,,მადლობა, რომ არ დამარტყი“, ჯონ ლენონის, მერლინ მონროსა და სხვების სამადლობელი წერილები თაყვანისმცემლებს

0
3172

როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთ ქალბატონს ადგილი დავუთმე და ისეთი სახით დაჯდა, თითქოს რაც დამსახურებულად ეკუთვნოდა, ის მომსახურება დავუგვიანე და როცა ჩასვლისას ფულთან ერთად სამარშუტო ტაქსის მძღოლს მადლობაც გადავუხადე, უხერხულობა იგრძნო,  მივხვდი, რომ ჩვენს  გაუღიმარ სახელმწიფოში ბევრს დაავიწყდა ამ ჯადოსნური სიტყვის მნიშვნელობა. სულაც არ არის სავალდებულო, მაინცდამაინც უანგაროდ იხსნას ვინმემ თქვენი სიცოცხლე, მადლობა რომ გადაიხადოთ. მადლიერება მაშინაც შეგიძლიათ გამოხატოთ, როცა ვინმე ცხოვრებას გილამაზებთ,  გთავაზობთ საჩუქარს, რომელიც არაფერში გამოგადგებათ და თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინაც კი,  როცა ვინმე უბრალოდ კარგად ასრულებს თავის მოვალეობას, თუნდაც ამ მოვალეობის შესრულებაში ფულს უხდიდეთ.  წასახალისებლად ცნობილი ადამიანების სამადლობელ წერილებს გთავაზობთ:

ბოთლიმადლობა სიზმრისთვის

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა გოგო, რომელსაც ემი ერქვა და წაკითხული წიგნით შთაგონებულმა ამ პატარა გოგომ ავტორს – როალდ დალს, ზეთის საღებავებითა და ბრჭყვიალებით შეღებილი ფერადი წყლით სავსე ბოთლი გაუგზავნა. ეს მისი სიზმარი იყო. მწერალმა საპასუხოდ სამადლობელი წერილი გაუგზავნა თავის 7 წლის თაყვანისმცემელს:

ძვირფასო ემი,

განსაკუთრებული წერილი უნდა დავწერო და მადლობა გითხრა ბოთლით გამოგზავნილი სიზმრისთვის. შენ პირველი ადამიანი ხარ, ვისგანაც ასეთი საჩუქარი მივიღე და ძალიან დავინტრიგდი. სიზმარიც ძალიან მომეწონა. ამაღამ სოფელში წავალ და რომელიმე მძინარე ბავშვის საძინებლის ფანჯრებთან შიგნით ჩავბერავ, რომ ვნახო თუ მუშაობს.

სიყვარულით,

როალდ დალი
მადლობა გამოსაშვებ საღამოზე მიწვევისთვის

გამოსაშვები საღამო გახსოვთ? ნიკი საიმონსს კი ალბათ არასოდეს დაავიწყდება ეს დღე, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭმა, რომელსაც გამოსაშვებ საღამოზე მიიწვია, უარი უთხრა. ეს კონან ო ბრაიენის სამადლობელი წერილია:

ძვირფასო ნიკი,

დიდი მადლობა სასიამოვნო შემოთავაზებისთვის. ძალიან მაგარია, როცა იცი, რომ ასეთი თავგამოდებული თაყვანისმცემელი გყავს და დარწმუნებული ვარ, გამოსაშვებ საღამოზეც ყველაზე მაგარი მეწყვილე გეყოლება (ჩემსაზე არ წავსულვარ – სევდიანი ამბავია).

სამწუხაროდ, მე ამ ბოლო ხანებში დავქორწინდი და ჩემი ცოლი მშვენიერ 16 წლის გოგონებთან ერთად გამოსაშვებ საღამოებზე აღარ მიშვებს. თუმცა, ძალიან მაგარი იყო, რომ მთხოვე. კიდევ ერთხელ გმადლობ და ძალიან მაგარ საღამოს გისურვებ.

შენი მეგობარი კონანი

 

მადლობა ჯონ ლენონი მადლობა, რომ არ დამარტყი

1974 წელს ჯონ ლენონი ლოს ანჯელესის ერთ-ერთ კლუბში  მთვრალი გამოცხადდა და ,, Smothers Brothers” -ის გამოსვლა დამცინავი და აგრესიული კომენტარებით ჩაშალა. ეს ყველაფერი ჩხუბში გადაიზარდა, რომელშიც მსახიობი პემ გრაიერიც მონაწილეობდა. მეორე დღეს მან ჯონისგან წერილი მიიღო:

ძვირფასო პემ,

ბოდიშს ვიხდი უხეშობისთვის და მადლობას იმისთვის, რომ არ დამარტყი.

ჯონ ლენონი

p.s. ჰარი ნილსონიც ჩემსავით განიცდის.

გმადლობთ,  შამპანურისთვის!

ძვირფასო მისტერ ფიულსდორფ:

გმადლობთ შამპანურისთვის. მივიღე, დავლიე და გავმხიარულდი.

დიდი მადლობა.

საუკეთესო სურვილებით,

მერლინ მონრო

 

ბარაკ ობამა მადლობაგმადლობთ, რომ ცხოველებზე წერთ

იან მარტელის წიგნის ,,პის ცხოვრების“ წაკითხვის შემდეგ მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი დაჯდა და მწერალს სამადლობელი წერილი მისწერა:

მისტერ მარტელ,

მე და ჩემმა ქალიშვილმა ახლახანს დავამთავრეთ ,,პის ცხოვრების“ კითხვა. ორივე შევთანმხდით, რომ ცხოველების შესახებ დაწერილი წიგნები უფრო მოგვწონს.

ძალიან კარგი წიგნია – ღმერთის არსებობისა და მწერლობის ძალის მტკიცებულება.

დიდი მადლობა.

ბარაკ ობამა

 

მადლობა, მაგარი მანქანის გამოგონებისთვის

როდესაც რაიმე პროდუქტი ძალიან გამოგადგებათ, ყოველთვის მისასალმებელია სამადლობელი წერილის მიწერა მათთვის, ვინც ეს პროდუქტი შექმნა. ეს წერილი კლაიდ ბაროუს ეკუთვნის,  “ბონი და კლაიდის” კლაიდს. ცნობილია,  რომ წყვილი სწორედ “ფორდის” ავტომანქანებით ძარცვავდა ბანკებს.

ძვირფასო სერ,

სანამ ფილტვები ჯერ კიდევ ჰაერით მაქვს სავსე, გეტყვით,  თუ რა საუცხოო მანქანა შექმენით.  როცა შესაძლებლობა მქონდა, ყოველთვის ფორდის მანქანებს ვირჩევდი. დიდი სისწრაფის გასავითარებლად და პრობლემებისგან თავის დასაღწევად ფორდს ყველაფერი აქვს, რაც კი დღემდე შექმნილ ყველა მანქანას ჰქონია ერთად და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბიზნესი მთლად ლეგალური არ არის, არაფერი დაშავდება თუ გეტყვით, რომ V8 ჩინებული გამოგივიდათ.

ჭეშმარიტად თქვენი,

კლაიდ ჩემპიონ ბაროუ

ჰენრი ფორდმა ეს წერილი ბონის და კლაიდის სიკვდილამდე ერთი თვით ადრე მიიღო. ისინი სწორედ V8 -თი ცდილობდნენ პოლიციისგან თავის დაღწევას. მანქანას 167 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

 

ელიზაბეტ ტეილორიმადლობა ჩემი პორტრეტის გამოგზავნისთვის

 

ენდი უარჰოლმა ლიზის სერიების გამოცემა 1963 წელს დაიწყო, მაგრამ ელიზაბეტ ტეილორს 1977 წლამდე არ მიუღია ნახატი. სამაგიეროდ, როცა მიიღო, 14 წელი აღარ ალოდინა მადლობის სათქმელად:

უძვირფასესო ენდი,

ისეთი ამაყი ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს შენი ,,ლიზი“ მაქვს და დიდი მადლობა ავტოგრაფისთვის.

მართლაც მიყვარხართ.

ელიზაბეტი ან ლიზი

 

მადლობა პროფესიონალიზმისთვის

ეს წერილი იმ კომპოზიტორს მისწერა ერთმა მსახიობმა, რომლის ფილმისთვისაც ამ კომპოზიტორმა მუსიკა დაწერა.

ძვირფასო ჰენრი,

ახლახან ვნახე ,,საუზმე ტიფანისთან“ შენი მუსიკალური გაფორმებით.

ფილმი მუსიკის გარეშე საწვავის გარეშე დარჩენილ თვითმფრინავს ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ ზღაპრულად შეასრულე შენი სამუშაო, ჩვენ მაინც აქ ვართ, მიწაზე, რეალობაში. შენმა მუსიკამ ცაში აგვიყვანა და სხვა სამყაროში გაგვიტაცა.  ყველაფერი, რისი თქმაც  ჩვენ სიტყვებითა და მოქმედებებით ვერ მოვახერხეთ,  შენ მუსიკით გვათქმევინე.

შენ ყველაზე მაგარი ხარ – ყველაზე სენსიტიური კომპოზიტორთა შორის.

მადლობა, ძვირფასო ჰენკ.

დიდი სიყვარულით,

ოდრი

 

როჯერ ტეილორიდა ბოლოს,  ბონუსად მადლობა, სრულიად სხვა დატვირთვით:

აი, წარმოიდგინეთ ძალიან მაგარი ბენდის, ძალიან მაგარი დრამერი ხართ და ვიღაც ძალიან ცუდ რევიუს წერს თქვენს უკანასკნელ ტურზე. რას იზამდით? ქუინის დრამერი როჯერ ტეილორი რომ იყოთ, ეასიქნესბეგზე  წერილს დაწერდით და “როლინგ სტოუნზის” რედაქციას გაუგზავნიდით. მაშ, ასე, “ქუინის” დრამერის წერილი რედაქციას:

თქვენთვის დამახასიათებელი ბეცი მიდგომები და თანდაყოლილი სიჩლუნგე როკენროლის არსში ჩაწვდომის საკითხში ერთდროულად მნუსხავს და გულს მიწყალებს. დიდი მადლობა, დიახ, ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ფსევდოპოლიტიკური შეხედულებებისა და არაკეთილსინდისიერებისთვის და კიდევ იმისთვის, რომ ჯიუტად აგრძელებთ ამდენი ხნის ნაგროვები ბოღმის ნთხევას.

ასევე მადლობელი ვარ ჩვენი ჯგუფის საუნდჩეკის შესახებ გამოთქმული მშვენივრად ჩამოყალიბებული მუსიკალური შეფასებისთვის. გაიზარდეთ. ნუ თხზავთ ამ ავადმყოფობებს. მეცოდებით, პარაზიტებო. მოსაწყენები ხართ და გინდათ ჩვენც გადმოგვდოთ.

ჰო, მართლა, მოუთმენლად ველი თქვენს მომაჯადოებელ რევიუს ჩემი ახალი ალბომის შესახებ, რომელიც დაახლოებით 8 თვეში გამოვა!

როჯერ ტეილორი

ინგლისი, ლონდონი