ნეპტუნი ვენერას უარყოფითი ასპექტი

    0
    4098

    ამბობენ, რომ სიყვარული ერთი დიდი ილუზიაა. როცა გვიყვარს, უფრო ლამაზი გვეჩვენება, უფრო კარგი… ნაკლოვანებების აღქმა გვიჭირს, მისი უარყოფითი მხარეების დანახვა… ალბათ ამიტომაც არის ნეპტუნი სიყვარულის უმაღლესი ოქტავის აღმნიშვნელი. ვენერა მიწიერი გრძნობებია, ნეპტუნი – ღვთაებრივი. სიყვარულის ყველაზე მდაბალი და ყველაზე მაღალი გამოვლინება ერთად…. თქვენ სიყვარულზე ხართ შეყვარებული. გამოუსწორებელი რომანტიკოსი, სულით პოეტი და სიყვარულისთვის თავგანწირული ინდივიდი ბრძანდებით.
    ადამიანებს ვარდისფერი სათვალეებით უყურებთ. ცხოვრების საწყის ეტაპზე სავარაუდოა ბევრჯერ გეტკინოთ გული, რადგან ადვილია თქვენი შეცდენა და თქვენთვის თავდავიწყებამდე თავის შეყვარება. ვერ ერკვევით სხვა ადამიანების ჭეშმარიტ ზრახვებში და გამუდმებით ცდილობთ ამ მშვენიერი ხალხის ალალმართლობაში, უდანაშაულობაში დაარწმუნოთ თავი. თქვენი პარტნიორი ანგელოზად გეჩვენებათ, იმდენად დაბრმავებული ხართ ემოციებით, რომ შეიძლება ვერ დაინახოთ ანგარება, ბინძური ზრახვები და პირადი ინტერესები მათ მოტივაციებში.
    თავზე შეიძლება გენგრეოდეთ ურთიერთობა, უამრავი პრობლემა გქონდეთ, საშინელი პარტნიორი შეიძლება გყავდეთ, შეიძლება საერთოდ არ უყვარდეთ და მაინც გეგონოთ რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ეს ოპტიმიზმის და თავდაჯერების გამო კი არა, უბრალოდ სიმართლისთვის თვალის გასწორება არ გსურთ და სიყვარულისთვის წამებულის როლი თქვენთვის უცხო არ არის. რაც უფრო მეტად დაიტანჯებით ურთიერთობებში, მით უფრო მეტად წრფელი და ნამდვილი გეჩვენებათ თქვენი გრძნობები.
    შეიძლება სუსტი, საცოდავი, უბედური ადამიანები მოგწონდეთ, რადგან სიყვარული და სიბრალული ხშირად გერევათ ერთმანეთში. მესიანიზმის სინდრომი გაქვთ. იმათკენ მიგიწევთ გული, ვინც, ფიქრობთ, რომ თქვენ გარეშე დაიღუპება. თანაც სულ მათ გამართლებას ცდილობთ. ლოთი, ნარკომანი მეუღლე შეიძლება გყავდეთ, რომელიც საშინლად გექცეოდეთ, არაფერს აკეთებდეს, მთელი ოჯახური პასუხისმგებლობა თქვენ თავზე გქონდეთ აღებული და… მაინც ის გეცოდებოდეთ. ,,ეს ჩემი ჯვარია“ – ვენერა ნეპტუნის უარყოფითი ასპექტაციის დროს ეს საკვანძო ფრაზაა.
    ამაღლებული იდეალები გაქვთ, რაღაც არაამქვეყნიურ სიყვარულზე ოცნებობთ, სუფთა და ბიწიერებისგან თავისუფალ ურთიერთობებზე, წიგნებში რომ წაგიკითხავთ, ფილმებში რომ გინახავთ ისეთზე. ეს არის ყველა უბედურების სათავე – ოცნებაში რეალობის შეგრძნება შეიძლება დაკარგოთ. აუცილებელია გააცნობიეროთ, რომ მიდრეკილება გაქვთ რეალობის არასწორად აღქმისკენ. თუკი ზედმეტი იმედები არ გექნებათ, არც გაგიცრუვდებათ.
    კარმულ ასტროლოგიაში, თქვენს სულიერ გზას შესანიშნავად აღწერს ინდუსების ენაზე სიტყვა ბჰაკტი, რაც სულიერ თავდადებასა და მსახურებას აღნიშნავს. ეს სიყვარულის უმაღლესი ოქტავაა, ულამაზესი გრძნობები, მაგრამ ამავე დროს სწორედ აქვე ისმის პრობლემატური კითხვა: სად გადის ზღვარი ურთიერთობებში? არსებობს სიყვარულისთვის საჭირო პირობები თუ უპირობო სიყვარულია იდეალური? ამ სახის კითხვებზე პასუხის პოვნას ემსახურება ეს ინკარნაცია, თქვენ სწორედ ეს ზღვარი უნდა იპოვოთ.
    ნეპტუნი ტყუილებიცაა, მაგრამ იმდენად ძლიერი ინტუიცია გაქვთ, თუ თავის მოტყუება არ გადაწყვიტეთ, ვერავინ მოგატყუებთ. ,,მომატყუე, ოღონდ დარჩი“ – გახსოვთ ეს სიმღერა? დაახლოებით ეგ ვარიანტია. ვენერა ნეპტუნის უარყოფითი ასპექტი როცა გაქვთ რუკაში, თუნდაც ენდობოდეთ პარტნიორს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი სანდოა. შეიძლება გღალატობდნენ და მთელი ცხოვრება ვერ გაიგოთ. ამ დროს სასიყვარულო სფერო საიდუმლოებებშია გახვეული. ეს ფარული სასიყვარულო კავშირების მაჩვენებელიცაა. შეიძლება გასაიდუმლოებული ურთიერთობები გქონდეთ.
    პრობლემები გექნებათ ფინანსებშიც და ესეც თქვენი ილუზიებისკენ მიდრეკილების ბრალი იქნება. მატერიალურ საკითხებში კარგად ვერ ერკვევით. ღრუბლებში დაფრინავთ. ფულს არასოდეს ითვლით, არ იცით რამდენი გაქვთ ანგარიშზე… რა თქვენია, რა სხვისი ვერ გაგირჩევიათ… ,,შენი ჩემი რამ გაყო“ და სრულ გაურკვევლობაში რჩებით. ამ საკითხზე უნდა იმუშავოთ!
    და ბოლოს, ერთი ორი სიტყვა დადებითიც რომ არ ვთქვათ, არ შეიძლება – ვენერა ნეპტუნის ასპექტები ხელოვნებაში ჯოკერია – ეს არის ჰიპერსენსიტიურობის, მდიდარი წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარებისა და ესთეტიკის სინთეზი. გამოსავალიც შესანიშნავია. ეცადეთ, ხელოვნებასთან კავშირი არ დაკარგოთ და ამ კუთხით მოახდინოთ მთელი ასპექტის ენერგიის რეალიზება.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია