს. იგი თავით კედელთან დადგით, ისე, რომ ორივე მხარეს იყოს სამოძრაო ადგილი.

სახლის ენერგეტიკას თავისი კანონები აქვს. იგი წლების განმავლობაში იქმნება და გეხმარებათ თავი დაცულად და კომფორტულად იგრძნოთ. აუცილებელია, რომ ის ყოველთვის სუფთა და მოვლილი გქონდეთ. დამტვერილი ჭაღი, ჭუჭყიანი ფანჯრები და შავი დღისთვის გადანახული ზედმეტი ნივთები მხოლოდ უსიამოვნებებს იზიდავენ. სახლს ისე უნდა მოექცეთ,  როგორც ცოცხალ არსებას. გახსოვდეთ, რომ ისიც გრძნობს და ისიც სუნთქავს.

ჩვენ მყუდრო სახლს და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ <3