ურანი მერკურის უარყოფითი ასპექტი

    0
    163

    ამბობენ, რომ გენიოსობასა და სიგიჟეს შორის ძალიან ვიწრო ზღვარი გადის. მერკურისა და ურანის ალიანსიც სწორედ ამის დადასტურებაა. უმაღლესი და უმდაბლესი ინტელექტის შერწყმა. შეშლილი იდეების სიყვარული და ინტუიციასთან შერწყმული მათემატიკური და ამავდროულად გამომგონებელი გონება.

    მერკური ინფორმაციის ამთვისებელია, ურანი კიდევ იდეების გენერატორი. ტრადიციულ ასტროლოგიაში ეს გენიალობის ასპექტია. გენიოსების უმეტესობას (აი, იმ გენიოსების ცოტას რომ აფრენდნენ) სწორედ ურანი ჰყავდათ ძალიან აქტიური. ამგვარი ასპექტი ხშირია მეცნიერების, ფიზიკოსების, გამომგონებლების რუკაში. ასტროლოგებისაც სხვათა შორის. განსაკუთრებით კი იმ ასტროლოგების, რომლებიც პროგნოზებში ძლიერები არიან, რადგან ურანი  ,,გარტყმების“ მეფეა.

    შეიძლება სრულიად დაუფიქრებლად და მოულოდნელად ისეთი უნიკალური იდეა ,,დაახეთქოთ“, ან რომ დაგღუპავთ ან რომ აგაშენებთ. თქვენ მომავლის მოაზროვნე ხართ. ტრადიციების დამრღვევი მოაზროვნე. რევოლუციონერი. თქვენი პროგნოზირება შეუძლებელია. შეუძლებელია ვინმემ გამოიცნოს, თქვენი შემდეგი მენტალური ,,სვლა“.  არ გაქვთ აზროვნების სისტემა. არ ფიქრობთ ისე, როგორც წესია. ვერ იტანთ შეზღუდვებს, ჩარჩოებს… რუტინული სამუშაო თქვენი ჯოჯოხეთია.  სკოლაში შეიძლება პრობლემებიც გქონოდათ ამის გამო, რადგან მხოლოდ იმას ისწავლიდით, რაც დაგაინტერესებდათ. ამოცანის ამოხსნის მეთოდების სწავლით თავს არ შეიწუხებდით და შეიძლება თქვენეული მეთოდისთვისაც მიგეგნოთ.

    ეს ასპექტი ტიპურ გამოვლინებაში მხატვრულად რომ დავასურათხატოთ – შეშლილი მეცნიერი იქნება თმააბურძგნული, დენდარტყმული, რომელიმე წარუმატებელი ექსპერიმენტის შედეგად სახეზე გაშავებული და მაინც ჩაფიქრებული… ახალ გამოსავალზე რომ ფიქრობს და თავში ,,ნათურა ენთება“.  აი, ისეთები, როგორებიც ფილმებში გინახავთ.

    ინტერესი გექნებათ ყველაფერი უჩვეულოს, განსხვავებულის, ახლის მიმართ. გეყვარებათ ელექტრონული გაჯეტები… ,,ბოლოს და ბოლოს როდის გამოცვლი ტელეფონს? უკვე ერთი წელია გაქვს“… უახლესი მოდელის ტექნიკა – აი, თქვენი სისუსტე. ურანია ავიაციაც.

    ისე სწრაფად  ლაპარაკობთ, ტვინი შეიძლება გადაუწვათ თანამოსაუბრეს და ამაზე უფრო სწრაფად ფიქრობთ.  თანაც აბდაუბდად, ქაოსურად… სიტყვა რეაქტიული ამ ყველაფერს ყველაზე უკეთ გამოხატავს. სინათლის სისწრაფით გეცვლებათ აზრი, მაგრამ , რამდენადაც პარადოქსული უნდა იყოს, სხვა ვერაფრით გადაგიყვანთ მის ჭკუაზე. სიახლეებისადმი თქვენი უკომპრომისო სიყვარულის მიუხედავად, ისეთი სიჯიუტის გამოვლენა შეგიძლიათ, კაცს გააგიჟებთ.  შეიძლება რამე გაურკვეველი სახის მეტყველების დეფექტიც გქონდეთ, რაც თანამოსაუბრეს თქვენი ლაპარაკის გაგებას გაუჭირვებს.

    ზოგადად, ყველაფერს აქვს თავისი უარყოფითი მხარე… სიგიჟე ზემოთ ტყუილად არ ვახსენეთ. ეს ასპექტი ფსიქიკური პრობლემების ასპექტიცაა (განსაკუთრებით თუ მეექვსე , ან მეთორმეტე სახლთან აქვს შეხება. ოღონდ ეს არ იქნება დეპრესია, მელანქოლია, აპათია… იგი ნევროზისკენ არის მიდრეკილი… აქტიური ხდება, რომელიმე ერთი იდეით შეპყრობილი. ჯონ ნეში გახსოვთ?  სწორედ მერკური ურანის კვადრატი ჰქონდა რუკაში. თანაც მერკური მეთორმეტე სახლში იდგა.  ზუსტად ეგ არის!. რა თქმა უნდა,  ეს რუკაზე სხვა მაჩვენებლებითაც უნდა მყარდებოდეს.

    და ბოლოს მერკური ნათესავებიცაა, და – ძმებიც, ნაცნობებიც…  ისინი ჩვეულებრივები არ იქნებიან. საინტერესოა ამ ასპექტების სახლები და ნიშნები.

    ალბათ თვითონაც მოიხიბლეთ… თქვენ ხომ მოგწონთ ასეთი არანორმალურობები,  თუმცა უნდა გითხრათ, თუკი ცოტა სისტემატიზაციას არ ისწავლით, არაფერი გამოვა. იმას, რის შესწავლასაც სხვებმა თავი შეაკლეს, ერთი ხელის მოსმით ხაზს ნუ გადაუსვამთ. ნებისმიერ პოტენციალსაც სჭირდება დამუშავება და ჭკვიანურად გამოყენება. კარგი ნიადაგი , თუ ზედ არ იშრომე, ოფლი არ ჩაანთხიე და ცოტა სხვების გამოცდილებაც არ გამოიყენე ნაყოფს ვერ მოგცემს, ან მოგცემს, მაგრამ არა ისეთს, როგორსაც მოგცემდათ ცოტა მეტი სისტემურობისა და თანმიმდევრობის შემთხვევაში.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია