სატურნი ვენერას უარყოფითი ასპექტი

    0
    2226

    თქვენ გრძნობების გამოხატვა გიჭირთ, სიყვარული თქვენთვის ვალდებულების გრძნობასთან ასოცირდება, ურთიერთობა პასუხისმგებლობაა, რომლის ზიდვასაც გგონია რომ ვერ შეძლებთ. საკუთარ თავს გართობის და მოდუნების უფლებას არ აძლევთ. ყოველგვარი მიზეზის გარეშე იტანჯებით დანაშაულის შეგრძნებით. გაქვთ შეგრძნება, რომ ტყუილად კარგავთ დროს.  აუცილებელია,  გათავისუფლდეთ სულელური რწმენისგან,  თითქოს ბევრი უნდა იტანჯოთ რომ წარმატებას მიაღწიოთ.

    ადამიანები ვენერა სატურნის დაძაბული ასპექტებისას ორ ტიპად იყოფიან. პირველს გეგონებათ წარმატებაზე ალერგია აქვს, თავიდან იშორებს ნებისმიერ იღბლიან შემოთავაზებას, თითქოს ნაღვერდლები შეაჩეჩესო ხელში. მეორე ტიპი კი ძალიან ილტვის მისკენ, აღწევს წარმატებას, რომლის მსგავსი არც კი დასიზმრებია, მაგრამ ვერ ირგებს, ვერ იცლის, საკუთარ თავს არ აძლევს სიხარულის უფლებას.

    ნებისმიერ შემთხვევაში ეს ძალიან რთული ასპექტია. კარმული ასტროლოგიის მიხედვით წარსულ სასიყვარულო ტრავმებზე მიუთითებს. სასიყვარულო ურთიერთობები თქვენთვის გამოწვევების არენაა, სწორედ ამ სფეროში მიიღებთ  ყველაზე მეტ გაკვეთილს.

    სიყვარულის პოვნა რთულია, რთულია მისი შენარჩუნება, ან უბრალოდ სიყვარულია რთული. თავს იჩენს კომპლექსები და მარტოობისკენ მიდრეკილება, საოცარი მგრძნობიარობა უარყოფის შესაძლებლობის მიმართ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის წლებში. მაშინაც კი, როცა გულწრფელ გრძნობებს გთავაზობენ, თქვენ ეჭვი გღრნით და უარს ამბობთ, ან იმიტომ რომ არ გჯერათ, ან იმიტომ რომ ღირსად არ მიგაჩნიათ საკუთარი თავი.

    ნებისმიერი სახის სუფთა, ყოველგვარი სიყალბისგან თავისუფალი ტკბობა, დისკომფორტს გიქმნით. თქვენი ქვეცნობიერი მიიჩნევს, რომ არ არსებობს უანგარო სიყვარული, ნებისმიერი სიამისთვის საფასურია გადასახდელი და დაისჯებით თუკი სიყვარულით ტკბობის უფლებას მისცემთ თავს. თითქოს შინაგანი კავშირია სიყვარულსა და დანაკარგს, სიყვარულსა და დაშორებას, სიყვარულსა და სასჯელს შორის და ეს გაიძულებთ სიფრთხილე და წინდახედულობა  გამოიჩინოთ. თქვენ სიყვარულის გეშინიათ. შიშები მატერიალიზდება. კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუება მოაქვს, გულისტკივილი. თავდაცვითი მექანიზმები ირთვება და გრძნობების ყოველგვარ გამოვლინებას ჩანასახშივე სპობს.

    თავდაჯერება გაკლიათ, თუნდაც ამას არ აღიარებდეთ. ყველაზე უარეს შემთხვევაში შესაძლოა იმასაც ფიქრობდეთ, რომ არასასურველი ხართ, ულამაზო, არასექსუალური და შეუძლებელია თქვენი შეყვარება. გაქვთ შეგრძნება, რომ ადამიანები თქვენთან მხოლოდ მერკანტილური მოსაზრებებით ურთიერთობენ. რომ თქვენში არაფერია შესაყვარებელი. გული რომ არ გეტკინოთ, თავადაც საქმიანი ურთიერთობების მსგავს პარტნიორულ ურთიერთობებზე ერთვებით, გყავთ ისეთი პარტნიორები, რომლებიც თქვენს სიყვარულს მართლაც არ იმსახურებენ.  მეტი სერიოზულობისთვის შესაძლოა ასაკით ბევრად უფროსი ან უმცროსი პარტნიორები გიზიდავდეთ. ეს ყველაფერი კარმული ბარგია, თქვენი სულის ტრავმული მეხსიერება, რომელსაც საკუთარი თავის მიმართ უდიდესი თანაგრძნობის გრძნობით უნდა გაუმკლავდეთ. წარსულში მიღებულმა ტკივილმა გაგაკერპათ და გული გაგიქვავათ, რაც ახლა საშუალებას გაძლევთ ცივად, უგულოდ, უსიყვარულოდ მოექცეთ სხვებს და საკუთარ თავს.

    შეიძლება სამსახურს, ან სხვა ვალდებულებებს აყენებდეთ თქვენი გულის მიერ ნაკარნახევ სურვილებზე წინ.  საჭიროა რეაბილიტაცია და ეს რომ მოახერხოთ, საკუთარ თავზე ზრუნვა უნდა დაიწყოთ, პირველ რიგში თავად უნდა დააფასოთ საკუთარი თავი და ეს თქვენს ურთიერთობებზეც აისახება. ბედნიერი სიყვარული ადრეულ ასაკში გადატანილ სირთულეებს დაგავიწყებთ, თუმცა ასე რომ მოხდეს, პირველ რიგში, საკუთარი თავის სიყვარული უნდა ისწავლოთ.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია