ახალი ადამიანების გაცნობის ხასიათზე თუ ხართ, პატარა ფლირტის, ან უბრალოდ ჭორაობის, ტყუპებს დაურეკეთ. ნებისმიერ დროს! სადაც არ უნდა იყოს, თუნდაც სრულიად უცხო ადამიანთან სტუმრად, არც დაფიქრდება, ისე მიგიპატიჟებთ. ჭკვიანი ადამიანების რჩევა თუ გჭირდებათ, ტყუპებს მისწერეთ და პასუხად რომელიმე გენიის ცნობილ გამონათქვამს მიიღებთ ზუსტად ამ თემაზე. არავითარ შემთხვევაში არ გაბედოთ გრძნობებზე ლაპარაკი, შესაძლოა დაგცინოთ, ან საერთოდ სხვა თემაზე გადაგიტანთ საუბარს. ტყუპებს უნდა ჰკითხოთ აზრი , მაგალითად, მაშინ, როცა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ჭკვიანური მოსაზრების მოსმენა გსურთ. თქვენ გაიგებთ, რას ფიქრობენ ექსპერტები, რა ხდება კულუარებში… თუმცა ვერ გაიგებთ, რას ფიქრობს თავად თქვენი მეგობარი ტყუპი. ის ხომ ფიქრობს იმაზე, რასაც ფიქრობენ სხვები.