მერკური მთვარის უარყოფითი ასპექტი

    0
    2732

    თქვენში გრძნობებს და გონებას საომარი ფრონტი აქვთ გახსნილი. ლოგიკა ერთს გეუბნებათ, ინტუიცია, შინაგანი ხმა – მეორეს. ერთს გრძნობთ და საწინააღმდეგოს ფიქრობთ. გული და ტვინი კონფლიქტშია, ორივე სხვადასხვა მხარეს გექაჩებათ, თქვენ კი არჩევანის გაკეთება გიჭირთ. გრძნობებს აყოლილი არასწორ გადაწყვეტილებას იღებთ, ლოგიკური გადაწყვეტილებებით კი გულნატკენი რჩებით.

    ბევრს ლაპარაკობთ, განსაკუთრებით გრძნობებზე, ემოციებზე. ლაპარაკობთ ემოციურად და საინტერესოდ. როცა გაწყენინებენ, გაგაბრაზებენ, ყველაფერს ამოალაგებთ ხოლმე, რაც გულში გიდევთ. ,,შენ საერთოდ რა იცი, როგორ ვარ?“, ,,წარმოდგენა არ გაქვს, რას ვგრძნობ“…. და რას გრძნობთ ეს უკვე ამ პლანეტების ნიშნებზეა დამოკიდებული.

    გამუდმებით თქვენი შინაგანი სამყაროს გაანალიზების მცდელობაში ხართ. იშვიათად რომ რამეს უბრალოდ გრძნობდეთ, უფრო მეტს ლაპარაკობთ რას განიცდით, ვიდრე განიცდით, თუმცა საკუთარი ემოციების სიღრმეში ჩასვლა გიჭირთ.

    მწერლისთვის შესანიშნავი ასპექტია. კარგი ემოციური მეხსიერება გაქვთ, ემოციურად საუბრობთ, გულში ჩამწვდომად და ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობთ ადამიანის შინაგანი სამყაროს შესახებ. არც იუმორში მოიკოჭლებთ.

    თუნდაც ძალიან მორცხვი იყოთ, როცა სულიერ სიახლოვეს იგრძნობთ, გულის გადახსნას იწყებთ. შეგიძლიათ ისაუბროთ ყველაფერზე, რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს.. თუმცა ყველაზე მეტად მაინც საკუთარი მოგონებების შესახებ გიყვართ საუბარი და ადამიანური გრძნობების განხილვით ხართ დაკავებული. არც ოჯახური პრობლემების სააშკარაოზე გამოტანის გრცხვენიათ. ოღონდ, კიდევ ვიმეორებთ, ეს მხოლოდ ინტიმის შექმნის შემდგომ ეტაპზე ხდება.

    ხშირად გეცვლებათ განწყობილება, ვერ იტანთ ერთფეროვნებას, ცნობისმოყვარე ხართ, გიყვართ ახალი ნაცნობობების გაბმა, ახალი ინფორმაციის მიღება თქვენთვის პირველადი მოთხოვნილებაა. ერთდროულად შეგიძლიათ უსმინოთ კიდეც და ილაპარაკოთ. ხშირად აწყვეტინებთ თანამოსაუბრეს, შეკითხვებით ერთვებით, საკუთარი აზრებით. შეიძლება ლაპარაკის დროს, კითხვის დროს, წერის დროს პარალელურ რეჟიმში საჭმელს მიირთმევდეთ.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია