სასწორს უნდა მიმართოთ რჩევისთვის, როცა რაიმე საკითხის ობიექტური შეფასება გინდათ და არ უნდა მიმართოთ რჩევისთვის, როცა გადაწყვეტილებას ვერ იღებთ. იმდენი პოზიციიდან იმსჯელებს, თავად რომელ პოზიციაზეა ვერ გაიგებთ და ისე მოგეშლებათ ნერვები, საერთოდაც გადაიფიქრებთ, რის გაკეთებასაც აპირებდით. სასწორი მიგასწავლით ყველაზე პოპულარულ სილამაზის სალონს, გეტყვით რა არის მოდაში, სად შეგიძლიათ შეიძინოთ დახვეწილი აქსესუარები და შეგირჩევთ საუკეთესო ვარცხნილობას. სასწორი მეგობარი საშოპინგოდაც შეგიძლიათ გაიყოლოთ. მას შესანიშნავი გემოვნება აქვს, ზუსტად იცის, რა გიხდებათ თქვენ და რა მოსწონს ხალხს, მაგრამ ნუ მიაქცევთ ყურადღებას მის ,,მაგრამ“-ს. ასევე გაითვალისწინეთ, თუკი თავადაც რაიმეს ყიდვა გადაწყვიტა და არჩევანს ვერ აკეთებს, არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ, რომ ორივე (სამივე, ოთხივე…) უხდება, თორემ სამუშაო დღის დამთავრებამდე ამ მაღაზიაში მოგიწევთ ყურყუტი და თუ იყიდა, შესაძლოა, მეორე დღეს ისევ უკან მიბრუნდეს გადასაცვლელად.