,,და თქვა ღმერთმა:
იქმნას მნათობები ცის სამყაროში
გასანათებლად ქვეყნისა გასაყოფად ერთმანეთისგან დღისა და ღამისა
და იყვნენ ნიშნებად და დროებად და დღეებად და წელიწადებად…“ (დაბადება).
ასტროლოგია, როგორც მეცნიერება, შეისწავლის მზის გალაქტიკაში არსებული პლანეტების ზეგავლენას ადამიანის ხასიათზე. კარლ იუნგი ამის შესახებ წერდა: ,,ჩვენ ვიბადებით მოცემულ მომენტში, მოცემულ ადგილას და როგორც დაძველებულ ღვინოს, ჩვენც გვაქვს იმ წლების, ადგილისა და სეზონის ხარისხი, რომელშიც დავიბადეთ“.
ხასიათი განსაზღვრავს ჩვენს ქმედებებს, ამ ქმედების შედეგები კი – ჩვენს ცხოვრებას. ეს არის მიზეზ-შედეგობრიობის უწყვეტი ჯაჭვი და ამ მიზეზ-შედეგობრიობაში არაფერი ფანტასტიკური არ არის.
სამყაროში მიმდინარე პროცესები რომ მოქმედებენ ადამიანებზე, ამაში ყველა დაგვეთანხმება. თუკი მთვარის ფაზების ცვლილებები, ოკეანის მიმოქცევას იწვევს, როგორ შეიძლება არ მოქმედებდეს ადამიანზე, რომლის სხეულის შემადგენლობის უდიდესი ნაწილი წყალია? ყველა პლანეტის ენერგია განსხვავებულად მოქმედებს ადამიანებზე. “რაც არ ჩანს, არ ნიშნავს რომ არ არსებობს”, – ანტუან დე სენტ ეკზიუპერი.
ერთადერთი არგუმენტი, რომელიც ასტროლოგიის წინააღმდეგ განწყობილი რელიგიური პირებისგან მომისმენია, ასტროლოგიის ფატალურობას შეეხება, მაგრამ რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, თავად ასტროლოგები ადამიანს ბედისწერის სათამაშოდ სულაც არ მიიჩნევენ.
ჩვენ, ყველანი ვიბადებით გარკვეული პოტენციალით, ზოგი მეტით, ზოგი ნაკლებით და სწორედ ამ პოტენციალს სწავლობს ასტროლოგია და მისი სწორად განვითარებისა და გამოყენების ხერხებს სთავაზობს ადამიანებს.
მე შეიძლება მქონდეს უძრავ ქონებაში წარმატების მიღწევის ძალიან დიდი პოტენციალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მივაღწევ წარმატებას ამ სფეროში, ისე რომ არაფერი გავაკეთო. მარტივად რომ ვთქვათ, არავის არაფერი ,,უწერია“, ყველას გვაქვს შანსები და გამოვიყენებთ თუ არა ამ შანსებს, მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული. შესაბამისად, გვაქვს უამრავი კომპლექსი, რომელიც ხელს გვიშლის ამა თუ სფეროში წარმატების მიღწევაში და თუ ამ კომპლექსებს დავამარცხებთ, პრობლემურ სფეროებსაც ეშველება.
უცვლელად გთავაზობთ მართლმადიდებლური ეკლესიის დეკანოზის, ალექსანდრე მენის ინტერვიუს თარგმანს:
რა არის ბედისწერა?
ბედისწერა გენეტიკაა. ის, რაც მშობლებისგან მივიღეთ. შავი თვალები – ეს ბედისწერაა, თქვენ ფერს ვერ შეცვლით, თუკი ხელოვნურ თვალებს არ ჩაისვამთ. ემბრიონიდან ქალიც ვითარდება და კაციც. კაცად ან ქალად რომ იბადებით, ესეც ბედისწერაა. უამრავი ფაქტორი ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე გავლენას და ამ ფაქტორების ერთობლიობას ვეძახით ბედისწერას. თუმცა ეს სულაც არ აქცევს ბედისწერას მკაცრ გარდაუვალობად, წინასწარ განჩინებად. სულს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მას და ზეციური სულის დახმარებით მართვის სადავეები თავად აიღოს ხელში.
ჩვენ ძალიან ბევრ წმინდა ადამიანს ვიცნობთ, რომლებიც თანდაყოლილი ხასიათიდან გამომდინარე უნდა ყოფილიყვნენ ნაღვლიანები, ფიცხები, გულღრძოები. ეს მათი ბედისწერა იყო, ტემპერამენტიდან გამომდინარე, ხასიათის ტიპიდან გამომდინარე, იმ ავადმყოფობებიდან გამომდინარე, რომლებიც აწუხებდათ.
მაგალითად, იყო ერთი წმინდანი, რომელსაც ღვიძლი და თირკმელები აწუხებდა. ეს ადამიანებს ძალიან ღვარძლიან ხდის, როგორც წესი. თანაც ძალიან ცუდ დროში მოუწია ცხოვრებამ: საზოგადოებრივი კრიზისების, გადატრიალებების, კონფლიქტებისა და ომების დროს. მაგრამ ასეთ პირობებშიც კი მოახერხა და შეინარჩუნა საოცარი სიმშვიდე და თვინიერება. მან წინააღმდეგობა გაუწია ბედისწერას და დაამარცხა კიდეც.
ქრისტიანი ახერხებს ბედისწერაზე გამარჯვებას, თუმცა ეს გამარჯვება არ არის აბსოლუტური. ის ვერ ცვლის საკუთარი თვალების ფერს, ვერ ცვლის თავისი ტემპერამენტის ტიპს, მაგრამ ყველაფერს, რაც გააჩნია, მათ შორის კოსმიურ ენერგიასაც მიმართავს უმთავრესისკენ.
კოსმიური ზეგავლენაც, რომელსაც ასტროლოგია სწავლობს, აბსოლუტური არ არის. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის დაბადების მომენტში, როცა ის განსაკუთრებით დაუცველია გარემოს ზემოქმედებისგან, ჩვენთვის უცნობი ძალები და მატერიალური ნაკადები ზეგავლენას ახდენენ მასზე. დედის საშოდან გამოსვლისთანავე თავს ატყდება ადამიანს ეს ყველაფერი, მაგრამ თავს ატყდება არა შემთხვევით, არამედ მზის სისტემაში არსებული პლანეტების განლაგების მიხედვით. ეს პლანეტები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კონფიგურაციებს ადგენენ და ამიტომ აქვს მნიშვნელობა ადამიანის დაბადების დროს და ასტრონომიულ პერიოდს. ამ ყველაფრისთვის საჭიროა ურთულესი გათვლები და არაფერი აქვს საერთო ხალხის გასართობად შექმნილ ასტროლოგიურ ჟურნალებთან.
ნამდვილი მეცნიერულ-ასტროლოგიური გათვლა, ძალიან სერიოზულია. თუმცა ვიმეორებ: ეს ბედისწერა არ არის. კარგი უნდა მივიღოთ და განვავითაროთ, ნეგატიური – დავძლიოთ. ასე რომ, ბედისწერა ჩვენი გამგებელი არ არის, ის მხოლოდ მონაცემებია, საწყისი პოზიცია და როგორ განვავითარებთ ამ ყველაფერს, მეტწილად დამოკიდებულია ჩვენი სულიერი განვითარების ხარისხზე, კეთილ ნებაზე, რწმენაზე, იმედზე და სიყვარულზე.
არჩევანის თავისუფლება და ბედისწერა როგორ ებმებიან ადამიანის ცხოვრებაში? როდის აქვს ჩვენს მცდელობას აზრი და როდის არის ის სრულიად უნაყოფო?
მე გეტყვით, როგორ ვიქცევი თავად. ამაში არის რაღაც პარადოქსიც. უნდა ეცადოთ ბოლომდე, გააკეთოთ ყველაფერი, რის გაკეთებაც შეგიძლიათ და შემდეგ ღმერთი გაჩვენებთ, რომელია თქვენი გზა. ყველაფერს რომ ღმერთის იმედად ტოვებენ, ისეთ ადამიანებზე სუვოროვის ამბავი მახსენდება. ერთხელ ბივუაკზე როდესაც მან ცხენების საკვების ამბავი იკითხა და მოახსენეს ღმერთს თივა არ გამოუგზავნია, თქვენო აღმატებულებავო, უპასუხა: ღმერთს არ ევალება მათი კვებაზე ზრუნვა, ეს საქმე თქვენ მოგანდეთ და კეთილი ინებეთ და გააკეთეთ, რაც საჭიროაო. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ჩვენი მეჯინიბე არ არის, ყველამ უნდა შევასრულოთ საკუთარი მოვალეობა და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებს არ აღემატება. შედეგებს კი მოგვიანებით მოვიმკით.
როგორი დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიას ასტროლოგიასთან?
იცით, შემეძლო ერთი სიტყვით მეპასუხა, მაგრამ არ მინდა. შემეძლო მეთქვა: არანაირი. რადგან მართლმადიდებლურ ეკლესიას არ აქვს რაიმე ენციკლოპედიის მსგავსი, სადაც იქნებოდა დირექტივები, გადაშლიდით სიტყვა ა-ზე, ნახავდით ,,ასტროლოგიას“ და მითითებას: ,,არ დაკავდეთ ამით“. მსგავსი, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ასტროლოგია დასაშვებია, თუ რა თქმა უნდა, არ შეითავსებს ერზაცი რელიგიის როლს, როგორც ხანდახან ხდება ხოლმე. ასტროლოგიის მეცნიერული ბირთვი მდებარეობს შემდეგში: ადამიანის დაბადების მომენტში მზის სისტემაში შემავალი პლანეტები ადგენენ კონფიგურაციებს, რომლებიც ახალშობილის ხასიათზე ახდენენ გარკვეული სახის ზეგავლენას, რომელზეც უკვე არის გენეტიკის, სხვადასხვა პათოლოგიების, თუ სხვათა და სხვათა ანაბეჭდები. ეს ნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული სახის კოსმიური ზემოქმედება და ამაში არაფერია განსაკუთრებული. თუკი ამის სტატისტიკური დამტკიცებაც მოხდება, მივიჩნევთ, რომ ჩვენ კიდევ ერთი წინასწარ განსაზღვრულობა გვაქვს, მემკვიდრეობითის მსგავსი.
შესაძლოა თუ არა, ჩავთვალოთ ეს ფაქტორები ბედისწერად? ქრისტიანობამ იცის, რომ არის რაღაც ბედისწერის მსგავსი ჩვენს ცხოვრებაში. მაგალითად, იღებ შავ თვალებს მემკვიდრეობით და არ შეგიძლია მისი გადაღებვა, მაგრამ სულიერ ცხოვრებაში, მორალურ ცხოვრებაში ქრისტიანი ადამიანი წინააღმდეგობას უწევს ბედისწერას. მას არ აქვს უფლება თქვას: იცით, მამაჩემი ფიცხი კაცი გახლდათ და ამიტომ ვერც მე მოვახერხებ თავის შეკავებას. ასეთ შემთხვევაში, საკუთარ საქციელზე მთელს პასუხისმგებლობას მოვიხსნიდით. ან კიდევ, მე მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დავიბადე, ან რომელიც გნებავთ იმის და სხვა გზა არა მაქვს.
მე ასტროლოგიური კვლევების ათობით ტომს გადავხედე, რომლებშიც უზარმაზარი ცხრილები იყო მოცემული, მაგალითად, იმის, რომ ყველა ცნობილი მხედართმთავარი ან ყველა მსუბუქი ყოფაქცევის ადამიანი ერთი და იგივე ვარსკვლავის ქვეშ იყო დაბადებული. მე არ მჯერა, რომ ეს სრულყოფილი ინფორმაციაა. საჭიროა უფრო მეტი გამოცდილება, უფრო ფრთხილი გათვლები და შესაძლოა ამ ცხრილებში ვიხილოთ სხვა ჩვეულებრივი ადამიანებიც, რომლებიც არც მხედართმთავრები იყვნენ და არც მსუბუქი ყოფაქცევის ქალები. ასე რომ, ეს მეცნიერების საკითხია, ის უნდა შევისწავლოთ და რწმენა აქ არაფერ შუაშია.
როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენ თავად ასტროლოგიასთან?
ასტროლოგია, როგორც ფსევდო რელიგია მავნეა, მაგრამ როგორც მეცნიერება, რომელიც კოსმოსის გავლენას შეისწავლის ადამიანზე – მისაღები. ის არ უნდა იქცეს ცრურწმენად. თამარ გლობას სტატიებში ძალიან სწორად წერია: როცა ადამიანი მიიჩნევს, რომ ასტროლოგიამ შეუკრა ხელ-ფეხი, ის უკვე დეტერმინირებულია, ვერაფერს იზამს, არჩევანი არ აქვს, აქ უკვე იწყება ცრურწმენა და ეს მონობის დასაწყისია.
კოსმიური ზეგავლენა გამორიცხული არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი მონაა. მძიმე ხასიათების ადამიანიც შეიძლება გახდეს წმინდანი და ზარმაცმაც შეიძლება მოკიდოს ხელი შემოქმედებით საქმიანობას. ნებისმიერი ჩვენგანი თავისუფალია, აირჩიოს ღმერთთან ცხოვრების გზა და იბრძოლოს. სხვა შემთხვევაში ეს იქნება კაპიტულაცია ბედისწერის წინაშე, ვარსკვლავების წინაშე თუ მემკვიდრეობის წინაშე. და ჩვენც ვიტყვით, რომ ჩვენში გაიღვიძა ჩვენმა ბოროტმა ბაბუამ, როგორც შვარცის ერთ ცნობილ ზღაპარშია: ,,აი, ახლა ჩემში ჩემი ბოროტი დეიდა ლაპარაკობს“. გამოდის, რომ ჩვენ არაფრის წინაშე არ ვართ პასუხისმგებელი და რომ უბრალოდ მარიონეტები ვართ რაღაც ძალების ხელში, ვარსკვლავები იქნება ეს თუ სხვა.