სატურნი ვენერას ჰარმონიული ასპექტები

0
4592

თქვენ არასერიოზულ ურთიერთობებზე დროს არ კარგავთ. პასუხისმგებლობით ეკიდებით საკუთარ გრძნობებს, პარტნიორულ ურთიერთობებს. მარტივად არ იძლევით დაპირებებს, ოცნების კოშკებს არ უგებთ არავის და რასაც პირდებით, ასრულებთ კიდეც.

ფრთხილი ხართ, დაკვირვებული და თავშეკავებული. კონტაქტში შესვლა ცოტა შეიძლება გიჭირდეთ, მაგრამ თუ გადაწყვიტეთ რომ ურთიერთობა გიღირთ ძალიან ერთგული ხართ და თანაც ხანგრძლივად.

ქორწინებისთვის ისეთ ადამიანს ეძებთ, ვინც თქვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. კარგი რეპუტაციის, სერიოზული, ჭკუა-დამჯდარი ადამიანები მოგწონთ. შეიძლება ასაკში ბევრად განსხვავებულიც. თანამდებობრივად უფროსებიც. თქვენი სიყვარული ქმედითია – საქმით გამოხატავთ. პარტნიორისგანაც ზედმეტს არ ითხოვთ, თუმცა თუ სანაცვლოდ ვერაფერს იღებთ, ტოვებთ. სისადავე და გამძლეობა – აი, თქვენი პრიორიტეტები ადამიანების თუ ნივთების შერჩევისას.

წარმატებისკენ ნაბიჯ -ნაბიჯ  გარშემომყოფებში ნელ-ნელა კარგი რეპუტაციის მოპოვების გზით მიდიხართ. პრაქტიკული ხართ, ჭკუადამჯდარი, თანმიმდევრული. ნაცნობები პატივს გცემენ, უფროსები კეთილგანწყობილნი არიან თქვენ მიმართ.

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია