პლუტონი მთვარის უარყოფითი ასპექტი

0
5783

პლუტონი ექსტრემალია, მთვარე – ემოციები, განწყობილებები, მათი კოალიცია მძაფრი ემოციებისა და განწყობილებების რადიკალური ცვლილებებისგან უბიძგებს ადამიანს. ეს   ექსტრემალური გრძნობებია, სიღრმე, მთელი არსებით შეძვრა, არავითარი საშუალო – როგორც არ უნდა ღლიდეს ეს ადამიანს, მის გარეშე ემოციურ კმაყოფილებას ვერ ახერხებს.

თქვენ ან სიგიჟემდე გიყვართ, მთელი ცხოვრებით ერთგული ხართ, ან საერთოდ ვერაფერს გრძნობთ. ხანგრძლივი მეხსიერება გაქვთ, განსაკუთრებით მძაფრი ემოციური მეხსიერება… მიყენებულ ტკივილს ვერასოდეს ივიწყებთ, მას შემდეგაც კი, როდესაც პატიობთ. ვერ იტანთ ზედაპირულობას, ხელოვნურობას… შიგნით ყველაფერი დუღს.. თითქოს ჰადესი გიზით სულში და თან გარეგნულად ამ ყველაფერს არ იმჩნევთ. ამ არაადამიანურ ტანჯვებს საგულდაგულოდ ფუთავთ და მალავთ.

მთვარე ბავშვობის ტრავმებს ყველაზე მეტად ამხელს. შესაძლოა, თქვენს ოჯახში ძალაუფლების განაწილებისთვის ომი იყო. დედა ძალიან ძლიერი, ძალაუფლებისმოყვარე ქალი გახლდათ. ძლიერ ადამიანად გზრდიდათ, თქვენი სისუსტეების გამოხატვას გიკრძალავდათ, ემოციებით მანიპულირებდა… ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია – თქვენ თქვენი აქილევსის ქუსლის საიდუმლოს ვერავის ანდობთ. თქვენი მოწყვლადი მხარე არავინ უნდა ნახოს… გეშინიათ, რომ ემოციებს სისუსტეში ჩაგითვლიან და ამით თქვენზე უპირატესობას მოიპოვებენ.

ეს პრობლემები პარტნიორულ ურთიერთობებში ყველაზე კარგად ჩანს. თქვენი სიყვარული დამანგრეველია. რაც უფრო მეტ მიზიდულობას გრძნობთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლის მიმართ, მით უფრო მეტად გიჩნდებათ მათთვის საკუთარი უპირატესობის დამტკიცების მოთხოვნილება, დომინირების მოთხოვნილება. შეიძლება აგრესიულსაც კი გხდიდეთ სიყვარული, მოძალადეს, რადგან გრძნობებს, როგორც სისუსტეს, საკუთარ თავს ვერ ჰპატიობდეთ. ძალაუფლების გადანაწილებისთვის ომი ამჯერად თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში გადმოინაცვლებს. შეიძლება პარტნიორს განგებ ექცეოდეთ ცუდად, რადგან ამით მას და საკუთარ თავს რაღაცას უმტკიცებდეთ. თუ თქვენ ასეთი არ ხართ, პარტნიორებს მოიზიდავთ ასეთს… ისიც შეიძლება დედასთანაც მსგავსი ურთიერთობა გქონდეთ, რაღაცას ვერ ჰპატიობდეთ, ბოღმა გქონდეთ გულში…. ქვეცნობიერი პრობლემა, დამუშავებამდე, რომელიმე ფორმით აუცილებლად იჩენს თავს.

აუცილებელია საკუთარ თავს შიშებთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვათ, ეს ყველაფერი ცნობიერში უნდა ამოიტანოთ და უარყოფის ფობიისგან გათავისუფლდეთ, რომელიც ამ მძაფრ ემოციებს შობს.  ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დამუშავდეს.  ყოველგვარი თამაში, მით უმეტეს გრძნობებით, დამღუპველია ისევ თქვენთვისვე.  ერთჯერადად შეიძლება შეინარჩუნოთ პარტნიორი, ერთჯერადად შეიძლება დაამტკიცოთ თქვენი უპირატესობა, მაგრამ საბოლოოდ ყველა დაიღლება თქვენთვის სიყვარულის მტკიცებით, თქვენი გაგებით და შეიძლება მოხდეს ის, რისიც გეშინიათ – თქვენზე უარის თქმა შესძლოს. კომპლექსები კიდევ უფრო ღრმავდება – ,,აი, მართალი ვიყავი“… ,,საკმარისად არ ვუყვარდი“…

მიიღეთ თქვენი გრძნობები ისე, როგორც არის და გამოხატეთ ისე, რომ არ დააფრთხოთ სხვები. მხოლოდ უარყოფის შიშის გამო, ნუ უარყოფთ გრძნობებს და ნუ  გადაერთვებით მხოლოდ ხორციელ სიამოვნებაზე. ეცადეთ ისწავლოთ ნდობა, თუ პარტნიორებთან გიჭირთ, მეგობრებიდან დაიწყეთ – გაუზიარეთ თქვენი ემოციები, ისაუბრეთ სისუსტეებზე, იყავით გულწრფელი და რაც მთავარია, მერე ამის გამო ნუ მოიწამლავთ თავს. ნუ იგრძნობთ თავს დამცირებულად. ნუ იფიქრებთ იმაზე, რას იფიქრებენ ისინი. მიიღეთ და შეიყვარეთ თქვენი თავი მთლიანი, თავისი სუსტი მხარეებით.

როგორც არ უნდა გეგონოთ,  რომ მარტოობა გირჩევნიათ, სოციუმში ყოფნა საკუთარი თავის რწმენის მოპოვებაში, ხალხთან ურთიერთობა კი ობიექტურობის განვითარებაში დაგეხმარებათ. თუ გსურთ სიყვარული, პატიება უნდა ისწავლოთ. როგორც კი წყენისგან გათავისუფლდებით, გათავისუფლდებით სტრესისგან, წარსული ტრავმებისგან და იგრძნობთ რომ…  თავისუფლად სუნთქავთ. რამდენი ხანია ეს არ გიგრძვნიათ?

თქვენ ეს შეგიძლიათ! შეგიძლიათ ქვეცნობიერ დონეზე ძალიან ღრმად ჩასვლა და სულიერი ტრანსფორმაცია, ემოციურ დონეზე საკუთარი თავის სრულიად გარდაქმნას მოახერხებთ. თქვენ ხომ დაბადებით ფსიქოლოგი ხართ. თქვენი ემოციონალური საცეცები ადამიანის სულში აღწევენ, მათ ქვეცნობიერ შიშებს, მოტივებს ეხებიან. თქვენ მათი განკურნება და დახმარება შეგიძლიათ, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკუთარ თავს დაეხმარებით.  გაბედეთ!

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია