თუკი მზე მთვარის ოპოზიცია გაქვთ
ეს ნიშნავს, რომ სავსე მთვარეზე დაიბადეთ. თქვენი მშობლები სავარაუდოდ ძალიან განსხვავებული ტიპაჟები იყვნენ. თქვენ ფიქრობდით რომ ვერ უგებდნენ ერთმანეთს (შესაძლოა გაშორდნენ კიდეც) და ამან სერიოზული კვალი დატოვა თქვენზე. დედისგან და მამისგან სრულიად სხვადასხვა ქვეცნობიერი, ან სულაც ცნობიერი მესიჯები გაქვთ მიღებული იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იცხოვროთ და არ იცით რომელს გაჰყვეთ.
საკუთარ ემოციურ მოთხოვნილებებსა და გაცნობიერებულ სურვილებს შორის კონფლიქტი გაქვთ. მუდმივი შინაგანი ჯახით იტანჯებით, რის გამოც ფოკუსირება გაკლიათ და გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. ,,მაგრამ“ , ,,მეორე მხრივ“ – გაწამებთ და ცხოვრებას გირთულებთ.
საშინელ რყევებს განიცდით ენერგეტიკულ დონეზე და ხანდახან ვერ ხვდებით ფიზიკურად ხართ ცუდად, თუ სულიერად. შეგიძლიათ ერთი კვირა დღე და ღამე იმუშავოთ, თავი დააკლათ, მეორე კვირას კი საერთოდ დაკარგოთ მოტივაცია და ყველაფერზე ხელი ჩაიქნიოთ. ხან ძალიან მაჟორული ხართ, ხან ძალიან მინორული. ხან ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ, ხან კიდევ პირიქით, სულ უენერგიოდ ხართ.
სულიერი სიმშვიდის მოპოვება და შინაგანი ჰარმონიის მიღწევა ამ პოზიციის მქონე ადამიანებისთვის ურთულესია. სულ გარეთ იყურებით, ორიენტირს და დასაყრდენს ეძებთ. არ იცით რა გინდათ. ბედნიერების შესახებ პასუხს სხვებში დაეძებთ და შესაძლოა ძალიან ადრე მოეკიდოთ ოჯახს. ეს განქორწინებების შანსებსაც ზრდის, რაღა თქმა უნდა.
მთელი ცხოვრება დაეძებთ პასუხს კითხვაზე – რა გსურთ, რა გინდათ სინამდვილეში. არანაირი ორიენტირი არ გაქვთ, არავითარი მიმართულება. დამოუკიდებლად გიწევთ გზის გაკვალვა და საკუთარი თავის შემეცნებას სხვების გავლით ცდილობთ. ეს დროთა განმავლობაში კარგ ფსიქოლოგად გაქცევთ – სხვა ადამიანების ხასიათების გახსნის და მათი მოტივაციების, ქვეცნობიერი სურვილების გაშიფვრის ოსტატი ხდებით.
ხოლო თუ მზე მთვარის კვადრატი გაქვთ
თქვენი ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავია. ჩვევები და ემოციური დამოკიდებულებები წინსვლაში ხელს გიშლით. საშინელი შინაგანი კონფლიქტებით იტანჯებით, გამუდმებით ჭამთ, ხრავთ საკუთარ თავს. არ იცით რა გინდათ, სურვილები და საჭიროებები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. ქვეცნობიერად მუდმივად დაძაბულობისკენ ილტვით.
გაქვთ შეგრძნება რომ არავის სჭირდებით, რომ გარშემომყოფებისთვის ზედმეტი ხართ. შესაძლოა ბავშვობაში თქვენს მშობლებს კონფლიქტები ჰქონდათ და ამ კონფლიქტში გართულნი საკმარის სითბოს და სიყვარულს ვერ გაძლევდნენ. ყოველ შემთხვევაში, თქვენ ასე აღიქვამდით. ბავშვისთვის საჭირო ემოციურ დონეზე უსაფრთხო გარემო არ გქონდათ. ამიტომ შესაძლოა ახლაც გეუფლებოდეთ შეგრძნება, რომ ცარიელი ადგილი ხართ. გარიყულად შეიძლება გრძნობდეთ თავს… შესაძლოა მთელი არსებით ცდილობდეთ იმის დამტკიცებას, რომ რაღაცას წარმოადგენთ.
გსურთ დამოუკიდებლობა, მაგრამ როდესაც ამას აღწევთ, მერე მზრუნველობის დანაკლისი გაწუხებთ. კონფლიქტია მზრუნველობის მოთხოვნილებასა და თვითმყოფადობის სურვილს შორისაც. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ურთიერთობებში და თან ცხოვრების პირველ ეტაპზე განსაკუთრებით, სანამ ამ ყველაფრის გაცნობიერებას მოახერხებდნენ. ითხოვენ რომ ყველამ თავი დაანებოს და მერე აწუხებთ ის რომ არავინ კითხულობს მის ამბავს. პრობლემები აქვთ საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში. მოკლედ, არც ისე მარტივი ასპექტია, მაგრამ თუკი მოახერხებთ რომ საკუთარ თავს აჯობოთ, პიროვნულ განვითარებაში აუცილებლად დაგეხმარებათ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია