პლუტონი მარსის უარყოფითი ასპექტი

    0
    1800

    მაშ, ასე!  სექსის და აგრესიის მეფეები ერთმანეთს შეხვდნენ.. თანაც თქვენს რუკაზე. ჩვენც სექსით გავხსნათ.

    თქვენ ძალიან მძაფრი ცხოველური ინსტიქტები გაქვთ. უზარმაზარი ენერგია. სავარაუდოდ ცოტა უხეში სექსი გეყვარებათ, სადო-მაზოხისტური ელემენტებით. როცა ვინმე, ან რამე გინდათ შეპყრობილი ხდებით. გონებაზე ბინდი გეკვრებათ. მესაკუთრე და ეჭვიანი რადიკალიზმით გამოირჩევით. ყველაფერი ან არაფერი, არავითარი საშუალო. მთლიანად გინდათ ან საერთოდ არ გინდათ. მამაკაცები, ამ ასპექტით, აგრესიულები არიან. საწოლში გაუპატიურების სცენაც კი შეიძლება დადგან. ქალები კი – ასეთი ტიპის მამაკაცებს იზიდავენ. შეიძლება თქვენზე სექსუალური ძალადობის მცდელობაც ჰქონდეს ვინმეს.

    ყველაზე ცუდ გამოვლინებაში, კრიმინალური ქმედებებისკენ შეიძლება იყოთ მიდრეკილი. სასტიკი, შეუბრალებელი და ძალაუფლების მოპოვებისთვის ყველაფერზე წამსვლელი. ,,მართალი ის არის, ვინც ძლიერია“ –  ეს არის ამ ასპექტის ფილოსოფია.  ეგებ იმიტომ რომ ოდესღაც თქვენზეც ძალადობენ და ახლა ყველაზე ანთხევთ დაგროვილ ბოღმას.

    აუცილებელია ტრავმების ამოქექვა და გადახარშვა. თქვენ იმდენად ძლიერი ენერგეტიკა გაქვთ, იმხელა პოტენციალი, თუკი სწორი მიმართულება არ გექნათ დესტრუქციული გახდებით.

    დადებით გამოვლინებაში, როცა უკვე ადამიანი საკუთარი ქმედებების კონტროლს და მართვას იწყებს, მეორე უკიდურესობაში ვარდება, ანუ ამჯერად ბოროტების წინააღმდეგ იბრძვის.  შეიძლება სამხედროც იყოთ.

    მოკლედ, თქვენ მეომარი ხართ, ბრძოლის გარეშე არ შეგიძლიათ, თანაც ძალიან ძლიერი, ჭკვიანი, მამაცი და რისკიანი მეომარი, რომელიც  არასდროსაა მიღწეულით კმაყოფილი და გამუდმებით მეტი სურს. დიდი ძალა ხართ.  მთავარია რა არჩევანს გააკეთებთ, საით მხარეს იბრძოლებთ – სიკეთის, თუ ბოროტების.

    საოცარი სტრატეგიების შედგენა შეგიძლიათ ,, რაც იქნება, იქნება“ – თქვენი სტილი არ არის. სიტუაციის სრული კონტროლი გჭირდებათ. სულ რაღაც გათვლები გაქვთ.

    ჩუმჩუმელაც ხართ. განზრახვებს, გეგმებს საგულდაგულოდ მალავთ. თქვენი ნამოქმედარის შესახებ ან შედეგებით იგებენ, ან საერთოდ ვერ იგებენ. პროცესში მაყურებლები არ გჭირდებათ და ესეც კომპლექსია.

    დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე, არავის ვურჩევ, გადაგეღობოთ. არცერთ დარტყმას ტოვებთ უპასუხოდ. მძაფრი რეაქციები გაქვთ, ექსტრემალური. მოქმედებთ განწყობის შესაბამისად, ემოციურ ფონზე.   საპასუხო დარტყმის ძალას ვერასოდეს ზომავთ ხოლმე.

    ამის გამო,  შეიძლება გეშინოდეთ კიდეც საკუთარი ძალის, საკუთარი აგრესიის, ამ შემთხვევაში თვიდესტრუქციული გახდებით, ან შენელებული მოქმედების ნაღმი – დააგროვებთ და უცაბედად იფეთქებთ. სიბრაზის მართვა უნდა ისწავლოთ. როცა ცუდად ხართ, უმისამართო აგრესიის ფრქვევას, სხვებზე ჯავრის ამოყრას, რაღაცის კეთება დაიწყეთ. სულაც ჩელენტანოს მიჰბაძეთ და… შეშა დაჩეხეთ. ენერგიას გამოსავალი სჭირდება. აუცილებლად დაკავდით ფიზიკური აქტივობით, სპორტით..

    უნდა გაიაზროთ, რომ ყველაფერი რაც ხდება, თქვენი სულიერი ევოლუციისთვის ხდება. ყოველი დაბრკოლება უნდა გაძლიერებდეთ და ყოველი თქვენი შემდეგი ნაბიჯი წინაზე უკეთესი უნდა იყოს. პრობლემებმა კი არ უნდა გაგაბოროტოთ, უნდა გაგაძლიეროთ და ბოლოს, გაფრთხილდით, ,,მონსტრებთან ბრძოლაში, თავადაც მონსტრად არ იქცეთ“.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია