ურანი მზის უარყოფითი ასპექტი

    0
    2437

    გიჟი ხართ თუ თავს იგიჟიანებთ? – ეს შეკითხვა გარშემომყოფებს ხშირად ებადებათ და ვერაფრით პოულობენ პასუხს. ცოტა უცნაური ხართ, არაორდინალური, შეიძლება ექსცენტრიკულიც კი. გიყვართ, როცა გრძნობთ რომ განსხვავებული ხართ, არავის ჰგავხართ, სტერეოტიპებს ამსხვრევთ… ხალხის შოკში ჩაგდებაზე გიჟდებით.

    შეიძლება თავისუფლების იდეით  იყოთ შეპყრობილი. გამუდმებით დამოკიდებულებებისგან გათავისუფლებას ცდილობთ, წარსულისგან გაქცევას, ფესვების გადაჭრას. 9-დან 6-ამდე სამსახურში თქვენი ,,დაბმა“ ტრაგედიაა. თქვენ თქვენი დღის განრიგი გაქვთ. მუზების ჭკუაზე დადიხართ. ღამეები შეგიძლიათ გაათენოთ მუშაობაში და მერე მთელი დღეები ფეხი-ფეხზე გადადებული ბრძანდებოდეთ. თუ რამეს აკეთებთ, ენთუზიაზმით უნდა აკეთოთ, შესაბამისი განწყობილება უნდა გქონდეთ, თორემ ვერაფრით გააკეთებთ. სამაგიეროდ, რასაც აკეთებთ ყველაფერს ახლებურად აკეთებთ, საოცარი კრეატივი გაქვთ. ბუნებით გამომგონებელი ბრძანდებით.

    ქორწინებას ეჭვის თვალით უყურებთ,  რომც დაქორწინდეთ, რუტინული ყოველდღიურობა, ვალდებულებები ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევთ და თუ ისეთი პარტნიორი არ შეგხვდათ, რომელიც საერთოდ არ შეგზღუდავთ და არც დაიღლება თქვენით, შეიძლება ბევრი განშორების გადატანა მოგიწიოთ. მიზეზი ყოველთვის თავისუფლებისადმი თქვენი სიყვარული და გადაჭარბებული დამოუკიდებლობა იქნება. შეიძლება ძლიერმა სატურნმა ეს ასპექტი გაანეიტრალოს, თუმცა ქორწინების შენარჩუნება რომც მოხდეს, ამას ფორმალური ხასიათი ექნება. ინდივიდი თავს ვალდებულად არავის წინაშე მიიჩნევს. პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს.

    ამ მაჩვენებლის მქონე კაცები ურთიერთობის დაკანონებას თავის ყულფში გაყოფად აღიქვამს, რომლის ბოლო სხვა ადამიანს უნდა ჩააბაროს. მათ ეშინიათ ქორწინების. როგორც კი ურთიერთობა სერიოზულ სახეს იღებს, გაქცევა უნდებათ.  ქალების შემთხვევაში, შეიძლება პარტნიორზე მოხდეს ამის პროექცირება, ანუ ასეთი ,,უპასუხისმგებლო“ ქმარი შეხვდეს.

    ცოტა ნევროზულიც ხართ, აგრესიული არამც და არამც, ნევროზული. ადვილად ღიზიანდებით, თანაც რა იმოქმედებს თქვენს ნერვებზე და რა არა, ვერც ამის გამოცნობას შეძლებს კაცი. ასე, უცებ, შეიძლება დაგარტყათ და გაბრაზდეთ, როდესაც გუშინ ამაზე რეაქცია არ გექნებოდათ.. და კიდევ, დარტყმას რაც შეეხება… ძაბვასთანაც ფრთხილად იყავით.

    პრობლემების სათავე ღრმა ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. მამათქვენი, როგორც წესი, ჩვეულებრივი, სტანდარტული მამა ვერ იქნებოდა. შეიძლება ცივი იყო, დისტანციური, ან მშობლობის პასუხისმგებლობას ვერ გრძნობდა. უფრო მეგობარი იყო, ვიდრე მამა. იგი ვერ იქცა თქვენს დასაყრდენად. ემოციური კონტაქტი ვერ შედგა. ეს ტრავმაა. როცა გჭირდებოდათ, მაშინ არ იყო და ახლა… მით უმეტეს არაფერში გჭირდებათ! მარტოდაც მშვენივრად ხართ!. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კონტაქტური ხართ, დისტანციას ყველასთან ინარჩუნებთ.

    ებრძვით ავტორიტეტებს, ებრძვით ,,მამების“ თაობას. ებრძვით ყველაფერს ძველს და მოყირჭებულს. ვერ იტანთ სტერეოტიპებს. არ გიყვართ ადამიანებზე იარლიყის მიწებება. უკიდურესად ლიბერალური ადამიანი ხართ, თუმცა პარადოქსებით სავსე და ერთ დღეს კონსერვატიული იდეებით რომ გამოხვიდეთ, არც ეს იქნება გასაკვირი.  დღეს რასაც ამტკიცებდით, ხვალ იმის საწინააღმდეგო შეიძლება ამტკიცოთ.

    ზუსტად ასევე გეცვლებათ ცხოვრებისეული მიზნები, გეგმები. მოულოდნელად ყველაფერი თავდაყირა დგება. თქვენ ზუსტად არ იცით რა გინდათ, ამიტომ რელსებიდან ხშირად გადადიხართ. ყველაფერი გწყინდებათ, ყველაფერი გბეზრდებათ, რადგან ხვდებით, რომ მუდმივ-ცვალებად განზომილებაში ვცხოვრობთ და თქვენი მისიაც ამ კონკრეტული აწმყოს გარდაქმნის მცდელობაა.

    მოკლედ, გენიოსობის პოტენციალი გაქვთ, თუმცა გენიად რომ შედგეთ თვითდისიპლინის და ცოტა თანმიმდევრულობის სწავლა  დაგჭირდებათ და კიდევ საკუთარ თავზე მუშაობა, რომ ეს პოტენციალი მართლა ხალხის შოკში ჩაგდებასა და თავის მოგიჟიანებაზე არ დახარჯოთ. არც თავისუფლებაზე ღირს ასე ჩაბღაუჭება, შეიძლება სწორედ მაგან გაქციოთ მონად.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია